სიახლეები

თიბისის და სადაგის პარტნიორობა გარემოსდაცვითი ინიციატივის ფარგლებში

იანვარი 05, 2023

სოციალური პასუხისმგებლობის შესრულების მიზნით, კომპანიები ხშირად გეგმავენ პროექტებს, რომელთა ერთ-ერთი კომპონენტი გარემოზე ზრუნვაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გარემოს დაბინძურება უზარმაზარ პრობლემად იქცა, არამედ იმიტომაც, რომ გარემოს დაცვა საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა და მისი მდგომარეობა საზოგადოების კეთილდღეობაზე დიდ გავლენას ახდენს.


ეს პასუხისმგებლობა კარგად ესმის თიბისის, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებას, მრავალი წელია, დიდ ყურადღებას აქცევს. კომპანიამ წელს, საქართველოს დამლაგებელთა გილდიასთან — სადაგთან თანამშრომლობის ფარგლებში ორი ადგილი დაასუფთავა. 


თუმცა, სანამ ამ საკითხზე გადავალთ, იქამდე თიბისის გარემოსდაცვით ინიციატივებზე გიამბობთ.


თიბისიში 2021 წელს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების განყოფილება — სოციალური და მმართველობის (ESG) განყოფილება შეიქმნა, რომლის მიზანიც ამ საკითხებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა და დამატებითი ვალდებულებების გაფართოება იყო. ESG სტრატეგია კომპანიას და მისი გუნდის წევრებს ეხმარება, საკუთარი ღირებულებები საქმიანობაში გამოხატონ და განსაზღვრონ, თუ რა გავლენას ახდენს მათი ქმედებები გარემოზე, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე.

თიბისის ძალიან დიდი გავლენა აქვს როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე ტექნოლოგიებზე, დასაქმებასა და განვითარებაზე. ჩვენ გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომ უნდა ვიყოთ სამაგალითოები. სწორედ ამიტომ გარემოსდაცვითი ინიციატივები, რაც არა მხოლოდ ბუნებაზე ზრუნვას, არამედ გარემოს გაჯანსაღებას ემსახურება, გრძელვადიან მიზნებზეა დაფუძნებული.”


მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის ESG მიმართულების ხელმძღვანელი.

ამ მიმართულების მხარდასაჭერად, კომპანიის შიგნით ცნობიერების ამაღლების კამპანიები იმართება. თიბისის ინიციატივების ნაწილია, ასევე, ESG ელჩის პროექტი, რომელიც თანამშრომლების ჩართულობის ზრდას ისახავს მიზნად. ESG ელჩის ფუნქცია ნებაყოფლობითია და, პირველ რიგში, განპირობებულია გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მიმართ ინტერესით და მისწრაფებით, წვლილი შეიტანონ საზოგადოების მდგრად განვითარებაში, გარემოს დაცვასა და ცნობიერების ამაღლებაში როგორც კომპანიის შიგნით, ასევე - მის გარეთ.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თიბისიმ გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება ESG განყოფილების შექმნამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. მაგალითად, 2012 წელს კომპანია გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა, რითაც ბიზნესსაქმიანობაში 10 ეთიკური პრინციპის დაცვის ვალდებულება აიღო. პრინციპები მოიცავს გარემოსდაცვით, ადამიანების უფლებების, შრომითი უფლებების და სხვა საკითხებს. გარდა ამისა, თიბისის აქვს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა, რომელიც მცირე/საშუალო და კორპორატიულ ბიზნეს დაკრედიტებისას გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს აფასებს და ამის საფუძველზე წყვეტს სესხის გაცემის საკითხს.

გვინდა ადამიანებს დავანახოთ, თუ როგორ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის მოვლა. ძალების გაერთიანებით ისეთი პრობლემების გადაჭრა შეგვიძლია, რომელიც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. გარემოზე ზრუნვა საკუთარი სახლის მოვლის ტოლფასია. ამ საქმეში კი ერთი ცუდი ჩვევის შეცვლასაც დიდი წვლილი შეაქვს.


მაია მესტუმრე, სადაგის კომუნიკაციების ხელმძღვანელი

სადაგი მოხალისეებს სოციალური ქსელით პოულობს, რომლებიც თვითონ უკავშირდებიან ორგანიზაციას. თიბისის ინიციატივის შემთხვევაში კი კომპანიის ESG ელჩებმა და გუნდის წევრებმა ითავეს ეს საქმე.


„თიბისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციაა და აქტიურად ერთვება მსგავს ინიციატივებში. ამიტომ, როგორც კი ჩვენს შესახებ გაიგეს, თავადვე დაგვიკავშირდნენ და ერთად დავგეგმეთ დასუფთავების ღონისძიება“ — ამბობს მაია მესტუმრე.


თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ და სადაგმა დასუფთავების ორი ღონისძიება ჩაატარეს, ერთი თბილისში, ერთი კი — ზესტაფონში.


მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მათ ისეთ ტერიტორიებზე გადაწყვიტეს ღონისძიებების ჩატარება, რომლებსაც ადამიანები ხშირად სტუმრობენ, თუმცა დიდი ყურადღება არ ექცევა. თბილისის შემთხვევაში, ასეთი თბილისის ზღვის სანაპირო იყო, ზესტაფონის შემთხვევაში კი — ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია.

„ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ საქართველოს ბუნების სილამაზით, მაგრამ გვავიწყდება, რომ ამ ბუნებას მოფრთხილებაც სჭირდება. სხვაგვარად ამ სილამაზეს ვერ შევინარჩუნებთ. ამიტომ, პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ ბიძგი, ჩვენთან ერთად იზრუნონ გარემოზე. შესაძლოა, სხვადასხვაგვარი შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ყველანი ერთ გარემოში ვცხოვრობთ და ერთად უნდა მოვუაროთ მას.“


მაია მესტუმრე, სადაგის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

თიბისის თბილისის დისტანციური სერვისების განყოფილების თანამშრომლის - ESG ელჩის, სალომე ბახტაძის თქმით, კომპანია მუდმივად ცდილობს სიახლეების დანერგვას, ეს კამპანია კი მათთვის გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია.


ამ პროექტში ჩემი ყურადღება, პირველ რიგში, გარემოს დაცვასთან დაკავშირებულმა საქმიანობამ მიიპყრო. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები სარგებლის მომტანია როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანებისთვის. ამიტომ, იმედი მაქვს, ამ მიმართულებით საზოგადოებაში მიმღებლობა და ჩართულობა გაიზრდება“. — ამბობს სალომე ბახტაძე.


როგორც აღვნიშნეთ, თბილისის გარდა დასუფთავების ღონისძიება ზესტაფონშიც ჩატარდა, რომელიც, სხვა რეგიონების მსგავსად, ასეთ პროექტებს მოკლებულია. აღსანიშნავია, რომ ქალაქში მწვავედ დგას დაბინძურების პრობლემა. ამიტომ, ზესტაფონში თიბისის ფილიალის დირექტორმა და ESG ელჩმა, დურმიშხან ყაზაიშვილმა, სურვილი გამოთქვა, დასუფთავების ღონისძიება ამ ქალაქშიც ჩატარებულიყო.

„ვფიქრობ, ასეთი აქტივობები სხვა მოქალაქეებსაც მისცემს მოტივაციას, საკუთარ გარემოს მოუფრთხილდნენ. ამიტომ, პროექტისთვის საპიკნიკე ადგილი სამცვერა შევარჩიეთ და ფილიალის თანამშრომლებთან ერთად დავასუფთავეთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ რაოდენობის ნარჩენებს არ ველოდი. ეს იმას უსვამს ხაზს, რომ რეგიონებში ამ მიმართულებით მეტი ჩართულობა და ცნობიერების ამაღლებაა საჭირო, ერთმანეთის მხარდაჭერით კი პრობლემასთან გამკლავება ბევრად მარტივია.“


დურმიშხან ყაზაიშვილი, ზესტაფონში თიბისის ფილიალის დირექტორი და ESG ელჩი.

ეს თიბისისა და სადაგის თანამშრომლობის ფარგლებში პირველი საპილოტე პროექტი იყო, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მსგავსი ინიციატივები უფრო მასშტაბური გახდება და განგრძობით სახეს მიიღებს.

ავტორი: იანა კოხოძე