ლიტერატურა

ლადო - სიკვდილით მირონცხებული მარადიული ჭაბუკი

"საბა"

იანვარი 13, 2020

„დავიბადე 1917 წელს ლეჩხუმში, სოფელ ბარდნალაში.


ჩემი მშობლები იყვნენ სახალხო მასწავლებლები.


1934 წელს დავამთავრე ცაგერის სას. სამ. ტექნიკუმი და ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში შევედი, რომელიც დავამთავრე 1938 წელს.


ლიტერატურული მოღვაწეობა დავიწყე 1937 წლიდან და დღემდე სისტემატურად ვიბეჭდები ქართულ პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებში.


1940 წელს საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობამ გამოსცა ჩემი ლექსების წიგნი, რომელშიც თავმოყრილი იყო ჩემი ლიტერატურული პროდუქცია. ...


* * *


იმის საყურადღებოდ, ვინც ამ ლექსების დაბეჭდვას ისურვებს: ყველაფერი უნდა დაიბეჭდოს უცვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა! ეს ლექსები ყველა ერთად ამ სახით თუ დაიბეჭდება, თორემ ერთიც რომ გამოაკლდეს, მაშინ არ დაბეჭდოთ, არ მინდა. 2000 სტრიქონია სულ, მე მგონია, წელიწადში ერთხელ მაინც შეიძლება დამეთმოს ჟურნალში ცოტაოდენი ადგილი.



ბავშვობიდან დღემდის სულ იმის ფიქრში ვარ – ჩემი ქვეყნის სასახელო ადამიანი გავხდე.

ვიზრდებოდი, იზრდებოდა ეს განზრახვა, ეს მიზანი და მე მიხარია, რომ უმიზნო არ ვყოფილვარ...

მე ჩემი ბავშვობა ლექსით დამიწყია და ჩემი ცხოვრება ლექსით უნდა დავამთავრო... ეს ლექსი უჩვეულო ამღერება იქნება.

შევძლებ კი ამ მიზნის შესრულებას? შევძლებ!..


* * *

ერთ ხანს ვწერ, ვიცი, ბევრი კარგი რამ გამომივა, თუ არადა... ზოგიერთივით მწერლობას არ შევაბერდები, არ ჩავაფრინდები ამ ლიტერატურას ისე, როგორც ეგნატე ნინოშვილის ივანე – ტივის ხეს პალიასტომის ტბაში. ისე კი ბევრი მაქვს სათქმელი, საოცნებო და გასაკეთებელი. მინდა ერთი კარგი წიგნის ავტორი მაინც ვიყო. „ასათიანური“ უნდა დავარქვა და შიგ ჩავწერო ყველაფერი ლექსად და პროზით.


***


რადგანაც გრძნობა ჭარბი ვიყავი, ამიტომაა ამდენი დარდი ჩანს ლექსებში, ამდენი პრობლემა.


***


ვიყავი მუნჯი, უთქმი არ რისიმე, თუმცა ბევრი განმეცადა, ერთ დღეს მოვიდა მუზა, გამაცოცხლა, მთქვიო.

***


ერთი არჩეული პოეტი არ მყავს. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე „ოდისეამ“ მოახდინა. რუსთაველზე არაფერს ვამბობ. მისი ლექსები ისე უნდა იკითხო ყოველ დილა საღამოს, როგორც დილისა და საღამოს ჟამს კითხულობენ ბერები ლოცვას, და სძლისპირებივით უნდა იღიღინო ჯადოსნური სტრიქონები.


ყოველი ქართველი პოეტი ისე უნდა ივსებდეს პირსა და გონებას შოთას შაირებით, როგორც დემოსთენე ივსებდა პირს კენჭებით, ენაბრგვილობის დასაძლევად!


***


რა ლამაზია ყველაფერი ამ ქვეყანაზე. აი, თუნდაც ეს მოშრიალე „ჩვენი“ ჭადარი რუსთაველზე... გინდა სულ უმზირო და იფიქრო უკვდავებაზე.


***


სიკვდილია ძილი, ძილია სიკვდილი, ერთიდან ვიღვიძებთ, მეორიდან – ვერა. ეს ძველინდური სიბრძნეა!


* * *


ისე მწყუროდა მე შენი ნახვა,

ვით უცხოეთში ქართველს ქართველი...

ლადო ასათიანი, მიხეილ ალავიძე, შალვა ქურიძე

* * *


ჩვენი აწმყო და მომავალი ისე დიდია, როგორც დიდი იყო ჩვენი წარსული.



* * *


გავუღიმე მაღალ ცის ლაჟვარდს...


***


მე მგონია, მწერლის ერთადერთი ჰონორარი ეს ის სიყვარულია, რომელსაც უცნობი ადამიანებისაგან გაიგონებ...


***

ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე

***

შენა ხარ მდიდარი, მე - ძლიერ ღარიბი,

შენ - პროზაიკი, მე - პოეტი მართალი.

შენ - ლოყებღაჟღაჟა ყაყაჩოს ყვავილი,

მე, როგორც სიკვდილი, მკრთალი და გამხდარი.


***

არაფერი არ ვიცი, მე კარგათა ვარ, სავსებით.



თქვენი ლადო ასათიანი


ავტორი: saba.com.ge