სიახლეები

ვის მოუსმენთ თბილისის რიგით 24-ე ჯაზ ფესტივალზე

6-8 ივლისს, თბილისი, რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიების წლევანდელი მონაწილეებიც, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ, ტრიოსთან ერთად

ივლისი 02, 2021

1978 წელს დაფუძნებული თბილისის ჯაზფესტივალი წელს 24-ედ ტარდება. გარდა იმისა, რომ ის პირველი ჯაზფესტივალი იყო ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე, ამასთანავე ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და მრავალფეროვანიც აღმოჩნდა. ტრადიციულად ფესტივალი შედგება როგორც მუსიკალური, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებებისგანაც.

წლევანდელი სამდღიანი პროგრამა მოიცავს 3 განსხვავებულ კონცერტს და სამი თაობის მუსიკას ცამეტი მუსიკოსი შეასრულებს.

ანტონიო სანჩესი

ანტონიო სანჩესი  კინოფილმ Birdman-ის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო და ამ ფილმის საუნდტრეკმა შემსრულებელს მე-4 გრემიც მოუტანა, თუმცა მუსიკალურ წრეებში მან ბევრად ადრე გაითქვა სახელი.


მექსიკაში დაბადებული სანჩესი ხუთი წლის ასაკიდან უკრავდა დრამზე, ჯერ სწავლობდა მექსიკის კონსერვატორიაში, კლასიკური პიანოს განხრით, შემდეგ კი გადავიდა ბოსტონში, სადაც დიდი წარმატებით დაამთავრა ბერკლის მუსიკალური კოლეჯი.

 

1999 წელს, ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ, სანჩესი ჯაზის საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დრამერი აღმოჩნდა, მონაწილეობა მიიღო ასზე მეტ ალბომში და სცენაზე იდგა ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიცაა - მაიკლ ბრეკერი, ჩიკ კორეა, ჩარლი ჰეიდენი, ჯონ პატიტუჩი, ავიშაი კოენი, გარი ბარტონი, ტუტს ტილმანსი და სხვები. სანჩესის და პეტ მეტენის რვა ერთობლივი ალბომიდან, რომელიც მათ 2000 წლის შემდეგ ჩაწერეს, სამს გრემი ხვდა წილად.

კვარტეტი, რომლითაც სანჩესი მსმენელის წინაშე თბილისში წარდგება, ოთხი თანაბარი რანგის მუსიკოსისგან შედგება. ქართველ მსმენელს უნიკალური შესაძლებლობა აქვს მოისმინოს თანამედროვე ოსტატების მიერ დაბალანსებული და ერთმანეთს შერწყმული ორი პოლუსი - ინოვაცია და ტრადიცია და ასევე გაეცნოს კულტურულ, სოციალურ და მუსიკალურ ტრადიციებზე დაფუძნებულ ახალ, 21-ე საუკუნის ჯაზის ენას. 

კვარტეტი, რომელსაც ამ შემადგენლობით პირველად თბილისის ჯაზფესტივალზე მოვუსმენთ, შედგება ორი საქსოფონისგან (დონი მაკკასლინი და მიგელ ზენონი) კონტრაბასისგან (სკოტ კოლი) და დრამისგან. ეს ბენდის ინსტრუმენტული დაკომპლექტების საკმაოდ არატრადიციული ან, გნებავთ, არასტანდარტული გადაწყვეტაა, რასაც თავის მხრივ კიდევ მეტი ინტრიგა შემოაქვს არაორდინარული კონცერტის მოლოდინში. 


ბრენფორდ მარსალისი

თუ რას ნიშნავს ჯაზში მყარ ნიადაგზე სიარული, ამას ალბათ ბრენფორდ მარსალისის კვარტეტის მოსმენისას ნებისმიერი მსმენელი შეიგრძნობს.კლასიკური კვარტეტი, კლასიკური რეპერტუარი, შესრულების კლასიკური და სუფთა მანერა... კლასიკა - მისი საუკეთესო, ტრადიციული გაგებით.


ბრენფორდ მარსალისმა, გარდა იმისა, რომ ის საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში, ჯაზის ისტორიაში შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დიდხანს არსებული ბენდი. ამ კვარტეტმა კი არსებობის სამი ათწლეულის განმავლობაში მოახერხა დაეჭირა კლასიკური ჯაზის თამასა, რომელზეც დიდი ხანია სწორება აქვთ ახალგაზრდა მუსიკოსებს და რომელიც დღემდე აქტუალურობას ინარჩუნებს, განსაკუთრებით ჯაზის აკადემიურ, საგანმანათლებლო ნაწილში. 

 

ეს ტენორ საქსოფონისტი ცნობილია იმითაც, რომ არ ერიდება ღია კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება და რას არ შეიძლება ეწოდოს ჯაზი. თავად ნიუ ორლეანის ტრადიციული ჯაზის ოჯახში დაბადებული და გაზრდილი მარსალისი თვლის, რომ მხოლოდ მკაცრ, ტრადიციულ და კონტექსტუალურ ჩარჩოებში მოქცეულ მუსიკას აქვს უფლება ჭეშმარიტ ჯაზად იყოს მოხსენიებული.

„ჯაზი უცნაური სიტყვაა, ყველას უნდა მასთან ასოცირდებოდეს, მაშინაც კი, თუ ისინი არ უკრავენ ჯაზს და არც არაფერს ჯაზისებრს. მე ვარ იმპროვიზაციის მოყვარული, თუმცა იმპროვიზაცია არ ქმნის ჯაზს, იმპროვიზაცია ქმნის იმპროვიზაციას. ჯაზს კი საუნდი აქვს“!

ეს მიდგომა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის თავად ბრენფორდ მარსალისის და მისი კვარტეტის მიერ შესრულებულ ორიგინალურ კომპოზიციებს თუ ჯაზური სტანდარტების უკომპრომისო ინტერპრეტაციებს.


ბრენდფორდ მარსალისთან ერთად სცენაზე იდგებიან ლეგენდარული პიანისტები - ჯოი კალდერაცო, ბასისტი ერიკ რევისი და დრამერი ჯასტინ ფოლკნერი.

 

ფესტივალის ფარგლებში ბრენფორდ მარსალისი ჩაატარებს მასტერკლასს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.


მონტი ალექსანდერი

პიანისტ მონტი ალექსანდერის დაკვრის მანერის ერთ სიტყვაში ჩატევა ცოტა რთულია, რადგან მისი ჟანრული მრავალფეროვნება, მსგავსად იმ ტალღისებრი და ცოცხალი მუსიკისა, რომელსაც ის ქმნის, არ შემოიფარგლება ერთ სტილით და რიტმით. თუმცა, მაინც თუ გადავწყვეტდით, მისი მუსიკა ერთი სიტყვით აღგვეწერა, შესაძლოა, ეს სიტყვა ყოფილიყო - სილაღე.

 

1944 წელს იამაიკაში დაბადებულმა, ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო დაკვრა, 14 წლის უკვე საკმაოდ აქტიურად უკრავდა მშობლიური კინგსტონის კლუბებში. მოგვიანებით, როდესაც ის მშობლებთან ერთად მაიამიში, ხოლო შემდეგ უკვე მარტო ნიუ-იორკში გადავიდა, მან საკუთარ თავში არსებული მშობლიური მუსიკისა და ამერიკული ჯაზის სუბლიმაცია მოახდინა. მისი შესაძლებლობები არც აქ დარჩენილა დიდხანს შეუმჩნეველი, ალექსანდერი სწრაფად აღმოჩნდა ისეთი მუსიკოსების გარემოცვაში, როგორებიც მაილს დევისი, ქაუნთ ბეისი, როი ჰეინსი, კლარკ ტერი, ზუტ ზიმსი, მილტ ჯექსონი, ფრენკ სინატრა, ქუინსი ჯონსი და სხვები არიან.   

აღსანიშნავია, რომ ალექსანდერის დროის და ენერგიის დიდი ნაწილი ყოველთვის კლუბურ, იმპროვიზებულ ლაივ აქტებს ეთმობოდა, რის გამოც მისი შემოქმედების ნაწილი არ არის ციფრულად აღბეჭდილი. მუსიკოსებს უყვარდათ და უყვართ მონტი ალექსანდერთან მუშაობა, რადგან, როგორც ყველა აღნიშნავს, მისი შესაძლებლობები თითქმის უსაზღვროა, ხოლო მისი მიდგომა აბსოლუტურად თავისუფალი.


მონტი ალექსანდერის მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სტანდარტების მოსმენისას ხშირად მოგაგონდებათ ხან ეროლ გარნერი, ხან აჰმად ჯამალი, ხან ოსკარ პიტერსონი, სადღაც შეიძლება ბილ ევანსიც ამოიცნოთ, თუმცა მუსიკოსს არც აქ ახასიათებს გაჩერება და საბოლოო ჯამში ვიგებთ, რომ მისი ჰიბრიდული ჟანრის ინდივიდუალიზმი სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია. მონტი ალექსანდერის ტრიო შედგება ძალიან გამოცდილი და აღიარებული მუსიკოსებისგან - პოლ ბერნერისგან (ბასი) და ჯეისონ ბრაუნისგან (დრამი).


თბილისის ჯაზფესტივალის არსებობის ისტორიაში კიდევ ერთი სიახლე ფესტივალის ჩატარების ადგილი იქნება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზო პირველად უმასპინძლებს იმპროვიზებული მუსიკის შემსრულებლებსა და მოყვარულებს. ამასთანავე, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ეროვნულ მუზეუმში დაცულ ექსპოზიციებს. მათთვის საგამოფენო სივრცეების კარი 18 საათიდან გაიხსნება.

ხელოვნების ორი სფეროსა და მუსიკოსთა სამი თაობის შეხვედრა, საინტერესო პროგრამა და სასიამოვნო გარემო გელოდებათ 6, 7 და 8 ივლისს თბილისის 24-ე ჯაზფესტივალზე.

თბილისის ჯაზ-ფესტივალი 6-8 ივლისს, ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართება. ბილეთები TKT.ge-ზეა ხელმისაწვდომი და მათ შეძენას თიბისი კონცეპტის ბარათით 20%-იანი ქეშბექით შეძლებთ.



ავტორი: მანანიკო მუსხელიშვილი / AT.ge