ცისფერი მთები

მიხეილ ხერგიანი - 89

ქართველი ალპინისტი - „კლდის ვეფხვი."

მარტი 20, 2021

„მაშინ გავიხსენე მამაჩემის სიტყვები. ერთ ჩემ ამხანაგს უხსნიდა, რანაირი კაცი ვარ მე. თუ გინდაო მიშა სწორი გზით წავიდეს, მარცხნივ თუ გინდოდეს, მარჯვნივ უთხარიო, მაშინ მარცხნივ წავაო. მამა ჩემი არ ცდებოდა იმ დროს.“

-       ნაწყვეტი მიხეილ ხერგიანის დღიურიდან.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

მიხეილი, როგორც თვითონ ამბობდა, ნამდვილი სახელი - ჩხუმლიანი, ყოველთვის მიუწვდომელისკენ მიილტვოდა და, ალბათ, სწორედ ეს თვისება იყო, რამაც შექმნა მიხეილ ხერგიანი, როგორც ლეგენდა - „კლდის ვეფხვი“. 1964 წელს მიხეილი ინგლისში მიიწვიეს, სადაც ადგილობრივ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა. აქ, ერთ-ერთ შეჯიბრს დედოფალიც ესწრებოდა, რომელსაც მიხეილ ხერგიანი დაუნახავს ტრიკონებში (სპეციალური ფეხსაცმელი, რომლის ძირიც ვეფხვის ტორს წააგავს) და ქართველ მთამსვლელზე უთქვამს:

„ვინ არის ის, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?“

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ასე შეერქვა საქართველოში, 1500 მეტრზე, კონკრეტულად კი, მესტიაში დაბადებულ მიხეილ ხერგიანს „კლდის ვეფხვი.“

მიხეილ ხერგიანი 1932 წლის 20 მარტს ბესარიონ ხერგიანის, სვანეთის ერთ-ერთი პირველი მთამსვლელის ოჯახში დაიბადა, რომელიც 1937 წელს სამხრეთ უშბაზე სამხრეთის ურთულესი კედლით პირველად ავიდა. ბავშვობიდან ისმენდა მთების გასაოცარ ამბებს მამისგან და სწორედ ამ დროს გაუჩნდა ლტოლვა იმისკენ, რასაც სიცოცხლის ბოლომდე ამაყად, პროფესიონალურად, ვნებითა და მონდომებით ემსახურებოდა.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

მიხეილი ალპინიზმში სსრკ-ის სამგზის კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატის შვიდგზის ჩემპიონი იყო, თუმცა მთამსვლელს მხოლოდ მისი სპორტული მიღწევებით არ იხსენიებენ და არც თავად მიაჩნდა ტიტულები აღსანიშ ფაქტად.

„რაც მედლები მაქვს, ყველას ერთად მირჩევნია, რომ ბევრი მთამსვლელი მყავს გადარჩენილი, ყველაზე მეტად ის მიხარებს გულს, ადამიანს სიცოცხლეს რომ შევუნარჩუნებ.“

თავი ბოლომდე ალპინიზმს მიუძღვნა. ამაზე ისიც მეტყველებს, 37 წლის ასაკში, 1969 წელს იტალიურ ალპებში, მთა სუალტოს 700-მეტრიანი კედლის დალაშქვრისას რომ დაიღუპა. დიდი ლოდების გროვამ მიხეილი კედელს მოსწყვიტა და თოკი გაწყვიტა.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

თუმცა, მიხეილის გაცნობა ჯერ კიდევ შესაძლებელია მესტიაში, მის სახლში, რომელიც სახლ-მუზეუმად არის გადაკეთებული, რომელიც ზუსტად იმ იერსახითაა შემორჩენილი, როგორიც მის სიცოცხლეში იყო. ეს მუზეუმი ჰყვება ისტორიას როგორც მთამსვლელზე, ასევე სვანეთსა და ზოგადად ქართულ ალპინიზმზე.

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

„საოცარი კაცი იყო მიშა. მახსოვს, ინგლისში ლორდებმა თავისთან მიიწვიეს. თავიდან შევფიქრიანდი, - გლეხის ოჯახში გაზრდილი კაცია და ეტიკეტს როგორ დაიცავს-მეთქი, მაგრამ ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვნახე, როგორ იქცეოდა მიშა მათთან."

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

„თავში გამიელვა - ლორდი ლორდთა შორის არის-მეთქი.“

ავტორი: ქეთო შურღაია