ტექნოლოგია

თიბისი Tech Meetups - ტესტირების ავტომატიზაციის ჰაკათონი

იანვარი 16, 2023

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციფრული პროდუქტის გაუმჯობესების თითოეულ ეტაპზე. ციფრული პროდუქტების ხარისხის მოთხოვნები უფრო და უფრო მკაცრი ხდება, რაც განაპირობებს ამ დარგის სწრაფ განვითარებას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებას და აქტიურად ავითარებს. 2019 წლიდან დიდი აქცენტი კეთდება ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებაზე.

თიბისიში 300-ზე მეტი სისტემაა, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას (მობილური, დესკტოპ, ვებ, API). ამის გათვალისწინებით, ბანკში ხარისხის მიმართულებით 150-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც სტანდარტით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გარდა საკუთარ ხელსაწყოებს ქმნიან და ყოველდღიურად იყენებენ მათ მეტი ეფექტურობისა და მაღალი ხარისხის მისაღწევად.

''ავტომატიზაციის მიმართულებით ინსტრუმენტების მრავალფეროვნება გვაქვს, თუმცა რაც არ უნდა კარგი ხელსაწყო იყოს, მაღალი ეფექტურობის მიღწევის მიზნით გვიწევს ამ ხელსაწყოების მორგება (ქასთუმიზაცია) და დამატებით ხელსაწყოების შექმნა.”


- ნინო ნოზაძე, ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი და გუნდის კაპიტანი

ტესტირების ავტომატიზაციის ეფექტურობასთან დაკავშირებული გამოწვევები ჯერ კიდევ აქტუალურია ორგანიზაციაში, ამიტომ ამ მიმართულების გაუმჯობესებისთვის შესაბამისი თემატიკის ჰაკათონის ჩატარება გადაწყდა. 


ჰაკათონზე გუნდებმა წარმოადგინეს თავისი იდეები და შექმნილი პირველადი ნიმუშები, სადაც საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო გადაწყვეტები ვიხილეთ.

ალექსანდრე პეპანაშვილი, ბაჩანა ბალიაშვილი

გუნდი - OPTX

რატომ გადაწყვიტეთ ჰაკათონში მონაწილეობა?

თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის ჰაკათონში მონაწილეობით შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა გუნდის სამუშაო პროცესის გაუმჯობესების კუთხით. გადავწყვიტეთ, ჩვენი ხედვები რეალობად გვექცია და მოვიფიქრეთ მეტად ეფექტური მიდგომა ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, რომელიც გააუმჯობესებს ავტომატიზაციის დაფარვას.

ერეკლე მიქატაძე, ლუკა ქავთარაძე, კახა ქვრივიძე

გუნდი - CTRL ALT DLT

რას ნიშნავს ტესტირების ავტომატიზაცია თქვენთვის?



ჩვენთვის, ტესტირების ავტომატიზაცია ითარგმნება ყოველდღიურ გამოწვევებად, მაგალითად, როგორიცაა: ახალი ალგორითმების მოფიქრება, სხვადასხვა ბიბლიოთეკის ჩვენს პროექტში ინტეგრაცია და ა.შ. გარდა ამისა, გვეხმარება ტექნოლოგიური მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ტესტირების ავტომატიზაციას დიდი როლი უჭირავს აჩქარების (Time to market) და ხარისხის კუთხით, შესაბამისად ავტომატიზაციის ინჟინრებს, ე. ი. ჩვენ, გააზრებული გვაქვს საკუთარი პოზიციის მნიშვნელობა და ის, თუ რაოდენ კრიტიკულია სწორად იყოს პროდუქტი გატესტილი, რათა არ მოხდეს დანერგვის შემდგომი ხარვეზების წარმოქმნა.

რატი რუსია, იოსებ ლეკაშვილი, ტარიელ ლომიშვილი

გუნდი: LOS ANGELES

რატომ აირჩიეთ კონკრეტულ გადაწყვეტაზე მუშაობა და რა პრობლემას გადაჭრით თქვენი ხელსაწყო?

ვფიქრობთ, რომ პერფორმანს ტესტირება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით. ჩვენს მიერ შექმნილი ხელსაწყო ერთის მხრივ გაუმარტივებს საქმეს ინჟინრებს, რომ ავტომატურად დააკმაყოფილონ ის მინიმალური კრიტერიუმები, რაც საჭიროა პროექტის დეკლარაციისთვის, ხელს შეუწყობს წარმადობის ტესტირების დაფარვის პროცენტულობის ზრდას, ხოლო მეორეს მხრივ კი დააინტერესებს ბევრ ადამიანს, მათ შორის არა ინჟინრებსაც, რომ ჩაერთონ წარმადობის ტესტირების პროცესში.

გრიგორ ქოროიან

გამარჯვებული გუნდი: GRIGORY

რატომ აირჩიეთ კონკრეტულ გადაწყვეტაზე მუშაობა და რა პრობლემას გადაჭრის თქვენი ხელსაწყო?

დროზე ძვირფასი არაფერია, ამიტომ ჩემი ინსტრუმენტი - ImproveCode ითვლის ტესტის გაშვების დროს, აანალიზებს თითოეულ საფეხურზე დასაბრუნებელ მნიშვნელობას, ადარებს წინა გაშვების დროს და გვაძლევს რეკომენდაციას ამა თუ იმ ოპტიმიზაციით რამდენ დროს დავზოგავთ.

“ჩვენს მიერ შექმნილი ინსტრუმენტები ემსახურება ორი მიმართულებით ეფექტურობის ამაღლებას. პირველი - აჩქარება, უფრო სწრაფად ვაკეთოთ ავტომატიზაცია, რასაც ვპასუხობთ ჩვენ მიერ შექმნილი კოდის ავტომატური გენერატორებით. მეორე - მდგრადობა და კოდის ხარისხი, სადაც ვიყენებთ ჩვენს მიერ შექმნილ კოდის ანალიზატორებს.”


-ალექსანდრე ისკონიანი, ხარისხის უზრუნველყოფის და

პროგრამული ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი

ფოტო: რეზი ყენია