ტექნოლოგია

რა შემადგენლობით და მოლოდინებით მიდის AWS Game Day-ზე თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი

სექტემბერი 14, 2023

თიბისი ჯგუფის ტექ გუნდი ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ში მონაწილეობს. GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.

თიბისის ტექ გუნდი ოთხი სხვადასხვა მიმართულების ინჟინრისგან დაკომპლექტდა - ერევანში მიემგზავრებიან: საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი), დავით სამადაშვილი (SRE ინჟინერი), დავით გოგრიჭიანი (CloudOps ინჟინერი) და გიორგი სემენიხინი (DevOps ინჟინერი). 

ეს მრავალფეროვნება მათი უპირატესობაა და როგორც გვეუბნებიან, ამის სათავისოდ გამოყენებას შეეცდებიან. შეჯიბრი საინტერესო და ერთი შეხედვით მარტივი ჩანს. თუმცა, რთულდება პროცესში - დაძაბულობისა და შეზღუდული დროის პირობებში. ღონისძიება რეგისტრაციით იწყება, რის შემდეგაც მონაწილეები იღებენ დავალებებს, რომლებიც დღის ბოლომდე უნდა შეასრულონ. გამარჯვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება, რომელიც, თავის მხრივ, შესრულებული დავალებების ხარისხის პირდაპირპროპორციულია. 

საბა საყვარელიძე dev.ge-ს ეუბნება, რომ თიბისის გუნდი შედგება მეგობრებისა და კოლეგებისგან, რომლებიც ერთმანეთს უკვე წელიწად-ნახევარია, იცნობენ, რაც GameDay-ზე მათთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება.

თიბისის გუნდის თითოეული წევრი მოტივირებულია და როგორც ამბობენ, მთავარი მიზანი გამარჯვებისთვის ბრძოლაა. CloudOps ინჟინერმა, დავით გოგრიჭიანმა თქვა, რომ გუნდი მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღწევისთვის აბსოლუტურად მზად არის.

გუნდის წევრებმა GameDay-ზე მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრებს. თანხმდებიან, რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს უდიდესი გამოცდილება იქნება, რომელიც საქმიანობის კიდევ დახვეწასა და უნარების განვითარებაში დაეხმარებათ. 

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ GameDay-ზე თიბისის სახელით გამოსვლა და მათი ტექ გუნდის წარდგენა საპასუხისმგებლო და საამაყოა. გიორგი სემენიხინის თქმით, სასიამოვნოა, როცა კომპანია, რომელშიც მუშაობ, ამხელა პასუხისმგებლობას სწორედ შენ გაკისრებს და განდობს.

აღნიშნულ გუნდს GameDay-ზე მონაწილეობა აქამდეც მიუღია. დაახლოებით, ორი თვის წინ AWS GameDay-ის თბილისმა უმასპინძლა, რომლის გამარჯვებულიც სომხეთის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდი გახდა. 

საბა საქართველოში დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილოა, თუმცა მიღებულ გამოცდილებას მაინც დადებითად აფასებს.

“თბილისში ჩატარებულ GameDay-ზე მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღეთ. პირადად მე, დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილო ვარ და როცა გავიგეთ, რომ შეჯიბრი ამჯერად უკვე სომხეთში ტარდება, მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ. ამჯერად გამარჯვებას განახლებული დონითა და განსხვავებული მიდგომებით ვეცდებით”.


- განაცხადა საბამ.

როგორც უკვე ვთქვით, გუნდის წევრები სხვადასხვა მიმართულების ინჟინრები არიან, რასაც უპირატესობად გამოიყენებენ. მაგალითად, გიორგი სემენიხინი თვლის, რომ AWS-ში მიღებული გამოცდილება მის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება. ხოლო დავით სამადაშვილი, რომელიც SRE ინჟინერია, თვლის, რომ გუნდს ავტომატიზაციის მხრივ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

საბა საყვარელიძის აზრით, გუნდში არსებული მრავალფეროვნება და მოქნილობა შეჯიბრის წარმატებით დასრულებაში დიდ როლს ითამაშებს.

“ერთმანეთს მარტივად დავეხმარებით, რადგან ყველა განხრაში გამოცდილება გვაქვს. ვფიქრობ, სუსტი წერტილი არ გაგვაჩნია და ერთმანეთთან მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება მარტივ კოლაბორაციაში დაგვეხმარება”.

- თქვა საბამ. 

თიბისის ტექ გუნდი ერევანში 15 სექტემბერს გაემგზავრება. GameDay 16 სექტემბერს, 10:00 საათზე, სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტში (American University of Armenia) დაიწყება. 

ავტორი: Dev.ge