ლიტერატურა სიახლეები

პირველი „საბადან“ დღემდე - „დიოგენეს“ რეტროსპექტივა

სექტემბერი 19, 2022

მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი „დიოგენეს“ იმ ავტორებსა და წიგნებს, რომლებმაც, გასული 19 წლის განმავლობაში, სხვადასხვა შემადგენლობის ჟიურის დარწმუნება შეძლეს, რომ იმ წელს სწორედ მათ ეკუთვნოდათ „საბა“. 

მანამდე კი, კიდევ ერთ კონკურსზე მოგიყვებით, რომლის სახელიც ჩვენს გამომცემლობას უკავშირდება. 20 წლის წინ, 2002 წლის გაზაფხულზე საქართველოში „დიოგენემ“ პირველი პენმარათონი ჩატარა - ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსი. ეს იყო პირველი მასშტაბური ლიტერატურული მოვლენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 600-ზე მეტმა დამწყებმა თუ გამოცდილმა მწერალმა. 2002 წელს პენმარათონის მხარდამჭერებს შორის იყო „თიბისი ბანკი“. ამ პოზიტიურმა გამოცდილებამ, ვფიქრობთ, რომ დიდწილად განაპირობა პრემია „საბას“ დაარსება, რომელიც პირველად 2003 წელს გაიცა. 


იმ დროს თბილისში არცთუ ბევრი წიგნის მაღაზია იყო და მათ შორის გამოირჩეოდა „პარნასი“, სადაც სრული ანშლაგით ჩაიარა ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანების კრებულის, „აღმოსავლურ-დასავლური დივანის“ პრეზენტაციამ.

წიგნი უმალვე იქცა ბესტსელერად და სრულიად ლოგიკური იყო, რომ 2003 წლის „საბა“ საუკეთესო თარგმანისათვის ვახუშტის გადაეცა. საამაყო ამბავია, რომ ჩვენი პირველი „საბა“ ქართული ლიტერატურის ამაგდარის სახელთანაა დაკავშირებული. 

2000-იან წლებში „დიოგენე“ აქტიურად ატარებდა პენმარათონს და მისი გამარჯვებულებისა თუ მონაწილეების კრებულებსაც ხშირად გამოსცემდა, რომელთაგან არაერთმა „საბას“ დებიუტის პრემია მოიპოვა: თამრი ფხაკაძის „სანამ დაგვიძახებენ“ (2004), გელა ჩქვანავას „კოლორიტები“ (2005), ბაჩო კვირტიას „მატარებლის მოსვლამდე“ (2008), მაკა ლდოკონენის „ქიშმიშიანი ამბები“ (2010) და მარინა ელბაქიძის „გაცვლა“. ასევე, დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა თამთა მელაშვილმაც, მცირე რომანით „გათვლა“.


პოეზიის ნომინაციაში ისეთი ავტორი ფლობს „საბას“, რომელიც დღემდე ახერხებს მკითხველების სულის ყველაზე ფაქიზი ნაწილის აფორიაქებას - ზვიად რატიანი.


კოტე ჯანდიერის „კონკიას ღამე“, რომელმაც 2010 წელს საუკეთესო პროზაული კრებულად დასახელდა, დღემდე ბევრი მკითხველის საყვარელ წიგნებს შორის უცვლელად იკავებს ადგილს.


„საუკეთესო პიესის“ ნომინაციაშიც ორჯერ შევძელით გამარჯვება - 2010 წელს თამარ ბართაიას „მთავარი როლით“ და 2014 წელს დათო გაბუნიას „პიესებით“.


2015 წელს აბო იაშაღაშვილი თავისი ორიგინალური, ძველი თბილისის საფათერაკო ციკლის წიგნებით „საბას“ ორ ნომინაციაში იბრძოდა, რომლებიდანაც ერთი - „როიალ-მერი“ - ჟიურიმ წლის საუკეთესო რომანად აღიარა.

2017 წელს კი ამ კატეგორიაში ალეკო შუღლაძის „გადამალვამ“ გაიმარჯვა, რომელიც მას შემდეგ რამდენიმე ტირაჟით გამოვიდა და დღემდე უყვართ და აინტერესებთ მკითხველებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ მკითხველისთვის პრემიის ნომინანტობა თუ ლაურეატობა გარკვეული ორიენტირია და თავისთავად კარგია, თუმცა ამ ნიშნით საქართველოში წიგნები არსებითად უკეთ არ იყიდება და ბესტსელერობა გამარჯვებული წიგნების მხოლოდ ნაწილს ერგება ხოლმე წილად.


მკითხველებისგან ხშირად გვესმის, რომ ჩვენი თარგმანები განსაკუთრებული ხარისხითაა შესრულებული და ამას მოწმობს თარგმანის ნომინაციაში მიღებული რამდენიმე პრიზი და ათობით ნომინაცია.

პირველი „საბა“ თარგმანში 2013 წელს ზაზა ჭილაძეს გადაეცა, ფოლკნერის რომანისათვის „დროშები მტვერში“.

თამარ ჯაფარიძემ პრემია 2016 წელს ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარლის“ გადმოქართულებისათვის დაიმსახურა, ხოლო ორი „საბა“ 2015 და 2017 წლებში მოიგო ხათუნა ცხადაძემ, რომელმაც უმბერტო ეკოს ორი, ქართველი მკითხველებისათვის სამაგიდო წიგნებად ქცეული, რომანი „პრაღის სასაფლაო“ და „ფუკოს ქანქარა“ თარგმნა იტალიურიდან. 

მიუხედავად ამისა, უცნაური და გულდასაწყვეტი ფაქტია, რომ დღემდე ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მთარგმნელს, მაია ბადრიძეს, ერთხელაც არ აუღია „საბა“. კიდევ ერთ ნომინაციაში, „ლიტერატურული კრიტიკა“, პრემია 2011 წელს ნუგზარ მუზაშვილს გადაეცა წიგნისათვის „გაქცევა ისტორიიდან“.


ბოლო ნომინაცია, რომელიც „დიოგენეს“ მიერ მოპოვებული პრიზების ისტორიას შეკრავს, არის „ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“.

ამ კატეგორიაში 2018 წელს ირმა ტაველიძემ გაიმარჯვა თავისი კრებულით „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“.

და აი, 4 წლის შემდეგ, მე-20 საბაზე, ირმა თავისი პირველი რომანით „ბნელ წყლებში“ საუკეთესო რომანის ნომინაციაზეა წარდგენილი. წელს ჩვენ კიდევ 5 ნომინანტი გვყავს: „დებიუტში“ მოხვდნენ მაგდა კალანდაძე თავისი პირველი რომანით „მეორე ოთახი“ და მინდია არაბული თავისი მოთხრობების კრებულით „ყოველი ამბის დასასრული“, ხოლო თარგმანის ნომინაციის ფინალში 2021 წელს გამოცემული 3 არაჩვეულებრივი წიგნი გავიდა - მაია ბადრიძის ნათარგმნი რობერტ მუზილის „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“, პაატა ჯავახიშვილის ნათარგმნი მატიას ენარის „კომპასი“ და ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის უცვლელი ტანდემის მიერ შესრულებული თარგმანი - პიტერ კერის „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“.

ამ დროისათვის ჩვენს ანგარიშზე 19 საბაა და 21 სექტემბერს, მე-20 საბაზე, ველოდებით მე-20-საც.




ავტორი: “დიოგენე”