კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე

Სანამ ბენდის წევრებს გავიცნობდი, მათ ფილოსოფიაში გამორკვევას და სტატიის წერას დავიწყებდი, საკმაოდ ვღელავდი, რადგან ჯგუფი, რომელმაც მცირე დროში მსმენელის დიდი არმიის მოგროვება მოახერხა და პანდემიის შემდეგ პირველად ჩატარებულ ორ დიდ ფესტივალზეც მიიწვიეს, მარტივად აღსაწერი არ მეგონა.

კოლექტივი 2019 წელს შეიქმნა და უდავოდ ნიჭიერი და საინტერესო ხალხით დაკომპლექტებული ჯგუფია. ისინი ინდი როკისა და პოპის ჟანრში მოღვაწეობენ. ჯგუფის წევრები არიან: მარიამ სამუშია, სანდრო დიასამიძე, მიხო კალანდარიშვილი, გიკო კვანტრიშვილი, დიმა დიასამიძე და ანუკა ყიფშიძე (ის ჯგუფს წელს შეუერთდა).

 “რა? Სად? Როდის?“-ის ჩემპიონატზე მიდიოდნენ საირმეში, როდესაც ჯგუფის შექმნაზე დაიწყეს საუბარი. Როგორც ჯგუფის წევრები, მიხო და სანდრო (რომლებიც, აგრეთვე, ჯგუფ Bedford Falls-შიც უკრავენ და მღერიან) იხსენებენ, მათ მანამდეც ჰქონდათ სურვილი მსგავსი პროექტის/ბენდის შექმნის.

ჯგუფის Სახელწოდება, მათი შემოქმედება და კრეატიული პროცესი ზუსტად წარმოაჩენს ამ ოცდარაღაცა წლის ნერდების ჯგუფს. ინტერვიუს დროს გიკომ გაიხსენა, რომ როცა ჯგუფისთვის სახელის შერჩევის მომენტი დადგა, მან გრძელი და არგუმენტირებული ტექსტი დაწერა მეგობრების დასარწმუნებლად, რომ ბენდს „კოლექტივი“ დარქმეოდა. სახელი ყველას მოეწონა. ამ დროს ჯგუფს პირველი კომპოზიცია უკვე მზად ჰქონდა. ჯგუფის განვითარების სხვადასხვა ფაზის დროს, როგორც მიხო ამბობს, ზოგმა ამ ადამიანმა არც კი იცოდა, რომ ჯგუფის წევრები იყვნენ.

საბოლოოდ მაინც ისეთი ხმა მივიღეთ, სადაც ექვსი წევრის ყოფნა არის საჭირო.  

- გიკო

2020 წელს 13 კომპოზიიცისგან შემდგარი პირველი ალბომი - „დამსწრე საზოგადოება“ გამოუშვეს. მართალია, მათი შემოქმედება ლაღი ჟღერადობით გამოირჩევა, თუმცა, სიმღერის ტექსტები ხშირ შემთხვევაში სხვაგვარად ისმის - ვხედავ მომავალს, ჩემი შვილი შენ რომ არ გგავს; ჩემი ხანგრძლივი დაკვირვებიდან, ყველა გარშემო მარტოსულია; დღეს ჩემი ბიჭი ავად არის, სიცხემ უმატა, გული მისდის - ბოლოს ბიჭი კვდება.

გამოცდილი ყურისთვის ნაცნობია ის, რომ ბედნიერი მელოდიების უკან შეიძლება სევდა დაინახო.

- მიხო

ბენდის წევრები დიდი ხნის თანამოაზრეები არიან. გავლენებად და ინსპირაციად The Strokes, MGMT, Alvvays და 90 წლების მუსიკას მიიჩნევენ. რამოდენიმე მათგანი „კოლექტივამდე“ და ახლაც სხვა ჯგუფ(ებ)შიც უკრავს; ანუკა, მიხო და სანდრო აუდიო ინჟინერიის კურსს გადიოდნენ ერთად; ამასობაში ანუკა ბას გიტარაზე დაკვრასაც ეუფლებოდა. კურსის დასრულების შემდეგ ანუკას და სანდროს „გალერისთან“ შემთხვევითმა შეხვედრამ მათი გზები კვლავ გადაკვეთა და ანუკაც კოლექტივში აღმოჩნდა.

მათ შემოქმედებას ყველაზე კარგად, ალბათ, ფრაზა „მუსიკალური ბოდიალი“ აღწერს, „ბოდიალი“ კარგი გაგებით, ცხადია. ამოჩემებული სიტყვები სიმღერების ტექსტებში იყრის თავს, რომლებიც ძირითადად შენიღბული რომანტიკის, ირონიის და დეპრესიის მატარებელია. ალბათ, ყველაზე უხერხულიც და ირონიულიც სწორედ ინდი როკისა და ინდი პოპისთვის დამახასიათებელი ლაღი მელოდიებია ამ სიტყვების ფონზე.

კოლექტივი რაღაცა გარკვეულ, სპეციფიურ და კონკრეტულ ჟანრს ვუკრავთ. პრინციპში, ინდი არის იმ მხრივ, რომ ცოტა მარტივი გასაკეთებელია, ჰოუმ სტუდიაში ყველაფერს ვერ ჩაწერ. ეს ჟანრი გაძლევს შესაძლებლობას, რომ გაფუჭებული ხმა ცოტა უფრო „კუსტარული“ ხმებით მიიღო, ისეთი ემოცია გამოიწვიო მსმენელში, როგორც პროფესიონალურ სტუდიაში ჩაწერილი, რაღაცა სხვა ჟანრის სიმღერა. ინდი გაძლევს მაგის შესაძლებლობას, რომ სინთეტიკური ხმებით და მსგავსი ჟღერადობებით პროდუქტი შექმნა.

- სანდრო

მართალია ტექსტებს ძირითადად მიხო და მარიამი წერენ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ სანდრო და გიკოსაც აქვთ საავტორო სიმღერები დაწერილი.

ტექსტის წერის პროცესი ეგეთია, რომ მიხოს განწყობა არის ძირითადად ირონიული, სენტიმენტებისგან დისტანცირებული და მე საპირისპიროდ ვცდილობ ხოლმე, რომ მაგ თვალსაზრისით უფრო მოლბეს. სულ ვკამათობთ და საბოლოოდ, რადგან არც მაინცდამაინც იქითაა და არც მაინცდამაინც აქეთ შედეგი, იქმნება კოლექტივის ტექსტების ხასიათი. იმის გამო, რომ სახლის სტუდიაში კეთდება ეს ყველაფერი და ბევრნაირი ინსტრუმენტია ერთად თავმოყრილი, მერე ცოცხალი შესრულებისთვისაც ბევრი ვარიაციაა ხოლმე მოსასინჯი.

- მარიამი

სწორედ ამიტომ, მგონია, რომ კომპოზიტორული თვალსაზრისით მუსიკის წერისას, ალბათ, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ნაწარმოების შექმნით მუშაობა არ სრულდება. ყველაფერი მუდმივ პროცესშია და აგრძელებს განვითარებას, კოლექტივი კი ამის ნათელი მაგალითია.

მართალია, ბენდი 3 წლის წინ შეიქმნა, თუმცა საზოგადოების წინაშე წელს წარსდგნენ პირველად. ჯერ იყო არტ ვიქენდი თავისუფალ უნივერსიტეტში, სამწუხაროდ, იმ პერიოდში მათ შესახებ არაფერი ვიცოდი და საკმაოდ უხერხული გრძნობა იყო, როცა გარშემო ჩემ გარდა, მგონი, ყველამ ზეპირად იცოდა ტექსტები. არტ ვიქენდის შემდეგ იყო ოუფენ ეარის ფესტივალი, სცენაზე იგივე ადამიანები უკრავდნენ, მღეროდნენ. მათი ენთუზიაზმი და სიმღერების სიცოცხლეც ერთიორად გაზრდილი იყო. შემდეგ იყო როკვას ფესტივალი. ცხადია, დროთა განმავლობაში მოთხოვნები და გემოვნება რადიკალურად თუ არა, რაღაც პროცენტულობით ყველას გვეცვლება, და ამ შემთხვევაშიც არ გამოვრიცხავ, თუკი ერთი ალბომის, არაერთი შემდგომი სინგლის და დიდ აუდიტორიებთან გამოსვლის შემდეგ ჯგუფმა შესაძლოა მცირედი ტრანსფორმაცია განიცადოს.

ამ ლაივების მერე ჩემი განწყობა შეიცვალა სრულიად, იმიტომ რომ იქამდე ნაკლებად ვფიქრობდი ხოლმე პოტენციურ მსმენელზე. მიმოწერებიც არის ქრონიკად იმის ამსახველი, როგორ გახადა ლაივებმა ნელ-ნელა აუდიტორია მეტად ცოცხალი. პასუხისმგებლობასაც მეტს ვგრძნობ ახლა და სიხარულსაც.

- მარიამი

კოლექტივი მხოლოდ ექვსი წევრისგან არ შედგება, ეს ერთი დიდი, შემოქმედებითი ადამიანების სამეგობროა. ერთიანი პროექტი, რომელიც არ არის მხოლოდ სიმღერა, თანმდევ ანიმაციებს და ილუსტრაციებს მოყვება განწყობა, რომელიც ვიზუალში საისამოვნოდ ერწყმის მელოდიებს და რომელთაც სიმსუბუქის განცდასთან ერთად დიდი სევდაც მოაქვთ. აუცილებლად მოგხვდებათ თვალში კომპოზიციებისთვის შექმნილი ანიმაციები და ილუსტრაციები, რომლებსაც ხატია იათაშვილი, მინდია არაბული, მარიამ საკნელაშვილი, მარიამ ჩალიგავა, თათა მანაგაძე და ნინა გვასალია ქმნიან. ციფრულ ნაწილს რაც შეეხება ფოტოებით ნინო ხუციშვილი უზრუნველყოფს.

სიტყვა კოლექტივიც საიმისოდ ითქმის, რომ ბევრი ადამიანია ამ ჯგუფის შემოქმედებაში ინტეგრირებული. ერთ-ერთი ასეთი ახლო მეგობარი, რომელიც აღმოგვაჩნდა გვერდით მაშინ, როცა ეს პროცესი იწყებოდა, იყო ხატია. ხატიას ესთეტიკის გარშემო შეიკრა ეს ხელნაკეთი სტილი და შედეგად იქმნება ესეთი სადა, საამური გამოსახულებები.  

- მარიამი

ჯგუფის წევრების ინტერესები საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგ. დიმა ფარიკაობით არის გატაცებული. ანუკა ჯემებზე უკრავს მოძრაობის თეატრის ბენდთან ერთად, უყვარს ცოცვა და ყველანაირ ბორბლიან ტრანსპორთან მეგობრობს. მარიამი დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობს, კინო რეჟისურაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ და არავინ იცის, როგორი იქნება კოლექტივის მომავალი, თუმცა ტექნიკის და ვიზალიბერალიზაციის წყალობით ბუნდოვანი მომავალი ნამდვილად არ უჩანთ. არაერთი შესანიშნავი ალბომი ჩაწერილა ვირტუალურად, სხვადასხვა კონტინენტზე მყოფი მუსიკოსების კოლაბორაციით, მაგალითისთვის Glös-ის – Harmonium.

P.S. თუკი ელექტრონული მუსიკის აქტივობამ თქვენს ყურებს ნამდვილი ინსტრუმენტების ჟღერადობა და ცოცხალი მუსიკა (თუნდაც თვითმკვლელობაზე ნამღერი) მოანატრა, თამამად შეგიძლიათ ჩართოთ კოლექტივის მუსიკა და ეგზისტენციაზე იცეკვოთ.

ავტორი: ნანუკა ბარნაბიშვილი