თიბისელები ბიზნესი

თიბისი, როგორც დამსაქმებელი | ინტერვიუ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან

სექტემბერი 15, 2021

თიბისი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ დამსაქმებლად არის მიჩნეული, 8000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ეს რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია, მუდმივად მზარდია თავად კომპანიაც. აქ კარგად ესმით, რომ ამის მიღწევა გაძნელდება, თუ მათი მომხმარებელი კმაყოფილი არ იქნება. მომხმარებელთა კმაყოფილება კი თანამშრომელთა კმაყოფილების პირდაპირპროპორციულია. ამიტომაც უკვე რამდენიმე წელია, თიბისიში თანამშრომელთა ბედნიერების ინდექსსაც კი ითვლიან. დასაქმებულებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას, პირობებსა და ღირებულებებს, რაც საერთო ჯამში ბანკის კორპორაციულ კულტურას ქმნის, აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. Forbes Georgia ამჯერად თიბისის შიდა სამზარეულოს გაგაცნობთ, რომელზეც ჩვენ ბანკის გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს ვესაუბრეთ.



ბატონო ვახტანგ, დავიწყოთ ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით, როგორიცაა თანამშრომლების ვაქცინაცია. გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, როგორი მაჩვენებლები გაქვთ ამ მხრივ?


პანდემია კვლავ მთავარი გამოწვევაა ყველასთვის. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავიცვათ როგორც ჩვენი მომხმარებლები, ასევე ჩვენი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. ბოლო მონაცემებით, თიბისის თანამშრომლების დაახლოებით 60% უკვე აცრილია. დაახლოებით 20%-ს გაცხადებული აქვს, რომ ერთი თვის ვადაში აიცრება. ჩვენი მიზანია, ერთ თვეში 80%-ზე ავიდეთ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოლეგები ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, არამედ გამომდინარე იქიდანაც, რომ ყოველდღიურად ჩვენ მილიონამდე მომხმარებელს ვემსახურებით.



როგორ მოახერხეთ ამ ნიშნულის მიღწევა? ვიცით, რომ ყველა კომპანიას ინდივიდუალური მიდგომა აქვს, ზოგიერთმა საერთაშორისო კომპანიამ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებებიც კი მიიღო აუცრელ თანამშრომლებთან მიმართებით…


კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი. მე და ჩვენს მენეჯმენტს ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია თანამშრომლებთან. გარდა ამისა, შეხვედრები იმართება ამ დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან. ZOOM-პლატფორმის მეშვეობით მსგავს შეხვედრებს ყოველდღიურად ასობით თანამშრომელი ერთვება. გარდა ამისა, ჩვენ მათ გარკვეული მოტივაციაც მივეცით. მაგალითად, ვინც აიცრება, იცის, რომ მეორე დღეს შეუძლია დაისვენოს. გავცემთ ასევე გარკვეულ ვაუჩერებს. ასევე წამახალისებელია მოწინავე მაჩვენებლებით გამარჯვებული ფილიალის გამოცხადებაც. თუმცა არც ეს შიდა მოტივაციებია საკმარისი. ამიტომ ჩვენ შემოვიტანეთ გარკვეული წესები, როგორც ეს ბევრმა გლობალურმა კომპანიამ, მათ შორის მსხვილმა ბანკებმაც გააკეთა. ასე რომ, საერთო ჯამში ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდისთვის სამი მიდგომა გავითვალისწინეთ: 1. ახსნა, თუ რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი; 2. მოტივატორების შეთავაზება; 3. საჭირო ადმინისტრაციული წესების ამუშავება.



თიბისის მრავალათასიან გუნდში პანდემიის პერიოდში შემცირება არ მომხდარა, დღემდე ინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს…


დიახ, ეს მნიშვნელოვანი იყო, რაც თანამშრომლების კმაყოფილებაზე საკმაოდ დადებითად აისახა. 2020 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ არცერთ თანამშრომელს არ გავუშვებდით. მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორში ზრდის ტენდენცია დაიწყო, რის გამოც მოსალოდნელია, რომ თანამშრომლების შემცირება კი არა, პირიქით, დამატება მოგვიწევს. თიბისიში ეს პროცესი უკვე დაიწყო.



თქვენ არაერთხელ გიხსენებიათ და ახლაც აღნიშნეთ, რომ გარკვეული პერიოდულობით ზომავთ თანამშრომელთა კმაყოფილების ინდექსს. რა კრიტერიუმებით ხდება ამ ინდექსის გამოთვლა?


ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბედნიერების ინდექსს. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად საინტერესოა თანამშრომლისთვის ის საქმე, რასაც ის აკეთებს და ის გუნდი, ვისთან ერთადაც მუშაობს. ასევე ისიც, თუ რამდენად დელეგირებულია მისთვის ეს საქმე. ამ კრიტერიუმების გარშემო ტრიალებს კითხვებიც, რითაც საბოლოო ჯამში ვითვლით მათი ბედნიერების მაჩვენებელს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 85% იყო, რა თქმა უნდა, კოვიდპანდემიის დროს, როდესაც არცერთი თანამშრომელი არ გავუშვით და თან მივეცით მათ თავისუფლება, სახლიდან ემუშავათ, ეს დადებითად აისახა მათ კმაყოფილებაზე, თუმცა, შემდეგ უკვე, როდესაც გარემოებები შეიცვალა, ამ მაჩვენებლის შენარჩუნება ნამდვილად რთული იყო, მაგრამ კარგია ის, რომ ჩვენ ამ 85%-ის შენარჩუნება შევძელით.



უკვე ათწლეულზე მეტია, თქვენ დააარსეთ შიდა ფონდი „თიბისელები თიბისელებისთვის“, რამდენად ამართლებს ფონდი დასახულ მიზნებს?


ფონდი თიბისის კულტურის ერთ-ერთი მატარებელია. ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ვართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში და უამრავ პროექტს ვახორციელებთ. გარდა ამისა, დიდი ხანია, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ეს, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია. ბოლო წლების განმავლობაში ფონდში 7 მლნ ლარზე მეტია შეგროვებული. ამ ფონდიდან ვეხმარებით ერთმანეთსაც და ოჯახის წევრებსაც. წელსაც დაახლოებით 160 თანამშრომლის ფინანსური დახმარება შევძელით.



თიბისი აქტიურია საგანმანათლებლო მიმართულებითაც, მათ შორის აღსანიშნავია IT აკადემიაც, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევთ, თქვენთან დასაქმდნენ. რა შედეგები გაქვთ ამ კუთხით?


ინტერნეტისა და ტექნოლოგიების განვითარებამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველასთვის ფიზიკურად გადაადგილების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა წარმოშვა. დარწმუნებული ვარ, რომ ათიათასობით ჩვენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში და მუშაობს ევროპული თუ ამერიკული კომპანიებისთვის. ეს ძალიან კარგია, ეს ხომ სერვისის ექსპორტია. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ქვეყანა აგროპროდუქტების ექსპორტსაც ახორციელებს, მაგრამ სერვისის ექსპორტი არის ახალი მიმართულება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხდება. თუმცა იმისთვის,, რომ ამ კუთხით ექსპორტი გავზარდოთ, ტექნოლოგიების მცოდნე უფრო მეტი ადამიანი გვჭირდება. ეს ქვეყნისთვის კარგია. მეორე მხრივ, თიბისისთვის, რომელსაც დიდი რაოდენობით ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანი სჭირდება, დიდი გამოწვევაა. კონკურენცია იზრდება. ადრე თუ ამ კუთხით ჩვენი კონკურენტი რამდენიმე ბანკი და კავშირგაბმულობის რამდენიმე კომპანია იყო, დღეს ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ჩვენი კონკურენტია. ის კარგი ახალგაზრდები, რომლებიც ტექნოლოგიებში ერკვევიან, სამუშაოდ არა ქართულ ბანკებს განიხილავენ, არამედ მსოფლიო ტექნოლოგიურ გიგანტებს, თუნდაც Google-ს, Amazon-ს და ა.შ. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შევქმენით IT აკადემია. განვავითარეთ ის კურსები, რაც ჩვენ ტექნოლოგიების მიმართულებით გვჭირდება და დღეს უკვე 400-ზე მეტი ახალგაზრდა გვყავს მომზადებული. მათმა 30-40%-მა ჩვენთან მუშაობა უკვე დაიწყო, დანარჩენები სხვა კომპანიებში არიან, დარწმუნებული ვარ, მათგან არიან ისეთებიც, რომლებიც უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობენ.


ამ გამოწვევას ასე ვუპასუხეთ, მაგრამ ტექნოლოგიების ბაზარი მაინც საკმაოდ შეზღუდულია, მუდმივად ახალი მიმართულებები ვითარდება. ამის საპასუხოდ კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რამდენიმე უცხოელი ტექნოლოგიის სპეციალისტი დაგვექირავებინა, რომლებსაც ამერიკულ და ევროპულ ბანკებში ტექნოლოგიების მიმართულებით მაღალ პოზიციებზე აქვთ ნამუშევარი. ისინი თავიანთ ცოდნას ჩვენს თანამშრომლებს უზიარებენ. ამით ის ცოდნა, რომელიც საქართველოში არ არსებობდა, შემოვიტანეთ. თუმცა ყველა მათგანი თავიანთი ქვეყნებიდან და ოფისებიდან მუშაობს. ამ მხრივ, ჩვენ პანდემია გამოვიყენეთ როგორც შესაძლებლობა.

ეს თემა რომ ამოვწუროთ, ბოლო 15 თვის განმავლობაში ტექნოლოგიების მიმართულებით 200 ახალი თანამშრომელი დავიმატეთ.



თიბისი უზბეკეთშიც იზრდება, რა შედეგები გაქვთ ამ ერთ წელიწადში?


უზბეკეთში ძალიან სწრაფად გავიზარდეთ ბოლო თვეების განმავლობაში. თუ წლის დასაწყისში მხოლოდ ტაშკენტში ვიყავით, დღეს უკვე ათ ყველაზე დიდ ქალაქში ვართ. წლის ბოლოსთვის კი მიზანი გვაქვს, უზბეკეთის ყველა საშუალო ზომის და დიდ ქალაქში ვიყოთ წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ მთელი უზბეკეთი გვექნება დაფარული. ამჟამად 500 თანამშრომელი გვყავს ამ ქვეყანაში, წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 700-მდე გაიზრდება.



ამ ქვეყანაში პორტფელის ზრდაზე რას გვეტყვით?


ძალიან სწრაფად იზრდება. მე მიჩვეული ვარ ქართულ მასშტაბებს, რაც ჩვენი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე გასაგებია. უზბეკეთში გაცილებით დიდია მოსახლეობა, წინა თვეში მათი რაოდენობა 35 მლნ-ს გადასცდა. საქართველოში პენეტრაცია ისედაც მაღალი გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ბევრით ვეღარ გაიზრდება. უზბეკეთში კი ფაქტობრივად აუთვისებელი ბაზარია და ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მომხმარებელი გვემატება.



საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ადამიანური რესურსი გასაგებია, ინფრასტრუქტურაზეც ვისაუბროთ. რამდენად ხედავთ ფილიალების დამატების საჭიროებას?


გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიებს ვავითარებთ და გვინდა, რომ ინტერნეტით და ტექნოლოგიებით უფრო ახლოს მივიდეთ მომხმარებელთან, ამას ვუყურებთ როგორც მომხმარებელთან ურთიერთობის დღევანდელ და ხვალინდელ დღეს. ისტორიულადაც არასდროს გვქონია ბევრი ფილიალი. დღეს სულ 148 ფილიალი და სერვისცენტრი გვაქვს, სხვა მსხვილი ბანკებისგან განსხვავებით. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ფილიალების რაოდენობა უნდა გავზარდოთ. პირიქით, ალბათ კიდევ უფრო შევამცირებთ. ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ წარმოდგენილი ყველა მსხვილ და დიდ ადგილებში, მაგრამ ახალი ტექნოლოგიებით პირდაპირ მივიდეთ ჩვენს მომხმარებელთან.



ლისის ტბის მიმდებარედ აშენებთ სათავო ოფისს, რა ეტაპზეა ეს პროექტი?


ეს სათავო ოფისი გვინდა იყოს ადამიანების ურთიერთობების სივრცე კაბინეტების გარეშე. თუმცა ჩვენ ვაძლევთ თავისუფლებას თანამშრომლებს, რომ ოფისში არ დაბრუნდნენ პანდემიის შემდეგაც, თუ მათ ასე სურთ. მაგალითად, ამერიკაში მსხვილ ბანკებში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ თანამშრომლებისთვის ოფისში დაბრუნება სავალდებულო გახადონ. ჩვენთვის კი მთავარია, რომ ჩვენთან დასაქმებულებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. აქედან გამომდინარე, სათავო ოფისი, რომელსაც ვაშენებთ, იქნება არა კაბინეტურად მოწყობილი, არამედ იქნება ღია სივრცეები, რაც გუნდური და უფრო თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს ყველას. რაც შეეხება გახსნის თარიღს, ვფიქრობთ, რომ 2022 წლის ბოლოს უკვე გვექნება ახალმოსახლეობა.



საფინანსო სექტორი პანდემიის კრიზისიდან საკმაოდ მდგრადად გამოვიდა, მეორე მხრივ ვხედავთ ეკონომიკის ზრდას. საინტერესოა, აქედან რამდენად გამომდინარეობს საფინანსო სექტორის მდგრადობა? რა ძირითადი მიგნებები გაქვთ, როგორც პროფესიონალ ბანკირს?


2020 წელი ძალიან რთული იყო, მაგრამ ქართულ საბანკო სექტორს ის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა, საკმაოდ გამოგვადგა. ჩვენი აზრით, რამდენიმე ფაქტორია, რაც უზრუნველყოფს ქართული ეკონომიკის სწრაფ ზრდას. მათ შორის არის ტურიზმი, ექსპორტი, და ასევე საბანკო სექტორის აქტიურობა და სწრაფი ზრდა. ის, რომ მარტ-აპრილიდან საბანკო სექტორმა სწრაფი ზრდა დაიწყო, იმის განმაპირობებელია, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა გვაქვს. საბანკო სექტორის ზრდა ეხმარება ეკონომიკის ზრდას. ჩვენი მოლოდინია, რომ სექტორის ზრდა წელს 17-20%-ის ფარგლებში იქნება. ეს კი ეკონომიკის ზრდაზეც მნიშვნელოვანწილად მოქმედებს.



დეპოზიტარები უკმაყოფილებას გამოთქვამენ დაბალი საპროცენტო განაკვეთების გამო, იპოთეკარები – გაზრდილი პროცენტების, რასთან გვაქვს საქმე?


ვისაც ლარში აქვს შემოსავალი, სასურველია, რომ იმავე ვალუტაში ჰქონდეს სესხები, უბრალოდ, მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა და შესაბამისად, ყველა იპოთეკური სესხი, რომელიც განაკვეთზეა მიბმული, გაძვირდა. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოკლევადიანი მოვლენაა. გვაქვს მოლოდინი, რომ 2022 წლის პირველი ნახევრიდან ინფლაცია შეიცვლის მიმართულებას და დაიწყებს დაღმასვლას. ლოგიკურად ამას მოჰყვება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებაც. შესაბამისად, მომავალი წლის მეორე ნახევრიდან უკვე ველოდებით სესხების პროცენტების შემცირებას.


რაც შეეხება დეპოზიტებს უცხოურ ვალუტაში, ეს იყო ეროვნული ბანკის პოლიტიკისა და სტრატეგიის შედეგი. მათ ქვეყანაში დედოლარიზაცია უნდათ, რის გამოც ჩვენ მეტი რეზერვის უზრუნველყოფა გვიწევს, შესაბამისად, შედეგად მივიღეთ ის, რომ იძულებული გავხდით, საპროცენტო განაკვეთები შეგვემცირებინა.



ქვეყანაში ამ დროისთვის ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა სახელდება: ეს არის კოვიდპანდემია და ინფლაცია. კიდევ რას დაამატებდით?


ამ დღეებში შეხვედრები გვაქვს ჩვენს არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან. შეხვედრები დაახლოებით ერთსაათიანია, რა დროსაც მათ აქვთ შემდეგი კითხვები: როგორია პოლიტიკური სიტუაცია არჩევნების მოახლოებიდან გამომდინარე, ასევე მათ აინტერესებთ, რამდენად მოკლევადიანია არსებული ინფლაცია, და მესამე – ლარის სტაბილურობა, ამაზე არგუმენტი გვაქვს ის, თუ რამდენია ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები. მათ აინტერესებთ ბიუჯეტის დეფიციტიც, თუმცა, უფრო ნაკლებად, მაგრამ როდესაც ვეუბნებით, რომ საბიუჯეტო შემოსავლები საკმაოდ მზარდია და დეფიციტის ტრენდი არის კლებადი, მშვიდდებიან. ეს ოთხი გამოწვევაა, რის შესახებაც თიბისის ინვესტორებისთვის არგუმენტირებულად უწევს განმარტებების გაკეთება.



მათი მხრიდან განწყობები ნორმალურია?


განწყობები ნორმალურია, ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, საბანკო სექტორი საკმაოდ ნორმალურ შედეგებს აჩვენებს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. თიბისი და საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული, შესაბამისად, ნორმალური განწყობები აქვთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ინვესტორების კითხვები იწყება უზბეკეთით, მათ აინტერესებთ, რას ვაკეთებთ იქ და რა ვითარებაა ამ კუთხით.

ავტორი: Forbes Georgia