ნოემბერი 29, 2021
შოთა რუსთაველი
„საბა"
მაინც ვინ იყო ის, ვისაც ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდ ლეგენდად მოვიხსენიებთ?
სად ცხოვრობდა, როგორ წერდა, როგორი ოჯახი ჰყავდა, რა უყვარდა? რა ნიჭი, ძალა და განათლება ჰქონდა ასეთი, რომ თავისი საუკუნე შექმნა, თან საოცარი ძალით ეს საუკუნე მარადისობად აქცია. აბა, არის ვინმე, ვისაც შეუძლია თქვას, როდის დასრულდება რუსთაველის ეპოქა? არასდროს, არასდროს დასრულდება, სანამ ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია, რუსთაველის ენით ილაპარაკებს, აქ რუსთაველის ეპოქა არ დასრულდება.
მეორე დიდი გენიოსის, ჰომეროსის არ იყოს, რუსთაველის დაბადებისა და ცხოვრების სხვადასხვა ვერსია და ადგილი არსებობს. მაინც ვინ იყო ის? რომელი რუსთავის მკვიდრი თუ მფლობელი? მეჭურჭლეთუხუცესი თუ რომელიმე სხვა თანამდებობის პირი? საერო პირი თუ საეკლესიო? შეყვარებული თუ მარტოსული? წყარო არც ისე ბევრია, უფრო სხვა, მოგვიანო ხანის ავტორთა მოხსენებული, გვიანდელი ფრესკა თუ სააღაპო წიგნი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:
"ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი "შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲ", რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

ზუსტად არაფერი ვიცით. ერთადერთი ზუსტი, უეჭველი და დადასტურებული ჭეშმარიტება მისი წიგნია, ადამიანის ნიჭისა და შესაძლებლობის ეს წარმოუდგენელი ფოიერვერკი, უნაზესი პოეტური ტექსტი ენციკლოპედიური ინფორმაციით, პოემა, რომელიც მის დაწერამდელ და დაწერისშემდგომ სამყაროს მოიცავს.
ბრწყინვალე განათლების ავტორი ყველა სფეროში ერთაირად განსწავლული და კომპეტენტურია, იცნობს არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). შესანიშნავად ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, მხატვრობაში, ხელოვნებაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, გეომეტრიაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში. როგორი წარმოუდგენელი ოსტატია? უზუსტესი სმენისა და გემოვნების, წარმოსახვისა და ძალის. ენას აღარ იკითხავთ? ქართული ენის ყველა ნიუანსი იცის, დიალექტები, არქაული გამოცდილება და მეტიც, ის ქმნის ახალ ენას და ერთგვარად წინასწარმეტყველებს, როგორი გზით განვითარდება ქართული ენა.
„ვეფხისტყაოსანი“ და მისი ავტორი საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხის ყოველდღიურობის, სიხარულის, გაჭირვების, დღესასწაულის, ისტორიული პეროპეტიების თანამგზავრი იყო. პოემას ზეპირად სწავლობდნენ, იწერდნენ, კედლებზე აწერდნენ, ფარდაგებსა და ხალიჩებში აქსოვდნენ, მღეროდნენ, ლეგენდებად და მითებად აქცევდნენ.
ასეთი სალეგენდო იყო ნაწარმოების ავტორის თავგადასავალიც. მისი თაყვანისცემლების უშრეტ ფანტაზიას რა ვერსია აღარ ჰქონდა მოფიქრებული პოეტის ცხოვრების აღსაწერად.
განსაკუთრებით საინტერესო ამბებს ხალხური გადმოცემები ინახავს. ისე კი, თუ რუსთაველის ბიოგრაფიის ხალხურ თუ სამეცნიერო ვერსიებს შევკრებთ, ფანტასტიკური სათავგადასავლო რომანის სიუჟეტიც გამოგვივა, რომელიც კიდევ ერთხელ, ახალი სახით დაგვანახებს პოეტს.
გთავაზობთ რამდენიმე გადმოცემას, რომელიც ქართული დიალექტური კორპუსის მდიდარ საცავში ( www.corpora.co ) შეგიძლიათ მოიძიოთ.
აი, მაგალითად, ჯავახური ტექსტი რუსთაველის ასეთ ტრაგიკულ ამბავს გვიამბობს:
„როჲცა თამარი ორმოცში ჩამოვიდა თავისი შემადგენლობით, იმას ახლდა თან რუსთველიც. იქ დარჩნენ იმ ღამეს. იმას თუთიყუში მოუკვდა და იგლოვნა ორმოცი დღე, იქ დარჩა და იმაზე დაერქვა ორმოცი. ორმოცში ერთი თავადი იყო, გვარი არ მახსონს, იმას ყანდა ერთი გასათხოვარი ქალიშვილი. შოთამ იმ ქალს პირობა მისცა, რო მე შეგირთავო. ქალსა და იმას შეუყვარდათ ერთიერთმანეთი. მანდიდან წავიდნენ ვარძიაში, ბინა იქ ქონდათ. მეორე წელიწადში რო დაბრუნდა, აქეთ, თურქეთისაკენ, მიდიოდა, გამოიარა აქ, ორმოცისაკენ. ფეოდალის ქალს გაგებული ჰქონდა, რო შოთამ სხვა ქალი ითხოვა. შოთა რო ჩამოივლიდა, უნა გადადგომოდა და მიეკლა. როდესაც მოვიდა შოთა და დაუპირდაპირდა ამ ქალს, ამან ამოიღო დანა და უნა დიეკრა. რომ შეხედა, აღარ გამოემეტა, თავისი თავი მოიკლა, გულზე დანა დაირტყა: შენივე ნაჩუქარი დანა არისო და შენივე ხელით ვიკლამ თავსაო. შოთს წინვე ჩაიკეცა ქალი და მოკვდა.”
ამ ტექსტში ყველაზე საინტერესო ისაა, როგორ გვიამბობს მთხრობელი- „ერთი თავადი იყო, გვარი არ მახსონს“ ამბობს ის და ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ამბავი ნამდვილად გადახდა რუსთაველს.
მეორე მესხურ ტექსტში მთხრობელი კიდევ უფრო დეტალურად მოგვითხრობს პოეტის თავგადასავალს:
„რუსთავში უცხოვრია შოთას მამას, რქმევია იესე, გვარი ჩახრუხაძე. ეს კაცი ძალიან მოლექსე ყოფილა. ბატონებსაო წინ უძღოდაო და ისეთ-ისეთ სიტყვიებ ეტყოდა, რომ აწყენდა ხოლმეო. ბატონებმა შური აიღეს, რომ ამან ყოველთვის ასე'ნა გვარეზილოსო და მოინდომეს იმის მოკლა. პატრაშენში იყო ერთი სიმონ ბატონი. გაღმა-გამოღმა ყოფილან ეს რუსთავი და პატრაშენი. სიმონ ბატონს ვაჟი დიესახლებინა და ქორწილში დიეპატიჟებინა იესე ბატონი. ქორწილის დროს, რასაკურველია, სმაში ყოფილან ესენი და მაშინ მოსვლია მახარობელი იესე ბატონს, რომ შენაო ვაჟი შეგეძინაო. ამ კაც გახარებია. დაუწყვია მეტი სმა და ქეიფი. მაშინ ბატონებს უფიქრიათ _ დრო ეს არიო _ და მიუციათ წამალი და მოუკლიათ ეს კაცი. შოთაჲ დარჩენილა ობოლი. აუღზრდიათ სახში. რო პატარა მოზდილა, ბიძა ყოლია იმას, უპატრონია და გამოუზდია. შემდეგ წაუყვანია, შკოლებში მიუცია. ჯერ აუყვანია ტბეთის შკოლაში, მერმე ზარზმაში გადმოუყვანია და იქ დაუსრულებია. მერე წამოსულა და რუსთავში მოსულა. რუსთავში რო დარჩენილა, ხალხს შეყვარებია. ძალიან სწავლული კაცი ყოფილა. მანდ ერთი ქალი შეუყვარდება, სახელათ ნინაჲ რქმევია. ამის მერე თამარ დედოფალს დაუბრია შოთაჲ, გამოუცხადებია, რომ შენაო საბერძნეთში უნდა წახვიდეო რამდენიმე წლითაო, იქ შეისწავლეო და დაბრუნდები ისევაო. წასვლი დროს რამდენიმე სიტყვას ეტყვის შოთაჲ თავის საყვარელს: შავარდენი გადმოფრინდა აბრეშუმის ბუდიდგანა, ნინამ ვაშლი ამოიღო, შემამტყორცნა უბიდგანა: შენებურათ შემინახე, არ გადმიგდო გულიდგანა! ადგა, წავიდა ეს შოთაჲ.„
სანამ მეცნიერები შოთა რუსთაველის სადაურობის კვლევას განაგრძობენ, კიდევ ერთი ზეპირი მთქმელი სამცხე-ჯავახეთიდან დადასტურებულად ასკვნის:
„ახლა ზოგი ამონს ამ რუსთავიდანაა, ზოგი იმ რუსთავიდანაა, კაცო, რათ უნდა ამას შოთა აგერ ასპინძის რუსთავიდანაა!“
თქვენ როგორ გგონიათ?
ავტორი: „საბა"