თიბისელები

იდეიდან ინვესტიციების მოზიდვამდე - თიბისელებისთვის სტარტაპ კურსი იწყება

აგვისტო 30, 2021

შექმენი შენი სტარტაპი - ამ გზაზე თიბისი სულ შენთანაა

ცოტაც და ერთი საუკუნე გავა იმ დროიდან, როცა სადღაც კალიფორნიის მახლობლად ახალ იდეებს გასაქანი მიეცათ და მას შემდეგ არ გაჩერებულან. მაშინ სტენფორდის უნივერსიტეტის ინჟინერიის სკოლის დეკანმა (ფრედერიკ ტერმანმა) დაარწმუნა თავისი სტუდენტები, რომ მათ საკუთარი კომპანიების შექმნა შეეძლოთ. ასე შეიკრიბა პირველი სტარტაპ კომუნა. მათი აზრების და გეგმების საამქროს კი ცოტა მოგვიანებით სილიკონის ველი დაერქვა.

 

დღეს იქ მოხვედრა ყველა სტარტაპისთვის საოცნებოა, რადგან სილიკონ ველზე ერთი შეხედვით უტოპიურ იდეებს იჯერებენ და აკეთებენ. კაცმა არ იცის როგორი იქნებოდა დღეს მსოფლიო, თავის დროზე ენთუზიასტ ტერმანს რომ არ შეექმნა „სათბური“ ნახევრად მომწიფებული აზრებისთვის.

 

და თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ ახალ იდეები ხელშეწყობას იმსახურებენ, აქ. ახლა თიბისელებისთვის არსებობს პროექტი - სტარტაპ დეკრეტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საწყისი შეიძლება აღმოჩნდეს სტარტაპის გასავითარებლად, მაღალი სიჩქარის ასაკრეფად და შორეულ „ველებზე“ გადასაფრენად. სტარტაპ დეკრეტი უკვე მესამე წელია არსებობს და გამარჯვებულ თიბისელებს საშუალებას აძლევს 6 თვის განმავლობაში შეინარჩუნონ ანაზღაურება და დრო საკუთარი ბიზნესის განვითარებას დაუთმონ.

თუმცა, ამ შესაძლებლობის გამოყენებასაც სპეციფიკური ცოდნა და უნარები სჭირდება. იდეიდან სტარტაპის ლონჩამდე სირთულეებით სავსე გზაა გასავლელი. ამ გრძელი „მარშრუტის“ სიღრმისეული ანალიზისთვის წელს სტარტაპ დეკრეტის პროექტის ფარგლებში სტარტაპ კურსი შეიქმნა, რომლის განმავლობაშიც საკუთარი ტექნოლოგიური ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ თიბისელებს ცოდნას თიბისის ეკოსისტემის სპიკერები გაუზიარებენ და ბევრ ბუნდოვან საკითხს გაუმარტივებენ. მონაწილეები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს, რეკომენდაციებს და პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს.

 

საკუთარი სტარტაპის დაწყების სურვილი ალბათ ყველას გვქონია და ხშირად შთაგონებას ველოდებით ხოლმე, რომელიც ერთბაშად მოგვნუსხავს. არადა, როგორც წესი, იდეას ჩანასახშივე სრულყოფილი ფორმა თითქმის არასდროს აქვს და სინამდვილეში მთავარი მიგნებები ძიების პროცესში ჩნდება. ყველა ინოვაციური თუ ტექნოლოგიური სიახლე გარკვეულწილად კვლევის, ინტერესის, ინფორმაციის მუდმივი ძიების და გაუჩერებელი ფიქრის შედეგია. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა რომელსაც ვუშვებთ შთაგონების მოლოდინია. რეალურად კი, ყოველთვის არსებობს სფერო, რომელშიც აღმოჩენების პროცესი სიამოვნებას გვანიჭებს ან პრობლემა, რომელსაც სიამოვნებით გავამარტივებდით. მთავარია ეძებო იქ, სადაც შენი ინტერესია.

 

კიდევ ერთი პროცესი, რომელმაც შეიძლება დაგვაბრკოლოს არის უამრავი შეკითხვა ჩვენი გარშემომყოფების მხრიდან რამდენად გაამართლებს ესა თუ ის ბიზნესი. ან მეტიც, შეიძლება დაგვარწმუნონ, რომ იდეა არ ვარგა და ვერაფერს გავხდებით. ეს ეტაპი Apple-ის, Netflix-ის, Uber-ის ჩათვლით თითქმის ყველა სტარტაპს აქვს გავლილი. დღეს ისინი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ბიზნესები არიან, რომლებმაც სამყარო შეცვალეს.

 

ბევრია ისეთი წარუმატებელი სტარტაპიც, რომლებმაც თავი აარიდეს კრიტიკული კომენტარების მიღებას და მათ ანალიზს, მაშინ, როცა კრიტიკული აზრი ხანდახან ყველაზე ძვირფასი აქტივია, საკუთარ პროდუქტის დასახვეწად, ხარვეზების აღმოჩენად და მათ გასასწორებლად. 

 შეცდომების სია საკმაოდ გრძელია:


  • ფიქრი, რომ არასდროს არაფერი გამოგივა
  • სამუშაო პროცესის დროში გაწელვა და პროკრასტინაცია
  • რისკის შიში
  • ინვესტიციის დანანება ბრენდის განვითარებაში
  • ტალანტების ხელიდან გაშვება
  • კონკურენციის შიში
  • კონკურენტების არასათადოდ შეფასება
  • გრძელვადიანი გეგმის არარსებობა
  • და კიდევ ბევრი...

სტარტაპ კურსი კი შესაძლებლობაა იდენთიფიკაცია გაუკეთო პოტენციურ ან უკვე დაშვებულ შეცდომებს, გახადო შენი სურვილი რეალური და შეიარაღდე მექანიზმებით რომლებიც ძალას შეგმატებს არსებული იდეის დასახვეწად, ან სულაც ახალი გზის ასარჩევად.

 

კურსი შეეხება სტარტაპის განვითარების საწყის ფაზებს - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე:

 

  • რა არის ინოვაციური სტარტაპი? (სპიკერი: ნიკა მამულაშვილი)
  • პროდუქტის დიზაინი (სპიკერი: თეა კობახიძე)
  • იდეის ვალიდაცია (სპიკერი: თეა კობახიძე)
  • ბიზნეს მოდელი (სპიკერი გიორგი ჩუმაშვილი)
  • სტარტაპ ფინანსების მართვა (სპიკერი: მაკა ხაბეიშვილი)
  • ბრენდი და კომუნიკაცია (სპიკერი: ბეკი ფანცხავა)
  • ციფრული მარკეტინგი (სპიკერი: ირაკლი ჩხეიძე)
  • ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი (სპიკერი: გიორგი ტუხაშვილი)

ლექციები 8 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება. სტარტაპ დეკრეტზე განაცხადის შევსება კი სექტემბრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი მიზანია, კურსის განმავლობაში სტარტაპ დეკრეტში მონაწილეობის მსურველებისთვის კარგად განვსაზღვროთ ტექ სტარტაპის არსი და შემდეგ თიბისის ეკოსისტემაში მომუშავე პროფესიონალებისგან გავაზიაროთ ცოდნა, რომელიც სტარტაპის შექმნისთვისაა საჭირო. ვკონცენტრირდებით ტექნოლოგიურ სტარტაპებზე, როგორც ბმასშტაბური ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ბიზნესებზე.“ 


ანკა თოთიბაძე, პროექტის მენეჯერი

აქ. ახლა, შენ გაქვს შესაძლებლობა გამოიყენო შანსი და ირწმუნო რომ შენი წამოწყებული საქმე ისეთივე წარმატებული გახდება, როგორც ტერმანის წახალისებით შექმნილი სტარტაპები სილიკონ ველზე.

 

კარგი იდეები არასდროს იწურება, მთავარია ყოველთვის ეძებო. ძიების გზაზე კი თიბისი სულ შენთანაა.


ავტორი: ქეთი რაზმაძე