ტექნოლოგია სიახლეები

როგორ შეუძლია მონაცემთა ანალიტიკას ადამიანების ცხოვრების გამარტივება

თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება

ივნისი 16, 2020

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების შემქმნელები გამუდმებით ცდილობენ, ჩვენ და უსულო საგნებს "უსიტყვოდ" გვესმოდეს ერთმანეთის. ეს, ალბათ, თავადაც გამოგიცდიათ: მაგალითად, რამდენჯერმე თუ ახსენებთ პიცას, მოგვიანებით ნიუსფიდში პეპერონი ამოგიხტებათ. არა, თქვენს აზრებს არავინ კითხულობს, მაგრამ დიდმა ტექ-გიგანტებმა მეტნაკლებად იციან, რას ეძებთ, რა მოგწონთ და რას ელით მათგან.

ეს ყველაფერი სინამდვილეში ერთ მასშტაბურ სისტემაზე დგას, რომელსაც მონაცემთა ანალიტიკა ან მონაცემთა მეცნიერება ჰქვია. როგორ ცვლის მონაცემები ჩვენს ყოველდღიურობას და რა გავლენა აქვს მას ბიზნესზე? — ამ საკითხებზე თიბისის მონაცემთა ანალიტიკის ლიდერი და თბილისის მონაცემთა ანალიტიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი მიშა ნადარეიშვილი გვესაუბრა.


მისი თქმით, გუგლი და ფეისბუქი ყველაზე მარტივი და ხელშესახები მაგალითებია, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რა როლი უჭირავს მონაცემთა ანალიტიკას ჩვენს ყოველდღიურობაში.


რას ვიწონებთ ყველაზე ხშირად Facebook-ზე და რა აინტერესებთ ჩვენს მეგობრებს, რას ვეძებთ ინტერნეტში, რაზე ვჩერდებით სქროლვის დროს, ვის ვეკონტაქტებით — ეს მონაცემები გროვდება და ანალიტიკური ძრავების მეშვეობით ისე ლაგდება, რომ ჩვენ აღარ ვიკარგებით ინფორმაციის ზღვაში.


"თუკი სოციალურ ქსელში ჩვენი ასობით მეგობრის გაზიარებული ფოტოები, ვიდეოები თუ მოსაზრებები ამ "ფილტრის" გარეშე, ერთიანად შეგვხვდებოდა, შეუძლებელი გახდებოდა გზის გაკვლევა ამ უსასრულო სივრცეში, ხოლო ის, რაც ნამდვილად საყურადღებოა, ჩვენთვის უინტერესო კონტენტში გაერეოდა"


— მიშა ნადარეიშვილი


იგივე ითქმის Google-ზეც, რომელიც კიდევ უფრო დიდ სივრცეს — თითქმის მთელ ინტერნეტს ფარავს. მონაცემთა ანალიზის დახმარებით გუგლი ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას პრიორიტეტების მიხედვით ალაგებს და ცდილობს, კითხვებზეც შესაფერისი პასუხები გაგვცეს.

ამგვარად, ინდივიდების თვალთახედვიდან თუ განვიხილავთ, მონაცემთა ანალიტიკას ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება და გამარტივება შეუძლია. თუმცა მონაცემთა ანალიზი მხოლოდ ინტერნეტ სივრცეს არ ეხება. ესაა სფერო, რომელიც ბიზნესს, ტექნოლოგიებს, ფინანსებს და საზოგადოებრივ საკითხებსაც ფარავს.

მონაცემთა ანალიტიკა ჩვენს ყოველდღიურობაში


მიშა გვიყვება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაცემთა ანალიტიკას უცნაური და მოულოდნელი დანიშნულებაც შეიძლება მოუძებნონ. როგორც აღმოჩნდა, იტალიაში, ერთ-ერთ სააგარაკო ქალაქში ყოველი მომდევნო დღის ელექტროენერგიის მოხმარებას სატელეფონო ზარების მეშვეობით პროგნოზირებენ. ქალაქის მესვეურები ქალაქგარეთიდან შემოსული ზარების სიხშირეს აკვირდებიან. ზარების მომატებული რაოდენობით ისინი ხვდებიან, რომ ქალაქში დასასვენებლად უფრო მეტი ადამიანი აპირებს ჩამოსვლას და შესაბამისად ელექტროენერგიის მოხმარებაც უფრო მეტად გაიზრდება. ეს საშუალებას აძლევს მათ სწორად წარმართონ პოლიტიკა, იზრუნონ ელექტროენერგიის იაფი წყაროებიდან მიღებაზე ან დააწყონ გრძელვადიანი გეგმები.

საქართველოში ტექნოლოგიურ ინოვაციას უმეტესად ბანკები ნერგავენ. თიბისი ტექნოლოგიების დახმარებით საბანკო სერვისების გამარტივებასა და ციფრული სივრცის მაქსიმალურად ათვისებაზეა ორიენტირებული. ამაში მას მონაცემთა ანალიტიკა დიდ დახმარებას უწევს.

ბიზნესში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში მონაცემთა ანალიტიკის გამოყენების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მიშა თიბისი სტატუსისა და სტატუსის ციფრულ სერვისებს ასახელებს. თიბისი სტატუსით მომხმარებელს საბანკო და არასაბანკო პროდუქტებზე განსაკუთრებული უპირატესობები აქვს, ის პირადი ბანკირის მომსახურებითა თუ სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში ფასდაკლებებით სარგებლობს.

თიბისიში ერთ დღესაც გადაწყვიტეს, რომ შესაფერისი მომსახურების შეთავაზების მიზნით ამ სეგმენტის მომხმარებლები ჩვევებისა თუ გემოვნების მიხედვით დაეჯგუფებინათ. სტატუს მომხმარებლების მონაცემთა ანალიზისას გამოჩნდა, რომ შოპინგის მოყვარულთა, მოგზაურთა თუ სხვა მცირე და მრავალი სახის ჯგუფებისგან განცალკევებით ერთი დიდი გაერთიანება — ციფრული მომხმარებლების ჯგუფი არსებობდა. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც საბანკო სერვისების მისაღებად ინტერნეტს, სმარტფონს იყენებდნენ და ამისთვის ფიზიკურად ფილიალში მისვლა არ სჭირდებოდათ. შედეგად, ბანკმა მათთვის სტატუსის ციფრული ნაკრები შექმნა — მომსახურების ერთობლიობა პირადი ბანკირის გარეშე ნახევარ ფასად. სტატუსის ციფრულმა ნაკრებმა რამდენიმე თვეში მომხმარებლების რეკორდული რაოდენობა შეიძინა.

"მონაცემთა ანალიტიკა არის ბიზნესის თვალები", — აღნიშნავს მიშა და განმარტავს, რომ ის საშუალებას გაძლევს დაინახო, თუ რა სურს შენს მომხმარებელს და მოერგო მას. ამგვარად, ანალიტიკამ ბანკს საშუალება მისცა, დაენახა მომხმარებელთა საკმაოდ დიდი სეგმენტი და მათთვის ცხოვრება კიდევ უფრო გაემარტივებინა.

ახლახან მათ კიდევ ერთი ანალიტიკური ძრავი — შემდეგი საუკეთესო შემოთავაზების სისტემა დანერგეს. ხარჯავ თუ არა თანხას ხშირად გასართობ დაწესებულებებში? სტუმრობ თუ არა ერთსა და იმავე ბანკომატს? რა სახის დანაზოგი გაქვს? — ეს და სხვა მსგავსი ინფორმაცია შენი ფინანსური ქცევების შესახებ ანალიტიკური ძრავის მეშვეობით იფილტრება. შედეგად, ბანკს საშუალება ეძლევა, პროგნოზი გააკეთოს იმის თაობაზე, თუ რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯი და მხოლოდ ისეთი შემოთავაზებით მოგმართოს, რომელიც შენს ყოველდღიურობასა და ინტერესებთან ახლოს იქნება. შედეგად ორივე მხარე მოგებულია: ბანკი რესურსებს უფრო ეფექტურად განკარგავს, ხოლო მომხმარებელი ზუსტად იმ სერვისებსა და ინფორმაციას იღებს, რომელიც სჭირდება.

როგორ ცვლის სამყაროს მონაცემები


ჩვენ გარშემო თითქმის ყველაფერი მონაცემებს აგენერირებს და ინფორმაციის წყარო ხდება, მათგან კი ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებაა შესაძლებელი. ესაა სისტემა, რომელიც ადამიანის ქმედებას და გადაწყვეტილების მიღების გზებს ბაძავს. ხშირად ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას არარაციონალურ შიშებს გამოთქვამენ, თითქოს ის ადამიანებს ჩაანაცვლებს, რობოტები დაიკავებენ ჩვენს სამუშაო ადგილებს ან იმდენად განვითარდებიან, რომ ადამიანებზე იბატონებენ. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივი და იმედისმომცემია.


სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანების აზროვნებას სრულიად ჩაანაცვლებს ჯერ-ჯერობით არ არსებობს და ალბათ, დიდი ხანი არ იარსებებს. ხოლო ის, რაც ჩვენთვის ახლა ხელმისაწვდომია, ე.წ. გაფართოებული ინტელექტია. ის მონაცემებზე დაყრდნობით ადამიანებს აზროვნებაში ეხმარება.

"შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა ნახატი ვან გოგის სტილში შეასრულოს, თუმცა ის მხატვარს ვერ ჩაანაცვლებს — კრეატიულობის ელემენტი მაინც ადამიანის მხარეს რჩება."


"ჩვენ მას უბრალოდ აზროვნების განმეორებად ელემენტებს "ვაბარებთ", ის კი მარტივი, რუტინული საქმეებისგან გვათავისუფლებს. ამის შემდეგ ადამიანებს მეტი დრო რჩება შემოქმედებითი საქმიანობისა და მაღალინტელექტუალურ საკითხებზე საფიქრელად, რაც, თავის მხრივ, ახალი სფეროების, ინდუსტრიების განვითარებას უწყობს ხელს"


- მიშა ადარეიშვილი


მონაცემთა ანალიტიკა ბიზნესში


მონაცემთა ანალიტიკას ბიზნესში სარგებლიანობის კუთხით თუ განვიხილავთ, რამდენიმე დიდი კატეგორია გამოიყოფა — ესაა მოგების ზრდა, ხარჯების შემცირება, მომხმარებლის კმაყოფილება და ეფექტურობის ზრდა. ყველა ამ მიმართულების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის მონაცემების შეგროვებას, მათ ანალიზს და სწორი დასკვნების გამოტანას დიდი მნიშვნელობა აქვს. მიშა აღნიშნავს, რომ ანალიტიკის როლი ბიზნესისთვის ისეთივეა, როგორიც, მაგალითად, კომპიუტერის — დღეს იშვიათად თუ შეხვდებით ბიზნესს, რომელსაც კომპიუტერი თავის საქმიანობისთვის საერთოდ არ სჭირდება. თუმცა, ანალიტიკა ჯერ კიდევ ახლა იკრებს ძალას და ბიზნესში მისი აქტიურად გამოყენების კუთხით შეიძლება ითქვას, რომ საწყის ეტაპებზეა.

თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს.


კონფერენციის მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესისთვის რეალურად გამოსადეგი ანალიტიკა გაკეთდეს.


TIDA ონლაინ სივრცეში გაიმართება და არ შეიზღუდება სტანდარტული გრაფიკით. კონფერენცია ყოველდღიურად საღამოს საათებში ჩატარდება და თითოეულ დღეს სამი მომხსენებელი წარადგენს საკუთარ თემას.


ავტორი: On.ge