კულტურა

ჯაზის საერთაშორისო დღე და ჯაზ-ფესტივალები საქართველოში

ავტორი: კახა თოლორდავა

აპრილი 30, 2020

კარლჰაინც შტოკჰაუზენმა, გერმანელმა კომპოზიტორმა, ერთხელ ასეთი რამ თქვა:


“როდესაც მე იაპონურ მუსიკას ვუსმენ და მე ის მომწონს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ მუსიკამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩემზე, როგორც კომპოზიტორზე, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ იაპონური მუსიკის მეშვეობით მე იაპონელი აღმოვაჩინე ჩემში.”


თუ შტოკჰაუზენი მართალი იყო, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ქართველს, ვინც იმ აკუსტიკურ ფენომენში “შეაბიჯა,” მოარულ ენაზე ჯაზს რომ ვუწოდებთ, უნდა ქონოდა იმის ქვეცნობიერი შეგრძნება, თუ რას გრძნობდა ნებიმიერი შავკანიანი ამერიკელი ჯაზისკაცი, აფრიკიდან ამერიკის კონტინენტზე გადმოყვანილი მონების შთამომავალი, ვინც მისისიპის დელტას მიდამოებში დაიბადა და გაიზარდა და ვინც საყვირით (ან სხვ რომელიმე ინსტრუმენტით)ხელში, უცნაური მელოდიური, რიტმული თუ ჰარმონიული მონახაზებით ცდილობდა თავისი სათქმელის თქმას. ყველაფერთან ერთდ, იმ პირველმა ქართველმა, ვის გენშიც უკვე ჩადებული იყო თავისუფლებისკენ სწრაფვა და იმპროვიზაციის უნარი, საკუთრ თავში აღმოაჩინა ის აკუსტიკური ფესვები, რომელზეც ჯაზი დგას, - ბლუზი. პირველი ქართველი ჯაზის მოყვარული ბლუზმენი იყო, რამაც საშუალება მისცა მას სინქრონიზაციაში მოსულიყო ჯაზის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებთან, იქნებოდა ეს სვინგი თუ სპონტანური შეპასუხების უნარი. ეს სიყვარული ჯაზის მიმართ მან სხვებს გადასდო და ასე გაჩნდენ საქართველოში პირველი ჯაზის მოყვარულები, მოგვიანებით კი ისინი, ვინც ქვეყანაში ჯაზის სხვადასხვა სახით პოპულარიზაცია გადაწყვიტეს. ასე გაჩნდა საქართველოში ჯაზ-ფესტივალის იდეაც.

ჯაზ-ფესტივალებს საქართველოში საკმაოდ გრძელი და “მიხვეულ-მოხვეული” ისტორია აქვს, დაწყებული ჯერ კიდევ საბჭოთა სივრცეში გაჩენილი ცალკეული პარტიული თუ მის მიღმა ინიციატივებით და დასრულებული “ისთერნ-ფრომოუშენის” უკვე ყოველწლიური საერთშორისო ფესტივალებით თბილისსა და ბათუმში. ზოგადად ჯაზის სასტარტო პოზიცია საქართველოში, განსაკუთრებით კი საბჭოთა საქართველოში ცივი ომის დროს, საკმაოდ არასახარბიელო იყო. მარტო 1947 წლის ე.წ. “ანტი-კოსმოპოლიტური” კამპანია რად ღირს! ამ კამპანიას, რომელმაც 1952 წლამდე გასტანა, მიზნად ქონდა დასახული საბჭოთა კულტურული სივრცისთვის მოეცილებინა ნებისმიერი “ბურჟუაზიული” ელემენტი, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჯაზიც.


იდეოლოგიურ ომში ჩათრეულ აკუსტიკური ფენომენს, რომელიც საუბრის, პარტნიორისთვის ყურისგდების, ადექვატური შეპასუხების და დემოკრატიული ფასეულობების პრინციპებს ეყრდნობოდა ათწლეულები დაჭირდა ახალ სასტარტო პოზიციაზე დასაბრუნებლად, მაგრამ როდესაც უკვე 1962 წელს თბილისს ბენი გუდმენი და მისი ორკესტრი ექვია, ყველასთვის ნათელი გახდა ის, რომ ჯაზი არსად წასულა. სვინგის სექსუალური პულსაცია უკვე იმდენად ფესვგამდგარი აღმოჩნდა ქართველებში, რომ სამშობლოში დაბრუნებული გუდმენი თურმე ყველას უყვებოდა თუ როგორ მიიღეს მისი მუსიკა “იმ ქართველებმა.” ოთხი წლის შემდეგ ქართველი მსმენელი უკვე ერლ ჰაინსს უკრავდა ტაშს, 1972-ში კი ტედ ჯონსის და მელ ლუისის ორკესტრს. ამ დროს უკვე ნათელი იყო, რომ ჯაზი აღარასდროს “მიატოვებდა” ქართველებს.

და მაინც, ამ დროს ჯერ კიდევ ადრე იყო ჯაზის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და სიცოცხლისუნარიანი აკუსტიკური ფენომენის, საქართველოში ფესტივალების მეშვეობით პოპულარიზაციაზე საუბარი. ამაზე ადრე იყო საუბარი 1978 წელსაც, როდესაც თბილისმა პირველ ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა და და 1986 წელს, თბილისის მეორე ჯაზ-ფესტივალის შემდეგაც. მერე კი მოხდა ის, რასაც ალბათ არასდროს დაივიწყებს ქართველების ის თაობა, ვინც 1989 წლის სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში უსმანდა ჯაზს თბილისის მესამე უკვე საერთშორისო ჯაზ-ფესტივალზე. ფრედი ჰაბარდი, სან რა, ჯიმი სმითი, ართ ბლეიკი, ქენი დრუ, ნილს-ჰენინგ პედერსენი და კიდევ ძალიან ბევრი დიდებული ჯაზისკაცი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში უკრავდნენ ქართველებისთვის. სწორედ ამ ფესტივალის დროს გაარკვიეს ქართველების ნაწილმა, რომ მუსიკალურ ფენომენს, რომელიც გარკვეული რელიგიური, სოციალური თუ ესთეტიკური პროცესების თანხვედრის შედეგად წარმოიშვა მისისიპის დელტაში,არა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის მონიჭება შეეძლო მსმენელისათვის, არამედ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ცხოვრების სწავლება.

ასე გაჩდნენ საქართველოში ჯაზის ისეთი მოყვარულები, ვინც სიღმისეულად შეიგრძნო დიალოგის ძალა და კარგად გააცნობიერა ჯაზის დემოკრატიულობა. ყველაფერი ის, რაც დღეს საქართველოში ხდება ჯაზთან მიმართებაში იმ კონცერტებზე დასწრებული ჯაზში უზომოდ შეყვარებული ძალისხმევის შედეგია. რომ არა 1989 წლის ჯაზ-ფესტივალი, არ იარსებებდა “ისთერნ-ფრომოუშენი” - ამ მუსიკის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანების მიერ შექმნილი კომპანია, შესაბამისად,ქართველებს არ მიეცემოდათ საშუალება მოსმინათ აი ამ მუსიკოსებისათვის: ბილი კობჰემი, ჟან-ლუკ პონტი, შაქტი, ჩიკ კორეა, ჰერბი ჰენკოკი, მაკკოი ტაინერი, კურტ ელინგი, ჯორჯ ბენსონი, ჯეკ დეჟონეტი, დაიან რივზი, ქრისჩენ მაქბრაიდი, ქრისჩენ სკოტი, ჯო ზავინული, ჯეიმზ კარტერი, მარკუს მილერი, ბობი მაკფერინი, ჯონ მაკლაფლინი და კიდევ უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსი. მათი მუსიკის ცოცხლად მოსმენა “სახიფათოა” იმიტომ, რომ ამ მუსიკამ შეიძლება ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. ძირფესვიანად!    

ჯაზის სიცოცხლისუნარიანობა წარსულის და აწმყოს უწყვეტი დიალოგის მცდელობაში, მისი შინაგანი განახლების პოტენციასა და სხვა კულტურებთან საზრდოობის უნარშია, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ მუსიკაში მაინც ისაა, რომ ჯაზი საუბრის მუსიკაა და ეს მისი ფუნდამენტური ღირებულებაა.

“ჯაზი საუბრის მუსიკაა და ეს ისაა, რაც დემოკრატიას ესაჭიროება. შენ უნდა გქონდეს სურვილი მოუსმინო სხვა ადამიანის აზრს და შეეპასუხო მას... ჯაზში შენ შენივე უნარების მეშვეობით გეძლევა საშუალება მოიპოვო თანასწორუფლებიანობა. ეს სწორედ ის შანსია, რაც შენ დემოკრატიის პირობებში გეძლევა... ხშირად (დემოკრატიის პირობებში) მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც შენ ისურვებდი, არამედ ისე, როგორც ამას უმრავლესობა ისურვებს და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა გაყვე მათ და მაქსიმალური აიღო იმ სიტუაციიდან, რომელიც არ გეპიტნავება... დემოკრატიის პრინციპი ისაა, რომ შენ გაქვს თავისუფლება და აქ ჩნდება ასეთი კითხვა, - “როგორ გამოვიყენებ მე მას?”


უინტონ მარსალისი, ამერიკელი ჯაზისკაცი და კომპოზიტორი

- ეს კითხვა კი ყველაზე მთავარია ჯაზშიც. დემოკრატიიის პირობებში, ისევე როგორც ჯაზში, შენ შეზღუდული თავისუფლება გაქვს. ეს არაა სრული თავისუფლება. ეს ჩარჩოებში ჩასმული თავისუფლებაა...” შეიძლება საქართველოში ბევრს არ ქონდეს ჯაზსა და დემოკრატიულ ღირებულებებს შორის კავშირის ასე სიღრმისეულად არტიკულირების უნარი, მაგრამ ეს სწორედ ისაა, რის დანერგვას და განმტკიცებასაც ცდილობს, თუნდაც ინტუიტიურ დონეზე, საქართველოში გამართული ნებისმიერი ჯაზ-ფესტივალი, იქნება ეს თბილისის ჯაზ-ფესტივალი თუ შავი ზღვის ფესტივალი ბათუმში. 

დაწყებული 2000 წლიდან, როდესაც “ისთერნ-ფრომოუშენმა” საბოლოოდ მოახერხა საქართველოში საერთშორისო ჯაზ-ფესტივალების უწყვეტი, ყოველწლიური ციკლისათის საფუძველის ჩაყრა, რომელიც უკვე ოცდამესამე წელს ითვლის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთი მხარდაჭერის მოპოვება, რაც ამ უწყვეტობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა ჯაზ-ფესტივალების ორგანიზატორებს. ეს ძალიან რთული უნდა ყოფილიყო ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, თუმცა წლიდან წლამდე ჯერ თბილისის საერთშორისო ჯაზ-ფესტივალი, 2007 წლიდან ბათუმის შავი ზთვის ჯაზ-ფესტივალი, უფრო მოგვიანებით კი უკვე მყარად ფეხმოკიდებული ჯაზ-სერიები, ხშირად გაჭირვებით, თუმცა მაინც ახერხებდნენ აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინსტიტუტებისგან. ჩვენი ჯაზ-ფესტივალები ზედმიწევნით დახვეწილ და გემოვნებიან მუსიკას წარმოადგენენ თითქმის ყველა ტიპის მსმენელისათვის, - მათთვის, ვისთვისაც უფრო კომფორტული აკუსტიკური მდგომარეობაა მისაღები და მათთვისაც, ვისთვისაც მუსიკის სმენა თავგადასავლების და ახალი აღმოჩენების ტოლფასია.

“როდესაც ადამიანები ირწმუნებენ, რომ არსებობს საზღვრები, ისინი ამ საზღვრების ფარგლებში მიმოიქცევიან,” - თქვა ერთხელ ლეგენდარულმა დონ შერიმ. თუ ყველას, ვისაც გაცნობიერებული აქვს ის, რომ მათი ძალისხმევის მეშვეობით ამ საზღვრების შლის პროცესი ჩქარდება, მაშინ შეიძლება თამამად ითქვას, რომ მათივე მეშვეობით ქართველი მსმენელი საკუთარ თავში დანარჩენი აკუსტიკური სამყაროს აღმოჩენის პირისპირ დგას. 

ეს კი უკვე ძალიან ბევრია და სწორედ ამიტომაცაა, რომ დღეს ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები მსოფლიოს ყველაზე ნიშვნელოვან ჯაზ-მუსიკოსებთან ერთად დგანან ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზების სცენებზე, სწოედ ამიტომაცაა, რომ საქართველო ნელ-ნელა მოერგო სახელოვანი ჯაზ-მუსიკოსების მსოფლიოში გადაადგილების მარშრუტებს, მათ სულ უფრო ხშირად უჩნდებათ აქ დაბრუნების სურვილი , რაც მთავარია, სწორედ ამიტომაცაა, რომ უკვე წლების განმავლობაში ჩვენ მთელ მუსიკალურ სამყაროსთან ერთად, აღვნიშნავთ ჯაზის საერთაშორისო დღეს. ეს კი ის დღეა, რომელიც ყველა ქართველმა ჯაზ-მუსიკოსმა და ამ მუსიკის მოყვარულმა საკუთარი ძალისხმევის მეშვეობით მოიპოვა და თითოეულ მათგანს სრული უფლება აქვს, რომ დამსახურებული მოლოცვა მიიღოს ნებისმიერისგან, ვისაც ამის სურვილი ექნება…    

ავტორი: კახა თოლორდავა