სიახლეები

თიბისი მეწარმეობის განვითარებისთვის

დეკემბერი 21, 2023

თიბისიში რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გვაქვს, რომელთა მხარდაჭერასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მათ შორის არის მეწარმეების მხარდაჭერა. ჩვენ მრავალი წელია, არაერთი პროექტითა და ინიციატივით ქვეყანაში ვქმნით ახალ შესაძლებლობებს მეწარმეობის განვითარებისთვის. 

მეწარმეები მათ იდეებსა და ცოდნას გარდაქმნიან პროდუქტებად, ქმნიან ეკონომიკურ ღირებულებასა სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობენ ახალი პროფესიების ჩამოყალიბებას და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

გასული თვეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალ მეწარმეებსა და სოციალურ საწარმოებს. ამ ბლოგში სწორედ ამ ინიციატივების შესახებ გიამბობთ.

კვლევა საქართველოში მეწარმე ქალების პროფილებისა და საჭიროებების შესახებ

მეწარმეობაში ქალების მეტ ჩართულობასა და გენდერული უთანასწორობის შემცირებას ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითი ზეგავლენა აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქალი მეწარმეების როლის სათანადოდ წარმოჩენა, საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილებების გაზიარება, მათი საჭიროებების სათანადოდ განსაზღვრა და შესაბამისი ფინანსური პროდუქტების შექმნა. 

თიბისიმ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, საქართველოს მასშტაბით მეწარმე ქალების პროფილებისა და საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარა. 

კვლევის თანახმად, ქალები მეწარმეობაში არაერთ ბარიერს აწყდებიან. გამოწვევები ბიზნეს საქმიანობის დაწყების სურვილისთანავე იჩენს თავს: 46%-ს საოჯახო პასუხისმგებლობები აფერხებს, დაიწყოს საქმე, 20%-ს — პირადი ფინანსებისა და უძრავი ქონების არქონა. საყურადღებოა, რომ ქალები ბიზნესში პრობლემებს შორის დროის სიმწირესა და ოჯახის წევრებისგან არასაკმარის მხარდაჭერასაც ასახელებენ.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ქალ მეწარმეთა 59% ნაღდ ანგარიშსწორებას ანიჭებს უპირატესობას. შედეგად, მათი საბანკო ანგარიშები სრულად არ ასახავს ბიზნეს საქმიანობისგან მიღებულ შემოსავალსა და ბრუნვას, შესაბამისად შესაძლოა მეწარმე ქალმა ვერ ისარგებლოს შეღავათიანი საბანკო პროდუქტებით. ასეთ პროდუქტებს შორისაა ბიზნეს სესხი ქალი მეწარმეებისათვის, რომელსაც თიბისი EBRD-სთან თანამშრომლობით გასცემს. ამ სესხით, EBRD 80%-მდე გარანტიას სთავაზობს ქალ მეწარმეებს და უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გარეშე საშუალებას აძლევს, ბიზნესი გააფართოვონ ან ახალი იდეები განახორციელონ. 

კვლევის შედეგების მიხედვით, მეწარმე ქალებს აქვთ განათლებასთნ დაკავშირებული გამოწვევები — გამოკითხულთა 80%-ს არასდროს მიუღია დახმარება ან გაუვლია ტრენინგი ბიზნესისა და ფინანსების მართვის შესახებ. თუმცა აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ ქალ მეწარმეთა ორ მესამედს სურვილი აქვთ, მომავალში გაიარონ ფინანსებთან და ბიზნესთან დაკავშირებული თემატური ტრენინგები. 

მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

განათლება, ახალი კავშირების დამყარება, მომხმარებელთა მოზიდვა, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში — ეს საკითხები განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქალთა მეწარმეობის განვითარებისთვის. წელს თიბისიმ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაუჭირა მხარი. 

გამოფენა თიბისის სტრატეგიული პარტნიორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით მეორედ ჩატარდა და მასში წელს მთელი საქართველოდან 160-ზე მეტი ქალი მეწარმე მონაწილეობდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ნაწარმი — საკვები და ღვინო, საჩუქრები და აქსესუარები, თავის მოვლის საშუალებები და სხვა ნივთები, დამთვალიერებლისთვის წარედგინათ. ასევე, სივრცე დაეთმო ქალების მიერ დაფუძნებულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს.

მსგავსი პროექტები ახალ შესაძლებლობებს აძლევს მეწარმეებს: ეხმარება პარტნიორთა წრის გაფართოებაში, გამოცდილების გაზიარებაში, ინოვაციების აღმოჩენაში და ბარიერების შემცირებაში. მსგავსი ღონისძიებებით ქალ მეწარმეებს შეუძლიათ, გახდნენ მაგალითები სხვა დამწყები მეწარმეებისთვის და დაანახონ, რომ მათ შეუძლიათ ეკონომიკური ღირებულების შექმნა. 

სოციალური საწარმოების B2B გამოფენა

სოციალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით გამოწვევებზე აქტიურად რეაგირებენ მცირე ზომის ადგილობრივი სოციალური საწარმოები, რომლებიც საქმიანობაში პასუხისმგებლიან კომპონენტებს ნერგავენ. რეგიონების განვითარება, მწვანე ინიციატივები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმება ან მათ საჭიროებებზე რეაგირება, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შემუშავება და სხვა — ესაა სოციალური მეწარმეობის არსი, ხოლო მისი მხარდაჭერა თიბისის ESG სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით 2017 წლიდან იმართება. წელს მასში 50-მდე სოციალური და მწვანე საწარმო მონაწილეობდა, ღონისძიებას კი დაესწრო 600-ზე მეტი წარმომადგენელი ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. თიბისი წელს სოციალური საწარმოების გამოფენის უნიკალური სპონსორი იყო.

გამოფენის მნიშვნელოვანი კომპონენტი სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესებს შორის პირდაპირი შეხვედრები იყო, სადაც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები დაიგეგმა.

სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

კიდევ ერთი ღონისძიება, რომლითაც თიბისი უკვე მერვე წელია, მცირე და საშუალო ბიზნესებს, მათ შორის ქალ მეწარმეებს მხარს უჭერს, ბიზნესდაჯილდოებაა.


გასულ წელს ღონისძიებამ ბიზნესსოციუმს საინტერესო სიახლე შესთავაზა — სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად დაწესდა. 

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კატეგორიაში გამარჯვებას ისეთი ბიზნესი მოიპოვებს, რომელსაც გააზრებული აქვს ქალთა გაძლიერების მნიშვნელობა, ესმის, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ქალები და პროაქტიულად მუშაობს მათი აღმოფხვრისთვის.

 ეს ჯილდო გასულ წელს სოციალურმა საწარმო ედენამ მიიღო. ლილი მაისურაძემ რაჭაში ტრადიციული რეწვის საწარმო შექმნა, ხელობის შესასწავლად უფროსი თაობის წარმომადგენლები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, შშმ პირები და სოციალურად დაუცველი ადამიანები მოიზიდა, მათ შორის რამდენიმე კი საწარმოშივე დაასაქმა. 

ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება არ არის ერთჯერადი მოვლენა, რომელზეც საზოგადოება ან ბიზნესსოციუმი შეიტყობს, ესაა შესაძლებლობა ბიზნესისთვის, სწრაფად განავითაროს საქმიანობა და წვდომა მოიპოვოს ხელშესახებ ბენეფიტებზე — შექმნას ვებსაიტი, ჩამოაყალიბოს ბრენდინგი, გამოიყენოს საკომუნიკაციო მხარდაჭერა, ან მიიღოს საკუთარ საჭიროებებზე მორგებული სხვა ტიპის მხარდაჭერა თიბისისგან.

თიბისის 2023 წლის ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში, კატეგორიაში - „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“, კომპანიებს წელსაც ჰქონდათ შესაძლებლობა განაცხადები შეეტანათ გენდერის ქვე-კატეგორიაში გამარჯვების მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ წელს ამ კატეგორიაში განაცხადი 70-მდე კომპანიამ შეავსო.