სიახლეები თიბისელები

„სტარტაპ დეკრეტი“ და პროექტის გამარჯვებულები

აქ.ახლა სტარტაპ დეკრეტი

ოქტომბერი 06, 2020

სიტყვებს - „სტარტაპი“ და „დეკრეტი“ - ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მანამ, სანამ ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ცნებები თიბისის ერთ-ერთი პროექტის სახელი გახდებოდა. „სტარტაპ დეკრეტი“ ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც უკვე მეორე წელია არსებობს და საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე თანამშრომლებს საშუალებას აძლევს ბიზნესის განსახორციელებლად 6 თვიანი, სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით ისარგებლონ.

ხშირად საქმეს, რომელსაც ყოველდღიურად სამსახურში ვაკეთებთ, ახალ საწყისებამდე მივყავართ. „სტარტაპ დეკრეტის“ გამოცდილების შედეგად კი ნამდვილად დადასტურდა, რომ იდეები, რომლებიც სამუშაო გარემოში ჩნდება, შესაძლებელია სრულიად ახალი და წარმატებული საქმის საფუძველი აღმოჩნდეს.


პროექტი ერთი მხრივ თანამშრომლების, მეორე მხრივ კი სტარტაპების მხარდაჭერას ემსახურება. 

ტრადიციულად, წელსაც თიბისელებმა საკუთარი ბიზნესიდეები კონკურსისთვის სპეციალურად შერჩეულ ჟიურის წარუდგინეს. გამარჯვებულ იდეას 2 მთავარი კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა: ინოვაციურობა და ტექნოლოგიურობა.

კონკურსში მონაწილე 14 გუნდიდა ფინალში გავიდა 5 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდა 1 გამარჯვებული პროექტი - „იდეაკურსი“.


იდეაკურსი არის ონლაინ პლატფორმის იდეა, რომელიც განათლების მიღების/თვითგანვითარების მსურველ ადამიანებს აკავშირებს მასწავლებლებთან და კურსების შემქმნელებთან. პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება, დაინტერესებულმა პირებმა ნახონ ყველა არსებული შეთავაზება, ხოლო კურსის ავტორებმა შეძლონ თავიანთი სერვისების გასაყიდად განთავსება, რაც განათლების მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს მსგავსი კურსებისა თუ კლასების რაოდენობის ზრდას.


გამარჯვებული გუნდის წევრები: მარიამ აბულაძე, მარიშა გოგოლაური, მარიამ ცანავა.

ეს პროექტი, რომელიც უნიკალურია თავისი შინაარსით, ძალიან კარგად ასახავს ჩვენს კორპორაციულ კულტურას და კომპანიის დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ. მიხარია, რომ გუნდში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიდი მიზნები აქვთ. საინტერესო წამოწყებებში მათი ხელშეწყობა კი ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი მიზანია. გვჯერა, რომ აქ გაჩენილი იდეები აუცილებლად იპოვის განვითარებას.


- გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების დირექტორი

სტარტაპ დეკრეტის ფინალისტი გუნდები და მათი იდეები:



დიმიტრი შავიშვილი: კარაოკე აპლიკაცია გასართობი, პროფესიული და საგანმანათლებლო გამოყენების ფუნქციებით.


ირაკლი გაგოშიძე: ონლაინ პორტალი მასწავლებლებისთვის, ლექტორებისთვის და ტრენერებისთვის, რომლებსაც სურთ დისტანციურად ჩაატარონ გაკვეთილები.


ალექსანდრე მანია, გიორგი ალიბეგაშვილი, აკაკი ჯიქია: ელექტრო სკუტერის საქართველოში წარმოება.


გიორგი შიუკაშვილი: აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება მშობელებს ბავშვის აღზრდაში და ბავშვის შესახებ მონაცემების შენახვა/თავმოყრაში.


ავტორი: ქეთი რაზმაძე

ფოტო: რეზი ყენია