ლიტერატურა

Songs of Toni

Mahalia Jackson – Down by the riverside


Nina Simone – Four women


თანამოსასმენი


(როგორც ჩემს მეგობარს უყვარს ხოლმე თქმა)2


ჰოდა, როგორც ფოლკნერი ამბობდა, სამყაროსეული დრო ჩვენი (ადამიანური) თვალისთვის სამი მთავარი საფეხურისგან შედგება. ესენია წინასწარმეტყველება (ანუ ხარება), ხსოვნა (ანუ მოლოდინი ან არმოლოდინი) და ცოდნა (ანუ დადასტურება) და რომ ამ სამთაგან სამყაროსთვის პირველია უმნიშვნელოვანესი, ხოლო კაცთათვის - უკანასკნელი.3


ჰოდა, მე მორწმუნე კაცი ვარ და მჯერა, რომ მწერლები, ყველანი - ცუდებიც, კარგებიც, ცუდზე უკეთესებიც და კარგზე უარესებიც, უკეთესზე უკეთესებიც და უარესზე უარესებიც და გენიოსებიც და უკვდავებიც და... წლების წინ უკვე დაწერილი წიგნების პერსონაჟთა რეინკარნაციები არიან. 

ჰოდა, მორისონის სიკვდილი არ მწყენია, გულის გულში გამიხარდა კიდეც. აქამდე ყველაფერი მისგან შექმნილი, სულ ცოტათი, სულ ოდნავ და არცთუ ოდნავ ჩვენ ხომ გვეკუთვნოდა, სხვებს, დანარჩენებს, მაგრამ მასაც ეკუთვნოდა, მას, როგორც ტონის - მას, ვინც დიდ ქართველ პოეტს ამ ოცდაათიოდე წლის წინ კაცი ეგონა4 -მისი ხორცის ნაწილიც იყო, ამიერიდან კი სამუდამოდ სუყველაფერი, ყველა სიტყვა, ყველა პაუზა, ყველა მოძრაობა, მხოლოდ და მხოლოდ, ერთპიროვნულად და განუყოფლად ჩვენია, უკვე დაბადებულების და ჯერდაუბადებლების.


ჰოდა, ერთადერთი იმათი მშურს, იმ ხალხის, უცნობების, ვინც მოესწრება, სხვა ცხოვრებაში როგორ იშვებიან მორისონის გმირები ხელახლა, სათითაოდ, ოღონდ მწერლებად იშვებიან და მოყვებიან და დაწერენ და დაწერენ და მოყვებიან და…რას არ მივცემდი, ოღონდ სულას ბებიის, ცალფეხა ევას დაწერილი წიგნები წამეკითხა.5

ჰოდა, მორისონი ლიტერატურის ახდენილი წინასწარმეტყველებაა, გაცხადებული, ჩვენი ცოდნაა, ჩვენი დადასტურებაა. თავადაც უთქვამს ეგრეაო და არა მხოლოდ უთქვამს. ამ სამიოდე ათასი წლის წინ, ერთ ცნობილ ჰიმნში6 (თუ ფსალმუნში თუ ლექსში) იმღერეს მასზე და ო, როგორ იმღერეს.


ჰოდა, თუ ოდესმე გზისაგან დაღლილს ვინმე მავანი გულუბრყვილოდ და ჩაძიებით შეგვეკითხება, ვინ არისო ტონი მორისონი7, რა დაწერაო, რა უნდოდაო, ჩვენ შეგვიძლია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვუთხრათ (ოღონდ, ჩემი აზრით, აუცილებლად ლათინურად): Nigra sum sed formosa8 და მერე როგორც ტექსტშია. და, თუ მაინცდამაინც, თუ არ ეყო მსმენელს, იქნებ ლიტერატურის დიდი მოგვის სიტყვებიც დავუმტოთ (ოღონდ, ჩემი აზრით, აუცილებლად ფრანგულად): Je suis noir mais je suis roi9 და მერე ამჯერადაც როგორც ტექსტშია.



ჰოდა, ლიტერატურას მოუკვდა თავისი სულამითი, მოუკვდა, რათა აწ უკვე ჭეშმარიტად და სამუდამოდ და განუყოფლად და... ჩვენი (სხვების) გამხდარიყო. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, სევდისაგან გულმოკლულები პანაშვიდიდან მივბრუნდეთ შინ და როგორც მორისონის უბრწყინვალესი რომანის პირველ სცენაში ხდება, ერთადერთი მოლაპარაკე თითიყუში გავუშვათ გარეთ. თუთიყუში, რომელმაც (თავის მხრივ) ერთადერთი ფრაზა იცის: I love you10.



ქართულ ენაზე თარგმნილი და გამოცემულია ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, ტონი მორისონის 4 წიგნი: „ქებათა ქება სოლომონისა“ (Song of Solomon; 1977), „ყველაზე ცისფერი თვალი“ (The Bluest Eye; 1970), საყვარელი (Beloved; 1987) და წყალობა (A Mercy; 2007) გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ.

1 სათაურს ორმაგი დატვირთვა აქვს, იგი, ერთი მხრივ, ბიბლიურ ტექსტზე მიანიშნებს მკითხველს, ხოლო, მეორე მხრივ, შეახსენებს მას ტონი მორისონის ბრწყინვალე რომანს ,,Song of Solomon” – ს.


2 წანამძღვარიც ორმაგი დატვირთვისაა - ერთი მხრივ, ჩემი ორი ძვირფასი მეგობარი თავის ნაწერებს ხშირად აახლებს ხოლმე ამგვარ მითითებებს, ყოველთვის მშურდა მათი. ერთმა ჯაზის მოსმენა მასწავლა, მეორემ -ბლუზის. მეორე მხრივ კი, ტონი მორისონი თავის რომანებში სწორედ ამ ორ მუსიკალურ მიმდინარეობს მისდევს და იყენებს და ლიტერატურის ენაზე თარგმნის. ამ წანამძღვრით მინდოდა ჩემი შურიც გამეცხადებინა და მორისონის სტილიც შემეხსენებინა მკითხველისთვის.


3პირველი აბზაციც ორმაგი დატვირთვისაა, კერძოდ, ერთი მხრივ, იგი ფოლკნერის რომანის ,,აგვისტოს ნათელის“ შეხსენებას ისახავს მიზნად და იმ ამბისა, რომ ამერიკულ ლიტერატურაში მორისონს სწორედ ფოლკნერი ლიტერატურულ მემმკვიდრედ მიიჩნევენ, მეორე მხრივ კი მსურდა ,,ახალი აღთქმის“ ფოლკნერისეული ინტერპრეტაცია შემეთავზებინა მკითხველისთვის.


4მესამე აბზაცში დიდი ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურიაა, ქართული ლიტერატურული ლეგენდის მიხედვით, მორისონისთვის ნობელის პრემიის მინიჭების შემდეგ, სწორედ მას უხუმრია, მე ეგ კარგა ხანს კაცი მეგონაო.


5მომდევნო აბზაცში მინდოდა, მკითხველისთვის მორისონის რომანი ,,Sula” შემეხსენებინა, ეგ მორისონის პირველი წიგნი იყო, რომელიც უნივერსიტეტის ამერიკულ ბიბლიოთეკაში შემხვდა (მაშინ აირექსის ბიბლიოთეკას ვეძახდით) და სამუდამოდ მომაჯადოვა. ცალფეხა ბებია ევა, სწორედ ამ რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ჰოდა, კიდევ, ჩემთვის მორისონი თავის პერსონაჟთაგან ყველაზე მეტად სწორედ ამ ევას ჰგავს.


6ცნობილ ჰიმნში (თუ ფსალმუნში, თუ ლექსში) ბიბლიური ტექსტი, სოლომონის ,,ქებათა ქება“ იგულისხმება.


7ბოლოს წინა აბზაცის პირველი ფრაზა სამმაგი დატვირთვისაა. ერთი მხრივ, ეს ციტატაა ჰომეროსის ,,ოდისეადან“, კერძოდ, ბრმა ტირესიასის ჰადესში წარმოთქმული წინასწარმეტყველებიდან, რომლის მიხედვითაც ოდისევსის გზა დასრულდება სწორედ მაშინ, როცა მას, მხარზე ნიჩაბგადებულს, უცნობი ჰკითხავს, ეგ რა ბარი გაგიდია, უცხოელო, მხარზეო. ამ ფრაზის ლიტერატურულ ინტერპრეტაციას ახლა არ მოვყვები. მეორე მხრივ, ეს ფრაზა მკითხველს ლუი არმსტრონგის ცნობილ ნათქვამს შეახსენებს, თუ კითხულობ, რა არის ჯაზი, ე.ი. ვერც გაგიგია და ვერც ვერაფერს გაიგებო. მესამე მხრივ კი, მკითხველს შეახსენებს ტონი მორისონის ჭკუიდან შემშლელ და ჩემს კიდევ ერთ უსაყვარლეს რომანს ,,Jazz”.


8Nigra sum sed formosa - ციტატაა, კვლავაც სოლომონის ,,ქებათა ქებადან“, სულამითი ამბობს, ,,შავ ვარ მე და შუენიერ“. თარგმანის უცნაურ თავისებურებაზე, პასუხს მე ნუ მომთხოვთ


9Je suis noir mais je suis roi - ესეც ციტატაა, ასე იწყება დიდი ფრანგი მწერლის მიშელ ტურნიეს რომანი ,,კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი“. და რადგან რომანი სწორედ ქრისტეს თაყვანისმცემელ მოგვებზე გვიამბობს, ჩემგან ნახსენები დიდი მოგვიც თავად ავტორი, მიშელ ტურნიეა.


10უკანასკნელი ფრაზაც ციტატაა, ამჯერადაც ტონი მორისონის რომანიდან ,,Jazz”, სწორედ ამ სიტყვებით სრულდება ამ ბრწყინვალე რომანის პირველი სცენა და, როგორც ჟან ჟენე იტყოდა (პრუსტის შესახებ, მაგრამ, ჩემი ჭკუით, მორისონზეც თავისუფლად შეიძლებოდა ეთქვა), მკითხველს ისღა დარჩენია, წიგნი დახუროს და მერე რაც შეიძლება დიდხანს გამოიზოგოს, რადგან სრულიად ცხადია, რომ აწი და აწი სულ უკეთესი და უკეთესი იქნება.

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: ზაალ ჩხეიძე