ცისფერი მთები

ზუკას მასტერსკი


"ჩემი და თხილამურების ისტორია ძალიან პატარაობიდან ბაკურიანში დაიწყო, დაახლოებით 2 წლის ვიყავი თხილამურზე რომ დამაყენეს და იმის მერე აქტიურად  ვარ ამ სპორტში ჩართული."


 5-6 წლიდან ზუკა უკვე მონაწილეობას იღებდა სათხილამურო შეჯიბრებებში სადაც წარმატებით ასპარეზობდა, იყო საქართველოს ნაკრების წევრი და მონაწილეობდა როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩემპიონატებში.


შეჯიბრში მონაწილეობისთვის კი თხილამურების სწორად მომზადება აუცილებელი პირობაა. თავიდან უფროსი სპორტსმენები უმზადებდნენ თხილამურს და დაკვირვებისას სწავლობდა ყველა იმ საჭირო ტექნიკას, რაც თხილამურის საშეჯიბროდ სწორად მომზადებას ეხებოდა. 11-12 წლის ასაკიდან თხილამურზე ზრუნვა უკვე დამოუკიდებლად დაიწყო.


"შეჯიბრის წინა ღამეს ვიკრიბებოდით სპორტსმენები და ვიწყებდით თხილამურის მომზადებას, ნელ-ნელა ჩვენც წამოვიზარდეთ და უკვე ჩვენზე პატარა ასაკის სპორტსმენების თხილამურების მომზადების უფლება გადმოგვეცა უფროსებისგან, ეს ძალიან სასიხარულო ამბავი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი მომზადებული თხილამურით მე ან ჩემი თანაგუნდელი წარმატებას თუ მივაღწევდით კიდევ უფრო გვიხაროდა."


ზუკას მასტერსკის იდეა კი ერთი წლის წინ გაჩნდა, როცა მივლინებაში მყოფი სასრიალოდ წასვლას და სეზონისთვის მომზადებად ვერ ასწრებდა და თავისი იდეა ფეისბუქზე მეგობრებს გაუზიარა:

"მეგობრებო, მოკლედ მოვიდა ზამთარი და გადავწყვიტე სამსახურის მერე, თავისუფალ დროს, თქვენს თხილამურებს და სნოუბორდებს გავუკეთებ სრულ სერვისს, (კანტების გალესვა, გასანთვლა, ძირების შეკეთება და ასე შემდეგ რაც იქნება გასაკეთებელი) რა თქმა უნდა შეღავათიან ფასად 🙂 თქვენც გახარებული დარჩებით, სეზონს მომზადებული თხილამურით შეხვდებით და მეც დამატებითი შემოსავლი არ მაწყენს. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ მომწერეთ და თქვენ მეგობრებსაც თუ გააგებინებთ მადლობელი დავრჩები 🤗"

ამის შემდეგ შეიქმნა სახელი, ბრენდინგი, ზუკას გარაჟი ყველა საჭირო ინსტრუმენტით მომარაგდა...


"ნელ-ნელა მოთხოვნაც იზრდებოდა სერვისის - და კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი ყოველ დღე მატულობდა, რამაც მეტი მოტივაცია მომცა, მთაზე ჩემი მომზადებული თხილამურ/სნოუბორდებით უფრო მეტი და მეტი ხალხი სრიალებდა, ვიცნობდი ახალ ხალხს, მოდიოდნენ ძველი მთის ნაცნობები, და მოკლედ ასე ვივსებდი მთის და თხილამურების მონატრებას რაც 4-5 წელი ჩემი დაკავებული რეჟიმის გამო მაკლდა."


წელს ზუკას მასტერსკი უკვე 20 ნოემბრიდან აქტიურად მუშაობს.


"მიხარია, რომ ხალხმა დაიწყო თავისი ზამთრის ინვენტარის მომზადება სეზონისთვის, კარგად მომზადებული თხილამური პირველ რიგში უსაფრთხოებასთან ასოცირდება, თოვლის ყინულიან საფარზე უფრო მეტი მოჭიდება აქვს რაც მანევრირების და ასევე გაჩერებას აუმჯობესებს, თხილამური უფრო სრიალა და სწრაფი ხდება და მეტ და მეტ გაღიმებულ და ნასიამოვნებ ადამიანს შევხვდებით სრიალისას.


შევხვდებით “Zuka’s MasterSki” - ში ან სადმე მთაში"