კულტურა

გამოხმაურება ვენეციის ბიენალეს ქართულ პავილიონზე

ხანგრძლივი და ინტენსიური სამუშაო პროცესის შედეგად, 10 მაისს, ვენეციის 57-ე საერთაშორიოს ბიენალეს ფარგლებში, საქართველოს ეროვნული პავილიონი ვაჟიკო ჩაჩხიანის პროექტით "ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" გაიხსნა.

ივნისი 08, 2017

Hello Blog

ხანგრძლივი და ინტენსიური სამუშაო პროცესის შედეგად, 10 მაისს, ვენეციის 57-ე საერთაშორიოს ბიენალეს ფარგლებში, საქართველოს ეროვნული პავილიონი ვაჟიკო ჩაჩხიანის პროექტით "ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში" გაიხსნა.

პროექტი გერმანელი კურატორის იულიან ჰეინმენის დახმარებითა და კოორდინაციით, კულტურის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით შედგა.

ვაჟიკო ჩაჩხიანის პროექტი მოწვეული კომისიის მიერ 20-მდე სხვა საინტერესო პროექტიდან შეირჩა. კომისიაში იყვნენ: კურატორი და მწერალი ჩარლზ მერივეზერი, "პინჩუკისა" და "იარატის" სამხატვრო და სტრატეგიული დირექტორი და კურატორი ბიორნ გენდოლფი, თბილისის ისტორის მუზუემის კურატორი, ლიკა მამცაშვილი, ხელოვანი კოკა რამიშვილი და ხელოვანი და კულტურის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი.

კომისიის წერვებმა ყველა შემოსული პროექტი ელექტორნულ ფორმატში მიიღეს და ოთხი ძირითადი კრიტერიუმით შეაფასეს: ნამუშევრის კონცეფცია, ექსპოზიცია, სამუშაო გუნდის გამოცდილება და პროექტზე დართული ბიუჯეტი. შეფასებული პროექტების ქულათა ჯამმა ვაჟიკო ჩაჩახიანის პროექტი გამოავლინა გამარჯვებულად.

ვაჟიკოს ინსტალაცია წარმოადგენს ძველ ავთენტურ სახლს, რომელიც ავტორმა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში აღმოაჩინა. სახლის ინტერიერი რეალური ინტერიერის მსგავსად არის მოწყობილი: საყოფაცხოვრებო ნივთები, პირობითი მაცხოვრებლის ფოტოსურათი და სხვა. გარემო ტოვებს შეგრძნებას, თითქოს სახლის პატრონი ახლახან გავიდა და კარი ბოქლომით ჩაკეტა. ერთი, რაც ამ სახლს ჩვეულებრივი სახლისაგან განასხვავებს, ინტერიერში მუდმივი წვიმაა.

ხელოვანის კონცეფციის მიხედვით, სახლი ალეგორიული და პოეტური სიმბოლოა, რომელიც ექსტერიერით გარემოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს, ხოლო ინტერიერით ადამიანის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ნამუშევრის ბიბლიური სახელიც.

ზოგადად პოსტმოდერნისტულ სამყაროში ამგვარი "კონცეპტუალური რომანტიზმის" მიმართულებით მომუშავე ხელოვანების ერთგვარი მიმდინარეობაც შეიძლება გამოკვეთოს. ნოსტალგიისა და ამავდროულად, რადიკალიზმის მატარებელი სიუჟეტები კაბაკოვის ნამუშევრებსა და მის მიმდევრებშიც ხშირად გვხვდება.

ვაჟიკოს ნამუშვრები ზოგადად ლაკონურობითა და მინიმალისტურობით გამოირჩევა, თუმცა „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ საკმაოდ განსხვავებულია, მათ შორის სხვა ნამუშევრისგანაც, რაც წლევანდელ ბიენალეზე, "Viva Arte Viva" -ს ფარგლებში იყო წარმოდგენილი.

ბიენალეს კურატორის, კრისტინ მასელის მთავარი იდეა, არტისტის როლისა და მისი მნიშვნელობის ხაზგასმა იყო. მან ბიენალე ერთგვარ თემებად, პავილიონებად და ტრანსპავილიონებად (გარდამავალ პავილიონებად) დაჰყო. წიგნის თავების მსგავსად, თითოეული პავილიონი სხვადასხვა თემას ასახავს, მაგალითად დედამიწის პავილიონი, ტრადიციის პავილიონი და სხვა. ზოგიერთი გამოფენა ხელოვანის სამყაროსა და დროში მოგზაურობას გვთავზობს. მთლიანი სურათი საკმაოდ ეკლეკტური და რთული აღსაქმელია, თუმცა ამავდროულად, საინტერესოც არის და მეტის აღმოჩენის სურვილს ბადებს.

რაც შეეხება ქართულ პავილიონს, დამთვალიერებელთა რაოდენობისა და ინტერესის გათვალისწინებით, ის საკმაოდ წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ. მხოლოდ ბიენალეს „დახურული გახნის“ ორიოდე დღეში ავტორმა რამოდენიმე წინადადება მიიღო გამოფენაზე სხვადასხვა წამყვანი კურატორისა და მუზუემისაგან.

საერთაშორისო პრესაც არ დარჩა გულგრილი ნამუშევრისადმი, ქართულ პავილიონს აუცილებლად სანახავ პავილიონს უწოდებენ.

გაზეთი "The Guardian"-ის ჟურნალისტი : “ვენეცია მხოლოდ წამიერი და ფრაგმენტული სანახაობის შანსს გაძლევს, იშვიათი რამ შეიძლება აღიბეჭდოს შენს მეხსიერებაში. ჩემთვის ეს არის ძველი ქართული ხის სახლი, რომელშიც წვიმს, ჩეხოვის ტრაგედია, დაკვირვება ფანჯრიდან“...

ხელოვნებისა და კულტურის ჟურნალი "Elephant" ქართულ პოეტურ კონტრიბუციას - ვაჟიკო ჩაჩხიანის "ცოცხალ ძაღლს მკვდარი ლომების გარემოცვაში" მოიხსენიებს, როგორც ცხოვრებისა და ამაოების სიმბოლოს.

ბრიტანული ონლაინ ჟურნალი "De Zeen" ქართულ პავილიონს 12 აუცილებლად სანახავ ნამუშევარს შორის დაასახელა, ხოლო "The Up Coming" გამომცემლობამ 10 საუკეთესო პავილიონის რიცხვში მოიხენია.

ავტორი:

ანა რიაბოშენკო, ვენეციის ბიენალეს ქართული პავილიონის კომისარი