მუსიკა | ცა

სიმბოლური გმირობა | ქართული მეტალის საწყისები

Tsa.Music

აგვისტო 18, 2021

Do you remember when

Things seemed so eternal?

Heroes were so real...

Their magic frozen in time

The only way to learn

Is be aware and hold on tight

(ნაწყვეტი ამერიკული Death Metal ბენდის,

DEATH”-ის 1995 წლის სიმღერიდან Symbolic)

გმირები ინსპირაციას გვაძლევენ, რომ უკეთესები გავხდეთ, ვაჩვენოთ ჩვენი მაქსიმალური პოტენციალი. ცხოვრება ბევრ გმირს გვახვედრებს და გვიჩვენებს. გამბედაობა გმირობის ერთ-ერთი ნიშანია და მუსიკალური გმირები გამბედავები არიან. 

გამბედავი სტილია მძიმე მეტალი, რადგან ამ მუსიკალურ მიმდინარეობაში (და მის უამრავ ქვე-ჟანრში) ისეთ თემებზეა ლაპარაკი, რასაც სხვა ჟანრებში ნაკლებად მოისმენთ (ომი, სიკვდილი, ოკულტიზმი, მენტალური პრობლემები, ტკივილი და სიბნელე). მეტალ კომპოზიციებში ისეთ თემებზე მღერიან, რასაც ადამიანი ხშირად გაურბის, მაგრამ სინათლესთან ერთად ეს თემებიც ჩვენი სიცოცხლის გზის ნაწილია. 

ეს ინტელექტუალური მუსიკალური მოძრაობები ამავდროულად საკმაოდ ქაოტურია, ბინძური ჟღერადობის და მასში გარკვეულწილად დისჰარმონიული ელემენტებიც მრავლადაა. მეტალს როკენროლის მივიწყებულ, მარტოხელა შვილად მიიჩნევენ, მაგრამ მასშიც დიდია თავისუფლების ნაწილი. 

სწორედ ეს კომპონენტები ქმნის ამ სტილს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და გამორჩეულ მუსიკის ფორმას. რაც დრო გადის, მძიმე მეტალი უფრო აქტუალური ხდება. იყო დრო, როდესაც მას არ აფასებდნენ, გაურბოდნენ და ეშინოდათ, მაგრამ კაცობრიობამ დაინახა ამ გმირული, გამბედავი მუსიკის ფასი, მუსიკის დაფასებას კი მისი განვითარება და ზრდა მოჰყვება. 

ქართველი ერი, რომ მუსიკის მიმდინარება იყოს ნამდვილად მძიმე მეტალი იქნებოდა. რატომ? 

იმიტომ, რომ მრავალი ომი გადავიტანეთ, მაგრამ ყოველთვის ერი ცოცხლდებოდა და *Bathory-ვით სიცოცხლით ივსებოდა.

* Bathory - ლეგენდარული შვედური ვიკინგ მეტალ ბენდი,

რომელიც გამოირჩეოდა ატმოსფერული და ფოკლორული ჟღერადობით,

მაგალითად, კომპოზიცია „Foreverdark Woods” და ბენდის სიმღერები,

ძირითადად, იწერებოდა მითოლოგიაზე, ბუნებაზე და ომზე.

ალბათ, ბუნებრივია, რომ ქართველები ადრე თუ გვიან მივიდოდით იმ მომენტამდე, როდესაც ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში მძიმე მეტალის ბენდები შეიქმნებოდა და მუსიკოსები მძიმე „მიუღებელი“ მუსიკით იტყოდნენ სათქმელს. 

საქართველოში როკ მუსიკას დიდი ხნის ისტორია აქვს, შემდეგ ჰარდ როკ ბენდებიც გაჩნდნენ (რომელიც ძალიან გასნხვავდება მძიმე მეტალისგან ,ის ბევრად უფრო რბილია და ჰარმონიული), რომელსაც Deep Purple-ის და Rainbow-ს გავლენა ჰქონდათ, ოღონდ მაგიური ქართული ელემენტებით. მაგალითად, ლეგენდარული ქართველი გიტარისტის, შრედერის (ამ ტერმინით 80-იანი წლებიდან ახასიათებდნენ სასწაული ტექნიკის მქონე გიტარისტებს, ისეთი როგორებიც გახლდათ: ედი ვან ჰალენი (Vah Halen), Jason Becker, Marty Friedman (Cacophony, Megadeth), Yngwie Malmsteen, Dimebag Darrell (Pantera) და რაც მთავარია დიდებული რიჩი ბლექმორი (Deep Purple, Rainbow) ) და კომპოზიტორის ბაჩო ქიტიაშვილის „ბერმუხა“. ბენდი მან 1965 წელს ჩამოაყალიბა. 

ბერმუხას მუსიკაში თქვენ იპოვით ქართული ხალხური მუსიკის ელემენტებს, მძიმე როკისა თუ მეტალის მრავალ მოძრაობებს, ბლუზურ სულს და ბასის ულამაზეს პარტიებს, მსუყე და მჭახე ჟღერადობით გამორჩეულს.

ბერმუხას შემდეგ ქართულ სცენაზე ანსამბლი „ივერია“ ჩამოყალიბდა, 1975 წელს ანსამბლმა დებიუტ ალბომი გამოუშვა, ამავე სახელწოდებით „ივერია“, სადაც თემურ წიკლაურის ულამაზეს ვოკალთან ერთად, არაჩვეულებრივად შესრულებულ ლეგენდარული ინგლისური ჰარდ როკ ჯგუფის „Uriah Heep”- ის ორ სიმღერას („July Morning” და „Sunrise”) აღმოაჩენთ, მუსიკოსები ულამაზესად უკრავენ, იგრძნობა სიმძიმე, რომელიც, ალბათ, ალბომს შეუსაბამეს და ცოტათი დაარბილეს, მაგრამ ამ ვერსიამ საფუძველი ჩაუყარა ქართული მძიმე მუსიკის მომავალს.

ესეც გამბედაობა იყო, რადგან ისინი პოპულარიზებას უკეთებდნენ საავტორო სიმღერებთან ერთად „Uriah Heep’’-ს, იმ პერიოდში, როდესაც უმრავლესობა ამ მუსიკას ვერ იგებდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს ალბომი ძალიან პოპულარული გახდა და დღემდე ივერიის შედევრად გვევლინება. 

რამდენიმე წლის შემდეგ ძალიან მცირე პერიოდში საქართველოში დაიწყო მძიმე მუსიკის შემსრულებელი ჯგუფების ჩამოყალიბება. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი „მძიმე ჯვარი“ გახლდათ, რომელიც საკმაოდ მძლავრი და ნაწილობრივ ბნელი ჟღერადობით გამოირჩეოდა.

ისინი არამხოლოდ ქართული მძიმე მეტალის ერთ-ერთი პიონერი მუსიკოსები არიან, არამედ თრეშ მეტალის მრავალ ელემენტსაც აღმოაჩენთ მათ შესრულებაში. მე ბედნიერება მხვდა წილად და 2019 წლის 31 მაისს ჩემი პირველი აუდიო ინტერვიუ ჩავწერე მამუკა ჩიხლაძესთან, რომელიც „მძიმე ჯვარის“ გიტარისტი და ერთ-ერთი კომპოზიტორი იყო. 

„მძიმე ჯვარის“ მძლავრი ჟღერადობა არაჩვეულებრივად ჩანს სიმღერა „ერთი რამე“-ში, ასევე „Mother what if I have been an angel”-ში. მამუკა ვირტუოზულ გიტარ-სოლოებს ასრულებდა და ბენდიც უძლიერეს ფონს უქმნიდა, ლამაზ ვოკალთან ერთად. ბენდები თბილისის გარეთაც იქმნებოდა: ისეთი ფანტასტიკური მუსიკის შემქნელები, როგორებიც გახლდათ: ბეთლემი (ქედა), მეხის ქანდაკება (თელავი) და რკინის რაინდი (გორი). ერთი სიტყვით მეტალი მაშინდელ ახალგაზრდობას ტკივილის დამარცხებაში ემხარებოდა. ქვეყანაში დაძაბულობა მატულობდა, მიწიდან სხვა ვიბრაციები ისმოდა და ადამიანები გრძნობდნენ თავისუფლების მოახლოებას.

დაძაბულობა საზრდო არის მძიმე მუსიკის, იგი ასეთი სიტუაციიდან დაიბადა ბირმინჰემში, ინგლისში (Black Sabbath-ის პირველი ალბომი პირველ ნამდვილ მძიმე მეტალ გამოშვებად ითვლება). ეს ექსპრესიული ხმა ნელ-ნელა სარეპეტიციოების კედლებს ცდებოდა და დიდ გავლენას ახდენდა ახალგარდობაზე. შეუძლებელია, არ გავიხსენო გამორჩეული და ფანტასტიკური გიტარისტი, გიტარის პედაგოგი თემურ სიხარულიძე,  რომელმაც ბევრ ქართველ როკ, პანკ თუ მეტალ მუსიკოსს მრავალი რამ ასწავლა და ამ გიჟურ,თავისუფალ, ემოციურ გზაზე დააყენა.

ასეთი გურუების ფონზე ვითარდებოდა მძიმე მუსიკა: პანკ როკი და მეტალი. მიუხედავად დიდი პრობლემებისა (ისეთი როგორიც იყო მუსიკოსების დაფინანსება, კარგი ინსტრუმენტების დეფიციტი და უხარისხო ძველი ჩამწერი აპარატურა), ისინი არღვევდნენ ამ შეზღუდვებს და მუსიკა ბუნებრივად ჟღერდა, რადგან მუსიკა ყოველთვის არ ითხოვს უმაღლესი ხმის ხარისხს, მითუმეტეს, როდესაც შესრულება არის ფანტასტიკური. 

მუსიკოსები უკრავდნენ ყველგან: მიწისქვეშა გადასასველებში, მიტოვებულ შენობებში, ლოკალურ ფესტივალებზე და უცხოეთშიც კი. „მეხის ქანდაკება“, რომელიც თელავში ჩამოყალიბდა, თითქოს „ბლექ საბათის“, „Judas Priest”-ის, “Iron Maiden”-ის და „რეინბოუს“ სინთეზია, რომელსაც დასამახსოვრებელი გიტარის რიფები და სოლოები მოჰყვება და მაღალი მყვირალა ვოკალი, რომელიც წარსულს და მომავალს მეხივით ეცემა. 

ეს ჯგუფი მართლაც თითქოს ქანდაკებაა, ის მუდამ იდგება ძლიერად და მკვეთრად ელავს, ვოკალისტის ხმა კი ზეცაში, მაღლა იჭრება და ღრუბლებს ჭრის. „რკინის კაცი“ (საბათის კლასიკასაც ხომ ასე დაარქვეს) ასე ჰქვია მათ ერთ-ერთ კომპოზიციას, რომლის გიტარის ერთ-ერთ პარტიას ძალიან ვამსგავსებ ლეგენდარული ნორვეგიული სიმფონიური ბლექ მეტალ ბენდის „Dimmu Borgir”-ის პირველ ალბომში For All Tid შესულ ინტრუმენტალს „Glittertind”, რომელიც 2 წლის შემდეგ 1994 წელს გამოვიდა. ასეთი უცნაური და ლამაზი დამთხვევები მუსიკაში ძალიან ხშირია.  

მუსიკოსი ყველა ფორმით უნდა ცდილობდეს თქვას თავისი სათქმელი, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა გრძნობდეს იგი თავს, რადგან მუსიკა ადამიანებს აძლიერებს და ფეხზე აყენებს. მძიმე მეტალიც მეხივით მუსიკაა, ბევრს აშინებს, აფრთხილებს, რომ საფრთხე ახლოვდება და მზად უნდა ვიყოთ, ადამიანის სულს ზრდის და თავს აგრძნობინებს უძლეველად. 

ეს ზღაპრული მუსიკაა, როგორც უცხოურ, ასევე ქართულ მეტალ ბენდებშიც ხშირად ნახავთ ზღაპრულ თემებს. ქართველ მუსიკოსებს არაჩვეულებრივი ფანტაზიის უნარი ჰქონდათ ნებისმიერ ჟანრში და მგონია, იმ წამს თუ არა, დღეს უფრო და უფრო აქტუალური გახდება ეს ფანტასმაგორიული მუსიკალური ხმათა ცეკვები, რიტმები, რიფები და მელოდიები. 

მეტალი მაშინ ჩნდება ადამიანებთან, როდესაც თავს დაუცველად გრძნობენ. ეს დადებითი ენერგიაა, რომელიც ასეთი უცნაური ფორმებით გადმოიცემა. 

ქართულ მეტალსაც უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს. აქ უამრავ საინტერესო მეტალ ბენდს აღმოაჩენთ, ბევრი შეიძლება არ იცის ფართო საზოგადოებამ, მაგალითად: Iberian და Brain Damage. 

წარსულის გმირები, მომავლის გმირებს აჩენენ და მეტალის ჩაუქრობელ ქართულ ცეცხლს აგიზგიზებენ. 

სკანდინავიური სცენაც, ალბათ, იმით ჰგავს ქართულს, რომ იქაც ძალიან პოპულარული არის თემები სამშობლოზე, გმირობაზე და ომზე. როგორც სკანდინავიურ მეტალში, ასევე ქართულშიც, ხშირად გვხვდება ფოლკლორული ელემენტები, რასაც სხვა ქვეყნების მეტალში გაცილებით ნაკლებად მოისმენთ. სკანდინავიელებსაც უყვართ თავიანთი ისტორია და ეს არაჩვეულებრივი ფორმაა ხალხის განათლებისა. მეტალ მუსიკოსებს იმხელა ენერგია აქვთ, აუცილებელია ამ ენერგიის დახარჯვა, რის როლსაც ეს მუსიკა ძლიერად ასრულებს. თუ დააკვირდებით ქართულ მეტალ ბენდების სახელები, ხშირად ბუნებრივ მოვლენებთან, ისტორიასთან და სიმძიმესთან ასოცირდება. ალბათ, იმიტომ, რომ ბუნება ადამიანებს ძლიერ ძალას აძლევს, ბევრ მუსიკოსს კი ბუნებაში ყოფნის დროს მოსდის ინსპირაცია. 

ქართულმა მეტალმა ფოლკლორთან შერწყმის გამო უნიკალური ჟღერადობა მიიღო. 

მეტალი მუსიკალური პარაზიტია. როგორ კულტურაშიც შეაღწევს იგი, იმ კულტურის ფორმებს იძენს და უეცრად ახალი მეტალის ჟანრი იბადება, რომელიც უნიკალური ხმოვანებისაა.

დრო მიდის და მეტალი ვითარდება ყოველდღიურად, ხალხიც ამ მაგიური და იდუმალი მუსიკით უფრო მეტად ინტერესდება და სცენაც იზრდება. ამ ჯგუფებს მგონია უფრო დიდი თანადგომაც სჭირდებათ, რადგან უამრავი საინტერესო მეტალ მუსიკოსი მოგროვდა საქართველოში. მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორც ძველი თაობის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები, წამით არ ჩერდებიან და მე ვხვდები, რომ სულ ცოტა ხანში, რაღაც უფრო დიდი დაიბადება ქართული მეტალის სცენაზე, რადგან მსოფლიო მუსიკის ისტორიაში, ასეთი ფონები ქმნიდნენ ლეგენდარულ ბენდებს. დროა, ქართული მეტალიც აღზევდეს და დაფასდეს. თავისუფლებას და გამბედაობას მეტალ მუსიკოსების ვიზუალშიც დაინახავთ, როგორი ძლიერი აურა აქვთ და როგორ აცვიათ. ამ გემოვნებიან და ინტელექტუალურ მუსიკას შესაფერისი ხედვა გააჩნია და ხელოვანი ხალხიც უშიშრად სიმართლეს ლაპარაკობს თავისი მუსიკით.

...Let The Metal Flow

ავტორი: რატი ონიანი