სიახლეები

TBCX უკუკავშირის სესიები

სექტემბერი 06, 2022

სოციალური მედია და თანამედროვე ტექნოლოგიები მომხმარებლებს საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების საშუალებას აძლევს და ბრენდების მიზანი სწორედ მათი მოსმენა, აღქმა და ამოცანად გადაქცევაა. მომხმარებლის ბედნიერება და ლოიალურობა ბრენდის მიმართ განისაზღვრება იმით, თუ რამდენად კარგ გამოცდილებას ვუქმნით მათ. ამაში ყველაზე მეტად მომხმარებლების უკუკავშირი გვეხმარება და სწორედ ამიტომ თიბისიში არაერთი არხი გავაჩინეთ, სადაც გუნდის წევრებს და მომხმარებლებს ინტერაქცია, იდეების და მოსაზრებების გაცვლა შეგვიძლია.

 

მიუხედავად იმისა, რომ უკუკავშირის შესაგროვებლად ბევრი ციფრული პლატფორმა გვქონდა, გუნდში გაჩნდა ფიზიკური შეკრებების იდეა, სადაც მომხმარებელთან პირდაპირი ურთიერთობა გვექნებოდა, გავიცნობდით პირადად და საუბარში გავარკვევდით, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია ერთად. ასე დაიბადა ყოველკვირეული დილის TBCX უკუკავშირების სესიები, სადაც მომხმარებლებს და თიბისელებს საუზმეზე ვეპატიჟებით და განვიხილავთ სხვადასხვა თემას. 

„მომხმარებლებთან მუდმივი და უშუალო ინტერაქცია-ჩვენი კულტურის ნაწილია. მათ ყოველდღიურად ვუსმენთ როგორც რაციონალურ, ისე ემოციურ დონეზე, რაც არაფრით განსხვავდება მეგობრებთან ურთიერთობისგან. ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი შენიშვნისთვის, ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქტებზე და მიზნად ვისახავთ მათ გაუმჯობესებას.

 

უკუკავშირის სესიებს ესწრებიან ის გუნდები, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ახალი პროდუქტების განვითარებაში და არსებულის გაუმჯობესებაში. მომხმარებლებთან ინტერვიუების დროს ჩვენ ხშირად ვამყარებთ, ან უარვყოფთ გარკვეულ ჰიპოთეზებს, რაც გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. ეს არის საუკეთესო გარემო მათი სურვილების, იდეების, შენიშვნების და რეკომენდაციების შეგროვებისთვის. შეხვედრის ბოლოს ყველა ერთად ვსხდებით, ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, ვანაწილებთ პასუხისმგებელ გუნდებზე და ვიწყებთ ამოცანების ანალიზს. ასე იქმნება უნიკალური გამოცდილება.“


ლანა კომლაძე, CX პარტნიორი. 

„ერთ-ერთი უკუკავშირის სესიის მასპინძლები Open API-ის გუნდი ვიყავით, მოვიწვიეთ თიბისის API სერვისის მომხმარებელი და დაინტერესებული ადამიანები. ჩვენი ღია სერვისებისთვის განვაახლეთ დეველოპერ პორტალი https://developers.tbcbank.ge/, რომლის განვითარებასა და გამრავალფეროვნებაზე მუდმივად ვზრუნავთ.


მომხმარებლებთან საუბრისას გამოჩნდა, რომ ზოგი დეველოპერი უპირატესობას ანიჭებს SDK-ის (Software Development Kit) გამოყენებას. SDK არის პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი, რომელიც გამოიყენება სერვისის ინტეგრაციისას და პროცესს უფრო მარტივს და მოსახერხებელს ხდის. უკუკავშირის სესიის შემდეგ უკვე 4 პროდუქტი დავამატეთ.“


ნათია ბარაბაძე, დეველოპერებთან ურთიერთობის სპეციალისტი. 

„მომხმარებლების სურვილები და იდეები არის ჩვენი სამუშაო მასალა, რომელიც საბოლოოდ გარდაიქმნება საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებაში. უკუკავშირის სესია ფიზიკური შეხვედრების ერთ-ერთი ფორმატია, რომელიც თიბისელებს განსაკუთრებულად შეგვიყვარდა, რადგან აქ ვხვდებით ძალიან პროგრესულ, საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გაგვიზიარონ ჩვენთან შეხების წერტილებში მიღებული ემოციები და გაჩენილი რეკომენდაციები.

 

აქ გვაქვს საშუალება, გავიცნოთ ისინი, გავიგოთ თუ რატომ აგვირჩიეს, რა სირთულეები დაინახეს, რა შეიძლება უკეთ გაგვეკეთებინა და რა მოლოდინები აქვთ. ამით მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას ჰქონდეთ გავლენა თიბისის გადაწყვეტილებებზე, გახდნენ პროცესების თანაშემოქმედნი და რეალურად მიიღონ ის რაც მათ უნდათ.“


ლანა კომლაძე, CX პარტნიორი