სიჩუმე არ არსებობს

ჯორჯ ფოი მსოფლიოში ყველაზე ჩუმ ადგილს ეძებდა. ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი ჯერ ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ცისტერციანელების ორდენის მონასტერს ეწვია, შემდეგ, ცოტა ხანი სადღაც მიუსავლეთში მდებარე ინდიელების ქოხში დაჰყო და ბოლოს ორი კილომეტრის სიღრმის მაღაროში ჩავიდა.


მშვიდი ადგილები იყო. მაგრამ ჩუმი? არანაირად!

რამდენიმე წუთი უნდა ახალი გარემოს შეგუებას, შემდეგ კი ათასნაირი ბგერა გეტაკება - ქარი შრიალებს, წყალი წვეთავს... ბევრი ხმა არც კი იცი რა არის და საიდან მოდის - სადღაც შორს ბუნება მბრძანებლობს და შენამდე ექოები მოაქვს.


ბოლოს ჯორჯი „სიჩუმის მოყვარულთა გრაალს“ ეწვია. მინესოტას შტატში, ორფილდის ლაბორატორიაში მდებარე „სიჩუმის ოთახი“ მაშინ დედამიწაზე ყველაზე უხმო ადგილად იყო აღიარებული. (ეს 2012 წელს. მას შემდეგ ეს ტიტული „მაიკროსოფტის“ ლაბორატორიამ გადაიბარა).

ფოტო: ჯონათან ჰებერი

მსოფლიოში რამდენიმე ასეთი „სიჩუმის ოთახი“ არსებობს. მათ აუდიოტექნიკის დასატესტად და ასტრონავტების სავარჯიშოდ იყენებენ - კოსმოსის აუტანელ მდუმარებას რომ შეეჩვიონ. ეს სპეციალიზებული კამერები ბეტონისა და ფოლადის მასიურ ფენებშია ჩასმული - გარედან რომ ჩქამმაც კი ვერ შეაღწიოს. კედლები საგანგებოდ დამზადებული, უზარმაზარი რბილი ფილებითაა დაფარული. იატაკზე ბადეა დაგებული - ნაბიჯები რომ არ გაისმას. ასეთი ოთახი ხმის 99,9 პროცენტს შთანთქავს.


ამბობენ, ასეთ კამერაში ერთი საათიც არავის გაუძლიაო. უმეტესობას 15 წუთიც ჰყოფნის: ზოგს კლაუსტროფობია ეწყება (არადა, კარგა მოზრდილი ოთახია), ზოგს - გულისრევა და პანიკის შეტევები. ხშირია აუდიო ჰალუცინაციები. ერთი მევიოლინეს ოთახში ერთი წუთიც კი ვერ გაჩერებულა და ეგრევე კარზე ბრახუნი აუტეხავს - გამომიშვით, ეს რა ჯოჯოხეთში მოვხვდიო.

ჯორჯ ფოიმ ამ კამერაში 45 წუთი დაჰყო. როგორც ამბობს, მართლაც უკიდურესად უსიამოვნო ადგილი იყო, მაგრამ უსაშველოდ გაუსაძლისიც არ ყოფილა. თავიდან, მართლაც სრულ მდუმარებაში მოხვდა. თუმცა, რამდენიმე წუთში, ეს დუმილი დაირღვა. ჯერ საკუთარმა გულისცემამ მიიქცია ყურადღება. შემდეგ უკვე ვენებში სისხლის მიმოქცევის ხმა გაიგონა. დროის გასვლასთან ერთად უკვე სკალპის მოძრაობაც ესმოდა... სრული სიჩუმე არც აქ - მსოფლიოს ყველაზე ჩუმ ადგილას დახვედრია.


ჯორჯი კამერიდან დასვენებული და მშვიდი გამოვიდა. დრო გამივიდა, თორემ ცოტა ხანს კიდევ გავჩერდებოდიო - ამბობს. არადა, 5 წლის განმავლობაში რეკორდსმენი იყო - ამდენ ხანს „სიჩუმის ოთახში“ ჯერ არავის გაეძლო. რეკორდი VICE-ის ჟურნალისტმა მოხსნა, რომელმაც მსგავს კამერაში 48 წუთი დაჰყო. მას გაცილებით გაუჭირდა. წერს, ბოლო რამდენიმე წუთი უმძიმესი იყო, მეგონა ვკვდებოდიო. ოთახიდან გამოსვლისას კი ეგონა, რეივზე მოვხვდიო - იმდენად ხმაურიანად მოეჩვენა ლაბორატორიის მისაღები.

4'33''

„სიჩუმის ოთახის“ ყველაზე ცნობილი სტუმარი კი იქ ყოფნამ იმედით აღავსო. ჯონ კეიჯი, ამერიკელი კომპოზიტორი, ფილოსოფოსი, მდუმარებისა და ხმაურის მკვლევარი ერთ-ერთ ლექციაში იხსენებს ოქსფორდის უნივერსიტეტში მდებარე კამერაში ვიზიტს. ორი ხმა მესმოდა - ერთი მაღალი სიხშირისა, მეორე კი - დაბალისო. როგორც ამიხსნეს, ერთს ნერვული სისტემა გამოსცემდა, მეორე კი ჩემი სისხლის მიმოქცევისა იყოო. 


კეიჯი აღფრთოვანდა: 

„ვიდრე ცოცხალი ვარ, ხმები იარსებებს. ხმები დარჩება ჩემი სიკვდილის შემდეგაც. არ არის საჭირო მუსიკის მომავალზე ღელვა“.

რამდენიმე თვის შემდეგ ჯონ კეიჯმა მის ყველაზე ცნობილი ქმნილება, 4′33″ შექმნა.

4′33″, მოგეხსენებათ, ხელოვნების სამყაროში ერთ-ერთი საკამათო რამაა. მას აღწერენ, როგორც სიჩუმეს, რომელიც 4 წუთნახევარს გრძელდება - სცენაზე მუსიკოსი ზის, თუმცა ინსტრუმენტზე არ უკრავს.


თუმცა, მთელი აზრი ისაა, რომ ეს სიჩუმე კი არა, „სიჩუმეა“. 

დარბაზი შეიძლება დუმს, მაგრამ, ყურს თუ დაუგდებ, უამრავ რამეს გაიგონებ. მეორე რიგში კაცი ქალს გადაულაპარაკებს. ვიღაც ჩაახველებს. გვერდით მჯდომი ხმამაღლა სუნთქავს. ქარი უბერავს. რაღაცა ჭრიალებს. გარედან სირენის ხმა შემოდის.


ბევრი დავობს, 4′33″ მუსიკა არ არისო. შეიძლება ეგრეცაა (უფრო, სწორად, ალბათ არც უმაგისობაა). გააჩნია, მუსიკას რას ვარქმევთ.


თუმცა, ის კი ცხადია რომ ეს ოთხწუთნახევრიანი სიჩუმე არ არის. რანაირად? სიჩუმე არ არსებობს.


ყველაფერი ხმითაა სავსე.

ავტორი: ნიკო ნერგაძე