ლიტერატურა

სიტყვების „წითელი წიგნი“ – „ნატვრის ხე“

"საბა"

იანვარი 08, 2020

ამას წინათ, სოციალური ქსელის რომელიღაც პოპულარულ გვერდზე ერთი ფოტო იდო, ასეთებს მრავლად ნახავთ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაქრნენ მწერები, როგორ იცვლება გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორ მოკლეს წითელ წიგნში შეტანილი რომელიღაც იშვიათი ჯიშის ცხოველი, როგორ გაქრა რომელიღაც სახეობის უკანასკნელი ნიმუში და როგორ გაღარიბდა ჩვენი საერთო სახლი - დედამიწა.


გიფიქრიათ, რომ ეკოლოგიური პრობლემები მხოლოდ მცენარეებისა თუ ცხოველების სახეობებს კი არა, სიტყვებსაც ემუქრება, სიტყვებს, რომლებიც აშენებენ ჩვენს ყოფიერების სახლს, ჩვენს არსებობას.

გიორგი ლეონიძე, 1942 წელი

თუ დავაკვირდებით სიტყვებს, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებთ, მათ რაოდენობას, სიმწირეს, სიღარიბეს, მივხვდებით, რომ ენობრივი ეკოლოგია არანაკლებ დიდი პრობლემაა და ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ჩვენი ენის სიმდიდრეს, მრავალფეროვნებას, შინაარსის გამოხატვის საშუალებას, ფერებს, ხმოვანებას, ფორმას, ისტორიას, ემოციას...


ამ კუთხით, ყოველი წიგნი, იქნება ეს ლექსიკონი თუ პოეზიის ან პროზის რომელიმე ნიმუში თავისი არსით წითელი წიგნია, რომელიც გადაშენებისა და დავიწყების პირას მყოფ სიტყვებს დავიწყებისგან გადაარჩენს.

ერთ-ერთი ასეთი წიგნია გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“, შესანიშნავი, ავტობიოგრაფიული პროზა, საოცრად სახიერი და კინემატოგრაფიული ტილო, სადაც ფერები, ამბები, სახეები, სახელები ქართული ენის წარმოუდგენელი შესაძლებლობებით ცოცხლდება.


„ამოდით აჩრდილებო, თამამად და თქვენი მძლავრი სიტყვით მომიყევით ყველაფერი! მე ხომ თქვენ უბირ ცხოვრებასა ვწერ და ამ წიგნში გამოუცდელი პროზაიკოსის ხელით; მე ხომ მხოლოდ თქვენ გიგონებთ... ამოდით, ამოდით. მეზობლებო, მეგობრებო! ვიცი, აღარ ხართ, მაგრამ როდი წარეცხილხართ ჩემი გულიდან, ისევ მეცნაურებით! ყველანი მახსოვხართ! „


„ელიოზს სწამდა: იანვრის სასტიკ ყინვიან ღამეში თუ შუაღამისას მოხვდი ტყეში და თუ ცის გახსნას შეესწარ, მაშინ დაინახავ ტურფად აყვავილებულ ჯადოსნურ ხეს. არა მშვენიერება მას არ სჯობია! ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც ნაყოფს მოისხამს. თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა! სიღარიბე იმ წამსვე ჩამოგეცლება სამუდამოდ! ვინ უთხრა ვინ ჩააგონა, დღესაც არ ვიცი, ეს კია, რომ იანვრის ღამეებში, როცა ყინვით ცა გასკდომაზეა, ხშირად დახეტიალობდა.“


„შარაზე გამოჩნდა მარტოდმარტო ბერიქალა, არსაფერისად ეცვა, სხვადასხვა მხიარული, ჭყეტელა ნაჭრებისაგან შეკერილი კაბა. ცალი ხელით მოძველო ქოლგა ეჭირა, მეორეთი ჭრელი ბოხჩა. ძველებური შავი თათმანი ეცვა ხელთ და ადამის ხნის დაგლეჯილი, მაღალქუსლიანი, ჩაღილული, ყელიანი ფეხსაცმელი და მომტვრეული, შუაზე გადაჩეხილი ქუსლი ძალზე აწვალებდა. მოქანცული, შეოფლიანებული გმინავდა, შეწუხებული ცალკე სიცხით, ცალკე უხერხული ფეხსაცმლით, ცალკე თავისი მწარე ბედით!“


ენობრივი ეკოლოგიის კიდევ ერთი საკითხი, რისი ილუსტრაციაც გახდა ჩვენი ვირტუალური ცხოვრება. ერთმანეთისთვის ავი სიტყვების, გინების, ლანძღვის გამეტებაა, რაღა გამეტება, ერთგვარი აუცილებლობაც - კბენა, ღრენა, დაცინვა, კიბერბულინგი და... მოკლედ, ნუ დავიწყებთ სპეციფიკური ტერმინების ჩამოთვლას. როგორც ისევ „ნატვრის ხის“ საგანძური ამბობს, ყველანაირი ენაა აქ, ჩვენს ვირტუალურ გარემოში:


„რამდენი ენაც კი არსებობს ქვეყანაზე, სულ აქ იყო ნაჯგუფარი: ენამძლე, ენაკვესია, ენაგესლი, ენაქარცი, ენამორბედი, უკლიტო ენა, ენამუხლმალი, ენა გაბნეულ-გამობნეული, სახრიკო ენა, ენამრე, ენაწყალინაყია, ენაქუხილი, ენამახვილი, ორენა...


კიდევ დავუმატოთ? ორკაპა ენა, ენატლეკია, ენაჭრიჭინა. კიდევ ვინ იცის, რას არ იტყვის დაუყენებელი ყბა! ჭორელებმა წამოანთხიეს გულის ღარღლი, დაღერღეს ყველა, დაასახიჩრეს, დააჩინჩხვარეს, მტვერი აადინეს!“



ესეც ხომ ენის ეკოლოგიაა, სულების, ურთიერთობების, განცდების ეკოლოგიაზე რომ არაფერი ვთქვათ:


„და ვინ მოსთვლის, ან სადღა მახსოვს? რა იქმნენ, სად წავიდნენ ეს ალერსიანი სიტყვები, ძველად ათასმა მაიკომ რომ იცოდა საქართველოში?


რატომ აღარ ვალერსობთ დღეს ამ სიტყვებით, რატომ ჩვენც აღარავინ გვეუბნება, რად გავიძარცვენით, ხომ გვცივა უამსიტყვებოდ!


რატომ აღარ ესმით ეს ტკბილქართული ჩვენს ბავშვებს, – შვილებსა და შვილიშვილებს?


რატომ დაჰკარგეს ჩვენმა ქალებმა ქართული საალერსო სიტყვები? ნუთუ დაყრუვდნენ, მოკვდნენ, გადაშენდენ ეს სიტყვები? ნუთუ ისე გახევდა ჩვენი გული, რომ ეს თბილი, მდედრული სიტყვები აღარ არიან ჩვენთვის საჭირო, რად დაივიწყეს ისინი დღევანდელმა ქართველმა დედებმა? – მე სწორედ მათ საგულისხმოდ ვწერ ამას!“


იქნებ ისევე ვიფიქროთ ენის ეკოლოგიაზე, როგორც გარემოს დაცვაზე ვფიქრობთ, ვცადოთ, გავაცოცხლოთ დავიწყებული სიტყვები და ჩვენი სიტყვების აქტიური მარაგი გავზარდოთ, არ დავაბინძუროთ ჩვენი ენობრივი გარემო და, თუ მაინცდამაინც, უფრო სასარგებლო რესურსი დაგვჭირდა, თვეში ერთხელ გადმოვიღოთ გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ და ამ საოცარი წიგნის ლექსიკური ჟანგბადით ვისუნთქოთ.


როგორ ფიქრობთ, ცუდი აზრია?

ავტორი: saba.com.ge