ლიტერატურა სიახლეები

„ქართულად ნათარგმანები“ – „საბას“ თარგმანის თარო

„საბა“

სექტემბერი 12, 2022

„წლის საუკეთესო თარგმანი“ - ყველაზე დატვირთული, ყველაზე კონკურენტული, ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი ნომინაციაა. ეს „საბას“ ერთგვარი ტრადიციაა, ყოველ წელს, თვალი ადევნო სიაში თავმოყრილ თარგმანის მარგალიტებს, ურთულესი სამუშაოს ფანტასტიკურ შედეგს. წლევანდელი წელიც არაა გამონაკლისი, თარგმანის თაროს თვალის გადავლებითაც ხვდები, რომ საქართველოს არ დაუკარგავს სხვა ქვეყნების ლიტერატურასთან კულტურული კავშირი და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაზე მკითხველთა რიცხვი არც ისე დიდია, ქართველი მთარგმნელები ყოველთვის ზრუნავენ ამ მკითხველზე და ახალი თარგმანებით ანებივრებენ მას.

ვლადიმერ ნაბოკოვი წერს: „შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მთარგმნელი იმისთვის, რომ იდეალურად თარგმნოს უცხოური შედევრი. პირველ რიგში, ისეთივე ნიჭიერი უნდა იყოს, როგორიც მის მიერ არჩეული ავტორია, სულ ცოტა, იმავგვარივე სახის ნიჭი მაინც უნდა ჰქონდეს. მეორე მოთხოვნა: საფუძვლიანად უნდა იცნობდეს ორივე ერს და სრულყოფილად უნდა იცოდეს ორივე ენა, ამასთანავე, ავტორის სტილისა და მეთოდების შესახებ ყველა დეტალს ყურადღებით უნდა გაეცნოს; კარგად უნდა ერკვეოდეს სიტყვების სოციალურ წარმომავლობაში, მოდურობის პერიოდებში, ისტორიასა და სხვადასხვა ეპოქაში წარმოქმნილ ასოციაციებში. ამ ყველაფერს მესამე მოთხოვნასთან მივყავართ: ნიჭსა და ცოდნასთან ერთად, მთარგმნელს მიბაძვის უნარიც უნდა ჰქონდეს – უნდა შეეძლოს ავტორად გარდაისახოს, მისი სახასიათო მანერები და მეტყველება გადაიღოს, ქცევა და აზროვნება გაითავისოს; ამ დროს უკიდურესად დამაჯერებელი უნდა იყოს.“ 


- თუ თარგმანის თაროს გადახედავთ, მიხვდებით, რომ ცნობილი მწერლის მიერ გამოყოფილ სამ მთავარ მოთხოვნას ქართველი მთარგმნელები ნამდვილად აკმაყოფილებენ და ქართულ ენაზე ახმიანებული მსოფლიო ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშებს გვთავაზობენ.



მაშ, ასე, თარგმანის ნომინაცია საიუბილეო წელს ასეთ მრავალფეროვან სიას გვთავაზობს:


მაია ბადრიძე


რობერტ მუზილის „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“


დიოგენე

„ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880 - 1942) პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას. ინტერნატში სასწავლებლად გამგზავრებულ, მარტო დარჩენილ ტერლესს ახალი საყრდენი და ემოციები სჭირდება. პირველ ვნებებს სირცხვილისა და სიამოვნების მტანჯველი შეგრძნებებიც ახლავს თან. ტერლესი აღმოაჩენს, რომ ინტერნატის ერთ-ერთი მოწაფის მიმართ აქამდე უცნობ ლტოლვას გრძნობს. მაგრამ ეს მხოლოდ მოზარდის მელანქოლიური, არავისკენ მიმართული უმიზნო მგრძნობიარობაა, რომელსაც საბაბი სჭირდება ჯებირების გასანგრევად. რა ბედი ეწევა ტერლესს, რომლის თვითგამორკვევის რთული პროცესი სასტიკ, ძალადობრივ გარემოში მიმდინარეობს? რა შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს მას, როცა თანატოლ მოძალადეებს დაუპირისპირდება? და გაითავისებს თუ არა მოსაზრებას, რომ „სამყაროს დიდებულ მექანიზმში ზოგი ადამიანის არსებობა შემთხვევითი და გაუთვალისწინებელია“? 1966 წელს გერმანელმა რეჟისორმა ფოლკერ შლენდორფმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი სახელწოდებით „ახალგაზრდა ტერლესი“.

კატია ვოლტერსი


ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“


ინტელექტი

თანამედროვე პოლონელი ავტორის, ოლგა ტოკარჩუკის, ისტორიულ რომანში „წიგნები იაკობისა“ (2014წ.) იაკობ ფრანკის ბიოგრაფია უხვად არის გამდიდრებული მხატვრული გამონაგონით. რომანი შედგება შვიდი წიგნისგან, რომლებსაც რამდენიმე საინტერესო და სრულიად განსხვავებული მთხრობელი ჰყავს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ალბათ მაინც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ღრმად მოხუცებული იენტაა, იაკობის დიდედა, რომელიც იმ დღიდან, რაც გულზე ჩამოკიდებულ ქაღალდის ავგაროზს გადაყლაპავს, მიმდინარე, მოსახდენ თუ წარსულში მომხდარ მოვლენებს უჩვეულო პერსპექტივიდან ხედავს.


ორიგინალური ხმის, ღრმა და მრავალშრიანი მონუმენტური რომანი წიგნები იაკობისა, ანუ, როგორც ავტორი სატიტულო გვერდიდანვე გვამცნობს: „დიდი მოგზაურობა შვიდ საზღვარზე, ხუთ ენასა და სამ დიდ რელიგიაში მცირეთა ჩაუთვლელად“, თარგმნილია 37 ენაზე. 


ოლგა ტოკარჩუკს 2018 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. იგი ასევე არის ბუკერის, ნიკეს და არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი.

დალი იაშვილი


მარსელ პრუსტის „შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“


არტანუჯი

„შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ მარსელ პრუსტის (1871-1922) შვიდწიგნიანი ცილკის „დაკარგული დროის ძიებაში“ მეორე ტომია. რომანი, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, ნაცვლად 1914 წლისა, პირველად 1919 წელს გამოქვეყნდა. იმავე წელს მიენიჭა გონკურის პრემია. „შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ მთხრობლის მოზარდობის გამოცდილებაა აღწერილი. რომანი ორი ნაწილისგან შედგება: „ქალბატონი სვანის გარემო“ და „ქვეყნის მხარეთა სახელები: მხარე“. პირველ ნაწილში მთხრობელი თავის პარიზულ ურთიერთობებზე, ბატონ დე ნორპუასა და ბატონ ბერგოტთან ნაცნობობაზე, მშობლებთან დამოკიდებულებასა და ჟილბერტის მიმართ სიყვარულზე გვიყვება. ამ ურთიერთობებზე, სიყვარულის სხვადასხვა ფორმაზე რეფლექსიით მთხრობელი საკუთარ თავს შეიმეცნებს, აკვირდება თავის შეგრძნებებსა და ასოციაციებს. მეორე ნაწილში – „ქვეყნის მხარეთა სახელები: მხარე“ – მთხრობელი ბებიასთან ერთად ჩადის ბალბეკში, ზღვისპირა კურორტზე, სადაც მან ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა. სწორედ აქ გაიცნობს ალბერტინს, რომელიც შეუყვარდება. ამავე წიგნში პირველად გამოჩნდებიან ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟები, როგორებიც არიან სენ-ლუ და ბარონი დე შარლიუ. ამ რომანში მკითხველი მთხრობელთან ერთად საკუთარი მეხსიერებისა და შეგრძნებების არქეოლოგი ხდება, ცდილობს, ინტუიტიურად ჩასწვდეს რეალობას და მოიხელთოს ზღვარი ნამდვილად არსებულსა და წარმოსახულს შორის, გასცეს პასუხი კითხვაზე – ვინ გვიყვარდება ხოლმე? ჩვენ წინაშე არსებული ადამიანი თუ ჩვენივე წარმოდგენა მასზე?

დავით კაკაბაძე


არტურ შნიცლერის „კაზანოვას დაბრუნება“


სეზან ფაბლიშინგი

განათლებით ექიმი შნიცლერი იშვიათი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამედიცინო და სამწერლო მოღვაწეობას. 1880- იანი წლების მეორე ნახევარში გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები და პიესები და მალე "იმპრესიონიზმად" მონათლული ლიტერატურული მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენლად იქცა. ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა, რომელიც დიდად აფასებდა შნიცლერის უნარს, სეისმოგრაფივით აღენუსხა სულის ფაქიზი რხევები, მწერალს თავისი "ორეულიც" კი უწოდა. "კაზანოვას დაბრუნებაში" შნიცლერი გასაოცარი ფსიქოლოგიური სიზუსტით გვიამბობს ერთ ხანმოკლე მონაკვეთზე იტალიელი მწერლისა და ავანტიურისტის, ჯაკომო კაზანოვას ცხოვრებიდან, როცა მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი მექალთანე, იმხანად 53 წლისა, სულიერი და ფიზიკური კრიზისის დაძლევას ცდილობს.

ლანა კალანდია


ხავიერ მარიასის „ბერტა ისლა“


ინტელექტი

ბერტა ისლა“ მარიასის თავისთავად გამორჩეულ შემოქმედებაშიც კი სრულიად გამორჩეული ტექსტია. ეს არის ნაწარმოები ყველაფერზე, რაც ადამიანისათვის ახლობელი და მნიშვნელოვანია – სიყვარულზე, სიძულვილზე, შიშზე, გაბედულებაზე, ბედნიერებაზე, უბედურებაზე, ერთგულებაზე, ღალატზე, მოდერნული ტიპის ადამიანის დაბადებაზე დიქტატურის წიაღში... „ბერტა ისლაში“ ეს მარადიული საკითხები ერთდროულად ფილოსოფიისა და ლიტერატურის პრიზმაშია გატარებული, რაც გასაკვირი არ არის – ხავიერ მარიასმა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი ფილოსოფოსის ვაჟმა, თავადაც ბრწყინვალე ფილოსოფიური და ლიტერატურული განათლება მიიღო, ეს ცოდნა კი შემდეგ მისი ლიტერატურული ნაწარმოებების მძლავრ შენაკადად იქცა.   


შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სწორედ „ბერტა ისლას“ გამოსვლის შემდეგ გამოჩნდა მსოფლიო პრესაში ფრაზა – Nobel laureate in waiting. ლიტერატურის მოყვარულები და სპეციალისტები მთელ მსოფლიოში თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ეს დღე შორს არ არის და ლიტერატურის ოლიმპოს დაპყრობამდე ათვლა დაწყებულია. თუმცა, ამავე ლიტერატურის მოყვარულებმა მარიასი უკვე დიდი ხანია, რაც ყველაზე ძვირფასი დაფნის გვირგვინით – სიყვარულით, აღტაცებითა და მკითხველისათვის დამახასიათებელი ერთგულებით შეამკეს.

გიორგი ლობჟანიძე


ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი: წიგნი მეორე“


სულაკაურის გამომცემლობა

ჯალალ ედ-დინ რუმის ეს წიგნი მეორე ნაწილია რუმის უმთავრესი ნაწარმოების, ექვსნაწილიანი პოემის – „არსთა მესნევისა“. არაბულ-სპარსული ლექსთწყობის, „არუდის“ სპეციფიკური სალექსო საზომის – „მასნავის“ – ფორმით შექმნილ ამ უკვდავ პოემას თავისი დიდი მნიშვნელობის გამო ზოგჯერ „სპარსულ ყურანადაც“ მოიხსენიებენ. ნაწარმოები აღმოსავლური (მუსლიმური) მისტიციზმის ნამდვილ ენციკლოპედიად გვევლინება და თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას. ამ ტენდენციათა გარკვევაში ქართველ მკითხველს თარგმანს თანდართული კომენტარები დაეხმარება

ნათია მერებაშვილი და მარიამ წიკლაური


იოჰან ლუდვიგ რუნებერგის „მედროშე სტოლის ნაამბობი”


MTP

იოჰან ლუდვიგ რუნებერგი ფინეთის ეროვნული პოეტია, რომელმაც დიდი კვალი დატოვა ფინური ლიტერატურისა და საზოგადოების განვითარებაზე. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფინეთისა და შვედეთის იდენტურობის ინტერპრეტაციაში, აღწერასა და ჩამოყალიბებაში. იოჰან ლუდვიგ რუნებერგის 1848-1860 წლებში დაწერილი „მედროშე სტოლის ნაამბობი“ ყველაზე დიდებულ ფინურ ეპიკურ პოემად მიიჩნევა. პოემა 100 წელზე მეტხანს ისწავლებოდა ფინეთისა და შვედეთის სკოლებში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კი, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს, გერმანულ ნაციონალისტურ-სოციალისტურ პარტიასთან შეთანხმებით, წიგნს უფასოდ არიგებდნენ. სწორედ ამ წიგნიდან არის ამოღებული ტექსტი ფინეთის ეროვნული ჰიმნისა.


„მედროშე სტოლის ნაამბობი“ პირველად ითარგმნა შვედურიდან ქართულ ენაზე. ნაწარმოები, რომელშიც მწერალმა ლიტერატურული პერსონაჟების საინტერესო პორტრეტები დახატა, სავსეა პატრიოტული გზნებითა და იუმორით. მასში ძირითადად ასახულია 1808-1809 წლების შვედეთის ომი რუსეთთან. ნაწარმოებში მრავალფეროვნადაა გადმოცემული გამარჯვებებისა და გმირობების ისტორია და შვედეთის აღმოსავლეთ ნაწილის დაკარგვით გამოწვეული ტრაგედია. ნაწარმოები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

მაია ფანჯიკიძე


პეტერ ჰანდკეს „მორავული ღამე“


ინტელექტი

მწერალი, რომელსაც წერა მიუტოვებია და თავს გადამდგარ ავტორს უწოდებს, შვიდ მეგობარს – თავისი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის მოწმეებსა და მონაწილეებს ეპატიჟება ბალკანეთში, დუნაის ერთ-ერთ შენაკადზე, მდინარე მორავაზე ღუზაჩაშვებულ გემზე, რომელიც უკვე კარგა ხანია მის სახლად ქცეულა. მასპინძელთან ერთად უცნობი ქალის დახვედრით გაოცებული სტუმრები მთელი ღამის განმავლობაში ისმენენ ავტორის თხრობას ევროპის გარშემო მოგზაურობის შესახებ, რომელიც დაკარგული იდენტობის ძიებას უფრო ჰგავს, ვიდრე მოხეტიალე მგზავრის შთაბეჭდილებებს. 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე, ცნობილი თავისი წინააღმდეგობრივი პოზიციით ბალკანეთის მიმართ, სათაურშივე მიანიშნებს, თუ რა წარმოადგენს მისი ნაწარმოების მთავარ თემას, თუმცა, განსხვავებით სხვა ტექსტებისგან, 2008 წელს დაწერილ ამ ვრცელ, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულ მოთხრობას, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჰანდკეს უმაღლეს მწერლურ ოსტატობაში, შემრიგებლური ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე დაპირისპირების პოტენციალი.

თაკო ჭილაძე


ჰენრი ფილდინგის „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“


არტანუჯი

მე-18 საუკუნის ინგლისელი დრამატურგისა და მწერლის, ჰენრი ფილდინგის რომანი „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“ 1749 წელს, ლონდონში დაიბეჭდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ის მოგვიანებით სომერსეტ მოემმა მსოფლიოს ათ საუკეთესო წიგნს შორის მოიხსენია. პოლიტიკური სატირით განთქმული ფილდინგი ხშირად დარჩენილა შემოსავლის გარეშე, თუმცა მეცენატ რალფ ალენს ის არასდროს მიუტოვებია (მწერლის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილების სწავლის საფასურსაც კი იხდიდა). სწორედ რალფ ალენია „ტომ ჯონსის“ მთავარი პროტაგონისტის – ოლვორთის პროტოტიპი. სკვაირ ოლვორთის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც საკუთარ სახლში უცხო ჩვილს აღმოაჩენს. მშობლებისგან მიტოვებულ ჩვილს ოლვორთი ტომ ჯონსს დაარქმევს და მის აღზრდას იკისრებს. ეს კომედიური რომანი აღმზრდელობით და პიკარესკულ ხასიათსაც იტევს. ის 18 თავისგან შედგება, თუმცა სიცოცხლით, სიცილით და ბასრი ირონიით სავსე თავს მოუბეზრებლად წაგაკითხებთ და სამუდამოდაც დაგამახსოვრებთ.

ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე


პიტერ კერის „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“


დიოგენე

„კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ ბუკერის პრემიის ორგზის მფლობელი ავსტრალიელი მწერლის, პიტერ კერის (1943) ცნობილი რომანია. სწორედ ამ წიგნისთვის მიენიჭა ავტორს მეორე, 2001 წლის ბუკერი. ნაწარმოების მთავარი გმირია ნედ კელი – ისტორიული პიროვნება, ავსტრალიელი რობინ ჰუდი, რომლის სახელი კონტინენტზე ყველამ იცის. კელიმ 26 წელი იცოცხლა. ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე სახელიც დაიგდო და შიშის ზარსაც სცემდა კოლონიალურ პოლიციას. რომანის მოქმედება XIX საუკუნის 70-იან წლებში, ავსტრალიის ვიქტორიის კოლონიაში ხდება. ავტორი მთავარი გმირის – ნედ კელის – პირით მოგვითხრობს მის ცხოვრებას, ოთხი ადამიანისგან შემდგარი საძმოს შექმნისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების ამბავს. წიგნი გამოიცა ავსტრალიის მთავრობის ხელშეწყობით, კერძოდ, ავსტრალიის ხელოვნების საბჭოს მხარდაჭერით

პაატა ჯავახიშვილი


მატიას ენარის „კომპასი“


დიოგენე

„კომპასი“ თვალწინ გვიშლის აღმოსავლეთს, რომელიც თავისი იდუმალებით ოდითგანვე ხიბლავდა და იზიდავდა დასავლელ ხელოვანებს. ამ რომან-ეპოპეის სიუჟეტი ერთ ღამეს მოიცავს, როცა უძილობით გაწამებულ მთავარ გმირს ფრანც რიტერს მოგონებები მოეძალება, მოგონებები საყვარელ ქალზე - სარაზე და აღმოსავლეთზე. ფრანცი მუსიკათმცოდნეა, სარა - აღმოსავლეთმცოდნე და მათი გზები სწორედ აღმოსავლეთში - ირანში გადაიკვეთა. ისინი უსასრულოდ მსჯელობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთკავშირსა და განსხვავებებზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე...

თამარ ჯაფარიძე


ბერნარდინ ევარისტოს „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი”


პალიტრა L

2019 წელს, როცა თანამედროვე პროზის კლასიკოსთან, მარგარეტ ეტვუდთან ბუკერის პრემია ბერნარდინ ევარისტომ გაიყო, მწერლისადმი ინტერესი ერთი ასად გაიზარდა. რომანი, რომლითაც ის ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა, მისი რიგით მერვე რომანია, სხვა, არანაკლებ საინტერესო ნაწარმოებებს უკვე კარგად იცნობდა მკითხველი. ანგლო-ნიგერიელი წარმოშობის ბრიტანელი მწერალი ლიტერატურული პრემიებითაც განებივრებულია, თუმცა, ბუკერი ყველაზე დიდი აღიარება იყო.


ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მსოფლიო ლიტერატურა კაცის ენითა და ხედვით მოთხრობილი ლიტერატურაა, ქალებმა გვიან, მაგრამ მაინც მოახერხეს თავისი სათქმელის თქმა, ქალების პრიზმიდან აღქმული ნამდვილი ქალების აღწერა.


„გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ ყველაზე ხმამაღალი პასუხი და პროტესტია და, რადგან ლიტერატურა მაინც ალუზიებისა და ინტერპრეტაციების სფეროა, 12 ქალიც არაა შემთხვევითი, თანამედროვეობის 12 მოციქული, ყველაზე ჩვეულებრივი და თან არაჩვეულებრივი, 12 განრისხებული თუ არა, აჯანყებული ქალი მაინც. “მამაკაცის არც ერთი გამოსახულებით არსად”.




ერთად დაველოდოთ გამარჯვებულ თარგმანს, ხოლო ქართულად ნათარგმნი მსოფლიო ლიტერატურის წაკითხვას არც პრემიის ლოდინი სჭირდება და არც განსაკუთრებული მღელვარება. წიგნების წაკითხვა ყოველთვის შეიძლება.







ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე