ტექნოლოგია

ყველაფერი ტესტერთა დღის შესახებ

აგვისტო 30, 2022

ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში არის დღე, როცა თავს თვითკმარ და ბედნიერ ადამიანად ვგრძნობთ და განსაკუთრებით გვიხარია, რომ ესა თუ ის პროფესია ავირჩიეთ. აი, სწორედ ასე გრძნობენ თავს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერები ყოველი წლის 9 სექტემბერს, როცა საკუთარი პროფესიული დღის აღსანიშნავად, ამ დარგის ფუძემდებლის, გრეის ჰოპერის გასახსენებლად და ერთმანეთისთვის წლიდან წლამდე შეძენილი ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად მსოფლიოს გარშემო იკრიბებიან.

 

გასაკვირი სულაც არ არის, რომ ყოველი წლის 9 სექტემბერს ტესტერები საქართველოშიც იკრიბებიან, სადაც ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას საფუძველი პირველად 2020 წელს ჩაეყარა, როცა ქვეყანაში პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო (GeoSTQB) ჩამოყალიბდა. თავისთავად ცხადია, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა ტრადიციას არც წელს უღალატეს - მეტიც, როგორ ჩანს, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული იქნება, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა პანდემიის შემდეგ, როცა ტესტირებით დაინტერესებული ადამიანები ფიზიკურად შეიკრიბებიან. 

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება შედარებით ახალი დარგია, რომელიც კოლოსალური სიჩქარით ვითარდება. ინდუსტრიასთან ერთად ვითარდებიან ამ სფეროს ექსპერტებიც, რომელთაც, წლიდან წლამდე, ბევრი სიახლე უგროვდებათ, რომელთა შესახებ მათნაირ ენთუზიასტებთან ინფორმაციის გაცვლა სურთ. 

ტესტერთა მხრიდან წამოსულ ამ მოთხოვნას ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორები სიხარულით შეხვდნენ და წლევანდელი ღონისძიება ორ დღეზე - 9 და 10 სექტემბერზე გადაანაწილეს.

 

როგორც GeoSTQB-ში ამბობენ, ღონისძიების თითოეული დღე განსაკუთრებული იქნება, არამხოლოდ განსახილველი თემების მრავალფეროვნებით, არამედ მონაწილე კომპანიების, გამომსვლელების, პანელური დისკუსიებისა და ოფიციალური და არაოფიციალური აქტივობების კუთხითაც. 


საბოლოო ჯამში, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ წლევანდელ ღონისძიებაზე თავს 250-ზე მეტი სტუმარი მოიყრის. გამომსვლელთა შორის არიან, როგორც წამყვანი ქართული ტექნოლოგიური კომპანიებისა და ორგანიზაციების, მათ შორის GeoSTQB-ის, თიბისის, aPeople-ის, DevOps საქართველოს და HT Solutions-ის წარმომადგენლები, ასევე დიდი საერთაშორისო კომპანიების - Exactpro-ს, EPAM-ის, Softfan-ის, Perforce Software-ის, Cypress.io-ს, Slido-ს, Smart Academy-ის, Flat Rock Technology-ის, Quantori-ის, RockIT by NGT-ის, Tulaco-ს და Intranote-ის სპიკერები.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტრადიციულად, ტესტერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ რიგით მესამე ღონისძიებასაც უჭერს მხარს.

თიბისიში ფიქრობენ, რომ ქართული ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ღონისძიების მხარდაჭერებს შორის არიან Exactpro, EPAM-ი, Softfan-ი, aPeople-ი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქართული წარმომადგენლობა. 


დღევანდელ დინამიკურ და ტექნოლოგიურად სწრაფ სამყაროში, მომხმარებელი მეტად დამოკიდებულია პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რაც ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემქმნელებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო პროდუქტის შეთავაზებას და პროცესში ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტებისა და ტესტერების აქტიურ ჩართვას გულისხმობს. ამ პროფესიის ადამიანებზე გლობალური მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, საქართველოში ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების და ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრების პროფესიების პოპულარიზაცია დღესაც საჭიროა. ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ამ მოთხოვნაზე პასუხის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია“, - ამბობს თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამული ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი, ალეკო ისკონიანი. 


ისე კი, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წლევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი მიზნით იქნება გამორჩეული. საქმე ისაა, რომ წელს, ღონისძიებას დაესწრება იმ კომპანიებისა და ტრენინგ-ცენტრების უმეტესობის წარმომადგენელი, რომლებიც ტესტირების მიმართულებით აქტიური ვაკანსიები და ტრენინგები აქვთ.

ყველა სხვა სიახლესთან ერთად, ღონისძიების ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს მოახსენებენ, რომელზეც საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების დაცვით იმუშავა.

კვლევის შედეგად ქართული ბაზრის ბევრი თავისებურება გაირკვევა, მათ შორის დასაქმებულთა გენდერული და ასაკობრივი გადანაწილება და ხელფასი და ისიც, არსებობს თუ არა სახელფასო სხვაობა კაცებსა და ქალებს შორის და საერთოდ, სად, რა ტიპისა და სიდიდის ორგანიზაციებში საქმდებიან ქართველი ტესტერები.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ტესტერთა საერთაშორისო დღის ყოველწლიური აღნიშვნა, ტექნოლოგიური კომუნის ერთ მუშტად შეკვრა და წლიდან წლამდე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სწორედ ისაა, რაც ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს განაპირობებს.


ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წლევანდელი ღონისძიება, რომელიც aPeople-ის სათავო ოფისში ჩატარდება, სტარტს 9 სექტემბერს აიღებს და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. თუკი თავს ქართული ტექნოლოგიური კომუნის ნაწილად მიიჩნევთ, ტესტერებისა და ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით სიახლეები გაინტერესებთ და კარიერული განვითარება ან უბრალოდ საინტერესო ადამიანების გაცნობა გსურთ, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ და კონფერენციის ბილეთი შეიძინოთ - აი, ამ ბმულის გამოყენებით. მაშ, შეხვედრამდე!