ცისფერი მთები

ბეტონის განსაწმენდელი

ბატონმა ლე  კორბუზიემ, მოსკოვში თუ პარიზში, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ გინდათ დავაზუსტებ მერე, მაგრამ მგონი მაინც მოსკოვში, ერთ თავის აშენებულ მრავალსართულიან სახლს, აივანზე ნამეტანი მაღალი მოაჯირი გაუკეთა, ხშირი რიკულებით. დამკვეთი რომ ავიდა სანახავად, შენიშვნა მისცა, “ბატონო ლე”, არადა შარლ-ედუარდი ერქვა ბატონ ლეს, “რა უბედურებაა ეს ამხელა მოაჯირი, იქნებ ზედ დაყრდნობა და მოწევა მინდა აივანზე, ან ჩაის ჭიქის შემოდება, ამ სიმაღლეზე როგორ უნდა ვქნა”-ო. ლე კორბუზიემ ნელ-ნელა გახედა რომელიღაცა რაიკომის მდივანს, მერე მრგვალჩარჩიოანი სათვალე ჩამოიწია და წყნარად მიუგო, “ეს მოაჯირი ამხელაზე „პროსტა ტაკ“ არაა ძმას ვენაცვალე, არამედ იმისთვის, რომ დაბლა არ ჩაიხედოო”. დაბლა იყო ბეტონის აღრევა ქალაქთან, თუ დააკვირდებოდი არც ისე კარგი დასანახი. ამიტომ გენიოსმა ლე კორბუზიემ ამჯობინა, რომ იქ მაცხოვრებელს შორს გაეხედა და მოსკოვის გრძელი დაისებით დამტკბარიყო. ყველას არ უყვარს სავოკი და უხარისხოდ აწყობილი პანელური სახლები. ნამეტანი კომუნისტმა, თუმცა მაინც გენიალურმა ლე კორბუზიემ ზუსტად იცოდა, რომ რუსები წესიერად ვერაფერს შეასრულებდნენ და ამიტომ ამხელაზე გადაწყვიტა გახედვინება. 


ჩემი ასაწყობი კაბინა-სახლების დაპროექტებისას ასევე გადავწყვიტე, რომ მაქსიმალურად მაღალი მოაჯირი გამეკეთებინა აივანზე, რადგან იქ მყოფ ადამიანს ახლოში ვერ გაეხედა და მზერა ავტომატურად მიემართა სოფლის თავზე დამდგარი ქაბარჯინის კლდისკენ. ზუსტად ვიცი, რომ წინ ვინმე ისეთ რამეს ააშენებს, რომლის დანახვაზეც მერე მუდმივად გული ამერევა. უაზროდ მაღალი აივანი ვერაფრით ვერ მოვახდინე, ამიტომ სახლი უბრალოდ ფეხებზე შევაყენეთ. ცოტა ხანში წინ არა, მაგრამ უკან მეზობელმა ააშენა ორსართულიანი სტანდარტული სახლი. ცოტას თუ დააკვირდები დაინახავ, რომ ზედა სართული ქვემოთაზე დაბალია, ზედა ფანჯრები პატარაა, ქვემოთა დიდი. ზედა აივანზე გამოსასვლელი კარიც ქვედაზე პატარაა. ზედა ფანჯრების და კარის გალაგება ქვემოთას აცდენილია და ზომაში განსხვავებასთან ერთად საოცარი ასინქრონის შეგრძნებას ტოვებს, რომელსაც ყოველდღე თუ უყურებ შეიძლება თავიც მოიკლა. ძალიან მიხარია, რომ მისი ნაკვეთი იმ მხარესაა, სადაც მთავარი ფანჯარა არ გადის. 


თუ სტეფანწმინდაში ნამყოფი ხარ, შეამჩნევდი, რომ იქაურობა არქიტექტურულ ქაოსს აქვს მოცული. აქ ყველა იმას აშენებს რაც უნდა და როგორც უნდა. შეიძლება ითქვას, რომ იქაურ არქიტექტურას პატრონი არ ჰყავს, ან უბრალოდ მოუკვდა, ან ქისტებმა მოუკლეს უთანასწორო ბრძოლაში. სტეფანწმინდას უკვე არაფერი ეშველება, ასე 70-100 წელი, სანამ ამდენი თრეში თავისით არ დაინგრევა, ან სანამ არ დაანგრევენ. თუ ნამყოფი არ ხართ და ჩემი სიტყვები არაფერს გეუბნებათ, სპორტის სასახლის უკან მდებარე დასახლება წარმოიდგინეთ და ყველაფერს მიხვდებით. 

უნდა დავაბრალოთ თუ არა ეს ბლოკის და ბეტონის ჯოჯოხეთი ადგილობრივ მოსახლეობას? რა თქმა უნდა არ უნდა დავაბრალოთ. არავინაა ვალდებული იცოდეს არქიტექტურის ბოლო ტენდენციები, სტანდარტები და სნობური გადაწყვეტები მასალებში, საერთოდ არავინ. ადგილობრივი ადამიანი ყოველთვის ცდილობს რომ მაქსიმალურად იაფად ააშენოს, შეძლებისდაგვარად მოაკოხტავოს თავისი საოჯახო სასტუმრო და როგორმე ოცლარიან ტურისტებს უმასპინძლოს. ადგილობრივები უმეტეს შემთხვევებში სიღარიბის ზღვარზე არიან და მათ ვერ მოსთხოვ ესთეტურობას მაშინ, როცა გადარჩენისთვის იბრძვიან. ის, ვინც უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ადგილი, სადაც ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების 80% მიდის ალექსიძის ქუჩას არ დაემსგავსოს, ცენტალური და ადგილობრივი მთავრობაა. ადგილობრივი და ცენტრალური არქიტექტურული სამსახურები უნდა ერეოდნენ და კომისიის თანხლებით უნდა განიხილავდნენ  ყველა მშენებლობას და თუ საქმეს სჭირდება, ასუბსიდირებდნენ კიდევაც. მთავრობა უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ქვეყნის მთავარი ტურისტული ადგილი სანაგვეს არ დაემსგავსოს და ამაში ფულიც უნდა ხარჯოს, რომ მერე ამ ადგილმა ეს ფული უკან დააბრუნოს ნამატით. 


Come on guys, თუ ახლა ამას კითხულობთ დაფიქრდით რა, ბეტონი, პოლიმერები და სხვა ახალი ეპოქის მასალები საშინლად გამძლე რაღაცაა, ერთხელ აშენდება და მერე საუკუნე ვეღარაფერს უზამ და ასე გიფუჭდება კურორტი. ეს რაც მე დავწერე ძნელია და ძვირი, თუმცა სამაგიეროდ ადგილს ბოლომდე გაფუჭებისგან იხსნი. თავად სტეფანწმინდაში აღარ, მაგრამ ყაზბეგის რაიონში ჯერ კიდევ შერჩენილია ავთენტურობა ბევრ სოფელში. თუ აქ ოდესმე არქიტექტურული გაიდლაინი იქნება, შეიძლება ბევრი მათგანი გადარჩეს და ტურისტებს რაიმე დარჩეთ სანახავი. შეიძლება გადარჩეს ცდო, სნო და მის ხეობაში მდებარე სხვა სოფლები, სიონი, გაიბოტენი, თოთი, ნაწილობრივ შეიძლება გადარჩეს გერგეტიც და სხვები და სხვები. სამშენებლო ქაოსი მხოლოდ ჩვენი, ყაზბეგის გასაჭირი არ არის, მსგავსი პრობლემის წინაშე დგას სვანეთი, მთიანი აჭარა და სხვა მგრძნობიარე რეგიონები, ძველი თბილისის ჩათვლით.

  

ყაზბეგის რაიონის განვითარების გენგეგმა და გაიდლაინები თუ მალე გაკეთდა ხომ კაი, თუ არადა ლე კორბუზიეს პრინციპის მიხედვით, შეგვიძლია ჩამოსულ ტურისტებს კისრის ფიქსატორების ტარება ვაიძულოთ, რომელიც მათ ნიკაპის დაბლა ჩამოშვების საშუალებას არ მისცემს და ისინიც მხოლოდ ლამაზ პეიზაჟებს, ლურჯ ცას და ვეებერთელა მთებს დაინახავენ. 

ვაშენებთ კარგად? ჩამოვლენ მდიდარი ტურისტები და დახარჯავენ ბევრ ფულს. 

თუ ააშენებთ ისე, როგორც აქამდე აშენებდით, ჩამოვლენ სარატოველი ან ტომსკელი ორკაპიკიანი რუსები და გკითხავენ: “а почему у вас нет джакузи?”


გმადლობთ.


ვინაა ლე კორბუზიე - https://en.wikipedia.org/wiki/Le_Corbusier 

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონი