მუსიკა | ცა

გიო შენგელია

ივლისი 10, 2019

„პრინციპული ვარ , საკმაოდ პრინციპული - ესეც ვიტყოდი. არასდროს მეშინოდა დაკვრის დროს რისკზე წასვლა, ახლის მოძებნა და შემდეგ მსმენელისთვის მისი მიწოდება.“ 

ქართული საკლუბო მუსიკის ისტორიაზე საუბარი, რომელიც დაახლოვებით ორ ათეულ წელს ითვლის, გიო შენგელიას გარეშე ალბათ წარმოუდგენელია. ის არის ადამიანი, რომლის თვალწინ ბევრი კლუბი შეიქმნა (და დაიხურა), საცეკვაო მოედნის დინამიკა თუ გართობის ეთიკა შეიცვალა და სცენა განვითარდა იმ სახით, რა სახითაც დღეს გვაქვს. თუმცა გიო მხოლოდ პასიური დამკვირვებელი არ ყოფილა - ის მთელი ამ პროცესების აქტიური და ხშირად მთავარი მონაწილეც კი იყო


„ამ წლებში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა როგორც მსმენელის, ასევე კლუბების თუ ფესტივალების განვითარებს კუთხით. გადავიტანეთ რთული პერიოდებიც, როდესაც ლამის ყველაფერი „დაპაუზებული“ იყო, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა. რაც მთავარია ახალი თაობა მასიურად არის პროცესების მონაწილე, რაც ადრე ამ დოზით არ ხდებოდა“


ქართულ საკლუბო სივრცეებში გიოს მუსიკალური დებიუტი 2000-იანი წლების დასაწყიში შედგა, რის შემდეგაც მას ფაქტიურად დაკვრა არ შეუწყვეტია. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა კლუბი NightOffice, რომელიც ფაქტიურად იმ ჩანასახს ქმნიდა, რომელიც შემდგომში ადგილობრივი ქლაბინგ „ინდუსტრიისთვის“ საკმაოდ ინსპირაციული სივრცე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ხარისხიანი ხმის სისტემა (soundsystem) და გამართული საკლუბო ინფრასტრუქტურა დიდ ფუფუნებასთან ასოცირდებოდა, დიჯეები მაინც ახერხებდნენ მსმენელისთვის რაღაც საინტერესო და ახლის შეთავაზებას. გიოს აზრით ამის მიზეზი კომერციული მუსიკით მობეზრებული მსმენელის მხრიდან ხარისხიანი მუსიკის მონატრების განცდა იყო. (თვითონ მას კი იმ პერიოდიდან ყველაზე მეტად სმარტოფნებისგან დაცლილი დენსფლორი ენატრება.) 




“დაკვრის დროს ყველაფერს ვაკვირდები, ტექნიკური დეტალებით დაწყებული, ხალხის რეაქციებით დამთავრებული. მომწონს აუდიტორიასთან ახლოს ყოფნა.“

ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით შესამჩნევია, რომ გიოსთვის უფრო საინტერესო პატარა კლუბებში დაკვრაა, ვიდრე დიდ ფესტივალებზე - ამბობს, რომ ე.წ. მეინ სთეიჯების სპეციფიკა მისთვის სულ უფრო და უფრო უინტერესო ხდება. მიზეზსაც მარტივად განმარტავს: 


„ასეთ დროს ხალხთან კომუნიკაცია ნაკლებად მაქვს , ჩემთვის ყველაფერი მასიური ხდება და მარტივად რომ ვთქვა, ეს მოსაწყენია. პატარა - ინტიმური სივრცეები , როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ თავს , ბოლომდე თავისუფლად.“


თავისუფლების განცდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისიც, რომ როგორც არტისტი, ის ერთ ადგილზე არასდროს ჩერდება. ვისაც წლების განმავლობაში მისთვის მოუსმენია, აუცილებლად შეამჩნევდა, რომ გიო შენგელიას ‘მუსიკა’ იცვლება, ისევე როგორც იცვლება თვითონ. მის სეტებში ყოველთვის მოიძებნება ადგილი ახალი შთაბეჭდილებებისთვის, ახალი გამოცდილებებისთვის და ექსპერიმენტებისთვის. სწორედ დინამიკის შეგრძნების და ცვლილებების მიმართ ღიაობის დამსახურებაა, რომ დღეს გიო შენგელია ისეთივე რელევანტურია, როგორიც ყოველთვის იყო. გიოს დღემდე ჰყავს ბევრი მსმენელი, რომელიც მისგან ელოდება რაღაც ისეთს, რაც არასდროს მოუსმენია. ხშირად დასმულ კითხვას, თუ როგორ ახერხებს ამას, მარტივად პასუხობს: „მუსიკისადმი უდიდესი სიყვარული“. ამ სიყვარულის სახელით ის ცდილობს გაექცეს ჩარჩოებს, არ აღმოჩნდეს სტილის ტყვე და მუდმივად მზად იყოს გამოწვევებისთვის.



საიდუმლო არ არის, რომ დიჯეის ამპლუა მხოლოდ მუსიკის სიყვარულის ვალდებულებით არ შემოისაზღვრება - შრომა, რომელიც კარგად დაკრული სეტის მიღმა იმალება, ხშირად შეუმჩნეველია. ყოველდღიურად საინტერესო მუსიკის ძებნის რამდენიმე საათიანი პროცესი ბოლო 15 წლის მანძილზე გიოს ყოველდღიურ რუტინად იქცა. სწორედ ამის გამო, მისი ყოველი მცდელობა სტუდიაში მყუდროდ მოკალათებულიყო და საკუთარი მუსიკის შექმნა ეცადა, დასასრულამდე ვერ მივიდა. ყოველ შემთხვევაში ისეთ დასასრულამდე, როგორც მას სურდა. თუმცა აღიარებს, რომ ლეიბლის შექმნას გეგმავს, რომელიც კიდევ ერთი მედიუმი იქნება სადაც გამოცდილი დიჯეი საკუთარ შემოქმედებით სტილს და გემოვნებას დააფიქსირებს. 

„ახლა როგორი პერიოდია იცი? არ უნდა გეძინოს“ - ასე ამბობს და ამის მიზეზიც აქვს - მუსიკალური სცენის განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ახლა საქართველო იმყოფება, მის მსგავს ვეტერან არტისტებსაც კი მუდმივი აქტიურობა მოეთხოვებათ. მიაჩნია, რომ ამ სივრცეს უფრო მეტი ერთიანობა და კონსოლიდაცია არ აწყენდა, თუმცა ის ტენდენცია, რომ ქართველი არტისტები ერთმანეთს საკუთარ კომპოზიციებს ხშირად უზიარებენ, უკეთესი მომავლის იმედს აძლევს. ამ მომავალში საკუთარ თავს როგორ ხედავს? ამაზე ძალიან მარტივი პასუხიც აქვს:


„ბოლო პერიოდია სმენასთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნა, კონკრეტულად კი ფიქსირდება ტინიტუსის საწყისი ეტაპი. შეუძლებელია ასეთი ცხოვრების წესმა, თავისი კვალი არ დატოვოს. ამ პრობლემის აღმოფხვრა მალევე დავიწყე, მაგრამ ყურადღება და მოვლა ყოველდღიურად საჭიროა . ჩემს მეგობრებს თუ კოლეგებს ყველას ვუზიარებ ყურთან დაკავშირებულ პრობლემებს. გრძელი შესავალი გამომივიდა, მაგრამ ამით იმის თქმა მინდოდა, რომ სანამ არ „დავყრუვდები“ ყოველთვის დავუკრავ.“


ავტორი: სოფი წერეთელი