მუსიკა | ცა

Tbilisi Open Air 2023 - საოცრებები ისევ მოხდება!

23-24-25 ივნისი, ლისის საოცრებათა ქვეყანა

მაისი 13, 2023

ლისის საოცრებათა ქვეყანაში, რაღაც უფრო მეტი ხდება ხოლმე, ვიდრე მხოლოდ ფესტივალი.

იბადება ცხოვრების სტილი, რომელიც თავისუფლებას მეხამრიდივით იზიდავს, ესთეტურ სიამოვნებას ეკლექტურ შთაგონებასთან აჯერებს და უკლებლივ ყველას იშინაურებს! წლების მანძილზე ნაწრთობ-ნავარჯიშები თეორია კი, რომ “მუსიკა ათავისუფლებს” უკვე აქსიომაა.

თქმა არ გჭირდება, სწორ დროს, სწორი ხალხი, რომ სწორ განწყობას ააწიკწიკებს სწორ სივრცეში, რადიო ტალღებივით მოედება ქვეყანას და თუ იჭერ, სხვა გზა არაა, შენც იზიარებ ამ განწყობას.

მთავარია - დაიჭირო!

ეს ფესტივალიც ამიტომ გაფენომენდა და ყოველ ასვლაზე, ზუსტად იმდენ ბგერას, სილაღეს, ფერთა გამას და ემოციას დაგახვედრებს, რამდენისთვისაც თავად იქნები მზად… დაგახვედრებს და თან გამოგატანს, წლიდან წლამდე ამბად რომ გეყოს, ღიმილის მოსაგვრელად, ახალი მეგობრების აღმოსაჩენად, ახალი ჟღერადობების გასააზრებლად და ყოველ შემდეგ ჯერზე, მოულოდნელობების მოლოდინში, კიდევ უფრო მეტის წამოსაღებად.

გახსოვს, რა ამბავი იყო Placebo-ზე?!  ლამის მთლიანად წალეკა თბილისის ზღვის სანაპირო მსმენელის ენერგიამ. ხალხი ერთხმად რომ აჰყვა ბენდს და ყოველ ამოსუნთქვაზე ხმას წირავდა, ალბათ, ახდენილ ოცნებაზე მადლობის ნიშნად. (2015 წელს იყვნენ.. მაშინ ბენდმა შოუდან მიღებული ჰონორარი 13 ივნისის სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა ფონდში გადარიცხა). იმ წელს გამოჩნდნენ სცენაზე ჩვენი Backwarmer-ებიც, შემდეგ რომ სხვადასხვა მხარეს დაიშალნენ ერთმანეთზე უკეთესი პროექტებით. როგორია, “ნიუქამერი” იყო და პირველივე ჯერზე მეგა-ვარსკვლავებთან ერთ სცენაზე დადგე?!

შავი კაბარეს მომაჯადოვებელი პროვოკატორები გახსოვს? Tiger Lillies! ისეთი ქარი იყო, კარვებს ძლივს აკავებდნენ, მაგრამ ვინ დაეძებდა?! მალე ხომ ისევ დაბრუნდნენ საქართველოში! Beth Hart? ისიც ორჯერ თუ სამჯერ იყო უკვე ჩამოსული. Archive-იც ორჯერ დაგვადგა თავს და ორივე ჯერზე უშველებელ ლაშქრად შეგვკრიბა (2015, 2017). Black Label Society-ზე რამდენმა ჩაიხლიჩა ხმა?! ამ სცენაზე გავიცანით პირველად ჯადოსნური Sophie Villy. Sevdaliza-მაც, ორჯერ მოგვნუსხა თავის მითიურ-ზღაპრული განწყობით (2017, 2018). დაბრუნებულების რიგს წელს ტომ ოდელიც შეავსებს, ისე! და ცხონებულმა Tricky-მ რა ჩაატარა სცენაზე?! თუ იქ არ იყავი გეტყვი, რომ მაშინ ძლივს შეაკავეს ჯებირები! და 4D Monster Lobster-ის ბიჭები, ჯერ “ნიუქამერებად” რომ გავიცანით და ახლა “ჰედლაინერებზე” უკეთ რომ ახურებენ სცენასაც და მსმენელს?! Eko & Vinda Folio-ს სიმღერით გადმოცემული რამდენი აზრი გამოგვყვა?! იქვე KayaKata ქართულ ჰიპ-ჰოპს რომ გვაზიარებდა… Loudspeaker-ზე თავსხმა ოვაციები! Soft Eject-ის დაბრუნება თუ გახსოვს? 15-წლიანი პაუზის შემდეგ რომ გამოვიდნენ და ისე დაათბეს მთელი ველი, როგორც თბილა ხოლმე სიყვარულით გაჯერებულ ოჯახებში… Rachel Yamagata-ს მზესუმზირები? Air-ის სულიერი ვერტიკალები და… 2019-ში, Franz Ferdinand რომ ჩამოვიდა, გახსოვს ჩვენთან რა ხდებოდა? რის ფრანც ფერდინანდები იქნებოდნენ, სადმე ისე ჩავიდნენ, ისტორიული მოვლენის მომსწრეები რომ არ გახდნენ! კიდევ რამდენი, რომ გავაგრძელო, არ გვეყოფა მთელი დღე!

ზუსტად ვიცი, შენ თვითონ მინიმუმ 7 შესანიშნავ არტისტს გაიხსენებ შენივე ისტორიებით… 

თუ არ ხარ ნამყოფი, მაშინ ყველაფერი წინაა! როკიც, ჯაზიც, სოულიც, პოპიც, ბალადაც და ჰიპ-ჰოპიც… ელექტრონული მუსიკის მოციქულები როგორ გამომრჩა?! Kollektiv Turmstrasse, Stephan Bodzin, Acid Pauli, Konstantin, Boyd Schidt, OTHR, Gio Shengelia, Liza Rivs… მანდ ცალკე საოცრებები ხდება - შუაღამისთვის, Eye Stage-ს რომ მიაღწევ და მთელი დღის ნახეტიალები კიდევ დილამდე იცეკვებ, ეგაა! ნაკურთხი ხარ მუსიკითაც, თავისუფლებითაც და უძინარ თვალებში აკიაფებული ოქსიტოცინითაც (ბედნიერების ერთ-ერთი ჰორმონია). 

თან, რამდენ სახეს ვხვდებით და ყველა ანთებულია! ზოგმა იცის, რისთვისაა, ვისთვისაა და ეტყობა მოლოდინიც - შემსრულებლის, მზის, წვიმის, მეგობრის… ზოგმა არ იცის და მინდორ-მინდორ აგროვებს, ისრუტავს, აკვირდება სათავისოს, ოცდება, ან იქნებ სამოცდება… ზოგი მარათონზეა, ყველგან უნდა რომ იყოს, ათასი თვალი და ყური გამოიბას… ყველაფრის ნახვა და მოსმენა მოასწროს. 

ერთხელაც ნაბიჯების მრიცხველს დავხედე მობილურის ეკრანზე და 29 კილომეტრი ისე გავიარე თუ გავიცეკვე, დაღლა მარტო უკან დაბრუნებისას ვიგრძენი. 

მოკლედ, ეს ყველაფერი ალბათ ისედაც იცი, თუ ერთხელ მაინც იყავი ფესტივალზე - ჯერ იპოდრომზე, ერთხელ - თბილისის ზღვის სანაპიროზე და ახლა, უკვე მერამდენე წელია (2016 წლიდან) - ლისის საოცრებათა ქვეყანაში, a.k.a. Lisi Wonderland. 

თუ არც ერთი წელი არ გამოგიტოვებია (2020 და 2021 მთელ მსოფლიოს ჩაგვივარდა), გეცოდინება როგორ იცვლება მუხტი, უფრო და უფრო ჭრელდება, თან ახალგაზრდავდება, თან იზრდება, უფრო ხმაურობს და ლაღდება, უფრო მგზნებარედ ცეკვავს და ქალაქიც გვპატიობს საცობებს, სამდღიან ჟრიამულს თუ შინ დაბრუნებულები თავისუფლების განცდით ვიქნებით დამუხტულები, რომელსაც მთელ ქვეყანას მოვფენთ. მუსიკა არა მარტო ათავისუფლებს, შენს “default setting”-ში გაბრუნებს, ანუ გახსენებს ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას, რაც სილაღეშია, სიახლის წყურვილში, მზრუნველობასა და ნამდვილის შემეცნებაში.

მერე გზასაც უფრო ნათლად აღიქვამ, არაფერს აძლევ უფლებას, რომ ეს თავისუფლება დაგაკარგვინოს - მიზნებში, არჩევანში, თავგადასავალში, განვითარებაში, სიყვარულსა და ვინძლო, ამ სამყაროსთვის მეტი სიკეთის მოტანაში. თამამად ვამბობ, არ შემხვედრია თავისუფალი, ლაღი ადამიანი სხვისთვის რომ არ უნდოდეს ამ მუხტის გაზიარება - აქ და ახლა… წვიმაში აგაცეკვოს, მზეში ჩრდილი გაპოვნინოს… გაუთავაებელი ნალექისგან, მთელი მინდორი საჭყაპუნო მოედნად რომ იქცევა, ისიც კი გაგითავგადასავლოს. 

“ოფენეარ”-ის, როგორც ვეძახით ხოლმე, საოცრეაბათა ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩვენ ვართ - ერთად, ერთ სივრცეში შეკრებილი ადამიანები და რაც არ უნდა სუპერ-მეგა ვარსკვლავი იყოს სცენაზე, მუსიკა ჩვენი ახალი ისტორიების ფანტასტიურ საუნდტრეკებად დაგვდევს ფონად და ზოგჯერ, ამბის თხრობის ტრაექტორიებსაც გვკარნახობს.

ისეც ხდება, შემსრულებელთან ერთად ერთ ვეებერთელა რეცეპტორად ვიქცევით და ვიზიარებთ დროში განცდილ საერთო სევდას, როგორც შარშან Okean Elzy-სთან ერთად…

ჩვენი არტისტები კი სულ გვანებივრებენ. იქვე, ფესტი-ველზე, ხან ვის ნახავ, ხან ვის. შეგიძლია მთელი რვეული ავტოგრაფებით და ჩანახატებით აივსო.


აქ, ქრება შენი ასაკი, სტატუსი, წარმომავლობა, ჰაბიტუსი… აქ შემოსულმა, ყველა დარდი დატოვე გარეთ… თუმცა, ეგ ისედაც, როგორც კი საფესტივალო გუგუნს მიუახლოვდები და შესასვლელის კარვებს მოკრავ თვალს, ავტომატურად ტრანსფორმირდები. 

შენ მხოლოდ დაიჭირე ის “ტალღები“ და აჩუქე შენს თავს შენი თავი! მერე, მოგვიყევი, როგორ ხარ, როგორი ხარ და სად იყავი აქამდე. ამისთვისაა ეს ამბავიც, რომელიც გრძელდება, მიუხედავად ყველაფრის!

ავტორი: Insa Nina