ვიტამინის გუდაურული ტრადიცია

15 წლის წინ, 2005 წელს რამდენიმე მეგობარმა ბამბის რიგში კაფე გახსნა და მას ვიტამინი დაარქვა. „ვიტამინი“ მარტივი მიზეზის გამო - უნდოდათ იმ ემოციების წყარო შეექმნათ, რომლებიც ადამიანებს ვიტამინებივით გვჭირდება. კაფეც ისეთი იყო, როგორც მაშინდელ ცხოვრების წესსა და გართობას შეესაბამებოდა. შემდეგი გონიოს ვიტამინი იყო - იქაც მოაწყვეს 2009 წელს კი გუდაურში სოლიკოს საბაგიროს დასაწყისში კიდევ ერთი კაფე გაჩნდა.


"ზაფხულში ზღვაზე დავდიოდით ,ზამთარში - გუდაურში, შესაბამისად აქაც გვჭირდებოდა კაფის გაკეთება. გუდაურის ვიტამინის იდეაც ასე დაიბადა. თავიდან მეორე საბაგიროს დასაწყისში გავხსენით, მოგვიანებით კი „სოლიკოს“ ბოლოში გადავიტანეთ. "


ერთ კაფეს არ დაჯერდნენ და 2017 წელს უკვე მეორე ვიტამინი ზღვის დონიდან 3006 მეტრზე გახსნეს. ასე კუდებზე ასვლის და იქედან ხედით ტკბობის რიტუალი უფრო კომფორტული გახადეს.


„ვიტამინი ჩვენი სახლია და ძალიან გვგავს. თუ დააკვირდებით დაინახავთ, რომ გუდაურის მეორე სართულზე მანსადრდაში ჩვეულებრივი საცხოვრებელი ოთახებია, სადაც ჩვენ და ჩვენი მეგობრები მთელს სეზონს ვატარებთ. შესაბამისად, კაფეში მოსული სტუმრებს ისე ვუმასპინძლდებით, როგორც პირად სტუმრებს. მომსახურე პერსონალიც უკვე წლებია ჩვენთან ერთად არის. მოკლედ, ერთი დიდი ოჯახი ვართ.“


კუდების ვიტამინი საქართველოში ყველაზე მაღალ ადგილას მდებარე კაფეა. პერსონალი 5 თვის განმავლობაში, ყინვაში მუშაობს და ცხოვრობს 2700-3006 მეტრზე, იქ, სადაც სრიალის დასრულების შემდეგ ადამიანის ჭაჭანება არაა. ამიტომ ვიტამინში იპოვით ბევრ წიგნს, სამაგიდო თამაშს, იქსბოქსს, ფლეისთეიშენს და მსგავს გასართობ საშუალებებს. რთულია საოპერაციო ნაწილის მენეჯმენტიც - კაფემდე სამანქანო გზა არ მიდის, შესაბამისად მომარაგება საბაგიროთი, კეზმორელით ან ბორანით ხდება. ლიმიტირებულია წყლის რაოდენობა, ამიტომ ყველა მოწყობილობა ენერგოეფექტურია და ზოგავს წყალს.


„დისკომფორტების მიუხედავად, ფერადი აისები და დაისები, სიმშვიდე და მთის სიყვარული ყოველთვის გვიზიდავს გუდაურში.“


ყოველწლიურად ვიტამინში ბევრი რამ იცვლება: დეტალები საოპერაციო ნაწილში, რაც შეიძლება უცხო თვალისათვის შეუმჩნეველია, თუმცა უფრო კომფორტულს ხდის კაფეში სტუმრობას; მომსახურების სისწრაფე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუდაურში. მრავლდება ადგილების რაოდენობა კაფეში და კერძების რაოდენობა მენიუში.

ვიტამინი სამი ძირითადი ტრასის კვეთაზეა, შესაბამისად ყველაზე ცხელი  შეხვედრის ადგილია  „გუდაურელებისათვის“.  ეს ის ხალხია, რომელსაც მთა აერთიანებს, შესაბამისად აქ შეხვედრა, თუნდაც უცხო ადამიანებთან, ყოველთვის სასიამოვნოა.


"კუდების ვიტამინში ძირითადად ვეტერანი „გუდაურელები“ დადიან. ერთგვარი „გუდაურული“ ტრადიციაა დიდი დაშვების წინ შეჩერება, ისე რომ წინ მოიტოვო გრძელი და საყვარელი გზები. ასეთი ადგილი გახდა 3006 მეტრზე შემოსკუპებული პატარა კაფე, სადაც იქამდე სხედან, სანამ ტრასები არ დაცარიელდება და მხოლოდ მათთვის არ დარჩება შეწითლებული მთები და სიჩუმის ხმაც. ამ სიჩუმეს ჯგუფური და განსაკუთრებულად სახასიათო სრიალის ხმით არღვევენ ჩვენი მგზავრები. ეს არის გუდაური ჩვენთვის და მათთვის. საიდუმლო შეგრძნებები, რომელიც მხოლოდ მათ და მთებმა იციან. ასევე გვყავს უცხოელი სტუმრებიც, რომლებიც ყოველ წელს, ტრადიციულად ქართული გამარჯობით შემოდიან ჩვენთან და დიდი მადლობით გვემშვიდობებიან რამოდენიმე დღის შემდეგ. მათთვის გუდაური სულ სხვა ჯადოსნობაა."


ბოლო წლების განმავლობაში ვიტამინი სეზონურად იხსნება სხვადასხვა ადგილებში. 2019 წლის ზაფხულში ერთ-ერთი კაფე ყაზბეგში გაიხნსა. შემქმნელები მუდმივად ეძებენ ადგილებს ახალი ვიტამინებისთვის, რომლებიც ზედმეტი არასდროსაა.


„წელს გუდაურში ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი, თუმცა ყველაზე მეტად მაინც თოვლის მოსვლას ველოდებით, რაც სხვა ყველაფრის საწინდარი იქნება.“



გიგი თევზაძე, თეა კიკვაძე, აჩიკო ნიკოლაიშვილი, ნუცა ავალიშვილი.