მუსიკა | ცა

BLACK SEA JAZZ - ამბები ჯაზმატარებლიდან

გამარჯობა! უკვე, ბათუმიდან გწერთ. ეს-ესაა, ჯაზ ფესტივალის პირველი დღე ხანგრძლივი ფოიერვერკით დასრულდა. არ ვიცი, საფესტივალო შუშხუნები იყო თუ არა, მაგრამ მოუხდა... მანამდე კი, Jamiroquai-ის ძალიან ბევრ - ათასობით მსმენელთან ერთად, ჩვენც წვიმიან ქუჩებს შევერიეთ. დილიდან აგორებული ემოციების ტალღა დამშვიდდა და ახლა, აზრების დალაგებაც შეიძლება, თანმიმდევრულად!

ივლისი 29, 2017

Hello Blog

გამარჯობა! უკვე, ბათუმიდან გწერთ. ეს-ესაა, ჯაზ ფესტივალის პირველი დღე ხანგრძლივი ფოიერვერკით დასრულდა. არ ვიცი, საფესტივალო შუშხუნები იყო თუ არა, მაგრამ მოუხდა... მანამდე კი, Jamiroquai-ის ძალიან ბევრ - ათასობით მსმენელთან ერთად, ჩვენც წვიმიან ქუჩებს შევერიეთ. დილიდან აგორებული ემოციების ტალღა დამშვიდდა და ახლა, აზრების დალაგებაც შეიძლება, თანმიმდევრულად!

დილით, თბილისის რკინიგზის ბაქანზე შეკრებილი, ნახევრად მძინარე მგზავრები განსაკუთრებულად მორთულ, ოთხ-ვაგონიან მატარებელში გადავნაწილდით და როგორც კი დავიძარით, ჩვენი ჯაზ-ფესტივალიც დაიწყო! 

საფესტივალო განწყობის შემქმნელი ყველა ნიუანსი - ხმა, ღიმილი, გემო, ფერი, ზრუნვა და მოგონებების პერსპექტივები ჩვენს ჯაზ-მატარებელში, რეისით თბილისი-BLACK SEA JAZZ, ყველაფერი ზედმიწევნით გათვალისწინებული იყო. 

სამახსოვრო “თიბისური” საჩუქრები (მობილურის ზედპირი უკვე ავაჭრელე სასაჩუქრე შეკვრაში აღმოჩენილი თემატური “სტიკერებით”), ელენე კალანდაძის მშვენიერი ხმა და მისივე ხელით აბრჭყვიალებული მგზავრები,

 თითოეული მათგანის ურთიერთგადამდები ღიმილი, გემრიელი ბურგერები, თუ ორცხობილები და ფერადი ნუგბარიც. ცოტა ხანში, აღარავის ეძინებოდა! 

ერთი განსაკუთრებული მგზავრის - პატარა ალექსანდრეს გარდა, რომელსაც, მთელი მგზავრობის მანძილზე, არა თუ არ უტირია, რამდენჯერაც გაუღიმებდი, იმდენჯერ ღიმილით გპასუხობდა.

შუადღისთვის, როცა ელენემ და ალექსიმ (საყვირით) ვაგონებს ცეკვა-ცეკვით ჩამოუარეს ენერგიული, ცოცხალი სიმღერებით, ექსპრომტ-ვიქტორინაც მოვაწყვეთ. მხოლოდ ერთი კითხვა დავსვით - რომელი შემსრულებლები სტუმრობდნენ საქართველოს ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში? აქაურმა მგზავრებმა ზედმიწევნით კარგად იცოდნენ ჯაზ-ფესტივალის ისტორია, შესაბამისად, ვიქტორინისთვის საგულდაგულოდ გამზადებული საჩუქრებიც ძალიან მალე ამოიწურა და...

ხარაგაულსაც მივუახლოვდით! გზაში დაგროვილი დადებითი ენერგია, აქ იმპროვიზირებულ ზეიმში გადაიზარდა - სიმღერებით, ცეკვით, ბევრი მზით და კოქტეილით. ამ უკანასკნელმა, თავისებურად, ერთმანეთი კიდევ უფრო დაგვაახლოვა და სანამ ბათუმში ჩამოვედით, დავმეგობრდით კიდეც. 

ე.ი., დადგა მასლაათების, ამბების მოყოლის დროც... ხანგრძლივ მგზავრობას რომ ახასიათებს. რომელი ერთი დავწერო, თუ აღვწერო... იქნებ იმ ქალბატონის ამბავი გაგიზიაროთ, ყოველ წელს რომ ჩამოდის ჯაზ-ფესტივალზე შვეიცარიიდან, რადგან მხოლოდ აქ უნდა მეგობრებთან ერთად დროის გატარება, არადა მსოფლიოს უდიდესი ჯაზ-ფესტივალი (Montreux) იქვე, ყურს ძირში მაქვსო... ან იქნებ იმ გოგონას ამბავი, ელ ჯეროს საოცნებო კონცერტზე, ელ ჯეროსვე გამოსახულებიანი მაისურით რომ აღმოჩნდა და შემსრულებლის მოწონებაც დაიმსახურა - ყველაზე მაგარი გოგო მეგონა მაშინ ჩემი თავიო! ჯაზის ისტორიაც გავარჩიეთ, განწყობის თეორიაზეც ვისაუბრეთ, დავასკვენით, რომ მსგავსი ღონისძიებები და თუნდაც ჯაზ-მატარებლის არსებობა უბრალოდ აუცილებელია კარგი განწყობის შესაქმნელად, თუ შესანარჩუნებლად; აქვე, პატარა სტატისტიკაც გამოირკვა: უმეტესობამ საყვარელ გამომსვლელად Snoop Dog დაასახელა, რომელსაც ორი წლის წინ დაუვიწყარი კონცერტი და “after party” მოუწყვია. 

ელენეს კი ამასობაში მოუსწრია და სამი ვაგონი მგზავრი გაუბრჭყვიალ-მოუხატავს ფერად-ფერადი საოცრებებით.  

ჯაზ-მატარებლს კიდევ ერთი განსაკუთრებული ასპექტი აქვს - საოცარი გამცილებლები ასეთივე საოცარი ისტორიებით! ბევრი ვიმასლაათეთ, წინა წლის ჯაზ-მატარებელიც გავიხსენეთ და ისიც განვიხილეთ, რა სიამტკბილობები მოყვებოდა მსგავსი ტრადიციების დანერგვას!

-ასეთი, თემატური რეისები ხშირად რომ მოეწყოს, ხალხიც ხომ უფრო მეტად გაერთობოდა, ტურისტებსაც მოვიზიდავდით და კომერციის თვალსაზრისით ხომ საერთოდ მიღწევა იქნებოდა!

 

მესამე წელია, რაც ჯაზ-მატარებელი გუგუნებს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი ჯაზ მოყვარულისთვის იქცევა ჯაზ-თავგადასავლის პროლოგად. მომავალ ზაფხულს კი სავარაუდოდ უფრო მეტი ვაგონის დამატება გახდება საჭირო.   

ურეკს რომ მივუახლოვდით, ცოტა გულიც დაგვწყდა, ასე უცბად რომ გავიდა დრო... “არადა რა კარგად გავხურდით” - მეუბნება გვერდზე მდგომი, სანამ ელენე და ალექსი ისევ ენერგიულ იმპროვიზაციებში აგვიყოლიებდნენ.

ბათუმი მზიანი დაგვხვდა... მოგვიანებით იყო, რომ მოიღრუბლა და გაგვაგრილა (ძალიან საჭირო წვიმით!) ჯეი ქეიზე გახურებულები. და სანამ ამ ამბის აღწერაზე გადავიდოდე, ელენესთან მოკლე ინტერვიუს ექსტრაქტით დავასრულებ ჯაზ-მატარებლის ისტორიას:

- საოცარი შეგრძნებაა, როცა ბოლომდე იხარჯები , გასცემ ენერგიას და სანაცვლოდაც იგივეს იღებ. მხოლოდ ახლა ვიაზრებ, თუ მართლა რა მაგარი განწყობა ტრიალებდა მატარებელში, და მგზავრებიც როგორი ფერადები იყვნენ!

-შენი დამსახურებაცაა მათი სიფერადე!

-სათითაოდ ყველასი! თვითონ რომ არ ყოფილიყვნენ ესეთი შემართული, ბრჭყვიალებით მორთვა და სიმღერები არ იქნებოდა საკმარისი. ერთადერთი ხმის სისტემის გამართვაზე ვნერვიულობდი, მაგრამ ამანაც კარგად იმუშავა და საბოლოო ჯამში, მშვენიერი ხმა მივიღეთ ოთხივე ვაგონში!

-შენ და ალექსს მშვენიერი ტანდემი გამოგივიდათ!

-მესამედ გვქონდა კოლაბორაცია, ყოველ ჯერზე უფრო საინტერესო და სახალისო გამოდის. ყველაფერი იმპროვიზირებულად შევასრულეთ, ამ მხრივ ძალიან კომფორტულია მასთან ერთად მუშაობა და ეს მეც დიდ ძალას მაძლევს. 

-იგრძნობოდა იმპროვიზაციაც - ყოველი გამოსვლა აბსოლუტურად შეხამებული იყო კონკრეტულ დროსთან, თუ ადგილთან...

-ყველგან, სადაც ვმღერი, იმპროვიზაციას დიდ ადგილს ვუთმობ, ამ დროს ბევრი აღმოჩენაც ხდება, სიახლეები იბადება. არასდროს მიმღერია ერთი სიმღერა ერთნაირად. 

-საიდან ამდენი სილაღე?

-უბრალოდ ძალიან მიყვარს ცხოვრება და სხვა რა უნდა გავცე, თუ არა დადებითი ენერგია! მჯერა, თუ კარგად მოექცევი ცხოვრებას, ისიც კარგად მოგექცევა! ამაში შედის საყვარელი საქმის კეთებაც, მე კი ჩემი საქმის მანიაკი ვარ!

-ჯაზ-ფესტივალზე რას იტყვი?

-ორგანიზატორები, ყოველ წელს, უფრო და უფრო აჭარბებენ მოლოდინს. ისეთი შემსრულებლები ჩამოჰყავთ, რომლებიც დიდი ფუფუნებაა. სამაგიეროდ, იხვეწება როგორც ადგილობრივი მსმენელი, ისე ადგილობრივი შემსრულებელიც. შესაბამისად, მივესალმები და მადლობელიც ვარ ასეთი შესაძლებლობებისთვის. გამიხარდება, თუ ჩვენი მუსიკოსებიც უფრო ხშირად დაფიქსირდებიან მსგავს ფესტივალებზე. ვფიქრობ, ასეც იქნება!

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი