ბიზნესი

ზაზა ფაჩულიას წარმატება

ზაზას მისივე სახელობის აკადემიაში შევხვდით. დერეფანში შემოსვლისთანავე, გარშემო ყველაფერი დაპატარავდა და შეიძლება ხუმრობით, მაგრამ მაინც გულახდილად დავინტერესდი, როგორ ესმოდა ჩემი სიმაღლიდან. მანაც, ასევე ხუმრობით, მაგრამ გულახდილად მიპასუხა, რომ სმენა უკვე გაწაფული ჰქონდა.

აგვისტო 19, 2017

Hello Blog

ზაზას მისივე სახელობის აკადემიაში შევხვდით. დერეფანში შემოსვლისთანავე, გარშემო ყველაფერი დაპატარავდა და შეიძლება ხუმრობით, მაგრამ მაინც გულახდილად დავინტერესდი, როგორ ესმოდა ჩემი სიმაღლიდან. მანაც, ასევე ხუმრობით, მაგრამ გულახდილად მიპასუხა, რომ სმენა უკვე გაწაფული ჰქონდა.

დარბაზი, სადაც ინტერვიუ შედგა, ჩემი არაპროფესიონალი თვალისთვის შთამბეჭდავად გამოიყურებოდა - აქაურობა თანამედროვე კალათბურთის უნივერსალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. კედლებზე, გამამხნევებელი სიტყვები, ხაზს უსვამს თვითონ სპორტის სპეციფიკას - რაც არ უნდა ძლიერი იყო ფიზიკურად, შენს ეფექტურობას არანაკლებ განსაზღვრავს შენივე დამოკიდებულება, განწყობა, ერთი სიტყვით - ფსიქოლოგიური მზაობა. ამ ყველაფერზე ზაზასაც ვესაუბრეთ - წარმატებაზე, ოჯახზე, ოცნებებზე, ბავშვების აღზრდაზე, განათლებაზე და ცოტა კალათბურთზეც. ინტერვიუ ვრცელი გამოგვივიდა, მის ბოლოს კი მოკლე “ბლიცს”-აც შემოგთავაზებთ. ასე რომ, თუ ბოლომდე მოგვყვებით, მყუდროდ მოკალათდით.

 - როგორ შეეწყვეთ შენ და “ლარი”? [Larry O’Brian-ის სახელობის თასი]

- პირველივე წუთიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი! როგორ შეიძლებოდა, რომ არ შემყვარებოდა, როცა მასთან შესახვედრად, ურთულესი გზა გამოვიარე... ზოგადად, რაც უფრო მეტ ენერგიას ხარჯავ რაღაცის მისაღწევად, მით უფრო მეტად აფასებ. ამ ყველაფერს წინ ძალიან რთული წელი უსწრებდა. როგორც კი საჩემპიონო გუნდის წევრი გავხდი, მაშინვე ვიგრძენი კრიტიკის დიდი ტალღა. ერთ რამეს მივხვდი, რომ სუსტი უფრო უყვართ, სუსტს უფრო ქომაგობენ. ძლიერი ხომ, ისედაც ძლიერია! ჩვენ კი ძლიერ მხარეს წარმოვადგენდით, იმიტომ რომ ისეთი მოთამაშეები, როგორიც ჩვენს გუნდშია ნამდვილად დასაფასებელია. ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, როცა დიდი ბრძოლის, რამდენიმე თვიანი თამაშის, ფსიქოლოგიური დაბრკოლებების შემდეგ, ყველაფერი მთავრდება ისე, როგორც გინდოდა და ხდები ჩემპიონი!

2017 წლის 13 ივნისს, Golden State Warriors-მა Cleveland Cavaliers-ი დაამარცხა, ანგარიშით 129 - 120 და დააფიქსირა, რომ გუნდური თამაშიც შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში, NBA-ის ისტორიაში კი პირველად, ჩემპიონობა ქართველმა კალათბურთელმა მოიპოვა. შემდეგი სეზონის დაწყებისას, ზაზა ფაჩულია საგანგებოდ ჩემპიონებისთვის განკუთვნილ ბეჭედს მოირგებს.

- გიორგი [გიორგი ალავიძე - აკადემიის დირექტორი და ზაზას მეუღლის ძმა, სწორედ ის, დროშა რომ გადასცა საჭირო დროს!] მიყვებოდა, თუ რამდენად შრომატევადია თქვენი საქმე, რამდენ ვარჯიშს მოითხოვს და რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური სიმტკიცე. რა არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც დღემდე მოგყვება და ამ სიმტკიცეს განაპირობებს?

- ორ რაღაცას აღვნიშნავდი: ინტელექტსა და გამოცდილებას. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და უხდება ერთმანეთს. როცა გამოცდილებას იღებ - არა აქვს მნიშვნელობა კარგს, თუ ცუდს - ინტელექტს იყენებ მის შესაფასებლად, გასააზრებლად, მომავალ სიტუაციებთან უკეთესი გამკლავებისთვის. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია მუდმივი განვითარების სურვილი; მიუხედავად მიღებული დიდი გამოცდილებისა, ყოველთვის ვფიქრობ, კიდევ რა შეიძლება დავამატო ჩემს თავს, რა გავაკეთო, რომ ვიყო უკეთესი მოთამაშე, ადამიანი, მამა, მეუღლე, შვილი, მეგობარი... და კიდევ ერთი ფაქტორი - ადამიანმა უნდა აკეთო ის, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს! არ მჯერა იმ საქმის წარმატების, რომელსაც ძალით აკეთებ. მშობლებს ხან ფეხბურთზე დავყავდი, ხან -ფორტეპიანოზე, გიტარაზე, მხატვრულ წრეზე... მე კი ყოველთვის კალათბურთისკენ მიმიწევდა გული, ყოველთვის! საბოლოოდ, ბევრი ძიებისა და წვალების შემდეგ, გადაწყდა, რომ კალათბურთზე მიმიყვანდნენ. ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო! პირველი დღე ის იყო, როცა დავიბადე და მეორე, როცა კალათბურთზე მიმიყვანეს. სანამ მიმიყვანდნენ, მე თვითონ დავდიოდი უკვე კალათბურთზე - მხოლოდ, ჩემს ოთახში, სადაც ფარდების საკიდს ფარად ვიყენებდი და ბურთის სროლას ვვარჯიშობდი.

- ბოლო თვის ყველაზე ცნობილ ფრაზად იქცა შენი სიტყვები Nothing Easy! (ადვილი არაფერია!)

-არ მეთანხმები, რომ ადვილი არაფერი არ არის?

-აბსოლუტურად! ყველამ აიტაცა, ვინც ოდნავ მაინც გამოსცადა ეს თავის თავზე. განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ 90-ებიდან მოდიხარ. მაშინდელ საქართველოში, სპორტისთვის არავის ეცალა და ოჯახი თუ დაგიდგებოდა გვერდით. რა ხდებოდა იმ წლების განმავლობაში, სანამ საზღვრებს იქეთ გახვიდოდი?

-ჩემი ოჯახი არ განსხვავდებოდა სხვა ოჯახებისგან და როგორც ყველას, ისე გვიჭირდა ჩვენც: არა შუქი, არა წყალი, არა გაზი, არა საჭმელი... მაგრამ ბავშვს არ ანაღვლებს ასეთი რაღაცეები... მაინტერესებდა უფრო გართობა, მეგობრები, სკოლა, გაკვეთილები, მერე უკვე კალათბურთი. მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ საუკეთესო გაეკეთებინათ. ძალიან ბევრს მუშაობდნენ... 24 საათი მუშაობდნენ. დავდიოდი პრესტიჟულ სკოლაში, რომელიც იყო საკმაოდ ძვირი და დღესაც ვერ ვხვდები, როგორ იხდიდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დაუფასდათ. თუმცა, ვფიქრობ მაინც არ ვარ ისეთი შვილი, როგორიც უნდა ვიყო. ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმ ფაქტს, რომ ასე შორს ვარ დედისგან, რომლისთვისაც ერთადერთი ვარ იმის შემდეგ, რაც მამა 14 წლის ასაკში დავკარგე... ამ ფაქტმა, იგივე 90-ებმა თავის სირთულეებით, მასწავლა სიცოცხლის მეტად დაფასება. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად ვისიამოვნო ცხოვრების ყოველი წუთით. ყველაზე დიდი სიამოვნება კი მარტივ რაღაცეებშია, როცა ოჯახთან ერთად ერთობი, მოგზაურობ სადღაც, ვიღაცას ახარებ, იღიმი, ბედნიერი ხარ... ამას ვასწავლი ჩემს შვილებსაც და იმედი მაქვს, მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება დადებითი განწყობა...

ზაზას აკადემია, სწორედ ის სკოლაა, სადაც ბავშვობაში ვარჯიშობდა. მისი სახელი 2015 წლის ნოემბრიდან ჰქვია და უკვე 600-მდე მოსწავლეს ითვლის. ზაზა მათ რეგულარულად ადევნებს თვალყურს თამაშებიდან პირდაპირი ვიდეო-ჩართვების დახმარებით, ყოველ ზაფხულს ხვდება და ცდილობს მთელი გამოცდილება, ცოდნა და რესურსი მათ განვითარებას მოახმაროს.

წელს კი, ყველაზე გამორჩეული შეხვედრა შედგა - მას კალათბურთის ყველაზე სასურველი - Larry O’Brian-ის სახელობის თასი ახლდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ერთად გავხდით ზაზა ფაჩულიას გამორჩეული წუთების მომსწრე: გამარჯვება, საქართველოს დროშა, საყოველთაო აღტაცება, ჩამოსვლა “ლარისთან” ერთად, დაუსრულებელი დღესასწაული, ღირსების მედალი, შეხვედრები და წარმატების გაზიარებასთან ერთად, ძალების მოკრება ახალი ბრძოლისთვის, უკვე მეთხუთმეტე სეზონში.

-როგორი საქართველო დატოვე და როგორი დაგხვდა? რამდენად სწრაფად იცვლება აქაურობა შენს თვალში?

-ყოველთვის ერთი სული მაქვს ჩამოვიდე. მხოლოდ ზაფხულობით ვახერხებ, მაქსიმუმ ორი თვით. ყოველთვის უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებ და უკან რომ ვბრუნდები, სულ მგონია, რომ არ მეყო აქაურობა... მხვდება რაღაცეები შეცვლილი, შემოდიან მსხვილი ბრენდები, ბევრი მშენებლობაა, თუმცა ისეთი სწრაფი ტემპებით ჯერ ვერ ვვითარდებით, რასაც თანამედროვე მსოფლიო მოითხოვს... ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, ჩვენს მენტალიტეტზე და სწორედ აქაა მნიშვნელოვანი განათლება. ულამაზესი ქვეყანა გვაქვს, უდიდესი რესურსით და შეგვიძლია იმაზე სწრაფად ვვითარდებოდეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. გული შემტკივა ჩვენს ქვეყანაზე და მინდა, რომ ყველაზე მაგარი იყოს მთელ მსოფლიოში.

-შენს თანაგუნდელებსა და მეგობრებს, პირველ რიგში, რითი გააცნობდი საქართველოს?

-პირველ რიგში ყველა იმ პლიუსით, რაც გვაქვს და ვერავინ წაგვართმევს - ღვინო, რომლის სამშობლოდაც უკვე ოფიციალურად აღიარეს საქართველო; ჩვენი სტუმარმასპინძლობა, რომლისგანაც ჩემი ამჟამინდელი სტუმრები, რომლებიც “ლარისთან” ერთად ჩამოვიდნენ, შოკში არიან, იმდენად მოეწონათ. დარწმუნებული ვარ, მინიმუმ ასეთივე განწყობით დაბრუნდებიან უკან და ყველას გააცნობენ რა მაგარი ყოფილა საქართველო.

-NBAVOTE! რა ხდებოდა ამ დროს შენს თავს?!

-უზომოდ მეამაყებოდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, არც ერთხელ არ მითხოვია ხმის მოცემა და ძალიან ბუნებრივად, თავისით მოხდა ყველაფერი... ნაკლებად მაინტერესებდა იქ მოხვედრა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა ყოველი ხმა და ვგრძნობდი რომ მთელ All Star-ში ყველაზე გამარჯვებული ვიყავი, რადგან ამდენ სიყვარულს ვიღებდი. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც გულით აკეთებდა ამას, დაუღლელად, ყოველდღე... ყოველ ნახვაზე, საოცარი სიამაყის განცდა მქონდა; ხოლო როცა ეს ყველაფერი თავისით ხდება, მით უფრო სასიამოვნოა, გემრიელია, ლამაზია...

NBA-ის ხმის მიცემის წესების შეცვლა მოუწია. იმის მაგივრად, რომ მოთამაშის ბედი მხოლოდ გულშემატკივრებს გადაეწყვიტათ, ახლა სხვა მოთამაშეებისა და სპორტ-ჟურნალისტების ხმებიც გახდა საჭირო. რომ არა წესების შეცვლა, ზაზა ოლ-სტარში ითამაშებდა. თავის დროზე, ამ წესებს, ზაზასვე ინიციატივით “Zaza rules” დაერქვა, ანუ ზაზას წესები.

გიორგი ალავიძე - “ზაზა ყველასთვის სამაგალითო პროფესიონალია. ჩემპიონი რომ გახდა, მალევე განაახლა ვარჯიში. დაუღალავად შრომობს წარმატებისთვის... თუმცა, მეორე მხრივ, ოჯახისთვის ძალიან რთულია. მას მერე, რაც Golden State Warriors-ში გადმოვიდა, უფლებას რთავენ, თან იყოლიოს ოჯახის წევრები და ეს უკვე დიდი შეღავათია.”

-როგორც წესი, პროფესიონალი სპორტსმენები არ ჩქარობენ დაქორწინებას. შენ კი, საკმაოდ ადრე დაოჯახდი...

-იმის გათვალისწინებით, რომ ოკეანის გაღმა ვცხოვრობ და ჩემი შეყვარებული ოკეანის გამოღმა ცხოვრობდა, რთულდებოდა კომუნიკაცია... შეყვარებულთან კი ცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარო, ახლოს გაიცნო... ამ ყველაფერმა გვაიძულა, ნაადრევად გადაგვედგა ეს ნაბიჯი და შეგვექმნა ოჯახი. 10 წელი გავიდა მას შემდეგ და შეიძლება, თავის დროზე რისკიც ყოფილიყო დაოჯახება, ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანი ავირჩიე, ასეთი ადამიანი შემხვდა... ახლა სამი შვილი გვყავს და მეოთხეს ველოდებით - 2 ბიჭი, 2 გოგო!

-ანუ, სულ რამდენიმე წელიწადში, ბიჭები VS გოგოები ითამაშებთ კალათბურთს!

- როგორც მამა, რას უფრო მეტ ყურადღებას აქცევ აღზრდაში?

-ბავშვისთვის საინტერესო უნდა იყოს, რასაც ვასწავლი. ახსნასთან ერთად, ვცდილობ, მაგალითი ვაჩვენო, ყოველთვის გასაგებ ენაზე ველაპარაკო, რომ აზრი გამოიტანოს; თუმცა, ყველაზე კარგი, მათთვის გამოცდილების შექმნაა. ხანდახან, თეთრი შურით მშურს, რომ მათ უკვე შეუძლიათ სტეფ ქერის, ან კევინ დურანტის ვარჯიშს “ლაივში” უყურონ, თამაშის მერე ხელი ჩამოარტყან , პასები მისცენ, ერთ თვითფრინავში, ან ერთ ავტობუსში იმოგზაურონ. მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა აქვთ ჩემს შვილებს და იმედი მაქვს, რომ დააფასებენ. ეს მათთვის ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება... გამოცდილება კი ყველაფერია! სირთულე ყოველთვის იქნება და ვიცი, რომ ის მათ უფრო მეტად გააძლიერებს და მებრძოლ ხასიათს ჩამოუყალიბებს.

-სპორტში განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ დისციპლინის მნიშვნელობა, რომელიც ნებისმიერ საქმეს სჭირდება. როგორ ფიქრობ, რა შეუძლია უკარნახოს სპორტმა ბიზნესს?

-ამბობენ, სპორტსმენი არ შეიძლება გადავიდეს ბიზნესში, პოლიტიკაში, თუ მედიცინაში, მაგრამ არ ვეთანხმები, პირიქით - განსაკუთრებით სპორტსმენს შეუძლია სხვა სფეროებშიც განვითარდეს. მან კარგად იცის რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად - ინტერესი, ბევრი შრომა და ცოტა ნიჭიც! იცის, რომ თუ წარმატების მიღწევა რთულია, არანაკლებ ძალისხმევას მოითხოვს ამ წარმატების შენარჩუნებაც. NBA მსოფლიო მასშტაბით არჩევს მოთამაშეებს. ყოველწლიურად 500-მდე ახალი მოთამაშე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ 500 სხვა - იცხრილება. ამიტომ, თითოეულ მათგანს ერთი სული აქვს, როდის დაგცდება ფეხი და წაიქცევი, რომ შენი ადგილი დაიკავოს. შესაბამისად, როცა რაღაცას ხელს მოკიდებ, ძლიერად უნდა მოეჭიდო. თუ მოდუნდი და ერთხელ მაინც მოეშვი, კონკურენციას ვეღარ გაუძლებ... იგივე წესები მოქმედებს ნებისმიერ წარმატებულ სფეროში. ყოველთვის რაღაც უნდა დაუმატო შენს საქმეს, საკუთარ თავს... რაც უფრო უნივერსალური ხარ, უფრო საინტერესო და პროდუქტიული ხდები. ალბათ, ამიტომაა, რომ უკვე მე-15 სეზონს ვიწყებ, თითქმის გავასამმაგე თამაშის საშუალო პერიოდი (4-5 წელი). ჩემთვის, ეს იმის ნიშანია, რომ რაღაცეებს სწორად ვაკეთებ. ხოლო, როცა რამე არ გამოდის, მიდგომა უნდა შეცვალო, უნდა დაამატო რაღაც!

ჯერ კიდევ საკალათბურთო კარიერის ზენიტში, ზაზა უკვე იმზადებს ნიადაგს მომავალი საქმიანობისთვის. არაერთხელ ახსენა, რომ დროს არამარტო უნდა აუწყო ფეხი, ერთი ნაბიჯითაც კი უნდა უსწრებდე. უკვე აშშ-ს რამდენიმე პრესტიჟული სასწავლებლის კურსები გაიარა [Northwestern University, Emory University, Harvard Business School; ასევე - უძრავი ქონების პროგრამა ნიუ იორკში და MBA-ის ონლაინ კურსები]; ამასთან, მშობლიური ქართულის გარდა, თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე. კითხვაზე, თუ ბიზნესის რა დარგში ისურვებდა ძალების მოსინჯვას, აშკარაა, რომ მხოლოდ ერთი საქმით არ დაკმაყოფილდება.

- მომდევნო 5 წელი, ჯერ კიდევ თამაშს ვაპირებ, თუმცა, სამომავლო საქმიანობისთვის, სამი სფერო მაინტერესებს: უძრავი ქონება, თანამედროვე ტექნოლოგიები და სპორტული მენეჯმენტი. ამ უკანასკნელში შედის ეს აკადემიაც, რომელიც უკვე შემდგარია და ვითარდება, უფრო მაღალ დონეზე კი საინტერესოა პროფესიონალური გუნდის ფლობა.

- როგორ ახერხებ მიწაზე მყარად დგომას, როცა თავი ვარსკვლავებში გაქვს?

- ოპრას გამონათქვამი მომეწონა ძალიან - I still have my feet on the ground, I just wear better shoes [ისევ მიწაზე დავდივარ, უბრალოდ უკეთესი ფეხსაცმელები მაცვია]. ყოველთვის მახსოვს როგორ და სად გავიზარდე... ერთი ბოტასი მქონდა და ეს ბოტასი მეცვა ყველგან. მახსოვს ჩვენი პატარა, დაბალჭერიანი სახლი, რომელიც მინდა, თუ არ მინდა, მაშინვე მახსენებს როგორ მოვაღწიე აქამდე. ზოგადად, არ მიყვარს ჩემ შესახებ საუბარი. მირჩევნია, სხვამ შეაფასოს... უბრალოდ, უნდა იყო ის, რაც ხარ, ეს უფრო ბუნებრივია, უფრო ლამაზია და თან გახსოვდეს, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაზე ადამიანი, ვინც ყველას უყვარს. თუ მეყვარება ღრუბლებში ფრენა, ვიფრენ, მაგრამ მირჩევნია მიწაზე მყარად ვიარო, ჩემს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად და ვისიამოვნო ცხოვრებით.

***

ამ დროისთვის “ლარი” უკვე აშშ-შია, მორიგი წარმატების ისტორიების მოლოდინში. ზაზა ფაჩულია კი, როგორც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 31 აგვისტოს დაიწყება.

BLITZZZ-20!

საყვარელი სუპერ გმირი?

ბეტმენი

სასურველი სუპერ ძალა?

ფრენა

საყვარელი საგანი სკოლაში?

მათემატიკა

ბოლო სამი შენაძენი?

საღეჭი რეზინი, საწვავი და თვითმფრინავის ბილეთი საქართველოში

ანუ არ გიშოპინგია რაც ჩამოხვედი?

არა, აქ ჩემი ზომის ტანსაცმელი...

და რამდენი იქსია შენი ზომის ტანსაცმელში?

ბევრი

ბოლოს აკვიატებული სიმღერა?

გუშინდელის მერე, „მრავალჟამიერი“

საყვარელი ნივთი გარდერობში? 

ჩემი ზომის ტანსაცმლის შოვნა ძალიან რთულია. ამიტომ რაც მაქვს, ყველა საყვარელია! თუმცა, აი, ეს ბოტასები!

საყვარელი დესერტი?

ბრაუნი

ნაყინთან?

აუცილებლად

საყვარელი კერძი?

ძალიან ბევრი... ამ სიმღალე იმიტომ ვარ, რომ ყველაფერს ვჭამ.

წითელი, თუ თეთრი ღვინო?

წითელი, ნახევრად ტკბილი

მინერალური წყალი, თუ წყაროს წყალი?

მინერალური

საყვარელი მსახიობი?

დე ნირო და დენზელ ვაშინგტონი...

რომანტიული წერილი - ხელით დაწერილი, თუ დაბეჭდილი?

ხელით დაწერილი

დაგიწერია?

კი

ყველაზე სარისკო რა გაგიკეთებია?

მოტოციკლეტით სიარული

კარგად ატარებ?

კი, მაგრამ სპორტსმენისთვის ძალიან დიდი რისკია

ვისთან ისრუვებდი საუბარს იმდენივე ხნით, რამდენიც ჩვენთან ისაუბრე?

კალათბურთში - მაიკლ ჯორდანთან

ბიზნესში - ვორენ ბაფეტთან

და დენზელსაც დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი.

საყვარელი ფრაზა?

Nothing Easy!

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი

ფოტო - გიორგი ინდუაშვილი