თაობა

ახალგაზრდა გამომგონებლების გზა NASA-მდე

10 გასაოცარი დღე აშშ-ში

აგვისტო 23, 2019

NASA - ადგილი, სადაც იქმნება ახალი ცოდნა სამყაროს შესახებ. აქ მოხვედრა ნებისმიერი ადამიანისთვის საოცნებოა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მეცნიერებითა და ინოვაციებით არის დაინტერესებული. ნებისმიერი, ვინც ნასაში ერთ დღეს მაინც გაატარებს, სხვაგვარი გამოცდილებით, ცოდნითა და შემართებით უბრუნდება ცხოვრებას და აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 


ეს ადგილი კიდევ უფრო შთამბეჭდავია ახალგაზრდა, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სამყაროს აღმოჩენისა და შესწვალის პროცესში არიან ჩართულნი და ცხოვრებას ინოვაციების შექმნას უძღვნიან. ის გამოცდილება და ისტორია, რომელიც ნასაშია დაგროვებული, მათთვის ხშირად გარდამტეხია და დიდ მოტივაციას მატებთ, რათა კიდევ უფრო მეტი დრო დაუთმონ მეცნიერებასა და ახალი ცოდნის შექმნას. 


2019 წლის ივლისში, NASA-ში ქართველი სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ, მათ 2019 წლის მარტში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვეს. კონკურსს წელს მხარს „თიბისი“ უჭერდა. 


საკონკურსო გუნდი ობერტონი სულ ხუთი წევრისგან შედგება, რომელიც საქართველოს სამი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. გიორგი რიგიშვილმა, სოფო ჩიხლაძემ, მარიამ გამრეკელაშვილმა, ალექსანდრე ქაჯაიამ და იონა იობიძემ ინოვაციური პროექტი, ბარნის სმარტ ლაბირინთი შექმნეს, რომელიც თავისი შინაარსით სრულიად რევოლუციურია.



ბარნის სმარტ ლაბირინთის დახმარებით, შესაძლებელია თაგვის მეხსიერების შემოწმება და დაკვირვება, თუ რა გავლენა აქვს ამა თუ იმ წამალს მეხსიერებაზე. მიღებული შედეგების განზოგადება კი, ადამიანებზეცაა შესაძლებელი, რაც საშუალებას მისცემს კაცობრიობას, დეტალურად იკვლიოს მედიკამენტების გავლენა ადამიანის მახსოვრობის უნარზე. სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს, უფრო ზუსტი დაკვირვების საშუალებას იძლევა, რადგან ის ავტომატურად მიღებულ ინფორმაციას თავად აანალიზებს და შედეგებს პრინტერზე ბეჭდავს.


ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გამომგონებელი ახალგაზრდები აშშ-ში გაემგზავრნენ და იქ 10 დღე გაატარეს. როგორც ობერტონის წევრები გვიყვებიან, ეს 10 დღე მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული გამოცდილება და ემოციებით სავსე იყო, რადგან ყოველი დღე საინტერესო შეხვედრებითა და აქტივობებით იყო დახუნძლული. 

„ნასაში მოხვედრა აუხდენელი ოცნების ახდენას ჰგავს. როდესაც ამ ტერიტორიაზე დგამ ფეხს, თავი რომელიმე კინოს მთავარი გმირი გგონია და განცდა გაქვს, რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია..."

"...შენთვის ფიქრობ, ნუთუ მართლა იქ ვარ, სადაც სამყაროს შესახებ ცოდნა იბადება და პასუხი დაუჯერებლად ჟღერს. ნებისმიერი დამწყები მეცნიერისთვის ნასაში გატარებული დრო გარდამტეხი იქნება, რადგან აქ სულ სხვანაირად იწყებ ფიქრს“, - ამბობენ ახალგაზრდა გამომგონებლები. 


გუნდის წევრი იონა იობიძე თავისი თავგადასავლის შესახებ გვიყვება და ამბობს, რომ NASA-ში ვიზიტი მისთვის დაუჯერებელი და სამუდამოდ დასამახსოვრებელი იყო.


„ამერიკაში 10 დაუვიწყარი დღე გავატარეთ. პირველ დღეს ვაშინგტონში ჩვენ შევხვდით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტს ქალბატონ კარენ სეშენსა და გენერალურ მდივანს ქალბატონ ჯინ ჰონჩს, მეორე დღეს საქართველოს საელჩომ მოგვიწყო საზეიმო მიღება სადაც შევხვდით საქართველოს ელჩს ბატონ დავით ბაქრაძეს, მესამე დღეს კი მოვინახულეთ ამერიკის კონგრესი“, - ამბობს ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლე იონა იობიძე. 



მარიამ გამრეკელაშვილი იხსენებს, რომ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, ნასაში 1-კვირიან სასწავლო პროგრამაზე გაემგზავრნენ, სადაც ყოველ დღე მნიშვნელოვანი შეხვედრები, ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები ჰქონდათ.


„ნასაში ჩვენი გუნდი ესწრებოდა ერთ კვირიან სასწავლო პროგრამას, რაც მოიცავდა დილის 8 საათიდან შუადღის 4 საათამდე დაბალანსებულ აქტივობებს. გვქონდა როგორც სალექციო ხასიათის გაკვეთილები, ასევე სხვადასხვა დავალებები, მათ შორის რაკეტის აწყობა, სითბოსა და სიცივის გამძლე მოწყობილობების დამზადება, მარსზემავალი რობოტის შექმნა და ა.შ. ნასაში ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო უზომოდ საინტერესო ტურები, სადაც ვნახეთ არაერთი ხომალდი, რომელიც კოსმოსში იყო გაშვებული“, - გვიყვება მარიამ გამრეკელაშვილი.


ნასაზე საუბრისას გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მოსწავლე სოფო ჩიხლაძე ემოციებს ვერ მალავს და ამბობს, რომ ამ ადგილას მოხვედრა მისთვის ოცნების ახდენა იყოს.


„ნასა ნებისმიერი ადამიანისთვის ოცნების სფეროა, რაღაც უცხო, სადაც რეალურად არავინ არ იცის რა ხდება. ჩვენ გუნდს კი - ჰქონდა შანსი ამ საოცნებო ადგილას წასულიყო და ენახა, რა და როგორ ხდება“, - ამბობს სოფო. 


იონა იობიძე ნასაში შესრულებულ დავალებებზე გვესაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებულად გასაოცარი შეგრძნება რაკეტის აწყობა და მისი ტესტირება იყო. 


„ეს სასწავლო კურსი დაუვიწყარი იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ის გამოცდილები რაც მივიღეთ ჩვენი ასაკის უცხოელ ინოვატორებთან მუშაობით ნამდვილად შეუდარებელია და დიდ კვალს დატოვებს ჩვენზე. ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო რაკეტის აწყობის დღე. მათ მოგვცეს საშუალება საზღვრებს გარეთ გვეფიქრა და ჩვენი პირადი, ერთადერთი და განუმეორებელი რაკეტა შეგვექმნა. რაკეტის გაშვების მომენტი დაუვიწყარი გამოდგა. საბოლოო შედეგი ნამდვილად ღირდა იმ წვალებად და შრომად, რაც ის ერთი გაფრენა, ის წუთი დაჯდა“, - იხსენებს იონა. 


გუნდის კიდევ ერთი წევრი, გიორგი რიგიშვილი ნასას ასტრონავტთან შეხვედრასაც იხსენებს, რომლისგანაც უამრავი გასაოცარი ისტორია მოისმინა. ამბობს, რომ მაიკლ ფორმენი სამაგალითო ადამიანი აღმოჩნდა და მასთან შეხვედრით აღფრთოვანებულია.


„ჩვენ შევხვდით ასტრონავტ მაიკლ ფორმენს, რომელსაც ნასას ორ კოსმოსურ მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მაიკლი მოგვიყვა როგორ აიხდინა ოცნება და გახდა ასტრონავტი, როგორი იყო ნულოვან გრავიტაციაში გატარებული დრო და შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში დავუსვით ის კითხვები რაც გვაინტერესებდა. მან ყველაფერზე ამომწურავი პასუხები გაგვცა. ეს იყო საოცარი გამოცდილება ჩემთვის“, - ამბობს გიორგი.


მაიკლ ფორმენთან შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გუნდის წევრ ალექსანდრე ქაჯაიაზეც, რომელიც ამბობს, რომ უჭირდა დაჯერება იმ ყველაფრისა, რაც მის გარშემო ხდებოდა. 


„იმ მომენტში რთული გასააზრებელი იყო როდესაც კოსმონავტს შევხვდით, რომ მე იმ წუთას იმ ადამიანს ველაპარაკებოდი ვინც ჩვენი პლანეტის გარეთ, დედამიწის თანამგზავრზე, მთვარეზე იყო ნამყოფი. საინტერესო იყო ძალიან მასთან საუბარი და იმის მოსმენა თუ რამხელა გზა გაიარა იმისთვის, რათა გამხდარიყო კოსმონავტი და ჩვენი პლანეტის გარშემო ემოგზაურა“, - ამბობს ალექსანდრე.


სოფო ჩიხლაძე იხსენებს, რომ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ნასას მასშტაბურობამ მოახდინა, თუმცა არც იმის აღნიშვნა ავიწყდება, რომ ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე, მეცნიერებს საკუთარი ცხოველებიც კი ჰყავთ.


„ერთ-ერთი რამ, რამაც გამაკვირვა იყო ნასას მასშტაბი - უამრავი შენობა, ქუჩები და ცხოველებიც კი ჰყავთ. ერთ-ერთ შენობაში ას მეტრზე მაღალი სატურნ 5-ის რაკეტაა, რომელიც ასევე უზარმაზარია. ვნახეთ პაწაწინა კაფსულები, რომლებშიც ასტრონავტები რეალურად კოსმოსში იყვნენ და გავიგეთ ძალიან ბევრი ნასას მისიებზე, წარმატებულზე თუ წარუმატებელზე“, - გვიამბო სოფო ჩიხლაძემ.


მარიამ გამრეკელაშვილისთვის ნასაში ვიზიტი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან იქ გატარებულმა დრომ საბოლოოდ გადააწყვეტინა თუ რა პროფესიას აირჩევს. 


“ნასაში ვიზიტი უდიდესი გამოცდილება იყო ჩემთვის. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სწავლას STEM მიმართულებით გავაგრძელებ. მათ მიერ მოყოლილი ისტორიების შემდეგ მივხვდი, რომ დანებება არასდროს არის გამოსავალი და უდიდესი შრომის გაწევაა საჭირო მიზნის მისაღწევად. საბოლოოდ, ნასაში გატარებულმა ერთმა კვირამ უდიდესი კვალი დატოვა ჩემზე და არასდროს დამავიწყდება”, - ამბობს მარიამი.


ახალგაზრდა გამომგონებლებს სურთ, რომ მათ თანატოლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და რჩევებიც მისცენ, რადგან მათი აზრით, აუხდენელი ოცნებები არ არსებობს.


„არ დაიშურონ არც დრო და არც ენერგია მიზნის მისაღწევად, რადგან შრომა ნამდვილად ღირს ამ ყველაფრად“, - ამბობს ალექსანდრე ქაჯაია.


„არასდროს დაიხიოთ უკან, რადგან თუ რაიმე მართლა გსურთ, ბოლომდე მიჰყევით და აუცილებლად გამოგივათ. ამ სფეროში განვითარებისთვის დღეს ყველანაირი საშუალება არსებობს, მთავარი მონდომებაა“, - ამბობს გიორგი რიგიშვილი.


ნასაში გატარებული დღეების შემდეგ ქართველი ახალგაზრდა გამომგონებლები საქართველოში ახალი მიზნებითა და ოცნებებით დაბრუნდნენ. აშშ-ში მიღებულმა გამოცდილებამ მათ დიდი ცოდნა შესძინა, რომელსაც როგორც ამბობენ, სამომავლო საქმიანობაში გამოიყენებენ. ამ ეტაპზე კი, ბარნის სმარტ ლაბირინთის დახვეწასა და განვითარებას უთმობენ დროს, რომელიც მედიცინაში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. 

ავტორი: დიმიტრი სანაია