ედუფინი

საუკეთესო ის პაროლია, რომელსაც ვერ ვიმახსოვრებთ - რთული და მარტივი პაროლის ფილოსოფია

ინტერნეტის და სხვადასხვა აპლიკაციის მომხმარებელი თუ ხართ, ესე იგი, პაროლებსაც აუცილებლად იყენებთ. იცით, რომ პაროლი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თქვენი ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად? - ალბათ, კი. მაგრამ, შესაძლოა, არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ მიერ გამოყენებული პაროლი მილიონობით ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. არადა, ზოგჯერ გვგონია, რომ ზედმეტად ჩავხლართეთ ყველაფერი და ისეთი დაცულები ვართ, ვერასდროს ვერავინ შესძლებს ჩვენს აპლიკაციებში შეღწევას.

მარტი 11, 2021

სინამდვილეში, ეს ასე არ არის.  პაროლი ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც შეიძლება ჩვენი სახლის კარს შევადაროთ: ყველა გასაღები და საკეტი უნიკალურია, ასეთი უნდა იყოს პაროლიც. პირველ რიგში განვიხილოთ მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებული კომბინაციები და თუ თქვენ ერთ-ერთ მათგანს მაინც იყენებთ, ამ ბლოგის წაკითხვისთანავე, აუცილებლად შეცვალეთ ის. 

2020 წელს 10 ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლი:

 

1. 123456

2. 123456789

3. qwerty

4. password

5. 1234567

6. 12345678

7. 12345

8. iloveyou

9. 111111

10. 123123

ამ ჩამონათვლის გარდა, მარტივად ამოსაცნობ პაროლებს შორის შედის დაბადების თარიღები, ტელეფონის ან პირადობის ნომრები, სახელები და გვარები (თუნდაც შვილების, დედის, მამის ან მეუღლის), საყვარელი ბრენდის სახელები და მსგავსი მარტივად გადასამოწმებადი ინფორმაციები.

 

 

რატომ არის მარტივი პაროლები საშიში?

 

როდესაც თქვენ ქმნით პაროლს, ხშირად უშვებთ შეცდომას, რადგან კომბინაციას ლოგიკურად ალაგებთ. ნებისმიერი პაროლი, რომელიც ექვემდებარება ლოგიკას, სპეციალისტებისთვის მარტივად დასადგენი და ამოსაცნობია. შესაბამისად, თქვენი მონაცემები ყოველთვის მოსალოდნელი საფრთხის ქვეშ რჩება.

 

თქვენი პაროლის ამოსაცნობად არსებობს ორი გზა: პირველი - ჰაკერების მიერ კიბერშეტევის განხორციელებაა, ხოლო მეორე, პაროლის გამხსნელი სპეციალური პროგრამები. თუკი თქვენი პაროლი მარტივია, ორივე მეთოდით გატეხვადია, ხოლო თუ რთული და ხშირად ცვალებადი, თითქმის შეუძლებელია მისი გაშიფვრა. 

როგორი უნდა იყოს რთულად გამოსაცნობი პაროლი

 

რთულია პაროლი, რომელიც შეიცავს სიმბოლოებს, დიდ და პატარა ასოებს, ციფრებს, ალოგიკურად არის განაწილებული და არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას, თანაც უნდა იყოს 8-დან 16 სიმბოლომდე. მაგალითად, თუ პაროლად yC,:?rADLt46kP^p გაქვთ, ან სიმბოლოების მსგავს კომბინაციას გამოიყენებთ, ჰაკერებს და გამხსნელ პროგრამას მარადისობა დასჭირდებათ მის გამოსაცნობად.

 

 

პროგრამები, რომლებიც რთული პაროლების დამახსოვრებაში დაგვეხმარება


ალბათ, უკვე ფიქრობთ, თუ დასამახსოვრებელ პაროლს არ დავაყენებთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის.

 

ამისთვის არსებობს სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც თქვენი პაროლის მენეჯმენტში გეხმარებათ. მაგალითად, Apple-ს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია პროგრამა Keychain Access, რომელიც იმახსოვრებს პაროლებს და სისტემური ვერიფიკაციის შემდეგ გაჩვენებთ მას.

 

ასეთივე პროგრამაა Google Authenticator, რომელიც თქვენთვის ქმნის და ინახავს უნიკალურ კოდს, რომლის გარეშეც ვერიფიკაციის გავლას ვერ შეძლებთ მეილზე და სხვა პროგრამებში, ხოლო როცა მათი გამოყენება გჭირდებათ, აპლიკაციის გახსნის შემდეგ შეძლებთ ვერიფიკაციის კოდის ნახვას, რომელსაც გამოსაყენებლად სულ რამდენიმე წამი აქვს.

 

გარდა ამისა, რთული პაროლის დამახსოვრების ერთ-ერთი მეთოდი სხვადასხვა ფორმატის ტექსტის რედაქტორებში მათი ჩანიშვნაა. მაგალითად, Note-ებში, Google Doc-ში ან ნებისმიერ სხვა ისეთ ადგილას, სადაც მასზე წვდომა თქვენ გარდა არავის ექნება. 

ორმაგი ვერიფიკაცია, ანუ Two-step Verification

 

საკუთარი ანგარიშების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გზა ორმაგი ვერიფიკაციის ფუნქციის გამოყენებაა. მისი მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია, თუმცა ეფექტური სისტემა, რომელშიც რეგისტრირდებით, იმახსოვრებს თქვენს პაროლს, მაგრამ როცა ისეთი მოწყობილობიდან შედიხართ სისტემაში, რომელიც უცხოა,  სერვერი მობილურ ტელეფონზე აგზავნის კოდს, რომლის გარეშეც შესვლას ვერავინ შეძლებს.

 

ბოლოს კი კიდევ ერთი რჩევა: სხვადასხვა ვებგვერდები პაროლის ავტომატურ გენერაციას გთავაზობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ გენერირებული პაროლი, თუ მას დათანხმდებით, ბრაუზერის დაცულ საცავში ინახება და მისი შეყვანა მეორედ არ მოგიწევთ. თუ მაინც დაგჭირდათ რომელიმე სხვა მოწყობილობიდან შესვლა, შეგიძლიათ ჯერ ბრაუზერზე შეხვიდეთ,  შემდეგ კი პაროლების საცავში იპოვოთ თქვენი უსაფრთხო პაროლი. 

ავტორი: დიმა სანაია