კულტურა

თებერვლის გამოფენების გიდი

Hammock Magazine და TBC Status წარმოგიდგენთ თბილისში არსებული გალერეების, მუზეუმებისა და ალტერნატიული საგამოფენო სივრცეების გიდს.

თებერვალი 23, 2019

Hello Blog

Hammock Magazine და TBC Status წარმოგიდგენთ თბილისში არსებული გალერეების, მუზეუმებისა და ალტერნატიული საგამოფენო სივრცეების გიდს.

დამთვალიერებელს შეუძლია მოინახულოს ახალ თუ ყველასთვის კარგად ნაცნობ სივრცეებში წარმოდგენილი საინტერესო ექსპოზიციები, გაეცნოს ერთმანეთისგან განსხვავებულ კონტექსტებსა და ხელოვანებს.

“თბილისი მაგნუმ ფოტოს წიგნებში” – თიბისი გალერეა

15 თებერვალს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში გამოფენა – „თბილისი მაგნუმ ფოტოს წიგნებში“ გაიხსნა, რასაც წიგნის – Martin Parr Tbilisi-ის პრეზენტაცია მოჰყვა.

პროექტის დირექტორი ეკა ენუქიძეა, ხოლო კურატორი ნინა ახვლედიანი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია „მაგნუმ ფოტოს“ წევრი ფოტოგრაფების: რობერტ კაპას, ანრი კარტიე-ბრესონის, კარლ დე კაიზერის, გიორგი პინხასოვის, ინგ მორატის, იონას ბენდიკსენის, პაოლო პელეგრინის, ტომას დვორჟაკის და მარტინ პარის მიერ თბილისში გადაღებული 35-მდე ფოტო.

წიგნი Martin Parr Tbilisi მარტინ პარის თბილისში მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს და აკა მორჩილაძის ტექსტს აერთიანებს.

გამოფენის ნახვა 27 თებერვლამდეა შესაძლებელი.

მისამართი: თიბისი გალერეა, მარჯანიშვილის 7

კომუნალურები – გალერეა საწყობი

ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესი პირდაპირ კავშირშია გარემოსთან, მისი რესურსების შესწავლასა და მასთან ურთიერთობის ფორმებთან. საგამოფენო პროექტი “კომუნალურები” სწორედ ამ ურთიერთქმედების რეფლექსიის და გამოხატვის მცდელობაა. ბუნებრივი რესურსების მონეტარული თარგმნა, საგადასახადო პოლიტიკა, გარემოს უსაფრთხოება… და სხვა მნიშვნელოვანი შრეებით გამოფენა გარემოსთან შესაძლო შემოქმედებითი თანამშრომლობის ფორმებს გამოავლენს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ალექსი სოსელიას, გალაქტიონ ერისთავის, გელა კუპრაშვილის, გვანცა ჯიშკარიანის, თამარ გურგენიძის, ნუცა ესებუას, ბარა გალოვას, არიალის, ნაილი ვახანიას, ვატო წერეთლისა და კოკა ვაშაკიძის ნამუშევრები.

გამოფენის ნახვა 5 აპრილამდე შეგიძლიათ.

მისამართი: თბილისი, თაბუკაშვილის 35

“მდგომარეობებს შორის”

გამოფენა გრძელდება 8 მარტამდე

კლუბი “ხიდი”

კლუბ “ხიდის” ფარგლებში არსებულ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მულტიდისციპლინარული საგამოფენო პროექტი – “მდგომარეობებს შორის” მიმდინარეობს, რომელიც 7 დეკემბერს გაიხსნა, მაგრამ მისი ნახვა კვლავ შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისათვის ყოველ სამშაბათს, 15:00-დან 20:00 საათამდე და ასევე კლუბ KHIDI-ის ღონისძიებების პარალელურად, პარასკევს და შაბათს (მხოლოდ ღონისძიებების დამსწრე აუდიტორიისთვის) და თან წინასწარი შეთანხმებით.

გამოფენა ცდილობს, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა არის ის მდგომარეობები, რომლებშიც ვარსებობთ, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედიახელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს ის მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ კონტექსტთან?

გამოფენაზე, რომლის კურატორებიც გიორგი სპანდერაშვილი, ვატო ურუშაძე და ხატია ჭოხონელიძე არიან, წარმოდგენილი იქნება შემდეგი ავტორების ნამუშევრები: გიო სუმბაძის, გიორგი მაღრაძის, დეთუ ჯინჭარაძის და მარიამ ნატროშვილის, ვასილ მაჭარაძის და კოკა ვაშაკიძის, ვატო წერეთლის, სანდრო ასათიანის და ზურა ჯიშკარიანის, თამარ გურგენიძის, თორნიკე ქარჩხაძის, ჯასპერ ფუნგის, ლადო ლომიტაშვილის, ლადო ონიანის, მამუკა ჯაფარიძის, მანუჩარ ოქროსცვარიძის, ნიკა მაჩაიძის, ნიკოლოზ კაპანაძის, სანდრო სულაბერიძის, ტილდა ჯორჯის, InChina Collective: გოჩა ჟღენტის, ივეტა ჩხიკვაძის, ილია მახარაძის და მართა თაბუკაშვილის, ალექსი სოსელიას და გიორგი მელაძის, ზურა ცოფურაშვილის და ლუკა აქიმიძის, რამაზ ბაბლუანის, გვანცა ბერძენიძის, ბარა გალოს, ელენე გაბრიჩიძის, დიმა დადიანის, სკოტ მაკოლაკის.

“ნება მომეცით დაგიკავშირდეთ” – პატარა გალერეა

პატარა გალერეა წარმოადგენს ბარბორა გალოს გამოფენას სახელწოდებით “ნება მომეცით დაგიკავშირდეთ”

(სქემატური ნამუშევარი, რომელიც აჩვენებს კავშირს გამოუსადეგარი ნივთების განლაგებაში.)

“მე გავაკეთე საკურთხეველი ნივთებისგან, რომელთაც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილად მივიჩნევ. ეს შეპყრობილობას ჰგავს: შეიძლება ვებრძვი რაღაც სახის ფეტიშიზმს, ან ვცდილობ დავივიწყო ჩემი წარსული და მოვიშორო უსარგებლო ნივთები. ობიექტები წარმოდგენილია მათი რეალური ფორმით, ან სიმბოლური შემცვლელებით და მათ გარკვეული წყობა აქვთ. ისინი განლაგებულია თხრობის გათვალისწინებით, რომელიც სქემატურ დიაგრამას ქმნის, დიაგრამა კი ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს.” / ბარბორა გალო

ბარბორას ხელოვნება ძირითადად ნახატებს, ხმოვან ხელოვნებასა და რადიო ხელოვნებას მოიცავს.

ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.

გამოფენის ნახვა შეგიძლიათ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში,15 მარტამდე.

მისამართი: ვარდების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი

ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენა – ეროვნული მუზეუმი

2019 წლის 23 იანვარს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენა.

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფართო საზოგადოებისათვის პირველად წარმოდგენილია ავტორის 60-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან.

ფელიქს ვარლამიშვილი (ვარლა) მე-20 საუკუნის ოციან წლებში საფრანგეთში ემიგრირებული ქართველი მხატვარია. დაიბადა ქუთაისში 1903 წელს, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1928 წელს კი გაემგზავრა საფრანგეთში. მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა იმ პერიოდისათვის ცნობილ გამოფენებსა და სალონებში როგორც საფრანგეთში, ასევე სხვა ქვეყნებში (არგენტინა, ბელგია, იაპონია, აშშ, ირანი). ვარლა გარდაიცვალა 1986 წელს პარიზში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

ვარლას შემოქმედება საინტერესოა დღევანდელი საქართველოსთვის, როგორც ქართულ ტრადიციაზე აღმოცენებული ევროპული კულტურული ფენომენი. სამწუხაროდ, მისი სახელი წლების მანძილზე საქართველოში მხოლოდ ხელოვანთა ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი. დღეს მხატვრის შემოქმედება აქტუალური ხდება. მის ნამუშევრებს უფრო და უფრო მეტი კოლექციონერი იძენს სხვადასხვა აუქციონზე.

გამოფენის გახსნაზე გაიმართა ფელიქს ვარლამიშვილის პირველი ალბომის პრეზენტაცია.

გამოფენის ნახვა შეგიძლიათ 24 თებერვლამდე.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ.11

The Velvet Sun – ტატო ახალკაციშვილი

გალერეა ერთმა 15 თებერვლას ტატო ახალკაციშვილის რიგით მეორე პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა სახელწოდებით “ ხავერდის მზე” . გამოფენის კურატორი დომენიკო დე კირიკოა. წარმოდგენილი ნამუშევრებს შორის მნიშველოვანია 11 წუთიანი ვიდეონამუშევარი, რომელიც მსხვერლპშეწირვის თემას უკავშირდება.

“ მაინტერესესებს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობები, როდესაც სხვადასხვა მოვლენებისა და გარემოებების გამო ადამიანი მსხველპშეწირვას აკეთებს, საკუთარი პროფესიის, მისწრაფების თუ ოცნებების ხარჯზე”

“ რაც შეეხება ფერწერულ ტილოებს, ეს არის ერთვარი მცდელობა მედიტაციისა და ქაოსის ერთ სიბტყეზე განთავსების, რაც თავისთავად ბუნებაში არ არსებობს და უტოპიირი მომეტია”

გამოფენის ნახვა შეგიძლიათ 9 აპრილის ჩათვლით.

მისამართი : ინგოროყვას ქუჩა ნომერი 19

სიტარა აბუზარ ღაზნავი და სერ სერპასი – Stars are blind LC Queisser

LC Queisser-ში ორი ახალგაზრდა ხელოვანის ქალის – სიტარა აბუზარ ღაზვანის და სერ სერპასის გამოფენა გაიხსნა.

სიტარა აბუზარ ღაზნავი ციურიხში მცხოვრები არტისტია. ესთეტიკის, რეწვისა და ფოლკლორის ცნებების, სოციალური მედიის მეშვეობით გაზიარებული ცოდნისა და თვითკმარი დიასპორების ეკონომიკური საქმიანობების კვლევის გზით, ღაზნავი გამუდმებით კითხვის ქვეშ აყენებს ძალაუფლების არსებულ სტრუქტურებს, საკუთარ გარემოსა და თანამედროვე ხელოვნებაში ასახულ ნარატივებს.

სერ სერპასი არტისტი, პოეტი და აქტივისტია. მან მოიპოვა ვიზუალური ხელოვნების ბაკალავრის წოდება კოლუმბიის უნივერსიტეტში (2017 წელს). ცხოვრობს და მუშაობს როგორც ნიუ-იორკში, ასევე ლოს-ანჯელესში. მისი ნამუშევრები დაკავშირებულია კონკრეტული ადგილის კონტექსტთან. იგი ხშირად იყენებს მზა და ნაპოვნ ობიექტებს.

მისამართი: წინამძღვრიშვილის 49

“გადაულახავი სივრცეების პირისპირ” – [აუდიო ვიზუალური ინსტალაცია სამ სივრცეში] – Project ArtBeat-ის მიერ ინიცირებულ გამოფენა Moma Tbilisi

ავტორისაგან

“სამი წლის წინ ჩემი სოლო პროექტით – “სიცოცხლის ფორმები 2 – გადახრები” – ხშირი საჯარო წარდგენები დავასრულე. დიახ, უნდა ვაღიარო, რომ მიყვარს ყველაფერში საკმაოდ ღრმად ჩახედვა, ისე რომ ყოველ ჯერზე დანის პირზე მიწევს გავლა, მაგრამ ზემოთ ხსენებული შედეგი გამოწვეული იყო შემაძრწუნებელი რეალური ფაქტითა და სხვისი ქმედებით აღძრული უნებლიე აზრებით, რომლებსაც ჩემი ოპტიმისტური ბუნება არ ეთანხმება. დიახ, სუიციდი ანტიმატერიაა, პარადოქსია ბევრი ფილოსოფოსისა და მეცნიერისთვის, ვისაც კი ოდესმე უცდია გამოეკვლია ამ არაკონფიგურირებადი, აბსურდული საკითხისთვის რაიმე გამართლების მცდელობები. შედეგად, ემოციურად სრულიად გამოვიფიტე და დროებით უარი ვთქვი გამოფენებზე. სულ მცირე, იმით მაინც ვიყავი კმაყოფილი, რომ ეს მძიმე პროექტი დამთავრდა. ამრიგად, რაიმე განსაკუთრებული გეგმის გარეშე, პირად ცხოვრებაში ჩავიძირე და დანარჩენ დროს მხოლოდ სტუდიაში ვატარებდი. სხვადასხვა სამეცნიერო თეორიებისა და ფაქტების კითხვამ უამრავი შეკითხვა და უთვალავი შესაძლო ვარაუდი აღმიძრა, რომლებიც არამხოლოდ ირიბ ხელოვნურ ტრანსფორმაციებად ღირდა. სრულიად გაუცნობიერებლად ახალი პროექტის შემუშავება დავიწყე, რასაც საკმაოდ დიდი დრო დავუთმე.“

გამოფენის ნახვა შეგიძლიათ 28 თებერვლამდე.

მისამართი: რუსთაველის გამზირი 27

გვანცა ჯიშკარიანი, თამო ჯუღელი Project ArtBeat

Project ArtBeat წარმოადგენს ორი ახალგაზრდა ხელოვანი ქალის – გვანცა ჯიშკარიანისა და თამო ჯუღელის სოლო შოუს.

Who will record history? ვინ ჩაიწერს ისტორიას?

ჯიშკარიანის ხელოვნება შთაგონებულია შემთხვევითობებითა და ინტუიციით. თითოეულ ნამუშევარზე მუშაობას ის, მართალია, გარკვეული ჩანაფიქრით და იდეით იწყებს, მაგრამ უმეტესად არ აქვს წინასწარ მომზადებული ესკიზები. მას აინტერესებს, თუ როგორ ახდენს გავლენას ტრადიციები, თანამედროვე ცრურწმენები და კიჩური სახეები ყოველდღიურ ცხოვრებაზე; თუ როგორ იქმნება ემოციები, მოგონებები, შეხედულებები, პიროვნული თვისებები და საგნის სენტიმენტალური ღირებულება.

“You know what?! I don’t have a good feeling about cakes around here”. (Carolin Eidner)

თამო ჯუღელი გახლავთ ახალგაზრდა, თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც ხატვა მხოლოდ ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართულ ხელოვნებაში კომეტასავით შემოიჭრა. არტ ვილა გარიყულას რეზიდენციაში გამართული მისი პირველი გამოფენიდან მალევე მოიპოვა აღიარება და მხარდაჭერა საქართველოში და არა მხოლოდ. კრიტიკისადმი თამოს გახსნილობამ და პროფესიული მენტორების ძიებამ მას საერთაშორისოდ ცნობილი ქართველი მხატვრის, გია ეძგვერაძის აღიარება და მხარდაჭერა მოუტანა. მას შემდეგ, რაც გია ეძგვერაძემ ჯუღელის ნამუშევრები ნახა, გადაწყვიტა მენტორობა გაეწია ახალგაზრდა მხატვრისთვის, რაც მას დიდ მოტივაციას აძლევს.

გამოფენის ნახვა შესაძლებელია 7 აპრილის ჩათვლით.

მისამართი: პავლე ინგოროყვას 14

ვახტანგ ქოქიაშვილის Second Order გალერეა Window Project

მიმდინარე ექსპოზიცია ქართველი მხატვრის, ვახტანგ ქოქიაშვილის სამ მიმართულებას აერთიანებს: მითოსი, რელიგია და ეთნოგრაფიული პოპი. პირველი არაცნობიერის სარკეა, მეორე რელიგიურ თემებს კიჩურ ფორმებში ამჟღავნებს, რაც შეეხება ეთნოგრაფიულ პოპს, ის თანამედროვე სამყაროში ჩვენი სავიზიტო ბარათია, რომელიც ჩვენს წარსულ და აწმყო გამოცდილებებს უახლეს ენაზე თარგმნის.

გამოფენა SECOND ORDER მხატვრის განვითარების ეტაპებს ასახავს, რომლის განმავლობაში მითოსური ფორმები წარმოებისა და დიზაინის ეფექტებით იცვლებიან. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ამ გარდატეხის ამსახველი ცალკეული აქცენტები, მოტივები და სოციალური ტრანსფორმაციები, რომლებიც კულტურულ მეხსიერებას ახალი საკომუნიკაციო ფორმებით, მოდელებითა და პატერნებით წარმოადგენენ.

გამოფენის ნახვა შეგიძლიათ 28 თებერვლამდე.

მისამართი: ტატიშვილის 7

ავტორი: Hammock