მუსიკა | ცა

ნოემბრის ქართული მუსიკა Vol.30

Tsa.Music

დეკემბერი 09, 2022

Basement Membrane  - Punk Funk

მიშო ურუშაძე თბილისის მუსიკალურ წრეებში ნაცნობი სახელია. 2020 წელს, „დუღული EP”-ს გამოშვების შემდეგ, ქართველი პროდიუსერი ამჯერად ახალი პროექტით Basement Membrane-ით დაგვიბრუნდა, სადაც ძველ მუსიკალურ მეგობრებთან ერთად (მათ შორის ბექა გოჩიაშვილი) გალაქტიკათშორის FUNK-ის ფესტივალს აწყობს - „Punk Funk“ სწორედ ამ მიდგომის მაგალითია.

Levi Love Disco - Galactic Animals EP

ქართველი პროდიუსერი და დიჯეი, ლევი ბერიშვილი ახალ 3 კომპოზიციისგან შემდგარ EP-ს აქვეყნებს.

LOUDspeakers – Jellyfish

LOUDspeakers-ისთვის ბოლო რამდენიმე თვე აქტიური გამოდგა, ჯგუფმა ოქტომბერში ახალი მუსიკალური ვიდეო გადაიღო სინგლზე „Hell On The Earth“, ნოემბერში კი ამას მეორე სინგლი და კლიპი, “Jellyfish” მოჰყვა.

Nikakoi - Stochastic Device

ნიკა მაჩაიძე, CES Records-ზე ანთოლოგიის გამოსვლის შემდეგ სრულიად ახალი მუსიკალური მასალით ბრუნდება. „Stochastic Device“ ეს ჯერ კიდევ არ არსებული ანიმე-ს საუნდტრეკია, რომელიც 1 დღეში დაიწერა. საინტერესოა, რომ აღნიშნული ანიმესთვის ყველა კომპონენტი შეიქმნება, პერსონაჟების დიზაინი, ფონური ვიზუალი, საუნდტრეკი და ა.შ. თუმცა თავად ანიმეს ისტორიის წარმოდგენა, თავად მსმენელსა თუ მაყურებელზე იქნება მინდობილი. სულ მალე Flying Painter-თან ერთად, აღნიშნული პერსონაჟების მერჩიც იქნება ხელმისაწვდომი.

Gigi Samadashvili - Sweet Marigold

ქართველი ავტორ-შემსრულებლის, გიგი ადამაშვილის მორიგი სინგლი კარგად შეკრული მუსიკალური პროდუქტია, რომელსაც ლამაზად შექმნილი ვიდეო კლიპი კიდევ უფრო ამდიდრებს და ხარისხის ახალ სტანდარტსაც აწესებს. სინგლის  მუსიკალურ ნაწილზე Heima Production-მა იმუშავა.

SUNDAIZ. – Sundays & Chill

SUNDAIZ. ელენე კალანდაძის და ერეკლე გეწაძის კიდევ ერთი პროექტი და მუსიკალური მიმართულებაა, სადაც ისინი lo-fi ჰიპ-ჰოპის ჟანრში მშვიდ ბიტებს ქმნიან და ინტერნეტში აწყობენ.

Untzasy – Insufflation

ბრუკლინში მოღვაწე ქართველი პროდიუსერი, მიხეილ ფრუიძე სამშობლოში დაბრუნდა და სადებიუტო ალბომი გამოუშვა  „Insufflation“ საკრუბო მუსიკისა და 80-იანი წლების ინდუსტრიული მუსიკის ქაოტური და ხმაურიანი თანაწყობაა, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ არის ალბომში წარმოდგენილი.

Gogi Dzodzuashvili & Mzia Arabuli - ი​ა​ს უ​თ​ხ​ა​რ​ი​თ

“იას უთხარით” გოგი ძოძუაშვილის და მზია არაბულის კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ალბომია, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ხალხური სიმღერების მაგიურ ეფექტს თან ერთვის ძოძუაშვილის მშვიდი ელექტრონიკა და შედეგად უნიკალური თხრობითი გამოცდილება იქმნება.

DEENA – LOW LOVE

მცირე პაუზის შემდეგ, „Didube Records“ კიდევ ერთ ალბომს გვთავაზობს, ამჯერადაც ლეიბლისთვის დამახასიათებლად სრულიად ახალი მუსიკალური პერსონაჟის მონაწილეობით. ელენე გიგანი პროექტით DEENA (რომელიც სვანურად გოგოს ნიშნავს) თანამედროვე RnB ჟღერადობაში GEN Z თაობის სათქმელის, ემოციური განწყობისა და მსოფლმხედველობის წარმოჩენას ცდილობს და ამას საკმაოდ ეფექტურად ახერხებს.

George Ergemlidze – Grey

ნოემბრის თვე ვიდეო კლიპებით ნამდვილად დახუნძლული იყო. გიორგი ერგემლიძის ახალი ახალ სინგლის „Gray” მუსიკალური ვიდეოზე თავად მუსიკოსმა იმუშავა. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, იგი აგრძელებს მომღერლის აქამდე არჩეულ გზას 80-იანი წლების სინთპოპ ჟღერადობის მიმართულებით.

BAD HABITZ - SHE GETS IT RECOVERED

BAD HABITZ ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური პროექტია საქართველოში, რომლითაც ერეკლე გეწაძემ და ელენე კალანდაძემ მრავალი მუსიკალური ტერიტორიის შემოვლა მოახერხეს, მათი ახალი რემიქს ალბომი „ SHE GETS IT RECOVERED“ ამ მიმართულებით წინასვლაა, სადაც კომპოზიციების მათთვის უჩვეულო გეზი აქვთ აღებული და ტრანს და გაბერის სტილშია გადაწყვეტილი.

Nakamura  - Hypnotic Control

ქართული Psytrance/Full On პროექტი, სადებიუტო EP-ს აქვეყნებს.

სელექცია: ჯაბა შავიშვილი