სიახლეები ლიტერატურა

“საბას“ პოეზიის თარო-„გვაქვს უთვალავი ფერითა“

„საბა"

სექტემბერი 05, 2022

რა განაპირობებს ლიტერატურის მუდმივობას?


რა არის ლიტერატურის „უკვდავი სული“ - რასაკვირველია, პოეზია. ადამიანის სამეტყველო ენა თვისობრივადაა ისეთი, რომ პოეტური ტექსტები უნდა შექმნას, თავისთავადი მეტაფორებით, ფრაზეოლოგიზმებით, საინტერესო მორფოლოგიური და სინტაქსური კონსტრუქციებით სავსე. ყველა თეოლოგიური სისტემა თუ პანთეონი ერთმანეთს უკავშირებს ენას და პოეზიას, „პირველად იყო სიტყვა“ და ეს სიტყვა ქურუმთა საიდუმლო ენად-პოეზიად იქცა.


საქართველო რომ პოეზიის ენაა, ამაზე ბანალურ ჭეშმარიტებას ალბათ ვერ გეტყვით. ნამდვილად ასეა, შეუძლებელია, დიდი პოეზია არ ჰქონდეს ენას, რომელსაც ასეთი ზმნა აქვს, ასეთი ყოვლისმომცველი, მოხერხებული, მრავალფუნქციური ზმნა, რომელმაც დიდი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ შექმნა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ,  პოეზიის თარო წელსაც ფორმობრივი თუ შინაარსობრივი დეტალებით, თემატიკითა და გამოხატვის საშუალებებით, ავტორთა ესთეტიკითა და ინდივიდუალიზმით, განსხვავებული აქცენტებითაა დატვირთული.


„საბას“ პოეზიის ნომინაცია წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული პოეზიას, ქართული პოეტური ტრადიციისა და ევროპული ლიტერატურის, სხვადასხვა ენობრივი და სალექსო ფორმების, სხვადასხვა თემატიკისა და კონცეფციის საინტერესო მრავაფეროვნებას, სადაც პოეზიის მოყვარული მკითხველი აუცილებლად იპოვის თავის საყვარელ პოეტურ ტექსტს.


ნომინაცია „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ წელს ასე გამოიყურება:


ლია სტურუა


ვაგრძელებ თამაშს?!


ინტელექტი

„კრებული „ვაგრძელებ თამაშს?!“ ლია სტურუას ბოლო დროის ლექსებს აერთიანებს. მეტაფორული გზაჯვარედინები, პარადოქსული რაკურსები, ამოყირავებული კოდური შტრიხები, დეპრესიის მიღმა გავლებული ნერვული ხაზები/არსებობის სანიშნეები – ეს და კიდევ მრავალი მოზაიკური აქცენტი ქმნის იმ პოეტურ გამოცდილებას, რომელიც საკუთარ თავში ირეკლავს მთლიან დროს და კაცობრიობას, გარდაქმნის მუსიკად და პოეზიად, შეუძლებლობამდე აღქმული სილამაზითა და ტკივილით.“ 

ლელა სამნიაშვილი


ავირეკლოთ


ინტელექტი

„ლელა სამნიაშვილის პოეზია, თავისი სრულყოფილი სტრუქტურისა და სკრუპულოზულად ,,დამუშავებული’’ სინტაქსის (ისევე, როგორც სიტყვებში განსხეულებული ემოციური მუხტის, ერთგვარი გრილი ლავის) კომბინაციით სწორედ ყველაზე ინტიმური შეგრძნებების, შთაბეჭდილებების, პოეტის ცნობიერებაში ,,არეკლილი’’ მძაფრი მომენტების ,,ალბომს’’ წარმოადგენს. ავირეკლოთ’’ პოეტის ყველაზე ინტიმური კრებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ თავმოყრილ ლექსებში მხოლოდ ავტორის ინტროსპექციული ბუნება საცნაურდება. არა, აქ, ამ კრებულში, ლელა სამნიაშვილი, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე სამყაროში პოეზიისთვის ადგილის მოხელთებას ცდილობს.“


@ არილი, გუგა მგელაძე

პაატა შამუგია


არგადარჩენა


ინტელექტი

„მთავარი მიზეზი, რის გამოც კრებულს „არგადარჩენა“ ჰქვია, არის თავად პოეტის (ზოგადი პოეტის, ასე ვთქვათ, პოეტის იდეის) თვისებრივი მხარე: პოეტი არის ოდისევსური „არავინ“, რომელიც დროის ციკლოპს (წაიკითხე: კონიუნქტურას ან ბაზრის ტრენდს) უნდა დაუსხლტეს და ცხვრის ფარას (წაიკითხე: შიშებსა და კომპლექსებს) ამოფარებული უნდა გავიდეს სამშვიდობოს. მაგრამ ოდისევსისგან განსხვავებით, პოეტი ვერასოდეს გავა სამშვიდობოს, ვერ გადარჩება და ამ ვერგადარჩენაში ვხედავ პოეზიის განწირულ და ლამაზ მისიას. შესაბამისად, კრებულს უნდა დარქმეოდა „ვერგადარჩენა“ და არა „არგადარჩენა“, და ასეც მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ლინგვისტური თვითანალიზისას მივხვდი, რომ ეს არასწორი იქნებოდა. „ვერ“ უარყოფითი ნაწილაკი გულისხმობს ქმედებათა შეუძლებლობას გარემო პირობების გამო, ხოლო „არ“ ნაწილაკი სუბიექტის ნებელობას მოიცავს.“ 


- პაატა შამუგია

ეთერ თათარაიძე


ალალ იყვიდ, უშურო


უნივერსალი

„ეთერ თათარაიძე კიდევ ერთი ასპექტით არის რეფორმატორი პოეტი-მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის მთიანეთის კულტურაში ქალებს საკუთარ განცდებზე საუბარი მხოლოდ იავნანებსა და დატირებებში შეუძლიათ, პოეტი და ლირიკული გმირი მთელი გულისხმიერებით გაგვაცნობს „ქალის ხედვას“, „ქალის ხმას“. ეს ხმა სუნთქავს ფემინური ემპათიით და მგრძნობელობის სიღრმით. პოეტი ბოლომდე ფლობს სიტყვას, მისგან ქმნის ლაკონურ, სხარტ ტროპებს და არასდროს ეპარება მოსაწყენი ნატურალიზმი.“


- ქეთო ნინიძე, რედაქტორი

ნიკა ჯორჯანელი


ნეტფლიქსი


ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო

ნიკა ჯორჯანელი ქართული პოეზიის მოყვარულთათვის ნაცნობი ავტორია, გამოცდილი, დახვეწილი, კულტურული, ვერსიფიკაციულად გამართული, პოეტი-გიდი, რომლის ტექსტების მიღმა ქართული პოეზიის ევროპულ გამოცდილებას, პოეზიის ევროპულ ხედვას ამოიკითხავთ. „ავტორის აზრით, მათ ვინც მკვდრადაა მიჩნეული, რაღაც იციან, დღესდღეობით ჩვენთვის უცნობი“ - გვეუბნება ავტორი. რატომ ჰქვია წიგნს „ნეტფლიქსი“? ამაზე პასუხს კრებულში, იმავე სახელწოდების ლექსში ვიპოვით, რომელიც გვეუბნება, რომ ხმას, იქნება ეს ლექსის მიმართვის ობიექტი თუ უფრო ზოგადი მნიშვნელობით-პოეზიის ხმა, შეუძლია სიტყვებს და მოვლენებს მნიშვნელობები და სიმძაფრე შეუცვალოს. შესაბამისად, პოეზიისთვის ყველა სიტყვა თუ სახელწოდება შეიძლება სიმძაფრის ეპიცენტრად იქცეს.

ბექა ახალაია


მგელი მაჯაზე


ინტელექტი

„რაკი კრებულის მთავარი მახასიათებელი საყოველთაობა და განურჩევლობაა, ყველა საგნისა და მოვლენისადმი „პოეტური ლიბერალიზმის“ დადასტურება, არც მე გამოვარჩიე, მხოლოდ იმასღა ვეტყვი ახალი პოეტური კრებულით დაინტერესებულ მკითხველს-აქ ყველა იპოვის თავის „საკბილოს“, ვინ ინტელექტუალურს, ვინ-ემოციურს ანუ, უბრალოდ ადამიანურს, რადგან მთელი ის ძიებები და პოეტური შრომა, რაც კრებულშია თავმოყრილი, მკითხველს და მხოლოდ მკითხველს ეკუთვნის. ბექა ახალაიას ახალი კრებულის გაცნობა მიტოვებს იმედს, რომ მისი ავტორისგან ყოველ ჯერზე ახალ საიდუმლოებებს და უკუნში გაბნეულ მარგალიტებს უნდა დაველოდო“


- მაკო ჯანჯიბუხაშვილი, კრიტიკოსი




ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე