ლიტერატურა სიახლეები

ჩვენ, თურმელები - რომანი ჩვენზე

„საბა“

თებერვალი 14, 2023

ზოგიერთი წიგნი სახლს ჰგავს. სახლში კი რამდენი შესასვლელი შეიძლება არსებობდეს? ერთი კარი? ორი? ორიც ფანჯარა? გინახავთ სახლი, რომელსაც უამრავი ფანჯარა აქვს, ყველა მხარეს, მთელი 36 ფანჯარა. სწორედ ასეთი სახლია თამრი ფხაკაძის ახალი რომანი „ჩვენ, თურმელები“.

რას ვგულისხმობ ბევრ ფანჯარაში? ლიტერატურულ ქვეტექსტებსა და ინტერნეტქსტებს, ასოციაციებსა და ალუზიებს, უამრავ იდეას, აზრსა და მოგონებას, რომლითაც ამ წიგნის სივრცეში შედიხარ.


სახლი ამ წიგნის მთავარი მეტაფორაცაა, სწორედ ისეთივე პარალელურსივრცეებიანი, მრავალამბიანი, მრავალტექსტიანი შენობა,“უცნაური შენობა“, როგორც გალაკტიონთანაა.


თამრი ფხაკაძის ეს ეპოქალური რომანი, ავტორის ცხოვრების მთავარი წიგნი, როგორც თვითონ აღნიშნავს, თორმეტი წლის განმავლობაში იწერებოდა, ღვინდებოდა, შენდებოდა და საბოლოოდ ისეთი ფორმა მიიღო, როგორი სახითაც გამოიცა.

რომანი ერთ ოჯახსა თუ დინასტიაზე, ქართული ბუდენბროკებისა თუ მარტოობის ასი წელიწადის ამბავი თურმელების ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. პირველი ფანჯარა სწორედ ეს გვარია, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს რომანის მაგიური რეალიზმით შეზავებულ განწყობას, რომელშიც თხრობა რეალურსა და არარეალურს შორის, რამდენიმე პარალელურ სამყაროს შორის მიედინება. „თურმე“ ერთდროულად ქართული ზღაპრის „იყო და არა იყო რა“ დასაწყისია და ამავე დროს თხრობის სავსებით რეალური საწყისიც. თურმეობითი ქართული ენისთვის ხომ ისეთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რომ ზმნის ფორმა, ზმნის მწკრივიც კი ეთმობა მას.

ეს ამბავიც, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რეალური ნარატიული ნაკადის გადაკვეთაა, თურმე ხდება, ერთდროულად ნამდვილიცაა და თან მაგიურიც. თან სააქაოა, თან საიქიო, რომელსაც უხილავი ნაგაზი სდარაჯობს. კარი, რომელიც ზოგჯერ მაშინაც ღიაა, როცა დაკეტილია და ზოგჯერ მაშინაც იკეტება, როცა ღიაა. ბუხარი, რომელიც გარდასულ ამბებს ხატავს, მარანი, რომელიც მუნჯს ენას ამოადგმევინებს, საკუთარ ჩრდილებს შეფარებული ადამიანები, უძველესი გრაგნილი, რომელსაც მკითხველი, არც მეტი და არც ნაკლები, კონსტანტინოპოლის აღების ამბავთან მიჰყავს.


ეს უცნაური, მაგიური მეტაფორებით სავსე ტექსტი დროსა და სივრცეში ამოგზაურებს მკითხველს. პარალელური სამყაროების გადაკვეთა სწორედ ეს ჯადოსნური სახლია, სადაც ნამდვილი ამბები უზავდებიან ერთმანეთს, სადაც ადამიანთა ბედისწერები ერთმანეთს კვეთენ.


ამ წიგნში ყველა მითის შეტრიალებული ვერსიაა, თუ უხილავი ძაღლი ცერბერს გაგახსენებთ, ბრაზილიაში ქმრის საძებრად წასული ქალი - პენელოპეს სახეცვლილი ვარიანტია, რომელიც ქმარს ერთი ქალისა და ერთი სიტყვის ბედნიერ ტყვეობაში აღმოაჩენს. აქ ქალები უფრო მოგზაურები არიან, ვიდრე კაცები, ისეთივე გაბედულები და პრინციპულებიც. 

აქ ბევრი სახეა, ერთმანეთთან გადაჯაჭვული და, ამავე დროს, დამოუკიდებელი. პირველ სიყვარულსა და პირველ შეხებებს დანატრებული, სატრფოს ცხრა მთას იქით გადევნებული, ჩეკისტი თუ მეომარი, მოხეტიალე თუ პოეტი, მუსიკოსი თუ ნავთობის მაგნატი.

წიგნის კითხვა ცურვას ჰგავს, მოგონებებში ცურვას, მდორე, ტკბილ, აუჩქარებელ ყვინთვას პოეტურ სახეებსა და მეტაფორებში, სიტყვებსა და წინადადებებში, კადრებიდან კადრებში, საუკუნეებიდან საუკუნეში, ამბიდან ამბავში, სიყვარულიდან სიყვარულში, დანაკარგიდან დანაკარგში.


რაზეა ეს წიგნიო? ხომ კითხულობენ-ხოლმე, მართლაც, რა ამოძრავებს ამდენ ადამიანს, რა არის ამ ადამიანების მთავარი ამბავი? ეს წიგნი სიყვარულზეა, სიყვარულის ძებნასა და კარგვაზე, მოპოვებასა და ვერშენარჩუნებაზე. ამბავზე, რომელიც ოდესღაც დაიწყო და რომელსაც არ აქვს დასასრული, ისევე, როგორც ამ წიგნს, რომელსაც ახალ გვერდზე გადაშლი, თითქოს ცარიელია და მერე თანდათან ამოლურჯდება, ამოიისფერდება ნაწერი და კიდევ ახალი ადამიანის ამბავს გიამბობს.

ვისზეა ეს რომანი? ჩვენზე, ამ ქვეყნის შვილებზე, თურმელებზე, ხან მკვდრებზე, ხანაც ცოცხლებზე, უფრო ნამდვილებზე, ვიდრე გამოგონილებზე. ჩვენზეა ეს ახალი და შესანიშნავი ქართული რომანი, თამრი ფხაკაძის „ჩვენ, თურმელები“.




ავტორი: „საბა"