მუსიკა | ცა

Seth Troxler / 17 მაისი, 4GB ფესტივალი

Seth Troxler — დიჯეი, პროდიუსერი, ხელოვნების კურატორი, კულტურული კომენტატორი და რესტორატორია ამერიკიდან. ის დეტროიტელი მუსიკოსების ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა.

ფოტო: Ballantine's

ტროქსლერი ადრეული ასაკიდნვე მოექცა ელექტრონული მუსიკის სამყაროს ეპიცენტრში. ბავშვობა დეტროიტში გაატარა, სადაც სულ რაღაც 15 წლის იყო, როდესაც ანდერგრაუნდ საღამოებს აწყობდა და ქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს ფირფიტების მაღაზია Melodies & Memories-ში მუშაობდა. აქ გაიცნო დიჯეები Ryan Crosson, Lee Curtiss და Shaun Reeves, რომელთან ერთადაც შემდგომში ლეიბლი და მუსიკალური კოლექტივი Visionquest ჩამოაყალიბა.


სკოლის დამთავრებისას ტროქსლერს უკვე დაწყებული ჰქონდა დიჯეის ამპლუაში მოღვაწეობა და ევროპაში მინი-ტურზეც კი წავიდა, სადაც ისეთ კლუბებში დაუკრა, როგორიც ბერლინის Panorama Bar და ფრანკფურტის Robert Johnson-ია. ამის შემდეგ ის მალევე გადავიდა ბერლინში საცხოვრებლად, მოგვიანებით კი ლონდონში და იბიცაზე დაიდო ბინა

ფოტო: SoundCloud

ამჟამად ტროქსლერი სამი სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების მქონე ლეიბლს უდგას სათავეში: Tuskegee — ტროქსლერის და The Martinez Brothers-ის ერთობლივი პროექტია. მისი შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო აფრო-ლათინური წარმომავლობის თუ სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პლატფორმის შექმნა და მათი მონაწილეობის გაზრდა თანამედროვე მუსიკალურ ცხოვრებაში. ლეიბლზე ბევრ საინტერესო სახელს მოკრავთ თვალს, მაგალითად: Omar S., Jamal Moss, William Kouam Djoko და სხვა. Play It, Say It — უფრო მეტად საცეკვაო მოედანზე ორიენტირებული ლეიბლია და, ტროქსლერის თქმით, მასზე ისეთი მუსიკა გამოდის, რომელიც კლუბში კარგად „მიდის“.  Souft Touch-ზე საცეკვაო მუსიკას ნაკლებად მოისმენთ, უფრო მეტად ინდი-როკი, ფოლკი და ყველა ის მუსიკალური მიმართულება, რომელიც ტროქსლერმა წლების განმავლობაში მოაგროვა და კონკრეტულ ნიშაში ვერ მოაქცია.

თავად ტროქსლერს საკმაოდ ვრცელი დისკოგრაფია აქვს. მისი მუსიკა საკუთარი ლეიბლების გარდა სხვა მრავალ მსხვილ ლეიბლზეა გამოსული — Wolf + Lamb Music, Circus Company, Wagon Repair და FXHE Records რამდენიმე მაგალითია. მის სეტებში მოისმენთ ყველაფერს, ჩიკაგო ჰაუსიდან მინიმალ ტექნომდე. ამას გარდა, ის უამრავი საკლუბო ღონისძიებისა და ფესტივალის ჰელდაინერია და აქტიურად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო. აღსანიშნავია, რომ ტროქსლერი თბილისს პირველად ეწვევა და 17 მაისს, 4GB-ის გამხსნელ საღამოზე დაუკრავს.

ავტორი: ანასტასია ზურაბიშვილი

გარეკანის ფორო: FactMag