სიახლეები

აღმოაჩინე საჩუქრები თიბისის ციფრულ ბანკში

ნოემბერი 09, 2022

ავტორი: MARKETER.GE

თიბისიმ ციფრული ბანკის საყოველთაო კამპანია წამოიწყო. მონაწილეობა ციფრული ბანკის მომხმარებლებს აპლიკაციაში დამატებული საჩუქრის ღილაკის საშუალებით შეუძლიათ. მარტივ კითხვებზე პასუხით მომხმარებლები ქულებს აგროვებენ, შემდეგ კი მათ საჩუქრებში გადაცვლიან. კამპანიის სამ ყველაზე მონდომებულ მონაწილეს ფულადი პრიზები ელით: I ადგილი – 50,000 ლარი, II – ადგილი – 20,000 ლარი და III ადგილი – 10,000 ლარი.


კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს, რომელიც არ არის თიბისის თანამშრომელი, პარტნიორი ან დაკავშირებული პირი. კამპანია თიბისის ციფრულ ბანკში სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ. კამპანიაზე თიბისიმ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით იმუშავა. საჩუქრების კამპანიაზე თიბისის ციფრული გუნდის მარკეტერი სალი დადიანი, Leavingstone-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი ანჟე იერები და შემოქმედებითი გუნდის წევრი ბექა ადამაშვილი გვესაუბრნენ.

M: რამ მიგიყვანათ კამპანიის ასეთი სახით ჩამოყალიბებამდე?

სალი დადიანი: გვინდა, კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებთან, გავუმარტივოთ ყოველდღიურობა და თან საინტერესო სიახლეებით შევთავაზოთ ეს ყველაფერი. მოვუსმინოთ, მივიღოთ რჩევები და მათ საჭირობებს მოვერგოთ.


საინტერესოა, რომ მსგავსი პრინციპის კამპანია აქამდე არ გვქონია. თან ინტელექტუალური კითხვებია, ჩართვა მარტივია და მთლიანობაში, კარგი გასართობია. კამპანიის მიზანზე მსჯელობისას ვფიქრობდით, რა სიახლე შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის, რათა უფრო მეტად ვასწავლოთ ჩვენი ციფრული ბანკის მოხმარება, გვეჩვენებინა, რატომაა ციფრული ბანკის მოხმარება საჭირო, სასარგებლო და საინტერესო. გვინდოდა ისეთი რამ შეგვეთავაზებინა, სადაც რამდენიმე დავალება შესრულდებოდა. ერთი მხრივ, მომხმარებელი უფრო მკაფიოდ დაინახავდა ციფრული ბანკის მნიშვნელობას ყოველდღიურობაში, უკეთ გაეცნობოდა ფუნქციონალებსა და შეთავაზებებს. აქედან გაჩნდა ახალი კამპანიის იდეა, რომლითაც მომხმარებლები იხალისებდნენ, ციფრული ბანკის ფუნქციებშიც უფრო მეტად გაერკვეოდნენ და თან, ამ ყველაფრისგან სარგებელს მიიღებდნენ.

M: როგორ შემუშავდა კამპანიის კონცეფცია?

ანჟე იერები: ერთი შეხედვით, პრომო კამპანიები შესაძლოა მოსაწყენად ჩანდეს და მასშტაბურ აქტივობებში მომხმარებლის ჩართვა რთულ საქმედ მოგეჩვენოს. თუმცა, ყველაფერი გაცილებით მარტივდება მაშინ, როცა სტანდარტულ პრომო კამპანიას გაცდები, მასში მომხმარებლის ჩართულობის მნიშვნელობას გაზრდი და ამას სათანადო ხარისხით გააკეთებ. სახალისოობა ყოველთვის საუკეთესო მოტივატორია – თუკი შენი პრომო აქტივობა ხალხს გართობის საშუალებას აძლევს, ესე იგი, ისინი აუცილებლად ჩაერთვებიან მასში.


თიბისის გუნდთან ერთად ჩვენ შევეცადეთ, რომ საჩუქრების კამპანია ყოფილიყო მარტივი, სახალისო და საყოველთაო. ერთი მხრივ, კონტენტის – შეკითხვებისა და თავსატეხების მეშვეობით, მეორე მხრივ კი იმგვარი მექანიკის წყალობით, რომელიც მომხმარებელს საჩუქრების კამპანიაში ჩართვას ნებისმიერ ეტაპზე მაქსიმალურად გაუმარტივებს. ციფრული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც ხომ ცხოვრების გამარტივებაა.

M: როგორც ვიცით, ასეთი აქტივობა თიბისის ციფრული ბანკისთვის სიახლეა…

სალი დადიანი: დიახ და ძალიან საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა სწორედ იმიტომ, რომ აქამდე ციფრულ ბანკში მსგავსი მიმართულების აქტივობა არ გვქონია. თვითონ მუშაობის ეტაპიც ძალიან მრავალფეროვანი იყო. ჩვენი ძალიან დიდი ტექ.გუნდი იყო ჩართული ამ ყველაფერში. კითხვა-პასუხის ნაწილზე ბექა ადამაშვილმა იმუშავა. ჩვენი და ლივინგსტონის გუნდი ერთად მუშაობდა, ერთად შევქმენით, გამოვცადეთ და ჩამოვაყალიბეთ თითოეული ნაბიჯი, რათა სწორად მიგვეტანა მომხმარებლამდე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კრეატიულ გუნდს.

M: რა აქტივობებს მოიცავს კამპანიაში მონაწილეობა?

სალი დადიანი: კამპანია მარტივ ინტელექტუალურ კითხვებზეა აგებული. მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სრულწლოვანი და თიბისის ციფრული ბანკის მომხმარებელია. მონაწილეობის მისაღებად სულ 3 მარტივი ეტაპია: უნდა განაახლო აპლიკაცია, შეხვიდე ციფრულ ბანკში, დააჭირო ხელი საჩუქრის ღილაკს და კითხვებს უპასუხო.


კითხვები პერიოდულად იდება. გვაქვს დღის კითხვა. სწორი პასუხის შემთხვევაში მომხმარებელი 50 ქულას აგროვებს, შემდეგ ბონუს კითხვა მოჰყვება და ამ კითხვის პასუხის სწორად გაცემის შემთხვევაში ქულები ორმაგდება. ყველაზე კარგი და საინტერესო ის არის, რომ დღის ყველაზე სწრაფი 20 მონაწილე ცალკე ტოპ ჯგუფში ხვდება და დამატებით საჩუქრებს იღებენ. თუ დღის კითხვაზე დააგვიანე, კითხვები ინახება და ძველ კითხვებსაც შეგიძლია გასცე პასუხი არქივის სექციაში, განსხვავება ის არის, რომ არქივის კითხვას ბევრად ნაკლები ქულა აქვს, ვიდრე დღის კითხვას.


ქულები შეგიძლია ფულად პრიზებში გადაცვალო. პრიზები 10 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდე ადის, იმის მიხედვით, რამდენ ქულას დააგროვებ. გარდა ამისა, ქულები მინიშნებებში შეგიძლია გადაცვალო. ეს მინიშნებები ფინალურ ეტაპზე გამოადგება, რომელიც იანვარში გაიმართება. ფინალურ ეტაპზე კი, სამი გამარჯვებული გვეყოლება, რომელიც 10.000, 20.000 და 50.000 ლარს მოიპოვებს.


თამაშის წესებისა და პირობების ნახვა აპლიკაციაშივე შეგიძლიათ. ასევე, გვაქვს საჩუქრების განყოფილება, სადაც ქულების მიხედვით გაიგებთ, რა საჩუქრის მიღება შეგიძლიათ და რა რაოდენობის საჩუქრებია დარჩენილი. 

თუკი ჯერ კიდევ არ გაქვთ ციფრული ბანკი:


პირველ რიგში, უბრალოდ აპლიკაცია უნდა გადმოწეროთ, შეიყვანოთ სახელი და პაროლი, გაიაროთ რამდენიმე უსაფრთხოების ეტაპი იდენტიფიკაციისთვის და ციფრული ბანკიც გაიხსნება. თუ დახმარება დაგჭირდებათ ქოლ-ცენტრის და ფილიალის თანამშრომლებიც გვერდით დაგიდგებიან.

M: როგორც თქვით, მონაწილეობა ყველას შეუძლია – მაინც, ვისთვის არის კამპანიაში ჩართვა უფრო მეტად საინტერესო?

სალი დადიანი: კამპანია ძალიან საინტერესო იქნება როგორც ახალი თაობისთვის, ისე ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლისთვის. პრინციპი იმდენად მარტივია, რომ ციფრულ ბანკში შესვლისას თავად გკარნახობს, რა გააკეთო. კითხვებიც უფრო მეტად დასაფიქრებელი და თავსატეხია. ვეცადეთ, ბალანსი დაგვეცვა – თან სახალისო ყოფილიყო, თან საინტერესო. ვფიქრობ, ყველა სეგმენტს მივწვდებით და ჩვენი მიზანიც ეგ იყო, რომ საყოველთაო ყოფილიყო ეს კამპანია. ჯერ სულ ახლახან დაიწყო და უკვე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.

M: როგორ შეიმუშავეთ კითხვები კამპანიაში მონაწილეებისთვის? 

ბექა ადამაშვილი: საჩუქრების კამპანიაში არსებული შეკითხვების თემატიკა ფართოა და თითქმის ყველა იმ სფეროს მოიცავს, რაც ადამიანს უცაბედი დაფიქრებისას შეიძლება მოუვიდეს თავში. სტილიც ურთიერთგანსხვავებულია – ზოგ შეკითხვას სავარაუდო პასუხები აქვს, ზოგის პასუხი თავად მომხმარებელმა უნდა ჩაწეროს, ზოგი ვიზუალური მასალას ეყრდნობა და ზოგიც სულაც თავსატეხის სახითაა წარმოდგენილი. სირთულის მიხედვით, ძირითადი შეკითხვები უფრო მარტივია, ქულების გასაორმაგებელი შეკითხვების გამოსაცნობად კი ხშირ შემთხვევაში ტვინის რუხი უჯრედების მეტად დაძაბვა იქნება საჭირო.


ზოგადად, ამ შეკითხვების გამოსაცნობად ცოდნა და ლოგიკა თანაბრად იქნება გამოსადეგი, რადგან უმეტეს შემთხვევაში, სწორი პასუხის მიხვედრა გამორიცხვის მეთოდით ან დანარჩენი პასუხების შერჩევის ლოგიკიდან გამომდინარეც მარტივადაა შესაძლებელი. ცხადია, კიდევ უფრო მარტივია, თუკი „დაგუგლავთ“, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ზოგიერთი თავსატეხის ამოსახსნელად გუგლზე მეტად საკუთარი გამჭრიახობა დაგეხმარებათ.“

M: თუ გეგმავთ, რომ ანალოგიური მიდგომა და სხვა კამპანიებშიც გამოიყენოთ?

სალი დადიანი: კამპანია საკმაოდ ხანგრძლივია და იანვარშიც გაგრძელდება. ეს საშუალებას იძლევა, რომ ყველამ შეძლოს მონაწილეობის მიღება. იანვარში ფინალური ეტაპი გვექნება, სადაც სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება.


თავიდანვე გვქონდა სურვილი, რომ აქტივობა არ ყოფილიყო ერთჯერადი. ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ფუნქციონალი და კიდევ უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებლებს. ვაკვირდებით და ყველანაირ უკუკავშირს ვიღებთ მომხმარებლისგან. გვინდა, გაგვიზიარონ იდეები, მსგავსი მიმართულებით რა მოეწონებოდათ ყველაზე მეტად ციფრულ ბანკში.

ავტორი: MARKETER.GE