მუსიკა | ცა

თამადა - დიონისეს ჰარმონიული დაპირისპირებანი

Tsa.Music

სექტემბერი 09, 2021

მუსიკალურ სამყაროში არის ასეთი ფენომენი, „მეორე ალბომის სინდრომი“. ეს ის მომენტია, როცა რომელიმე არტისტის, თუ ბენდის პირველი, სადებიუტო ნამუშევარი, თავისი ორიგინალურობით და ხარისხით, მსმენელისთვის ნამდვილ სიურპრიზად იქცევა და მეორე ალბომის გამოშვება უკვე ნამდვილი გამოცდა არის ხოლმე ამ მუსიკოსებისთვის.

რატომ? იმიტომ, რომ ასეთ დროს პირველი და მეორე ნამუშევრის შედარება ძალაუნებურად ხდება ხოლმე, მუსიკოსებისთვის კი რთულია პირველ ალბომში ეფექტურად მიგნებული იდეების მარწუხებიდან განთავისუფლება და ამიტომაც, ხშირად ვიღებთ ამ იდეების ექსპლუატაციას მეორე ალბომში, რაც აფერმკთალებს მის ეფექტს, უდავოდ ხარისხიანიც რომ იყოს მუსიკალურად. აი, სწორედ ასეთი გამოწვევის წინაშე დადაგა ლაშა ჩაპელი, იგივე „თამადა“.

მის შემთხვევაში ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მისი სადებიუტო EP „საუზმე თამადასთან”, იმდენად სპეციფიური, ეგზოტიკური და მოულოდნელია, რომლის ანალოგიც თანამედროვე ქართულ პოპ რეალობაში ძნელად თუ მოიპოვება. 

შეგახსენებთ, რომ სადებიუტო მინი ალბომში თამადამ გააცოცხლა ძველი თბილისური აკუსტიკური კოლორიტი, საკმაოდ მახვილგონივრულად და პოზიტიურ-ირონიულად. თან მექანიკურად კი გამოიყენა (რაც ხშირად გვხვდება ქართულ ესტრადაში) ქალაქური ფოლკლორი, მაგრამ, ამასთანავე, თანამედროვე, საკლუბო ტერიტორიაზეც გადმოიტანა.

ეს ყველაფერი უაღრესად ავანტურულად ჟღერდა კიჩის ზღვარზე, ყოველგვარი კომპლექსების გარეშე და პლუს, იმ აქტუალური ტრენდების გათვალისწინებითაც, რაც დომინირებს დღეს ევროპულ მულტიკულტურულ მუსიკალურ სივრცეში.

„თამადამ“ საკუთარ მუსიკას „დიფ დუქანი“ დაარქვა, რაც ზუსტად ასახავს მის ესთეტიურ კრედოს.

სადებიუტო მინი ალბომს მან სრულფორმატიანი ალბომი - Dyonisus vs Tamada მიაყოლა და ბუნებრივად ისმის კითხვა, რა არის ახალი და საინტერესო ამ მეორე რელიზში პირველთან შედარებით, გამოვიდა თუ არა ის ისეთივე დამაინტრიგებელი, როგორიც პირველი იყო? და მოახერხა თუ არა ავტორმა გადაეჭრა „მეორე ალბომის“ ამოცანა? აი, სწორედ ამ კონტექსტშია ჩემთვის Dyonisus vs Tamada-ს განხილვა საინტერესო. 

უკვე ალბომის სათაურში, თითქოს, გაცხადებული წინააღმდეგობაა: თუ ადრე ავტორი გვევლინებოდა, როგორც მხოლოდ თამადა, ეხლა უკვე დიონისედაც, რომელიც ბოლომდე და უპირობოდ არ მიყვება თამადის კურსს, რაც ალბომის ზოგად ხასიათშიც მკაფიოდ იგრძნობა. 

სახეზეა განსხვავებული, გაკორექტირებული  დამოკიდებულება და განწყობა. 

თუ „საუზმე თამადასთან“ 4 ტრეკი - სადღეგრძელოთი დაკომპლექტებული „ღრმა დუქან“ სუფრაა ტრადიციული სათამადო პათეტიკით და მჭერმეტყველებით, ახალ ალბომში უფრო მეტი ლირიულობა და ინტიმურობაა, ლამის დიონისური აღმსარებლობა. განწობა სხვაა, ტექსტებიც თითქოს უფრო მოფილოსოფოსოდ საბედისწეროა, თუმცა, აშუღურ პოეტურ იდიომს არ სცილდება.

ამ ტრანსფორმაციამ, ცხადია, გამოიწვია აკუსტიკური გარემოებების ცვლილებაც. თუ არანჟირებები სადებიუტო EP-ში უფრო კალეიდოსკოპური და მჭერმეტყველურია, ახალ LP-ში უფრო თავშეკავებული და თემაზე კონცენტრირებულია. ეს ცვლილებები არ არის აშკარა, ის ნიუანსურია, ეს განსაკუთრებით ვოკალურ ნაწილში იგრძნობა, რომელიც აშაკარად უკეთესია, ვიდრე ადრე, უფრო მგძნობიარეცაა და ემოციურიც, მასში აღარაა ისე ხაზგასმული ირონიულობა და კიჩურობა, როგორც „საუზმეში“,  ძველი თბილისური სასიმღერო მელიზმები აქ გაცოცხლებულია, როგორც მხოლოდ ხერხი, თუმცა არ იკარგება ავთენტურობაც.

ზოგადად, ვფიქრობ, სწორედ ასე ცდილობს დიონისედ ქცეული თამადა შეძლებისდაგვარად გადაახალისოს ის აკუსტიკური რეალობა, რომელიც თავადვე შექმნა და რომლის ტყვეობაში დარჩენაც, უდავოდ მაცდური იქნებოდა მისთვის.

ახლა კი მივყვეთ საალბომე ტრეკებს

თანმიმდევრობით.

„ერთი“- სულ მიკვირდა რატომ არ იყენებენ სამამულო საცეკვაო საკლუბო მუსიკაში კლასიკურ ქართულ დოლს, აგერ, როგორ ეფექტურად გაჟღერდა ამ ტრეკში, რა თქმა უნდა, კონტექსტი გადამწყვეტია აქ ვოკალ ნარატივის, რომელსაც სინტეზატორული საუნდი და პერიოდული ბითიც იდეალურად ერგება. ახალი თემებიც შემოდის, იმპროვიზაციის გზით მიღებული პასაჟები, ეკლექტურია ეს ყველაფერი, მაგრამ, ამავდროულად, მონოლითური, ნამდვილი „დიფ დუქანი“, ჭეშმარტი ნეო აშუღის შესრულებით. 

“თანთალი“- ინსტრუმენტალზე ორიენტირებული, მძიმე ბასით, რითმი უფრო ფანკია, აქცენტირებული აღმოსავლური ინტონაციები. თითქოს უკრავს დიჯეი ძველი ავლაბრიდან, რომელიც ამავდროულად მინიმალისტურად მელო დეკლამირებს, როგორც mc. 

“შიშველი“- თავიდან არანაირი დუქან ესთეტიკა, მაგრამ ყარაჩოღლური სატრფიალო ვოკალი ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს, თუმცა აშკარაა, რომ აქ საქმე გვაქვს ხაზგასმულ მანერიზმთან, თითქოს თანამედროვე მელექსე მომღერალი ჩავარდა ორთაჭალის დუქანში და წაიღო თავისი აკომპანიმენტი, რომელიც საკმაოდ მოულოდნელია, როკ პასაჟებიც კი ისმის ლამის, მოფსიქოდელიო ელფერით, რაც მთლიანობაში ძალიან ეფექტურია.

“დევნა“- ჰაუს ტრეკი, მაგრამ არა კონიუნქტურული. უფრო გააფდეითებული კინტო დიჯეინგია, შორეული და მოუხელთებელი დუქან ჰაუსის ინტონაციებით. ისევე, როგორც ბევრგან, აქაც ისეთი „საუნდები“ ისმის, რომლის იდენტიფიცირებაც რომელიმე ინსტრუმენტთან შეუძლებელია. ამ ტრეკში ერთ-ერთი ასეთი „საუნდი“ სოლირებს, თან ისე, რომ ზურნის პარტიისთვის იქნებოდა ადეკვატური, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჟღერადობა ბანალური კიჩური გახდებოდა, ამიტომაც ავტორი შეგნებულად იყენებს აბსტრაქტულ სინთეტურ ბგერას, არ სურს, რომ მუსიკის ეგზოტიკურობა თვითმიზნად გადიქცეს. ასეთი მიდგომა თითქმის ყველა ტრეკში სახეზეა.

“პირამდე“ - კვლავ მანერული ვოკალი, რომელიც მხოლოდ აპელირებს ძველ თბილისურ მოტივებზე. ინტონაციები მაინც აშკარად ქართულია, კვლავ გაისმის დოლი, სუროგატული ზურნაც, თუმცა საუნდ გაფორმება შენიღბულია და გამოკვეთილი ეთნიკური ხასიათი არ აქვს, ანუ ეკლექტურია, მაგრამ უნიფიცირებული. სახეზეა საზღვრის წაშლის მცდელობა, არქაულსა და დღევანდელს შორის, აღმოსავლურს და ევროპულს შორის, ქალაქურ ფოლკლორსა და პოპს შორის. თამადა-დიონისე, ერთის მხრივ გვევლინება მე-19 საუკუნის ტიფლისში მოხვედრილ თანამედროვე არტისტად, მეორეს მხრივ, წარსულიდან მოვლენილად დღევანდელობაში. ეს, რა თქმა უნდა, აკუსტიკური ილუზიაა, მაგრამ სწორედ ესაა ტრანსცენდენტულობა, როცა ხდება ბარიერების გადალახვა ისე, რომ არ იკარგება საერთო ორგანულობა.

“ვარდი ვარდო“ - აშკარა გადახრა მულტიკულტურალიზმისკენ, რაც პრინციპში დამახასიათებლია თბილისური ფოლკ სენსიტიურობისთვის. საინტერესოდ აწყობილი საცეკვაო რიტმი, რომელშიც იკვეთება ქართული საიდენტიფიკაციო კოდები - უახლესი ჟღერადობით ქალაქური ნეო ფოლკის გაკეთების მცდელობაა. თემების ინტერპრეტაცია ძალიან ოსტატურია. შეიძლება მრავალფეროვანად და მახვილგონივრულად არაა არანჟირებული, სამაგიეროდ, ყოველი ბგერა ფუნქციონალური და კონცენტრირებულია.

“გამდის“ - ჩემი გემოვნებით, საუკეთესო ტრეკი, ყველა ის ვექტორები, რომლებიც იკვეთება ალბომში, აქ თავს იყრის. რითმულ ჟანრული ბაზა თანამედროვე ფანკ-როკია, მაგრამ აი, ფსევდო ჭიანურის უცაბედი, მოკლე ჩართვები ყველაფერს „ურევს“, შემდეგ ინიციატივასაც იღებს. მოგვიანებით ეთნო საუნდ მოტივები ინტენსიურდება და ბითთან ერთად ქმნის ეფექტურ აკუსტიკურ მასას. პლუს მანიპულაციები ბგერაზე, რომელიც ცვლის ჟღერადობის საერთო  ხასიათს და ასერიოზულებს მუსიკას, თან ისე, რომ სიმსუბუქე არ იკარგება. მუსიკა თამაშობს, სვინგაობს და ვოკალთან ერთად აკუსტიკურ პერფორმანსსაც ემსგავსება. ყველაფერი მკაფიოა, გამჭირვალე  და ლოგიკური, ალოგიკურია თავად ასეთი ტრეკის გაკეთების იდეა. იმის დადგენაც ძნელია, რომელ თბილისში ვართ, თანამედროვე კოლორიტულში, თუ ძველებურ ტრადიციულში.

„უმალ“ - არაკონკრეტული ბგერები კი იწვევს რაღაც ასოციაციებს, მაგრამ მაინც მოუხელთებელია, მით უმეტეს, რომ სხვადასხვა შეფერილობის ბგერებიც ემატება მუსიკას, არანაირი აპელირება ეთნო ხასიათის ბგერებზე. „გამოჩნდა“ ვოკალიც, აი, რომ აღარ ელოდები მაშინ (თამადას ნაცნობი ხერხი), თითქოს ტექსტი უწევს აკომპანიმენტს ინსტრუმენტალს და არა პირიქით. ემოციებით და გრძნობებით დამწვარ ქუჩის პოეტთან გვაქვს საქმე, თითქოს, მუსიკა რომ შემოესმა და სიმღერით აყვა. 

“მოპარებით“ - დასკვნითი ტრეკი, სადაც იშიფრება ბევრი რამ. საუნდი უკვე კონკრეტულად მიუთითებს ზურნა-დუდუკზე, რითმი საკლუბო ჰაუსური, ყველა ატრიბუტით. ვოკალი აღარ აკეთებს აქცენტს თბილისურ ეგზოტიკურ მელიზმებზე, შემოდის „ძველი სკოლის“ სინთეზატორული ბგერაც, თითქოს გუდასტვირიც გაისმის, ინტენსიურია ბით-რითმი, ჟღერადობა კომპლექსურია. სადღაც ბოლოსკენ შემოდის „ტაია ტაია...“ სემპლი, „არ დაიდარდო“-დან, მუსიკალური ნაკადი გადის დარდიმანდული ქალაქური ღრმა დუქნიდან გარეთ და მიემართება რეგიონალური სივრცეებისკენ. ლაშა ჩაპელმა ფაქტიურად საკუთარი სამომავლო მუსიკალური ვექტორიც კი დაანონსა ამით. 

საბოლოოდ ნათელი ხდება ერთი რამ, სადებიუტო EP „საუზმე თამადასთან“, და მისი მომდევნო  LP Dyonisus vs Tamada, ეს ერთი მთლიანის ორი ნაწილია და მათი შედარება აზრს კარგავს.

თუ პირველ ნაწილში თამადამ თანამედროვეობა ამოგზაურა წარსულში, მეორეში წარსული ამოგზაურა თანამედროვეობაში, ანდაც პირიქით, ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა, არც იმას, რომელი აკუსტიკური მოძრაობა უფრო წარმტაცი იყო, პირველი თუ მეორე, მთავარი ისაა, რომ  ციკლი შეიკრა, დასრულდა და გუშინდელ დღედ გადაიქცა უკვე. მომავალში კი ლაშა ჩაპელს, როგორც თავად განაცხადა, ახალი აკუსტიკური თავგადასავლები ელის საქართველოს კუთხე კუნჭულებში.

რა გამოვა აქედან, არავინ იცის, მაგრამ იმას მაინც გავიგებთ, თუ რამდენადაა შესაძლებელი ქართული მუსიკალური ეთნო იდენტობა ორგანულად მოერგოს დღევანდელობას, იმასაც მივხვდებით, რომ ფოლკლორი თურმე დინამიური პროცესია და არა კონკრეტულ ეპოქაში გაჭედილი. ბოლო-ბოლო, ნებისმიერი ეთნო მუსიკაც, ამა თუ იმ ეპოქის და ხალხის პოპ მუსიკაა სინამდვილეში, სხვა კი არაფერი.

ავტორი: გია ხადური