კულტურა

ზუბალაშვილების არქივი საქართველოშია

ეს ამბავი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან წელიწადნახევარში მოხდა: ფრანგული ჟურნალის, L’image-ის 1919 წლის ოქტომბრის ნომერი საქართველოს მიუძღვნეს. ჟურნალის შავ-თეთრ ყდაზე უშბისა და ანანური ეკლესიის ხედები ჩანს, სარჩევი კი იუწყება, რომ ამ ნომრის მკითხველი ევროპისთვის ჯერაც უცნობსა და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მიუწვდომელ საქართველოს, მის უნიკალურ ენას, ლიტერატურას, კლიმატსა და საზღვაო კარიბჭე ბათუმს გაიცნობს. 

აგვისტო 09, 2018

Hello Blog

ეს ამბავი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან წელიწადნახევარში მოხდა: ფრანგული ჟურნალის, L’image-ის 1919 წლის ოქტომბრის ნომერი საქართველოს მიუძღვნეს. ჟურნალის შავ-თეთრ ყდაზე უშბისა და ანანური ეკლესიის ხედები ჩანს, სარჩევი კი იუწყება, რომ ამ ნომრის მკითხველი ევროპისთვის ჯერაც უცნობსა და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მიუწვდომელ საქართველოს, მის უნიკალურ ენას, ლიტერატურას, კლიმატსა და საზღვაო კარიბჭე ბათუმს გაიცნობს. 

გავიდა ასი წელიწადი და ჟურნალი თავადვე ესტუმრა ქვეყანას, რომელზეც ოდესღაც წერდა - L’image-ის ეს ნომერი ერთ-ერთია იმ მრავალ ექსპონატს შორის, რომლებიც ცნობილი მრეწველებისა და ქველმოქმედების, ძმებ ზუბალაშვილების უნიკალურ არქივში საუკუნის განმავლობაში იყო დაცული, ახლა კი, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს კუთვნილება გახდა. 

საქართველოში დაბრუნებული არქივი ისევე ვრცელია, როგორც თავად ზუბალაშვილების მიერ სამშობლოსთვის გაწეული ქველმოქმედება. როგორც ირკვევა, ძმებმა ქვეყანას არა მხოლოდ მატერიალური და არქიტექტურული სიმდიდრე, არამედ ინტელექტუალური მემკვიდრეობაც დაუტოვეს.

მთლიანი მასალა ზუბალაშვილების შთამომავალთა საკუთრებაში 114 წლის განმავლობაში რჩებოდა, მანამდე კი წიგნიდან წიგნამდე, ფოტოდან ფოტომდე, წერილიდან წერილამდე გროვდებოდა და იზრდებოდა. ეს საარქივო კოლექცია ზუბალაშვილების ოჯახს საკუთარი კალთიდან არასდროს მოუშორებია, მაშინაც, როდესაც ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდნენ, კვეთდნენ საფრანგეთისა თუ შვეიცარიის საზღვრებს და მაშინაც, როდესაც რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი ისტორიული სამშობლოს ნახვის იმედი ეწურებოდათ.

არქივი უხვი და ჟანრულად მრავალფეროვანია. მოიცავს, როგორც წიგნებსა და ფოტოალბომებს, ისე თავად ზუბალაშვილების გვარის ისტორიას, პირად ნივთებს, ბიოგრაფიებსა და გაწეული თუ დაგეგმილი ქველმოქმედების დეტალებს. ეროვნული მუზეუმისთვის უსათუოდ დიდი შენაძენია ცნობილი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრების რამდენიმე კრებული, რომლებიც თბილისის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და მთელი კავკასიის ბუნებისა და ადამიანების ყოფას ასახავს: ლანდშაფტები, მთარგრეხილები, ცხენებშებმული ეტლები, თავადიშვილებისა და გლეხების პორტრეტები. აქვეა ფოტომასალა, რომელიც თბილსის სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის ისტორიული შენობის მშენებლობას აღწერს, რაც უნივერსიტეტისთვის, რომელიც წელს დაარსებიდან ასი წლის იუბილეს აღნიშნავს, განსაკუთრებული საჩუქარი იქნება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის - ზუბალაშვილების ნაანდერძევი არქივი იმასაც შეგვახსენებს, თუ რამდენის გაკეთება შეძლო ამ ერთმა ოჯახმა მთელი ქვეყნისთვის. მათ შორისაა, მიმოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, გაზეთ „ივერიისა“ და ჟურნალ „ჯეჯილისთვის“ გაწეული ფინანსური დახმარების თაობაზე. აქვე შეხვდებით განათლების მისაღებად გაცემული სტიპენდიების სიასაც. სწორედ აქედან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჯანელიძე, სარგის კაკაბაძე, შალვა ამირეჯიბი, გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და უამრავი სხვა საკუთარ განათლებას სწორედ ძმებ ზუბალაშვილებს უნდა უმადლოდნენ.

არქივის მოცულობისა და სიძველის გათვალისწინებით, მისი საქართველოში ჩამოტანის პროცესიც ხანგრძლივი იყო. როგორც პროექტის ავტორი, ეკა ენუქიძე იხსენებს, ყველაფერი რამდენიმე წლის წინ, პარიზში, პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილის გაცნობიდან დაიწყო, რომელმაც სურვილი გამოთქვა, მის ოჯახში დაცული არქივი სამშობლოსთვის ეჩუქებინა. არქივი საქართველოში თიბისის ხელშეწყობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ავიახაზების თანამონაწილეობით ჩამოვიდა. ამჟამად მთლიან მასალას სპეციალისტები შეისწავლიან, რათა შემდგომში მისი რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესი დაიწყონ. უკვე დაგეგმილია არქივის საზოგადოებისთვის წარდგენის დროც - გამოფენა სექტემბერში, ეროვნულ მუზეუმში გაიმართება, რომელსაც სპეციალურად მოწვეული ზუბალაშვილების შთამომავლებიც დაესწრებიან.

ძმებ ზუბალაშვილების შესახებ საქართველოში ყველას სმენია, იციან მათი საგვარეულოსთვის ტრადიციად ქცეულ ქველმოქმედებაზეც, ამიტომ ეს გვარი დღემდე იწვევს ინტერესს. თავად გვარს ოთხსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ქართულ ისტორიულ საბუთებში მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოდან გვხვდება. გვარის წარმომადგენელთა უმრავლესობა ამავე წყაროებში მოხსენიებულია, როგორც ვაჭრები, ხელოსნები და კულტურის დიდი მოამაგეები. ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსის მეფობისას მოღვაწე მღვდელი გიორგი ზუბალაშვილი, ცნობილი მწიგნობარი და პირველი ქართული სტამბის დაარსების მონაწილე ყოფილა, შემდგომში კი მეფეს რუსეთში გადასახლებაშიც გაჰყოლია. ამგვარად, გამოჩენილი წინაპრის აჩრდილი მის შთამომავლებს მუდამ თან სდევდა და, სარფიანი გარიგებების გარდა, სამშობლოს დახმარებისკენაც უბიძგებდა.

ზუბალაშვილების, როგორც საქმიანი გვარის ისტორია, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ვაჭრისა და მრეწველის, იაკობ ზუბალაშვილისგან იწყება. უკვე ოცდაათიან წლებში მან დიდძალი ქონების დაგროვება შეძლო, 1837 წელს კი პირველი ქართული სავაჭრო ამხანაგობა ჩამოაყალიბა. 1838 წელს, თბილისში, სწორედ ამ ამხანაგობის მთავრობისადმი თხოვნის საფუძველზე გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა, რომლის პროდუქციასაც „ქართული შაქარი“ ეწოდებოდა, საწარმო კი უამრავ ადამიანს ასაქმებდა. მართალია, მას დიდხანს არ უარსებია, თუმცა თავად იაკობ ზუბალაშვილისა და ამხანაგობის საქმე სულ უფრო წინ მიდიოდა: მალე იმერეთში პირველი არყის ქარხანა გახსნა, 1842 წელს კი თბილისში ქარვასლა ააგო, რომელიც სავაჭროებს, საწყობებს, ღვინის სარდაფებსა და სასტუმროს აერთიანებდა.

მეცხრამტე საუკუნის მეორე ნახევარში ზუბალაშვილების გვარის სახელი იაკობის ვაჟმა, კონსტანტინემ გააგრძელა, რომელმაც სამხედრო სამსახურს ჯანმრთელობის გამო თავი ანება და ხელი, მამის მგავსად, წარმოებას მიჰყო. პირველ ქველმოქმედ ზუბალაშვილად, შეიძლება, სწორედ ის დავასახელოთ - კონსტანტინე ზუბალაშვილი ფინანსურ დახმარებას უწევდა კათოლიკურ და ქართულ სკოლებსა და გაზეთებს.

სწორედ მისი ვაჟიშვილები იყვნენ ყველაზე ცნობილი ზუბალაშვილები, ძმები სტეფანე, პეტრე და იაკობი, რომელთა სახელებსაც უკავშირდება თბილისის ყველაზე ცნობილი შენობების ისტორია: თბილისის მომავალი სახელმწიფო უნივერსიტეტის, „სახალხო სახლისა“ და ბიბლიოთეკა-სამკითხველოს, სადაც ამჟამად მარჯანიშვილის თეატრია განთავსებული, თბილისის მუსიკალური სკოლის (ამჟამად ნიჭიერ ბავშვთა სამუსიკო გიმნაზია), უპოვართა სახლისა მოხუცთათვის (ახლანდელი ბავშვთა პირველი მუნიციპალური საავადმყოფო) და უამრავი სხვა. რწმენით კათოლიკე ძმების შემწეობით აშენდა არაერთი კათოლიკური ეკლესია და გაიხსნა ქართული სკოლები.

ასევე უდიდესია მათი წვლილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინაშე, რაზეც 1905 წლის 5 აპრილით დათარიღებული, სტეფანე ზუბალაშვილის მიერ ბაქოდან გამოზგავნილი წერილიც მოწმობს: „ჩვენი საზოგადოების 25 წლის ფრიად თვალსაჩინო და განუწყვეტლის შრომის აღსაბეჭდად, მე განვიზრახე შეძლებისდაგვარად დავეხმარო საზოგადოებას. ამასთანავე, გიგზავნით 10 000 მანეთს და გთხოვთ, მიიღოთ ეს წვლილი ჩემგან, როგორც ერთის გულშემატკივარის ქართველისგან. სტეფანე ზუბალაშვილი“.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის - ლუვრის დიდებული მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზის კედელზე განთავსებულ მარმარილოს დაფაზე ამოტვიფრულია ექსპოზიციის შემომწირველთა სახელები, რომელთა შორის იაკობ ზუბალაშვილსაც ამოიკითხავთ. მადლიერმა სამშობლომ კი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას, სადაც, ოდესღაც, ძმების დაფინანსებით, უპოვართა სახლი და უფასო სასადილო აიგო, მათი სახელი - ძმებ ზუბალაშვილების ქუჩა უწოდა.

ავტორი: ია ვეკუა

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი