ედუფინი ტექნოლოგია

რა უნდა იცოდე მობაილ და ინტერნეტბანკის უსაფრთხოებისთვის

არაფერია იმაზე უფრო კომფორტული, როცა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, მობილურის ან კომპიუტერის დახმარებით, შენს ფინანსებს აკონტროლებ. მობაილბანკისა და ინტერნეტბანკის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. ამ ფინანსური პროგრამების როლი პანდემიის დროსაც გაიზარდა, რადგან თითქმის ყველა სახის საბანკო ოპერაცია ახლა სახლიდან გაუსვლელად, შენივე მოწყობილობაზე რამდენიმე დაწკაპებით სრულდება.

მარტი 22, 2021

სხვადასხვა აპლიკაციის რეგისტრაციისას, ხშირად, წაუკითხავად ვთანხმდებით წესებსა და პირობებს, თუმცა მობაილბანკსა და ინტერნეტბანკს “მოყვება” ერთი მნიშვნელოვანი “ინსტრუქცია”, რომლის გაუთვალისწინებლობა გვაზარალებს — ეს უსაფრთხოების წესების დაცვაა. ამ მიზნით, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში შესვლისას უსაფრთხოების კოდის შეყვანა იქნება საჭირო, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც შენი ფინანსების საიმედოდ დაცვაში დაგეხმარება.

1. აპლიკაცია გადმოწერე სანდო წყაროდან და განაახლე რეგულარულად 

პირველ რიგში, სანამ მობაილბანკის გამოყენებას გადაწყვეტ, დარწმუნდი, რომ სწორ აპლიკაციას იწერ. ენდე მხოლოდ ვერიფიცირებულ საბანკო აპლიკაციებს და არ გადმოწერო ის ღია ფორუმებიდან ან სხვა საეჭვო გვერდებიდან. თუ დარწმუნებული არ ხარ აპლიკაციის ან ვებგვერდის სანდოობაში, დაუკავშირდი ბანკს და ისინი დაგეხმარებიან მობაილბანკის უსაფრთხოდ ჩამოტვირთვაში ან ინტერნეტბანკის სწორი მისამართის ჩაწერაში.

 

გარდა ამისა, უსაფრთხოების ნაწილია მობაილბანკის რეგულარულად განახლებაც. ამას გარდა, ახალი ფუნქციონალებით და სერვისებით სარგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ თუ აპლიკაცია განახლებული გექნება. ამიტომ თუ შენი მობილურის ოპერაციული სისტემა Android 5-სა ან iOS 12-ზე ნაკლებია, განაახლე თავად სისტემა და შემდეგ — აპლიკაცია.


განაახლე ანდროიდი


განაახლე iOS

2. გაიაქტიურე სანდო მოწყობილობა

სანდო მოწყობილობა ის ტელეფონი ან კომპიუტერია, რომელსაც ყოველდღიურად, პერსონალური მიზნებით იყენებ. თუ მობაილბანკის ან ინტერნეტბანკის პარამეტრების გვერდიდან გაიაქტიურებ სანდო მოწყობილობას, ციფრულ ბანკში შესვლისას ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა არ მოგიწევს. 


არ დაგავიწყდეს: თუ 20 მარტამდე უკვე დამატებული გქონდა სანდო მოწყობილობა, მისი ხელახლა გააქტიურება იქნება საჭირო.

3. დაამატე სანდო მიმღები

სანდო მიმღები ის პირია, რომელსაც ხშირად უგზავნი თანხას და როგორც წესი, მისი ანგარიშის დეტალებს შაბლონებშიც ინახავ. სანდო მიმღების დამატების შემდეგ, გადარიცხვისას არ დაგჭირდება ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა. სანდო შაბლონის დამატება შეგიძლია მობაილ და ინტერნეტბანკიდან, ტრანზაქციის შესრულების შემდგომ და ასევე, შაბლონების გვერდიდან. 

4. ტელეფონის ოპერაციული სისტემა შეცვლილი სახით არ გქონდეს

მომხმარებლები სმარტფონებს, სხვადასხვა აპლიკაციის გადმოწერის ან პარამეტრების მოდიფიცირების მიზნით, ხშირად უცვლიან ოპერაციულ სისტემას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ — “რუთავენ” (Root), თუმცა ეს ტელეფონს საფრთხეს უქმნის. Root სმარტფონის სისტემაში ჩაშენებული უსაფრთხოების ინსტრუმენტების ფუნქციონირებას აფერხებს. ეს ინსტრუმენტები კი მონაცემების გაჟონვის ან მავნე პროგრამებისგან გვიცავს.

 

ამიტომაც, თუ გაქვს ე.წ „Rooted” ან "Jailbroken" ტელეფონი, ოპერაციული სისტემა უნდა დააბრუნო საბაზისო (ქარხნულ) მდგომარეობაში.

5. ბანკში დაფიქსირებული გქონდეს ტელეფონის ნომერი

თუ სატელეფონო კოდით სარგებლობ და ბანკში არ გაქვს დაფიქსირებული ნომერი, აუცილებელია, მიუთითო, რადგან გადარიცხვის უსაფრთხოების ერთჯერადი კოდი ნომერზე მოგივა. გარდა ამისა, ტელეფონის ნომერზე ბანკიდან სხვა შემთხვევებშიც სწრაფად დაგიკავშირდებიან, მაგალითად, მოგაწვდიან ინფორმაციას საეჭვო ტრანზაქციების, ე.წ. Fraud-ის, ან ანგარიშის გატეხვის შესახებ.

6. შეცვალე პაროლები


ერთ-ერთი საუკეთესო გზა შენი ფინანსური ანგარიშების დასაცავად ძლიერი პაროლების დაყენებაა. ძლიერი პაროლი ციფრების, სიმბოლოების, დიდი და პატარა ასოების კომბინაციას წარმოადგენს.


არ დაიმახსოვრო პაროლები შენს ბრაუზერში. ამის ნაცვლად სანდო პაროლების მენეჯერი, მაგალითად, 1password.com გამოიყენე. პაროლების მენეჯერი ისეა კოდირებული, რომ პოტენციურ თავდამსხმელებს მასში შეღწევა უჭირთ. ასეთ პროგრამებს კიბერუსაფრთხოების ბევრი სპეციალისტიც უწევს რეკომენდაციას.

7. გაააქტიურე SMS ან E-Mail შეტყობინებები


თანხის გამოტანის, გადარიცხვის ან სხვა ოპერაციის შემთხვევაში SMS შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით ადვილად გააკონტროლებ შენს ანგარიშებს. ამ შეტყობინებებში, როგორც წესი, შენს ანგარიშზე დარჩენილი თანხა, ტრანზაქციის დრო და თანხის რაოდენობაც წერია. გარდა ამისა, საეჭვო შემთხვევებში, ბანკის შეტყობინებაც აღარ გამოგრჩება. 

8. მოერიდე საჯარო WiFi-ს


საჯარო WiFi-ზე დაკავშირებისას შესაძლოა სხვა ადამიანებმა შენს ონლაინნაბიჯებს თვალი ადევნონ. ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომ არ უნდა გამოიყენო მობაილბანკი ან ინტერნეტბანკი საჯარო WiFi-ზე წვდომისას. სანაცვლოდ, პერსონალური მონაცემების დასაცავად, ფინანსური ოპერაციები მხოლოდ მობილური ინტერნეტით ან სახლის, სანდო WiFi-ს დახმარებით შეასრულე.

9. შეამოწმე, რაზე აძლევ წვდომას სხვა აპლიკაციებს


როცა აპლიკაციებს ვიწერთ, ავტომატურად ვეთანხმებით ხოლმე თხოვნას, წვდომა ჰქონდეს სხვა აპლიკაციებზე — ტელეფონის ნომრებზე, ზარებზე, კამერაზე, ხმის ჩამწერზე და ა.შ.

ასეთ დროს აუცილებლად დააკვირდი, შემთხვევით ახალ აპლიკაციას წვდომას ხომ არ აძლევ მობაილბანკზეც, რადგან ასე თაღლითები ადვილად შეაღწევენ შენს ფინანსურ მონაცემებში.

10. დააყენე აპლიკაცია, რომელიც მობილურის დაკარგვის შემთხვევაში მობაილბანკს დაბლოკავს


მობილურები ხშირად იკარგება — სადმე გვრჩება ან გვპარავენ. ასეთ დროს, ფინანსური მონაცემების დასაცავად, სისწრაფე ყველაზე მნიშვნელოვანია. სმარტფონის საპოვნელად “Find My Phone” კარგი გამოსავალია, თუმცა თუ ვერ ვპოულობთ, ერთი ხერხი არსებობს, რომელიც უცხო პირს დაკარგულ ტელეფონში შენახულ სენსიტიურ მონაცემებზე წვდომას არ მისცემს. ეს აპლიკაციებია, რომელთაც შეუძლიათ, დისტანციურად წაშალონ მონაცემები ან დაბლოკონ აპლიკაციები. ამის მრავალი ვერსია App Store-სა და Google Play-ზე გხვდება, თუმცა მსგავსი სისტემა ბევრ ოპერაციულ სისტემას თავადაც აქვს ჩაშენებული.