მუსიკა | ცა

Vaqo - ქართული ფსიქოდელია

Tsa.Music

მარტი 05, 2023

2012 წელს „საქართველოს ვარსკვლავში“ სატელევიზიო პოპ-შოუსთვის სრულიად შეუსაბამო ბენდი, The W გამოჩნდა; ორი მორიდებული თინეიჯერი ძმა, რომელიც აკუსტიკურ გიტარაზე დუეტში ამღერებდა ქართულ მუსიკას, სცენაზე შთამბეჭდავ, მოუთვინიერებელ ბავშვურ ბუნებასაც ასხივებდა. შოუ მორჩა, ვინ გაიმარჯვა არ გვახსოვს, ძმები ქანთარიები კი ნომენკლატურამ ვერ მოათვინიერა, ამიტომაც პროექტის შემდეგ მათთვის სატელევიზიო კარი წლების განმავლობაში დაიხურა.

ვახტანგ ქანთარია, ფსევდონიმით Vaqo ხელახლა გამოჩნდა 2021 წელს. მისმა სიმღერამ “ჰეი ზუარი” მსმენელს იმავე წელს გამოსული ორი Live კონცეფციის ალბომიც აღმოაჩენინა. ქართული ფოლკლორული მოტივებით ნაკვები ეს 19-წუთიანი ფსიქოდელიური მოგზაურობა, სადაც გაგულისებულ მხედრობასთან ერთად ფიქციურ ჯარისკაც, ლაშქრის ადგილსამყოფლის გამყიდველ ზაურს დავეძებთ, ვფიქრობ ქართული მუსიკის ისტორიას ერთ-ერთ საეტაპო ნამუშევრად შემორჩება.

არასდროს აჟღერებულა მძიმე როკი ასე ქართულად და თანაც ავთენტურად, ხელოვნური ძალდატანების გარეშე. თავბრუდამხვევი, ჰალუცინოგენური ეფექტის მქონე მელოდიები, სტრუქტურასა და ხმას 60-იანების ამერიკანას ესესხება და ორგანულად თანაარსებობს ქართულ, პოეტურ ტექსტებთან და ანდროგინულ ვოკალურ შესრულებასთან. ერთ ადამიანში თავმოყრილი ამდენი შესაძლებლობა მუსიკასაც ამრავალფეროვნებს; ამიტომაცაა, რომ Vaqo-ს ფოლკ-როკი თუ პასტორალური ფსიქოდელია ერთდროულად შეიძლება იყოს სევდიანი და იუმორისტული, სასაცილო და მრავალშრიანი სიღრმის, დავარცხნილი და დაუვარცხნელი. მას ჰყოფნის გამბედაობა იყოს იმდენად ნაღდი, რომ არ მოერიდოს ტრეშის ზღვარზე სიარულს.

" ის კონცეფციების მოყვარული არტისტია; ახირებული ფანტასტი, რომელიც არამხოლოდ წარსული საქართველოს ისტორიულ ფაზლებში ცდილობს დაკარგული დეტალების ამოვსებას, არამედ მისი თანამედროვე საქართველოს ფსიქოდელიურ რეალობაშიც"

ვახტანგ, წლების წინ „საქართველოს ვარსკვლავში“ გამოსვლით შენ და შენმა ძმამ უეცარი პოპულარობა მოიპოვეთ და მერე, როგორც მსგავს პროექტებს სჩვევიათ, მალევე გადაინაცვლეთ მედიის ყურადღების ჩრდილში. ცოტა კომპრომისი რომ წაგეშველებინა დღეს კომერციულად გაცილებით წარმატებული არტისტი იქნებოდი. რატომ ვერ მოერგე იმ გარემოს და რა ვერ დათმო ვახტანგ ქანთარიამ?

ასე გეტყვი, ვახტანგ ქანთარიამ ვერ დათმო ვახტანგ ქანთარია.


იმ პერიოდში ტრენდული იყო, რომ უნდა გეკივლა. ხალხი იმას უყურებდა ხმის აწევა სადამდე შეგეძლო. კონკურსანტებიც ამ წივილ-კივილში ცალკე ვარჯიშობდნენ. ჩვენ ამას არ ვაკეთებდით - ქართულად ვმღეროდით და თანაც საავტორო იყო ჩვენი მუსიკა, რაც მსგავს ხელოვნურ წივილ-კივილს არ მოითხოვდა. პროდიუსერიც მთლად კეთილგანწყობილი არ იყო ამის მიმართ, იურისტიც დაგვაყენეს თავზე. ნიკოლოზ რაჭველის და ნინო ქათამაძის მხარდაჭერამ გადაგვატანინა ის პროცესი, გვმფარველობდნენ, რომ ჩვენი საქმე გვეკეთებინა.

ქართული ტურის დღე როცა დადგა, აღმოაჩინეს რომ ქართულად სიმღერა კონკურსანტებიდან მარტო ჩვენ შეგვეძლო. ვერანაირი პედაგოგიური ჩარევითაც კი ვერ დაძლიეს გამოწვევები, რომ ლაღიძის თუ სხვა კომპოზიტორების სიმღერები ემღერათ. იმ ტურში ვიგრძენი, რომ ყველაზე ნაღდი ტაში ჩვენ დავიმსახურეთ და ეს კიდევ ერთი დასტური იყო, რომ ქართულად უნდა გვემღერა. ჯერაც ბავშვი ვიყავი, ის ჟიური ავტორიტეტი იყო ჩემთვის და როცა ეგენი გაძლევენ ამ ნიშას და მითუმეტეს ეს ნიშა გულწრფელად ჯდება შენში, რაღატომ გადავუხვიო?!

გარდა ამისა, იმ პროექტში უცხო სხეულად ვგრძნობდით თავს აფთერფართებზე, ქართული ბომონდით გატენილ წვეულებებზე, სადაც უნდა გაგეჭრა შენი კომუნიკაცია. სულ კავშირზე და სულ კამერასთან უნდა ყოფილიყავი, იქ რეკლამიდან მოვიდოდა შემოსავალი, იქ ეს დაგიძახებდა სხვა წვეულებაზე და ა.შ. უსიამოვნო იყო მაშინ თინეიჯერისთვის იმის გააზრება, რომ ამ სამეგობროს წევრად ყალიბდებოდი, შენი პიროვნების გადაკეთება გიწევდა. მტკივნეული პროცესი იყო და თან არ მინდოდა.


მახსოვს ერთი ასეთი აფთერფართიდან სახლში მივდიოდით, უნდა გვერეპეტიცია მომდევნო დღის კონცერტისთვის, როცა ერთ-ერთი ორგანიზატორი დაგვეწია, სად მიდიხართ, ამ აფთერფართიზე მოსახვედრად ხალხი ათას რამეს აკეთებს და თქვენ მუქთად გაქვთო. მოკლედ, ბოლო ნათქვამი ის იყო, რომ თუ ახლა წახვალთ, იცოდეთ ბოლო წვეულებაა ეს თქვენთვისო. წავედით და იმ დღის მერე რუსთავი ორს ფართიზე კი არა ეთერშიც აღარ დაუძახებია. ყველა გადაცემამ - დილისამ თუ შუადღისამ - ეგრევე ჩამხსნა. ქართული სივრცე კიდევ ისეთია, რომ საკმარისია ერთი წელი ჩაიკარგო, ხალხს აღარ ახსოვხარ.

გავსებული ფილარმონიიდან ისეთ სივრცეებში გადაინაცვლე, სადაც კონცერტი მხოლოდ ერთი მსმენელისთვისაც კი დაგიკრავს. ამ პროცესმა რა გასწავლა და რაზე გამოგიმუშავა სასიცოცხლოდ აუცილებელი იმუნიტეტი?

იმუნიტეტი გამომიმუშავა მარტო ყოფნაზე და აუდიტორიის სიმცირეზე. მივხვდი რომ მუსიკის ავკარგიანობისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი გისმენს. მჯეროდა რომ რასაც ვწერდი კარგი იყო. მე გავდიოდი სივრცეში სადაც ამ მუსიკის საფუძვლები არ იყო მყარად გამჯდარი. ერთი ნაბიჯი იყო უფსკრულამდე და ასეთ დროს ფსიქიკურად უნდა იყო მზად, რომ არ გადავარდე დეპრესიაში. როგორც ჩანს კარგად დავხვდი ამ პროცესს.


საბოლოოდ ამ პროცესმა ძაან ბევრი მასწავლა. პირველ რიგში ის, რომ პატარა სივრცეებში დაკვრისას თითქოს ყველაფერი შენ გეკუთვნის - აპარატურა, ინსტრუმენტის ხმა... ჩვენს რეალობაში ხმის გაშუქების თითოეულ ეტაპს გავეცანი და ამან მასწავლა კიდეც როგორ ჟღერს ის ხმა, რომელიც მინდა შევინარჩუნო.

აკუსტიკური იდენტობა Vaqo-ს აქვს თუ მის კონკრეტულ ჩანაწერს?

ვფიქრობ სხვადასხვა ჩანაწერებს სხვადასხვა განწყობა აქვს, მაგრამ ესენი მაინც Vaqo-ს იდენტობითაა ნაკეთები. კარგ ალბომს ისე ვერ დაწერ თუ არ გამოაჩინე რა ტიპი ხარ. 

ქართული ფოლკლორის სმენისას, ვოკალური მოტივები მე ხშირად ელექტრო-გიტარად ჩამესმოდა ხოლმე, აი „ჰარალალი ჰარულალო“ მაგალითად ჩემს აღქმაში როკ-სვლაა. და ამ მოტივებს, მივხვდი, რომ ყველაზე ნაღდად ამერიკანა რიტმ-სექციები მოერგებოდა. გარდა ამისა, ქართულ ფოლკლორში გვაქვს ერთი მშვენიერი ბიტი - ტაში. ფოლკ-ანსამბლები ხშირად მიმართავენ ხოლმე ტაშით თვლას. ტექნიკურად თუ ბლუზურ ჰარმონიას ტაშს გადაადებ, უკვე როკ-მუსიკას იღებ. მერე იქ ტამბურინს დაამატებ, იქ რამე სხვას და გრძნობ თუ როგორ მდიდრდება.


ამ ეტაპზე გამოცემული ალბომებიდან სამი Live კონცეფციისაა. რატომაა შენთვის ეს კონცეფცია მნიშვნელოვანი?

როცა მაგ ალბომებს ვწერდი, ზოგადად ქართულენოვანი კონცერტების დანაკლისიც კი იყო. მაშინ დედოფალ ელენე მაისურაძის ფსევდონიმით გამოვდიოდი ხოლმე და ვატარებდი კონცერტებს. Live in ის მუსიკალური ხედვაა რომ ალბომის სტუდიურ ჩარჩოში თავისუფლად ისე იგრძნო თავი, როგორც სცენაზე. AH QO-სი და The Land of Kartvelians-ში უფრო სტრუქტუირებული ჩანაწერებია. იცი სად არის გადასვლა, სად მისამღერი და ა.შ. Live კონცეფციაში კიდევ უფრო ალტერაციული ფორმებია, ინტერპრეტაციის და იმპროვიზაციის მეტი საშუალებაც გაქვს - თუნდაც გამიზნულად დაწერილ მელოდიაში. რასაც მაშინ ვაკეთებდი იყო ის რომ ბექინგ ტრეკებს ვწერდი და მერე კლუბებში ვასრულებდი, იქ ვადებდი გიტარას და ვოკალს - ტექნიკურად ასე იწერებოდა.

ხალისობ ექსპერიმენტებით. მოსმენისასაც იგრძნობა ისე გაიჭრები და გაინავარდებ ხოლმე, ზოგჯერ თავხედურადაც... როგორ ფიქრობ ვის აღიზიანებს Vaqo?

ერთხელ ფოლკ რადიოში მივედი, მომისმინეს და მეუბნებიან ზედმეტად როკი ხარ, ჩვენთან არაა შენი ადგილიო. წავედი მეორე რადიოში, რომელიც როკ-რადიოობას იკვეხნიდა. იქაც დამბლოკეს, ზედმეტად ფოლკი ხარო. გამეცინა, რა მექნა?! მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ფოლკის მსმენელს უფრო გააღიზიანებს Vaqo-ს მუსიკა.


თუ არავის არ აღიზიანებ, რანაირადღა დარჩები? შენს ჩანაწერს თინეიჯერი რომ ისმენს, იმის მშობელი უნდა შემოვიდეს ოთახში და დაიჯაჯღანოს, გამორთეთ რას უსმენო. ეგ ნიშნავს, რომ ალბომი შედგა. ხელოვნება უნდა იკბინებოდეს, სხვანაირად არ მჯერა მე მისი.

ვიცი რომ Vaqo-შემდეგ ალბომს „სარმანიშვილისკარი“ ერქმევა, შენი სოფლის სახელი. ალბომიც მთლიანად იქ ჩაიწერა. რა შეიცვალა შენს სამუშაო პროცესში თუ საბოლოოდ შექმნილ მუსიკაში ფიზიკურადაც პასტორალურ გარემოში გადაბარგებით?

ჩემთვისაც მოულოდნელი იყო იმის აღმოჩენა, თუ როგორ შეიცვალა ჟღერადობა. თითქოს მთლიანად გადაიტვირთა ჩემი არსებული სივრცე და მუსიკალური გარემო; შემეცვალა ტექსტური ფორმებიც; აქამდე თუ მეტრონომზე გამართული რიტმული სექციები მქონდა, ახლა ბევრგან დავშალე. რიტმული მონახაზები დეკონსტრუირებულია. იქნება ბევრი სლაიდები და ნაცვლად იმ სივრცული ვოკალისა, მე რომ მიყვარს - დიდი რევერბით, - აქ იქნება მშრალი ვოკალი.

„სარმანიშვილისკარი“ მინდოდა რომ ასევე made in Sarmanishviliskari ყოფილიყო. ნაგრძნობია და ჩაწერილია იქ. ხელოვანებს არაფერი გვიშლის ხელს იმაში, რომ ცენტრს გარეთ წავიდეთ და ვატაროთ ექსპერიმენტები; იქაური გავლენები გადმოვთარგმნოთ ჩვენს მუსიკაში. სოფელი უფრო პირდაპირი და შეუფუთავი, შეულამაზებელი გარემოა ვერბალური თვალსაზრისითაც. 

ჩვენი მუსიკის პირველი ამოცანა ის უნდა იყოს რომ ქართულენოვანი ალბომები გაიზარდოს, მოცულობითი და ნაფიქრი ხელოვნება შევქმნათ თავისი გმირებით, რაც იქნება ქართული პოპულარული მუსიკის რეალური ბაზა. ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია ჩვენ პოპ-კულტურის საკმარისი ტრადიცია.

იტერვიუს სრული ვერსია გამოქვეყნდება tapemagazine.com-ზე


ავტორი : მიხეილ ციხელაშვილი

მთავარი ფოტო : ნოდარიკო ხუციშვილი