მუსიკა | ცა

გადამწყვეტი ნაბიჯები „საბავშვო მედიცინაში“

თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა ჯერ კიდევ ახლადშობილი ქართული ალტერნატიული მუსიკა და მისი წარმომადგენლები 1980 წელს, ამაზე უკვე ადრე ვისაუბრეთ, როცა საუბარი გვქონდა „რეცეპტის“ ალბომზე. საიდან იღებდნენ იდეებს და შემოქმედებით იმპულსებს, მაშინ ამაზეც ვისაუბრეთ. დადა დადიანი, უდაოდ იყო ახალი ქართული ალტ-როკ მუსიკალური მიმდინარეობის ერთ-ერთი პიონერი და ლიდერი, უფრო მეტიც, სწორედ მისი ბენდის, „ტაქსის“ 1988 წელს ჩაწერილი საკასეტო ალბომი პირველი დაფიქსირებული დოკუმენტია ახალ ქართულ მუსიკალურ ტერიტორიაზე. სწორედ ამ კუსტარული „პროდუქტიდან“ შეიძლება დავიწყოთ ათვლაც, რომელშიც საკმაოდ დამაჯერებლადაა დაფიქსირებული იმ ეპოქის ყოფიერების პირქუში მხარე და მისგან გამოწვეული სოციალურ- მენტალური რყევები, მაგრამ ამ განწყობის საილუსტრაციოდ, როგორც უკვე ვახსენე, მე სხვა ჩანაწერი ავირჩიე.

დადა დადიანის შემთხვევაში კი უპირატესობა მივანიჭე მისი მეორე პროექტის, „საბავშვო მედიცინის“ (Children’s Medicine) მიერ 1991 წელს ჩაწერილ ალბომს, მივანიჭე იმიტომ, რომ როგორც მომავალმა გვიჩვენა, გარდამტეხი მთელი რიგი პარამეტრებით, სწორედ ეს ჩანაწერი გახდა. ქართული აქტუალური მუსიკა მაშინ მთლიანად ეყრდნობოდა „ახალი ტალღის“ როკმუსიკას, უმთავრესად ბრიტანულს, „ტაქსიც“ არ იყო გამონაკლისი. სწორედ ასეთი მუსიკა აღმოჩნდა იმ ბუნდოვანი და კონტროვერსიული ეპოქის აკუსტიკური აღმნუსხველი. იქნება ეს პანკი, პოსტ პანკი, თუ სხვა მიმდინარეობები. „ტაქსის“ სულისკვეთებაც უკომპრომისო, როკ-ნონკომფორმისტულია, მაგრამ მუსიკალური ხერხები ცოტა განსხვავებული - იყო მასში პოპ სენსიტიურობაც, უფრო სწორედ ახალი ტალღური ფაუერ პოპი, ფანკ გრუვით შეზავებული, იმ დროს უკვე უაღრესად მოდური Talking Heads-ის გავლენით.

სიტუაცია იცვლება, როცა დადა დადიანს დედამ ინგლისიდან, გაფართოებული რესურსების მქონე Kawai-ს ფირმის დრამ მანქანა ჩამოუტანა. ამან რადიკალურად შეცვალა მისი, როგორც მუსიკოსის განვითარების ვექტორები, შემოვიდა სინთ პოპის, ელექტრო პოპის ელემენტები, საცეკვაო-საკლუბო ესთეტიკა, პლუს ინდი პოპი და ფანკი.

ქართული ენიდან დადა ინგლისურზე გადაერთო, რაც მისთვის ლოგიკური იყო მთელი რიგი მიზეზების გამო. მისი ახალი მუსიკა რიტმულად უფრო სინკოპირებული ხდებოდა,  რომელსაც გაცილებით უკეთ ერგებოდა ინგლისური ფრაზირება, ვიდრე ქართულ-წახნაგოვანი, მაშინ არც არავინ იცოდა ჯერ, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული ენის მორგება ასეთ მუსიკალურ (არა როკულ) ფორმატზე. მეორე მიზეზი იყო ესკაპიზმის (გაქცევის) შეგნებული არჩევანი - გამიჯვნა აქაურობასთან, როგორც  კულტურული, ისე მენტალური თვალსაზრისით,  ქართული სოციალურ-მუსიკალურო ტერიტორიიდან ბრიტანულში, თუნდაც ვირტუალურად გადაბარგება. ეს არც თუ ისე ადვილი გასაკეთებელი იყო.

ცხადია, პირქუში რეალობა ყველას მაინც თავისკენ ქაჩავდა ყველას და ბოლომდე ამისგან გათავისუფლება აქ ცხოვრების და მოღვაწეობის შემთხვევაში შეუძლებელი იყო. ასე თუ ისე, ერთი რამ ფაქტია, ქართულ მუსიკალურ ანდერგრაუნდში სინთეტიკური საუნდის, ელექტრონიკის სახით სრულიად ახალი ჟღერადობა შემოიჭრა, რომელიც მუსიკოსს კარნახობდა, საით უნდა მიემართა თავისი შემოქმედებითი ძალისხმევა.

როკ სიმძიმე და ესთეტიკა იცვლება რბილი პოპ აქცენტებით და ელექტრონული ექსცენტრიკით, ოღონდ ისე, რომ პაპსად არ იქცეს, ან საერთოდ ჟანრულ-იდეოლოგიური დისკურსის მიღმა დადგეს. ორიენტაცია კეთდება  ინოვაციურ ჟღერადობაზე, რომელმაც მუსიკა გლობალურ ტერიტორიაზე უნდა გადაიყვანოს,  შედეგად პროზაული და დრამატული ქართული ყოფა   უკან იხევს, უკან იხევს ქართული ენაც კი, ის უბრალოდ არ არის აქტუალური ამ სივრცეში.  ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ადრე არავის უფიქრია, მაგრამ პირველი სერიოზული დამოუკიდებელი დოკუმენტი სწორედ „საბავშვო მედიცინის“ ეს ერთადერთი უსახელო ალბომია.

მინდა გავიხსენო ერთი მომენტი, ჯერ კიდევ 1980 წლის დასაწყისში, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ, იმ დროს მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ ახალი და კომპაქტური სინტეზატორი „იამაჰა“ შეიძინა, რომელზეც მაშინ რადიოს და ტელევიზიის როკ-ჯგუფი მუშაობდა, მაგრამ ეს სინთეზატორი მათ ხელში, ტრადიციული საესტრადო სიმღერების გაფორმების ფუნქციას ასრულებდა და არ ჰქონდა აქტუალურ-ჟანრული დატვირთვა. გაცილებით უფრო დაბალი რესურსების მქონე „კავაით“, დადა ცდილობდა პრინციპულად ახალი ესთეტიკის მქონე, ინოვაციური პოპ-მუსიკის შექმნას, რომელიც მოდურიც იყო და პროგრესულიც. ელექტრონიკა უდავოდ ცვლიდა ზოგადად პოპ თუ როკ მუსიკის პარადიგმას. აი, ეს გააკეთა დადამ „საბავშვო მედიცინაში“, ამიტომაცაა მათი ალბომი უმნიშვნელოვანესიც და საკულტოც. 

„საბავშვო მედიცინა“- დადა დადიანი (ავტორი, ვოკალი, გიტარა, Kawai), კახა ტუღუში (ბასი, საყვირი), ირაკლი ჩარკვიანი (კლავიშები, ვოკალი) - ეს ტრიო მაშინ ქალაქგარეთ, აგარაკზე გაეშურა და სახლის სტუდიაში კონცეპტულაურ ალბომზე მუშაობა დაიწყო.

I'm In The Dance – ქართული მუსიკალური ანდერგრაუნდიდან წამოსული პირველი, აშკარად გაცხადებული ელექტრ-პოპ საცეკვაო ტრეკია. სახეზეა ახალი აქტუალური ქართულ პოპ-ჰედოზიმი, მაგრამ მეორესმხრივ, რატომღაც არ გეცეკვება, თითქოს ის არც გართობა-დროსტარებისკენ გიბიძგებს; საკმაოდ ნაღვლიანია, პლუს დადასეული დარდიანი ბარიტონი და მაშინვე ხვდები რატომ მოდის ასეთი განცდა - ეს ეს 1990-იანი წლების დასაწყისის საქართველოა და არა ლონდონი ან მანჩესტერი.

შედიხარ ტყეში / Shedikhar Tkheshi – ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკია ქართული მუსიკის ისტორიაში. ქართულ-ინგლისური ფრაზების ეს შეჯვარება, გაცხადებული ბმაა ბრიტანულ მუსიკალურ კულტურასთან, თუმცა ხაზგასმულია მინიშნება, თუ სად და რა გარემოშია ის შექმნილი. სვინგისთვის დამახასიათებელი რიტმული პატერნი და ამ სვინგში ჩაქსოვილი ინსტრუმენტები, ლაკონური და ზუსტი გიტარა, ბასი, ვოკალური ფრაზეოლოგია, პერიოდულად შემოჭრილი საყვირი, ყველაფერი დახვეწილი და ეფექტურია.

 I Need Your Love – უაღრესად პოზიტიური ტრეკია, ლამაზი, მელოდიური კლავიშ-რიფით, რომელიც ძუნწად, მაგრამ ოსტატურად ვითარდება და ინტერპრეტაციას განიცდის. ტექსტი სამი არეული ხმა-ფრაზაა, რომელსაც ინსტრუმენტის ეფექტი უფრო მოაქვს, ვიდრე სასიმღერო ნარატივის. ეს ვოკალები კომენტარებია, რომელიც ხან ერთმანეთის წინააღმდეგ მიდის, ხანაც უნისონში მოდის, ამას მუსიკალური სისავსის განცდა მოაქვს და სწორედ ამიტომ არ გბეზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ტრეკი 4 წუთზე მეტ ხანს გრძელდება.

Aliza Just Waits – აი,  ეს უკვე გაღიზიანებული პოსტ პანკია, ლამის პანკიც, აპათიურიც, ცოტა უტიფარიც, თუმცა ჟღერადობით მძიმე არ არის. ალბომის მთელი პოზიტივი უკან იხევს. არის მცდელობა შენარჩუნდეს სიმსუბუქე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ ყოფიერება არ იძლევა ამის რესურსს, ამ ტრეკში ალბომის კონცეფციური ესკაპიზმიგან აღარაფერი რჩება. დადას ვოკალი საუკეთესოა - ზუსტი, ემოციური, აჟიტირებული, ზომიერად ბრაზიანიც, ჟანრული კლიშე აქ არაფერ შუაშია, სინამდვილის გამოწვევაა ასეთი.

Singing Of Chan (The God Of Caffeine and Nicotine) – ავანსცენაზე პირველად გამოდის ირაკლი ჩარკვიანი, ეს შეიძლება მისი ტრეკიცაა. ირაკლი ცდილობს თავის პოეზიას, ინგლისურ სიტყვას მოარგოს მუსიკა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიდი წარმატებით. მას ჯერ ნაპოვნი არ აქვს თავისი კრედო. ჯერ არაბუნებრივია, ეს მუსიკალური ტერიტორია ჯერ კიდევ უცხოა მისთვის და ამიტომ თავს, როგორც თევზი წყალში, ჯერ ვერ გრძნობს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აუტსაიდერის პოზამორგებულ მაჟორთან გვაქვს საქმე. მუსიკალურად საინტერესოა, აი ეს აღმოსავლურ აზიური მანტრა პატერნი, ადეკვატური ჟღერადობით, საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტაა.

 I Need More – ალბომი უფრო პირქუში ხდება. „საკლუბო“ - საცეკვაო-ჰედონისტური კონტექსტი დაიკარგა, ეს უკვე „გადეპეშმოდებული“ „ტაქსია“,, ინდასტიალის მსუბუქი აურით. სიმძიმეს დადა პრინციპულად გაურბის, არადა ჟღერადობის დამძიმების შემთხვევაში, ტრეკი შეიძლება უფრო მძლავრი ყოფილიყო.. მეორე საკითხია, რომ დადა მაშინ უკვე იმედგაცრუებული იყო როკენროლით. ის დასავლური ინფორმაცია, რომელიც ჩვენში შემოდიოდა და რომელსაც ქართული ალტერნატივა ეყრდნობოდა, ჯერ კიდევ ფრაგმენტული და არასრულყოფილი იყო, ამიტომ დრამ მანქანით და ელექტრონული იმპულსებით საკმად მძიმე მუსიკის კეთებაც თუ აქტუალური იყო, ეს აქ ჯერ კარგად არ იცოდნენ.

Beautifull Days Are To Come (Bonus Track) – პოპ ელეტრონიკა, დადებული ფანკ რიტმზე. დადას ყოველთვის ემჩნეოდა ფანკისკენ ლტოლვა, თავიდან ბასისტი იყო და იცოდა ფანკ გრუვის ფასი. ტრეკში ფსიქოდელიის დოზაც დიდია (ამის ფასიც იცოდა). აი, ვოკალი ცოტა მოუწესრიგებელია, „ნიუ რომანტიკში“ წასული. ტრეკი თითქოს ბოლომდე გამართული არაა, არადა მასალა, ბაზისი ძალიან კარგია, ეს ელექტრონული საუნდ დეფორმაციებიც ეფექტურია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს რეალობაში იქამდე ასეთი მუსიკალური ხედვა იშვიათობა იყო, მეტიც, თითქმის არ გვხვდებოდა.

How Can I Suffer – ალბომში  ჰედონისტური იმპულსები ბრუნდება  და ძალიანც კარგი. აქ მთავარი რიტმული პატერნია, გიტარაც კარგია, რომელიც თითქმის კლასიკურად სოლირებს. დადას  დანაწევრებული  ვოკალური ფრაზირება მუსიკას უხდება, ხოლო  ირაკლი უნისონში შემოდის, არც უარესდება, მაგრამ არც უმჯობესდება საქმე. არ ვიცი, თუ ირაკლი მუსიკის თანაავტორია, მაშინ ეს გამართლებულია. ჩემი აზრით, მუსიკალური მასალის ლაკონურად ფორმატირება ამ ტრეკს არ მოუხდა, აშკარად უფრო დიდ გასაქანს ითხოვს მელოდიაც და რიტმიც.

I Think It Goes Down – ტიპური „ნიუ რომანტიკ“, ელექტრო პოპ სიმღერა, ადეკვატური ბარიტონით. ასე ბევრი მღეროდა 1980-იანი წლების ბრიტანეთში. აქცენტი ემოციურობაზეა, პლუს გიტარის ინდი ფრაზები და მყიფე დრამ მანქანა. არის დრამატიზმზე პრეტენზიაც, მაგრამ იქამდე ძნელად ქაჩავს. ამ ტრეკის ნაკლი, ვფიქრობ ალბომის მთლიანი ნაკლიცაა - ფსონის დადება ლაკონურობაზე, კონკრეტიკაზე, ჟღერადობის სიძუნწეზე - ეს ხელს უშლის მუსიკის გაღრმავებას და შესაბამისად, ხელს უშლის მუსიკას, მიაღწიოს იმ ეფექტს, რაზეც არის გათვლილი ალბომი, ამიტომ იკვეთება ხშირად მოწყენილობა და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.

Around Your House – იგივე ესთეტიკა, იგივე  ხერხები როგორც წინა ტრეკში, მაგრამ უფრო პოპზე ორიენტირებული, უკეთესი სასიმღერო ნარატივით. მელოდიაც და გიტარის ფრაზა-პარტიაც  უკეთესია. ემოცია აქ უფრო განყენებულია, მაგრამ ეს უკეთესიც კია. ამ ტრეკზე ცეკვა მოსულა, ოღონდ მხოლოდ  მოწყენილი ახალგაზრდა ინტელიგენტებისთვის. 

Alone In The Movie – ძალიან კარგი გრუვია, რიტმი სწორხაზოვანი კია, მაგრამ საგიტარო დისონანსები ახალისებს და შინაარს სძენს მუსიკას. ბრეიქებიც ძალიან კარგია, სვინგიც კია, თუმცა ნაკლებად რიტმ სექციის და მეტად მოქნილი გიტარის ხარჯზე. ცხადია, თავის საქმეს ბასიც აკეთებს. ბოლო-ბოლო, წინ მიათრევს აკუსტიკურ მასას. ვოკალი დადასთვის ტრადიციულია, ცოტას ირონიზირებს კიდეც დროდადრო, თუმცა ცინიზმის ხასიათზე ნამდვილად არ არის, ცინიზმი აქ თითქოს უადგილოა. საინტერესოა ეს მომენტი, ერთი „შეხედვით“ ე.წ. მსუბუქი „არტ ცინიზმი“ აშკარად გააძლიერებდა ალბომს (თან ეს დადას ეხერხება), მაგრამ სხვა დროა, სხვა ეპოქა, სხვა გამოწვევები, სხვა პრობლემები და სხვა რეალური, ცხოვრებისეული დრამები - ისეთი ბარიერებია, რომელთა გადალახვა ურთულესი ამბავია.

საბოლოოდ, რა შეიძლება ითქვას, კი  მაქსიმალურად ემიჯნება  დადა დადიანი ამ ალბომით იმ დროის საძაგელ რეალობას, ქალაქიდანაც კი მიდის სამუშაოდ, მაგრამ ბოლომდე განზე გადგომა არ გამოდის. თუ გულწრფელი ხარ,  გარემოს განწყობა  შენს მუსიკაში, ჟღერადობაში და აკუსტიკაში მაინც ირეკლება. ამას  რეალური ცხოვრება გაიძულებს, რომელსაც მომზადებული აქვს მუშტები, რომ დაუმსახურებლად დაგცხოს. ეს  კი ღრმა კვალს ტოვებს არტისტის (და არა მარტო) სულში, გულში..... არ აქვს მნიშვნელობა რა მუსიკალურ ფორმატს აირჩევ, როგორი შედეგის მიღება გინდა, რეალობა მას თავისებურად ამუშავებს. სწორედ იმ დროინდელი რეალობითაა დაღდასმული „საბავშვო მედისცინის“ ეს უსახელო ალბომი. უნდოდათ ეს მათ თუ არა, მაინც ასეა.

სწორედ ამიტომ გამოვიდა აკუსტიკური შედეგი ისეთი, როგორიც გამოვიდა და რაშია იცით საქმე? ნამდვილი ალტერნატიული როკენროლიც ესაა, მისი პრეროგატივაც, ამიტომ ეს ალბომი, უნდოდათ ეს მუსიკოსებს თუ არა, მაინც როკენროლურია. სხვათა შორის, მაშინ დასავლეთშიც ბევრს ლაპარაკობდნენ ამაზე, ანუ - როკენროლი უკვე მოკვდა, მაგრამ რჩებიან „როკა როლა“ ადამიანები, რომლებიც აგრძელებენ მუსიკის კეთებას. პრინციპში დროის პერპექტივიდან, ამ ალბომის დადასეული კონცეფციაც სწორედ ასე შეგვიძლია გადავიაზროთ - როკენროლი კვდება, მე კი ჯერ ცოცხალი ვარ და მინდა წინ წავიდე. სწორედ ამ კონცეფციის მუსიკალური ხორცშესხმის მცდელობაა ეს ალბომიც.

ვეჭვობ, ვინმეს ასე  ეფიქროს და ემოქმედოს მაშინ, დადამ სცადა და დააფიქსირა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მუსიკალურ-კულტურული დოკუმენტ-არტეფაქტი მანამდე არ დაფიქსირებულა, მეც ამიტომ შევიყვანე 1991 წლის, სწორედ ეს უსახელო ალბომი XX საუკუნის ქართული მუსიკალური ალბომების ანთოლოგიაში და არა „ტაქსის“ უფრო ადრეული ალბომი, რომელიც პირადად მე უფრო მომწონს და შესაძლოა, აქ ადგილს უფრო იმსახურებდა კიდეც,   მითუმეტეს რომ ქრონოლოგიურად ის პირველია, თუმცა უსახელო ალბომი კონცეპტუალურადაა უფრო მნიშვნელოვანი, გარდამტეხიც კი. 

ავტორი: გია ხადური