ზამთრის მუსიკა

გრძელი შავი ღამეები, ნაცრისფერი დღეები და ცივი, სუსხიანი ამინდები - ზამთრის სეზონთან პირველი ასოციაცია ასეთია. ხშირად მუსიკასაც სწორედ მის შესაბამისს ვეძებთ, თუმცა ზამთრის ხმოვანება ესეთი სწორხაზოვანიც არ არის და ბევრ მოულოდნელობსაც გვთავაზობს. ამ სიაში თავი მოვუყარე 10 მუსიკალურ ალბომს, რომლებიც, ვფიქრობ, თქვენი ზამთრის ყოველდღიური ცხოვრების აკომპანიმენტად გამოდგებიან.

Biosphere – Substrata (1997)

ნორვეგიული მუსიკალური პროექტის ეს ალბომი, თითქმის ყოველთვის ხვდება ყველა დროის საუკეთესო ემბიენთ ალბომების სიაში. ალბომის თემატიკა სიცივე და მყინვარების დნობაა. მუსიკალურად საქმე მართლაც რომ შთამბეჭდავად არის შესრულებული, შეიცავს რა სემპლებს Twin Peaks-ის სერიალიდან, დოკუმენტური ფილმებიდან და ა.შ. მსმენელი მასთან ინტერაქციის დროს გაოცდება მუსიკოსის ხედვითა და შთაბეჭდილებების გადმოცემის ტექნიკით, რომელიც მუსიკალურად მყინვარებს შორის მოგვაქცევს ხოლმე.

Kate Carr - Songs from a Cold Place (2013)

ზუსტად 2013 წლის თებერვლის მიწურული და გაზაფხულის შემობრძანების პერიოდი იდგა, როდესაც ავსტრალიელი არტისტი ქეით ქარი ისლანდიას ეწვია. მისი მუსიკა ძირითადად ადამიანისა და კონკრეტული ადგილის ურთიერთმიმართების კვლევას ეძღვნება. ასეთია აღნიშნული ალბომიც Songs From a Cold Place” - სადაც მუსიკოსი საველე ჩანაწერებთან ერთად აქტიურად იყენებს გიტარის, პერკუსიის, არფის და ისლანდიური მუსიკალური ინსტრუმენტების ჟღერადობას, რათა ზუსტად აღწეროს იზოლაციური ადგილებიდან წამოსული ცივი შეგრძნებები.

Ben Frost - By the Throat (2009)

ისლანდიაში მოღვაწე კომპოზიტორის, ბენ ფროსტის მუსიკალური აღმავლობა, ალბათ, 2010 წელს სწორედ აღნიშნული ალბომით დაიწყო. ალბომის ყდაზე ქარბუქში მომწყვდეული 3 მგელია გამოსახული, რაც თავის მხრივ მუსიკალურად არცთუ ისე მშვიდი ტერიტორიებისკენ გვიბიძგებს. ალბომი დრამატურგიულად გამართულია, თითქოს უკვე მზა ფილმის დეტალებს უნდა გვიყვებოდეს.

Nils Frahm – Wintermusik (2009)

დღეისთვის ცოტა ადამიანი თუ მეგულება, ვისთვისაც ნილს ფრამის მუსიკა უცხოა, თუმცა ესე როდი იყო იმ დროს, როდესაც აღნიშნული ალბომი იწერებოდა. 3 გამორჩეული კომპოზიცია და გერმანელი მუსიკოსის ფორტეპიანოზე დაკვრის მეტად ინტიმური სტილი მომაჯადოვებელ ეფექტს ქმნის ყოველი მოსმენისას. თავიდან მუსიკა მხოლოდ ოჯახის და მეგობრებისთვის საშობაო საჩუქრად იყო განკუთვნილი, თუმცა წლების შემდეგ მისი დაგემოვნება უკვე ყველას შეუძლია.

Voices From the Lake - Voices From the Lake (2012)

Voices From the Lake - ასე ეწოდება იტალიურ მუსიკალურ პროექტს, პროდიუსერების დონატო დოზისა და Neel-ის კოლაბორაციას. პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იქამდე არსებულ ტექნო მუსიკის განმარტებას, აქცენტს აკეთებს არა ჟანრის სტანდარტულ სტრუქტურაზე და ხმოვან ელემენტებზე (მაგალითად, აქტიური Kick დრამი), არამედ მის ჰიპნოტურ ჟღერადობაზე - რომელიც მსმენელს არ შორდება და უფრო ღრმად ითრევს - სწორედ ეს მუსიკალური სიღრმე გამოარჩევს ამ ალბომსაც, რომელიც ცივი რიტმებით ტბებიდან მომდინარე ხმებზე მოგვითხრობს.

Matteo Uggeri | Luca Mauri | Francesco Giannico – Pagetos (2012)

მილანელი მუსიკოსები ლუკა მაური (გიტარა), ფრანჩესკო ჯიანიკო (ფორტეპიანო) და მატეო უგერი (საყვირი და მუსიკალური ეფექტები) წარმოგვიდგენენ ალბომს „Pagetos“, რომელიც თავის მხრივ დილის ყინვას ნიშნავს. მართლაც, პირველივე კომპოზიციიდან იგრძნობა, თუ როგორი დღის საუნდტრეკზე მიგვანიშნებს აღნიშნული პროექტი. მიუხედავად სუსხთან ასოციაციისა, კომპოზიციები აქ მეტად მშვიდი და თბილია, აქტიურადაა რა გამოყენებული სხვადასხვა საველე ჩანაწერი და ხმოვანი ეფექტები. მუსიკოსები ერთმანეთს ავსებენ და მთლიანი ალბომი ისე მიედინება, როგორც ზამთარი გარდაიქმნება ხოლმე გაზაფხულის პირველ დღეებში.

Andrea Polli - Sonic Antarctica (2009)

ანტარქტიდა გეოგრაფიულად თუ პოლიტიკურად დედამიწის გამორჩეული ადგილია. აქ კომპასის ქონას აზრი არ აქვს, თუმცა ნავიგაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. არტისტმა, ანდრეა პოლიმ ყინულოვან მოედანზე 2007 წელს შვიდი კვირა დაჰყო და ადგილობრივი ეკოსისტემის ხმოვანი დოკუმენტაცია მოახდინა. „Sonic Antarctica“ მოიცავს მეცნიერების ინტერვიუებს, საველე ჩანაწერებსა და ხმოვან დანამატებს, რომლებიც ანტარქტიდის დღევანდელ მდგომარეობას მეცნიერებისა და ხელოვნების დახმარებით გვაცნობს.

Lawrence English - For Varying Degrees of Winter (2007)

ავსტრალიელი კომპოზიტორი და მუსიკოსი ლორენს ინგლიში (რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოსაც ეწვია) 6 კომპოზიციისგან შემდგარ ალბომს გვთავაზობს, რომლებიც ზამთრის ერთმანეთისგან განსხვავებულ დღეებზე გვიყვება. მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკა ხშირად აბსტრაქტულია, აღნიშნულ ნამუშევარში კომპოზიტორი მაინც ახერხებს კონკრეტული ემოციებისა და შეგრძნებების გაღვიძებას - ზამთარიც ხომ ინტროსპექციისა და მოსმენის სეზონია, როდესაც ბუნება საკუთარ კანონებს თავიდან ახსენებს ადამიანს.

Monolake – Silence (2009)

ეს, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია, რომელიც ზამთრის მოღუშულ დღეებში შეგიძლიათ მოისმინოთ. რობერტ ჰენკე (Monolake) საკუთარი საქმის - ხმების დიზაინის, ნამდვილი ოსტატია. ეს სემპლინგისა და სინთეტიკური ხმების ნაზავია, რომლებიც რიტმის დინამიურობას განაგებენ.

Norken ‎– Our Memories Of Winter (2005)

ბრიტანელ ენტონი ნორისს, ექსპერიმენტული (და არა მარტო) ელექტრონული მუსიკის სცენაზე კარგად იცნობენ. მისი მუსიკა 90-იანი წლების მიწურულიდან ძირითადად Metamatics-ის ფსევდონიმით გამოდიოდა, თუმცა Norken-ის სახელით გამოცემულ მის ალბომებს მინიმალისტური, მიკრო ჟღერადობები ახასიათებს. ასეთია სულიერებით სავსე Our Memories OF Winter”, რომლის მოსმენის შემდეგაც რთული იქნება სენტიმენტალური მოგონებებიდან თავის დაღწევა.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი