რა კავშირშია ჩვენი პიროვნული თვისებები ჩვენს შემოსავალთან

ივნისი 01, 2022

რა განსაზღვრავს ჩვენი შემოსავლის სიდიდეს?

განათლება, უნარები და გამოცდილება სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა იცოდით, რომ თქვენი ხასიათის ტიპიც დიდ როლს თამაშობს ამ საკითხში?

Truity.com-მა 72 331 ადამიანი გამოჰკითხა, რათა დაედგინა, რა გავლენა აქვს ჩვენს ხასიათს იმაზე, თუ რამდენს გამოვიმუშავებთ. ამ ბლოგში სწორედ მათ მიგნებებზე მოგითხრობთ.

უმაღლესი განათლება, სამსახურებრივი გამოცდილება, ლიდერული თვისებები — ეს ის კომბინაციაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადამიანებს შემოსავლის ზრდაში ეხმარება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პიროვნული თვისებებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. არაერთი კვლევა აჩვენებს კავშირს შემოსავალსა და ხასიათის იმ თავისებურებებს შორის, როგორებიცაა ექსტრავერტობა, მიზანდასახულობა, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულობა და სხვა.


კვლევა, რომელიც Truity.com-მა ჩაატარა მაიერს-ბრიგსის თეორიულ მოდელს ეფუძნება. მაიერს-ბრიგსის თეორიია პიროვნებას იკვლევს შემდეგი განზომილების მიხედვით: ექსტრავერსია — ინტრავერსია (E-I); შეგრძნება — ინტუიცია (Ѕ-N); გრძნობა — აზროვნება (F-Τ); განსჯა-პერცეფცია (Ј-P). 

ექსტრავერსია — ინტრავერსია

აჩვენებს, თუ რაზე არის ორიენტირებული ადამიანი: სხვებთან ურთიერთობაზე თუ მარტო ყოფნაზე. 


შეგრძნება — ინტუიცია

მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ამუშავებს ადამიანი ინფორმაციას — რეალურ ფაქტებთან მუშაობით თუ წარმოსახვით, შეგრძნებების მიღმა არსებული შინაარსის განჭვრეტითა და დასკვნების გამოტანით.


გრძნობა — აზროვნება

აღწერს გადაწყვეტილებების მიღების გზას: მორალური და პირადი ღირებულებების საფუძველზე ან ლოგიკაზე დაყრდნობით.


განსჯა — პერცეფცია

აღწერს იმას, თუ როგორ მიდგომებს იჩენს ადამიანს ცხოვრების მიმართ — დაგეგმილი, მოწესრიგებული ცხოვრების სტილი აქვს თუ პირიქით, სპონტანური და მოქნილი.

თითოეული ეს განზომილება, ერთად შეკრებილი, პიროვნების 16 განსხვავებულ ტიპს ქმნის, რომელთაც ამ განზომილებების დასახელებების ლათინური ინიციალებით აღნიშნავენ. მაგალითად, თუ ადამიანი უფრო მეტად ინტროვერტია (I), ინფორმაციას ინტუიციურად (N) ამუშავებს, გადაწყვეტილებებს გრძნობებზე (F) დაყრდნობით იღებს და განსჯითი (J) (დაგეგმილი) მიდგომა ახასიათებს, მაშინ მას აღნიშნავენ როგორც INFJ. ეს ინიციალები კვლევის შედეგების ანალიზის უკეთ აღქმაში დაგვეხმარება.

იმისათვის, რომ ხასიათის თავისებურებების შემოსავალთან კავშირები დაედგინათ, მკვლევრებმა 21 წელს გადაცილებული ადამიანები გამოკითხეს და შეაფასეს, საშუალოდ, რა შემოსავალი ჰქონდა პიროვნების თითოეულ ტიპს.

კვლევა აჩვენებს, რომ შემოსავალი მნიშვნელოვნად განსხვავდება თითოეული ტიპის მიხედვით. მაგალითად, ექსტრავერტები (E) და მოაზროვნეები (T) — ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ლოგიკაზე დაყრდნობით იღებენ, ამ ცხრილის ყველაზე მაღალ საფეხურებზე დომინირებენ, ყველაზე მეტს კი ENTJ ტიპი გამოიმუშავებს, რაც იმ ადამიანს აღწერს, რომელიც ექსტრავერტია, ინტუიციურია, მოაზროვნეა და ცხოვრებისადმი მოწესრიგებული მიდგომები აქვს. 

მკვლევრებმა ამ მონაცემებზე დაყრდნობით ისიც გამოითვალეს, თუ პიროვნების რომელი ტიპები ერთიანდებიან მაღალშემოსავლიანთა კატეგორიაში. ამისათვის 30-დან 59 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტების მონაცემები დაამუშავეს და დაადგინეს, რომ 150 ათასი აშშ დოლარის ან უფრო მეტი შემოსავლის მქონე ადამიანების დიდი ნაწილი ექსტრავერტი და მოაზროვნეა, ამასთან, მაღალშემოსავლიანებს შორის აღმოჩნდნენ INTJ ტიპის ადამიანებიც, რაც, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტროვერტი, ინტუიციური, მოაზროვნე და ცხოვრების მოწესრიგებული სტილის მქონე პირები არიან.

როგორ იცვლება შემოსავლები დროთა განმავლობაში

ხასიათის თავისებურებებს დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ კარიერულ გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანები, მათ შორის რა დროს ხარჯავენ განათლებაზე ან რა დროს უთმობენ ოჯახს. როგორც აღმოჩნდა, განსხვავებულ პიროვნულ ტიპებს ცხოვრების განმავლობაში განსხვავებული საშემოსავლო ტენდენციები ახასიათებთ. კვლევამ აჩვენა, რომ ENTJ ტიპები (ექსტრავერტი, ინტუიციური, მოაზროვნე და ცხოვრებისადმი მოწესრიგებული მიდგომების მქონე ადამიანები), რომლებიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაღალი შემოსავლით გამოირჩევიან, კარგ სასტარტო პოზიციებს იკავებენ — ყველა სხვა ტიპზე მეტი შემოსავალი მათ 20-დან 40 წლის ასაკამდე აქვთ, თუმცა, როგორც კი 40-ს მიაღწევენ, მათ ENTP (ექსტრავერტი, ინტუიციური, მოაზროვნე და სპონტანური) ტიპები ჩრდილავენ. ისინი, საერთო ჯამში, შუახნის ასაკამდე საშუალოშემოსავლიანების კატეგორიაში ჯდებიან, მაგრამ შემდეგ ყველაზე მაღალშემოსავლიანები ხდებიან.


რა განაპირობებს ამა თუ იმ ტიპის ადამიანის შემოსავლიანობას?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექსტროვერტობა, აზროვნება და განსჯა მაღალ შემოსავლებთანაა კავშირში, თუმცა რატომ — ამის დანახვა ძალიან მარტივი არაა. ამიტომაც მკვლევრებმა პიროვნების თითოეული განზომილება 5-6 მიმართულებით “გაშალეს”. მათ აღმოაჩინეს, რომ თითოეული მიმართულებიდან ზოგიერთი მეტად იყო დამოკიდებული მაღალ შემოსავლიანობასთან, ზოგი კი — ნაკლებად. მაგალითად, ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ამბიციურობა ყველაზე მეტადაა კავშირში მაღალ შემოსავლებთან. ამას მოსდევს გამოწვევებისადმი მიმღებლობა, ექსპრესიულობა, ობიექტურობა, ენერგიულობა, შემეცნებითი ხასიათი და სხვა.


კვლევა ამბობს, რომ ექსტრავერტები, რომლებიც ყველაზე მეტი შემოსავლით გამოირჩევიან, ამას ექსპრესიულობით, ენერგიულობითა და ცნობადობისადმი მიდრეკილებით ახერხებენ. უფრო კონკრეტულად კი ექსპრესიულია ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრებსა და გრძნობებს სხარტად გადმოსცემს, ენერგიული ადამიანი საქმიანი და დაკავებულია, ხოლო ცნობადობისადმი მიდრეკილ ადამიანს საზოგადოების ყურადღება მოსწონს და სოციალურ სტატუსს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სამივე ამ თვისებას ექსტრავერტები აერთიანებენ.


რაც შეეხება მოაზროვნეთა განზომილებას, მათ შემოსავლიანობას განაპირობებს ის, რომ ისინი არ უშინდებიან გამოწვევებს და მოსწონთ დებატები, არიან ობიექტურები და მიდრეკილნი არიან რაციონალურობისკენ — გადაწყვეტილებების ემოციების გარეშე მიღებისკენ.

რაც შეეხება განსჯის განზომილებას, მაღალ შემოსავალს აქ ამბიციურობა განაპირობებს. მცირე გავლენა, ასევე, ინდივიდუალურ დისციპლინასაც აქვს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხასიათის თავისებურებები კარგი ინდიკატორია იმის საჩვენებლად, თუ რა გავლენა აქვს აქვს ინდივიდუალურ, პერსონალურ მახასიათებლებს შემოსავლის მიღებასა და მის ოდენობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი მაიერს-ბრიგსის თეორიას აკრიტიკებს, ზემოხსენებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ერთნაირი თვისებების მქონე ადამიანების შემოსავლები მეტნაკლებად თანაბარია.

რა თქმა უნდა, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხასიათის თავისებურებებზე დაკვირვება საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება, მაგრამ ის ვერ გახდება ჩვენი ბედის განმსაზღვრელი. ამასთან, თუ კვლევა ამბობს, რომ თქვენი თვისება დაბალშემოსავლიანებისთვისაა დამახასიათებელი, ეს მხოლოდ სტატისტიკაა.


რაც მთავარია კარიერულ წარმატებასა და შემოსავლის დონეს პიროვნული მახასიათებლების გარდა მრავალი ისეთი რამ განაპირობებს, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშაა. და ბოლოს, როგორც მკვლევრები გვირჩევენ, შემოსავლების გაზრდის ერთ-ერთი გზაა, ვიპოვოთ ჩვენში ისეთი თვისება, რომლებიც მაღალშემოსავლიან ადამიანებს ახასიათებთ — ვიყოთ ამბიციურები და დავისახოთ დიდი მიზნები.