მუსიკა | ცა

4 საუკეთესო ადგილი "ეზოს ფესტივალზე"

„მზესუმზირის“ წლევანდელი „ეზოს“ ტერიტორია შარშანდელზე მცირე იყო. რამდენად მცირე, არ ვიცი, არ გამიზომავს, მაგრამ საკმაოდ. პირველ ჯერზე არ დამჩნევია - ხალხი კი ბლომად იყო, მაგრამ ეტეოდნენ. პირველის წარმატებამ კი მერე სხვებსაც მოანდომა ნახვა - რა არის ასეთი ეს ეზო, ყველა რომ მაგაზე ლაპარაკობსო.

ივლისი 29, 2018

Hello Blog

„მზესუმზირის“ წლევანდელი „ეზოს“ ტერიტორია შარშანდელზე მცირე იყო. რამდენად მცირე, არ ვიცი, არ გამიზომავს, მაგრამ საკმაოდ. პირველ ჯერზე არ დამჩნევია - ხალხი კი ბლომად იყო, მაგრამ ეტეოდნენ. პირველის წარმატებამ კი მერე სხვებსაც მოანდომა ნახვა - რა არის ასეთი ეს ეზო, ყველა რომ მაგაზე ლაპარაკობსო.

ამიტომ, მთაწმინდის პარკის თავში ტერიტორიაზე საღამოდან ტევა აღარ იყო. ეს, რა თქმა უნდა, ფესტივალის ორგანიზატორებისთვისაც კარგია და, ზოგადად, ქართული კლუბური სცენისთვისაც, მაგრამ „შინაურული“, „ოჯახური“ გარემო აღარ გამოვიდა.

რა გინდა ქნა, თან პოპულარობა და თან „ძაან ჩემები“ ერთად არ გამოდის.

თუმცა, მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, ფესტივალზე მაინც ბლომად სხვადასხვა ადგილია, რომელიც შეგიძლია აითვისო და გაითავისო. ახლა გეტყვით, ჩემი აზრით საუკეთესო ოთხ ადგილს. კომენტარებში თქვენები მიაწერეთ.

4. შესასვლელთან საბირჟაო სივრცე

„ეზოს“ შესასვლელთან, უზარმაზარი რიგის გავლის შემდეგ ერთგვარ „მისაღებ ოთახში“ აღმოჩნდები. ადრე თუ გვიან ყველა იქ იყრის ხოლმე თავს.

გარშემო რამდენიმე რამდენიმე საჭმელი დაწესებულებაა, სივრცეც შედარებით მეტია - შეგიძლია იდგე, ან ჩამოჯდე, ან - როგორც გინდა.

ლუდიც იქვეა და საჭმელიც. თუ ცეკვა გინდა, მაგრამ ძირითადი სცენისკენ გზა გეშორება (2 წუთია ფეხით, მაგრამ მაინც), პატარა სცენაც გვერდზეა და მანდ შეგიძლია ხელ-ფეხის გაქნევა.

3. გადმოსახედი

შედარებით „მოტეხილი“ ადგილია, მაგრამ ადვილად საპოვნელი. ან „ლავკის“ გვერდზე უნდა ახვიდე ტალახიან ბილიკზე, ან, ცოტა მოშორებით, სცენისკენ გზიდან გადაუხვიო სხვა ბილიკზე, რომელიც, ერთი შეხედვით არსად მიდის, მაგრამ ორ წუთში აგიყვანს ერთგვარ პლატფორმაზე, საიდანაც მთელი თბილისი ჩანს. რა ლამაზია, ეს ოხერი - როცა ღამეა და ქალაქის იარები არ ჩანს.

მოგინდება, როგორც 60-70-იანების ქართულ ვიდეოებშია, ღიღინით დაეშვა მთაწმინდაზე. ხომ იცით, თეთრპერანგშეხსნილი ბიჭები გიტარის თანხმელით რომ დაღმართს მოუყვებიან და სამშობლოს უგალობებენ.თუმცა, ცხადია, რეალურად მაგის გამკეთებელი არავინ ვართ - აღარაა ის დრო. მაგრამ, შეგიძლია იდგე, ქალაქს უყურო და მაგაზე იფიქრო.

ან დაჯდე (ცოტა ტალახია, მაგრამ არა უშავს), და ისე გადმოხედო. კომფორტული ადგილია - თუ მოგინდება მარტო იქნები, თუ არადა გვერდზე ვინმეს გასცემ ხმას.

2. ბილიკის პირას

შესასვლელიდან სცენისკენ ვიწრო ბილიკი მიიკლაკნება, სადაც განუწყვეტელი ნაკადით, ორივე მიმართულებით, მოძრაობს ხალხი.

ზოგი მაღლა, სცენისკენ აივლის და დილამდე იქ დაიკარგება, ზოგი კი ხან ზევით აუყვება და ხან ქვემოთ ჩამოუყვება. მთლად გასაგები არაა, რა კაიფს იჭერს, მაგრამ ჰა! - სიამოვნებთ და რა გინდა უთხრა.

მაგ ბილიკის პირას რამდენიმე ხის ჩამოსაჯდომია, სადაც შეგიძლია მთელი ღამე გაატარო და არ მოგბეზრდეს.

თან, იქვე ჰამაკებიცაა. მართალია, ჰამაკში წამოწოლას გამართლება, გამბედაობა და მოთმინება სჭირდება (სულ რამდენიმეა და მუდამ დაკავებული), მაგრამ, აბა ისე როგორ გინდა? თან, ჩვენში დარჩეს და, ჰამაკი გარედან უფრო კარგი ჩანს. რომ ჩაწვები, მალევე ადგომა გინდება.

 

1. ძირითადი სცენის წინ- ჭყლეტვაში

მოტეხილი ადგილები კარგია, მაგრამ მთავარი მაინც სცენააა.

მანდაა ეზოს მფეთავი გული. მანდ იქმნება განწყობა და მერე ნელ-ნელა, ბილიკების კაპილარებით მიეწოდება ფესტივალის მთელს სხეულს.

თუ მუსიკა კარგია (და როგორც წესი ეგრეა), აურაც ნელა, მაგრამ აუცილებლად მსჭვალავს მთელს ტერიტორიას.

თუ დიჯეიმ ვერ ივაჟკაცა (ასეც ხდება ხოლმე) - ესეც მერე ყველაფერზე აისახება - ოღონდ უფრო ნელა. ბოლოს და ბოლოს, თუ მეგობრებთან ერთად ჰამაკში ხარ ჩამხობილი და ჭორაობ, დიჯეის ვერვაჟკაცობა ვერაფერს დაგაკლებს.

 

ეს ჩემი ოთხი. თქვენიც მიაწერეთ - იქნებ ტუალეტების წინ დგომა გისწორდება? ან გადმოსახედთან ასავლელ ბილიკზე? ან ვიდეოთამაშებთან? ან, რიგში? ან კიდევ სადმე?

  

არ დაგვიმალო!

ფოტო: თორნიკე შენგელია

ავტორი: ნიკო ნერგაძე