მუსიკა | ცა

გერმანული ელექტრონული მუსიკის დაბადება

აგვისტო 13, 2019

1949 წელს დოქტორ ვერნერ მეიერ ეპლერმა, ხმის ჟღერადობით გატაცებულმა ფიზიკოსმა გამოსცა ეპოქის უმნიშვნელოვანესი წიგნი Elektronische Klangerzeugung: Elektronische Musik und synthetische Sprache - ელექტრონული ხმის წარმოება, ელექტრონული მუსიკა და სინთეტური მეტყველება. გამოცემა ტექნოლოგიური ხანის მუსიკალური განვითარების ერთგვარ კვლევით შეჯამება იყო. ეს მოვლენა პირობითად შეგვიძლია გერმანული ელექტრონული მუსიკის საწყის წერტილად მივიჩნიოთ.

ტერმინი - ელექტრონული მუსიკა - პირველად სწორედ ეპლერმა გამოიყენა.

მასთან ერთად ამ საწყისებზე იდგა თანამედროვე მუსიკით დაინტერესებული საუნდ ინჟინერი რობერტ ბეიერი . 1950 წელს ბეიერმა და ეპლერმა ელექტრონული მუსიკის შესახებ ლექციებისა და შეხვედრების ორგანიზება დაიწყეს, რის შემდეგაც მათ შეუერთდა ახალი ტექნოლოგიური ხედვებით ინსპირირებული ჰერბერტ ეიმერტი.

ამ ცოდნის ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად მოგვიანებით ამ სამმა ადამიანმა გააკეთა რადიო პროგრამა “ჩრდილოდასავლეთ გერმანიის მაუწყებლისთვის” (Northwest German Broadcasting - NWDR) კიოლნში 1951 წლის ოქტომბერში. ამასთან ერთად მაუწყებელმა აიღო ვალდებულება დაესპონსორებინა კიოლნის რადიოს ბაზაზე ახალი ელექტრონული მუსიკის სტუდიის შექმნა , რომელსაც ჰერბერტ ეიმერტი ჩაუდგა სათავეში.




რამდენიმე წლის შემდეგ NWDR ორად გაიყო ჩრდილოეთ და დასავლეთის მაუწყებლებად , კიოლნის სტუდია კი WDR ში დარჩა. 

ელექტრონული ტექნოლოგიური წინსვლის გარდა სტუდიის ძირითადი კომპოზიციური ხედვა მჭიდრო კავშირში იყო სერიალიზმთან. ეგრედ წოდებულ 12 ტონიან მუსიკასთან , რომელიც მეოცე საუკუნის ათიან წლებში გამოჩნდა და უკავშირდება ამ ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორს არნოლდ შონბერგს, რომელმაც კლასიკურ მუსიკას სრულიად ახალი მიდგომები შესთავაზა.


კომპოზიტორი აღარ იყო ვალდებული მისი ნაწარმოები ტონალური მიზიდულობის პრინციპზე აეგო, პირიქით მას ეს ეკრძალებოდა კიდეც. ნაწარმოები უნდა ყოფილიყო ატონალური ანუ არ ქონოდა ტონალური ცენტრი. ამ პრინციპის გამგრძელებლები და განმვითარებლები იყვნენ ალან ბერგი და ანტონ ვებერნი, შემდგომ პერიოდში კი სხვა უამრავი კომპოზიტორი.

მეიერ ეპლერისა და ეიმერტის ელექტრონული კომპოზიციები სწორედ ამ პრინციპზე აიგო: მათი ჩარჩო იყო სერიალიზმი, ხოლო საკომპოზიციო მასალა ელექტრონული სინუსტონები.


ეს იყო ერთი კონკრეტული ხმოვანი სიხშირის დომინაცია ობერტონების გარეშე. ბუნებაში ასეთი ხმის მიღება შეუძლებელია, რადგან ყველა ხმას გააჩნია არადომინანტი რხევები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს, თუმცა ჟღერადობაში დიდი წვლილი შეაქვს. სინუსტონი კი მხოლოდ ერთი კონკრეტული სიხშირის რხევაა. ეს სინუსტონები ასრულებდნენ ინსტრუმენტის ხმოვანების ფუნქციას და ქმნიდნენ უნიკალურ ელექტრონულ საუნდს , რომელსაც უწოდეს კიდეც ელექტრონული მუსიკა.


კიოლნის სტუდია არ იყო მკაცრად შეზღუდული მხოლოდ და მხოლოდ სერიალისტური კომპოზიციებით , თუმცა მათი ელექტრონული ექსპერიმენტების ძირითად თემას ეს უკანასკნელი წარმოადგენდა.


წლების გასვლასთან ერთად ამ სტუდიაში მოღვაწე ადამიანების რიცხვი გაიზარდა , გაფართოვდა კომპოზიციური სპექტრიც.

©️redbullmusicacademy

წლების გასვლასთან ერთად ვითარდებოდა კიოლნის სტუდიის ტექნიკური აღჭურვა. აღსანიშნავია, რომ სტუდიების ტექნიკური განვითარება მომავალში პირდაპირ აისახებოდა მეინსტრიმულ კულტურაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, რადგან მათ მიერ კვლევით და ექსპერიმენტებით მიღწეული შედეგები მთელი მუსიკალური სამყაროსთვის მნიშვნელოვან ღირებულება გახდა.

©️redbullmusicacademy

მალევე ეს მუსიკალური მიმართულებები გახდა აკადემიური სივრცის განუყოფელი ნაწილი. 50-იანი წლების ელექტრონული და ელექტრო­-აკუსტიკური მუსიკა მისი კომპოზიციური მიდგომებით, ტექნიკური ექსპერიმენტებით და აკუსტიკური აღმოჩენებით შევიდა და დამკვიდრდა ახალ დისციპლინად მუსიკალურ სასწავლებლებში და განვითარება უკვე საუნივერსიტეტო განათლების წიაღში გააგრძელა.  

ავტორი: ქუჯი დავითულიანი