ლიტერატურა სიახლეები

წლის საუკეთესო პიესა

„საბა"

აგვისტო 29, 2022

დრამატურგია - ლიტერატურის ეს უძველესი გვარი თანამედროვე ლიტერატურის გულშემატკივრებს დიდ კითხვებსა და თავისტკივილს უჩენს.


სად არის დღეს მისი ადგილი? როგორი უნდა იყოს თანამედროვე დრამატურგია? შეიძლება თუ არა პიესა განვიხილოთ თეატრისგან ცალკე, თუ მისი კითხვისა და შეფასებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სპეციფიკური ჟანრია, ტექსტი, რომელიც სცენაზე უნდა გაცოცხლდეს?

ამ დისკუსიას ალბათ დასასრული არ ექნება, სანამ დრამა, როგორც გამოხატვის ფორმა იარსებებს ფურცელსა თუ თეატრში.


პრემია „საბას“ არსებობის ისტორიაში, ალბათ არცერთ სხვა ნომინაციას არ ჰქონია ასეთი თავგადასავალი, როგორც პიესას. ყოფილა წლები, როცა ეს ნომინაცია საერთოდ გააუქმეს, როცა ვერ გამოავლინეს გამარჯვებული, როცა მისთვის გამოყოფილი საპრემიო ფონდი სხვა ნომინაციას გადაეცა. მოკლედ, დრამატურგიას ბევრი რამ გადახდა თავს. საბედნიეროდ, წელს, საიუბილეო „საბაზე“ ნომინაცის მოკლე სია შედგა და ცოტა ხანში, საუკეთესო პიესასაც დააჯილდოებენ.


სანამ წარმოდგენილ პიესებს ქართული თეატრის სცენაზე იხილავთ, შეგიძლიათ, წაიკითხოთ და თქვენთვის ყველაზე საინტერესო ამოარჩიოთ, მკითხველის წარმოსახვის „თეატრში“ წარმოდგენილ პიესას, თავისი დეტალებითა და რემარკებით, პერსონაჟების ხმითა და მოქმედებებით, ალბათ ვერცერთი თეატრი ვერ გაუწევს კონკურენციას.



მაშ ასე, წელს ნომინაციის მოკლე სია სამი ნაწარმოებისგან შედგება:


თამარ ბართაია


Zoia. Guest House. ზოია. საოჯახო სასტუმრო


ჟურნალი „პირველი სხივი“ #2

თამარ ბართაია ქართული დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, სტაბილური, გამოცდილი სახელია, მისი ნაწარმოებები ხშირად იდგმება როგორც საქართველოს, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. ახალ პიესაში თანამედროვე საქართველოა წარმოდგენილი, ყოფითი ამბები, ქართული ხასიათის ზედაპირულობა, „სტუმარმასპინძლობა“, როგორც დეფორმირებული კონცეპტი, უცხო პერსონაჟის თვალით აღქმული ქართული გარემო. ხასიათების მრავალფეროვნება და ერთდროულად მოულოდნელი და მოსალოდნელი ფინალი.

მანანა დოიაშვილი


მეცამეტე თვე


ჟურნალი „პირველი სხივი“ #2

მანანა დოიაშვილის პიესა უკვე დასაწყისში, პერსონაჟებისა და სამოქმედო სივრცის აღწერისას გვაინტრიგებს, ვირტუალური ღმერთისა და ეშმაკის გვერდით, ბიჭი და გოგო წარმოგვიდგებიან, რომელთაც სქესით განპირობებული როლების გარდა, ნაწარმოებში სხვა დანიშნულებაც აქვთ-ერთი მსახიობია, მეორე დრამატურგი .“სცენა ორპლანიანია. ერთი – ვირტუალური ღმერთის კიბერ-კაბინეტია, ულტრა- თანამედროვედ აღჭურვილი, უზარმაზარი ლედ-ეკრანებით, საიდანაც დედა-მიწის ყველა წერტილის დანახვაა შესაძლებელი. მეორე – ცალკე თავისუფალი სივრცეა – ქალ-ვაჟისთვის, რომელთა ურთიერთობა ხან ასტრალური, ხან ხმოვანი მესიჯებით ხდება, ხან ვირტუალურია, ხან – რეალური, აღქმის მიხედვით“. ტექსტში ღმერთისა და ეშმაკის დუალური დაპირისპირება დარღვეული და ბუნდოვანია, ისევე, როგორც მკვეთრი ხაზი ვირტუალურ და რეალურ ცხოვრებას, დრამას, პოეზიას და ფანტასმაგორიას შორის.

ბასა ჯანიკაშვილი


ნინოს ბედნიერება


ინტელექტი

ბასა ჯანიკაშვილის „ნინოს ბედნიერება“ პიესა-რომანია, როგორც თავად ავტორი უწოდებს (უფრო მონოპიესა-რომანი), რომლის სტრუქტურა ორ მაჩვენებელს გულისხმობს: მთავარი გმირის მონოლოგს და რემარკას. მოქმედება ვირტუალურ სივრცეში, პირდაპირ ეთერში ვითარდება, ექსპრესიული და ვიზუალური თხრობა კი გაფიქრებინებთ, რომ თქვენ ამ წიგნს არამხოლოდ კითხულობთ, არამედ უყურებთ კიდეც. ადამიანური ურთიერთობების ტკივილებიდან საქვეყნო კონფლიქტებამდე და ინტრიგებამდე, ეს პიესა-რომანი ჩვენი ყოფის სამზარეულოს ლაივში გვრთავს, სადაც აბსურდის სიმსუბუქით/სირთულით შექმნილ სინამდვილეს ვესწრებით.




ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე