ლიტერატურა სიახლეები

,,საბას“ ოცწლიანი ისტორია - ,,წლის საუკეთესო პოეტური კრებული“

საბა

აგვისტო 23, 2022

,,..რადგან სხვაგვარად არ შემიძლია: მანამ ვარსებობ, ვიდრე ვადარებ...“


ვ. ჯავახაძე

თუკი ლიტერატურული პრემია 20 წელს ძლებს და არათუ ძლებს, არამედ მის დევიზად ფრაზა - ,,წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა“ - იქცევა, რა გასაკვირია, რომ დროთა განმავლობაში არა მხოლოდ კონკურსს, არამედ მის ცალკეულ ნომინაციებსაც კი თავთავიანთი რეპუტაცია ჩამოუყალიბდეს; მეც და, ალბათ, თქვენც გვაქვს ჩვენი მოსაზრება, თუ რომელია ,,საბას“ ყველაზე პრესტიჟული, ყველაზე რესპექტაბელური ან თუნდაც ყველაზე მოსაწყენი ნომინაცია - ამის გარეშე ისტორია არ იქმნებ მაგრამ ამ პრემიისა და ზოგადად, ქართული ლიტერატურის მთავარი ნომინაცია მაინც ,,წლის საუკეთესო პოეტური კრებულია“. ეს ღრმად სუბიექტური მოსაზრება ამავდროულად სრულიად ობიექტური ჭეშმარიტება გახლავთ, რადგან საქართველოში პოეზია ნამდვილად არის არამხოლოდ ლიტერატურის ყველაზე განვითარებული ფორმა, არამედ, შესაძლოა, აზროვნების ნაციონალური მანერაც. ეგებ ეროვნული ხასიათი განაპირობებს იმას, რომ ყველაზე განვითარებული იყოს დარგი, რომელიც ,,სიბრძნეს“ მეტწილად ინტუიციურად სწვდება; ანდა პრინციპი - ,,მიეცეს და მიემატოს“- მუშაობს, როცა მდიდარი ტრადიცია მრავალფეროვანი ნოვაციის ინსპირაციას იწვევს; იქნებ ქართული ენისა და განსაკუთრებით მისი კვარახჭინა ზმნის თავბრუდამხვევ შესაძლებლობებს მიუძღვის ამაში წვლილი, ან იქნებ - ყველაფერს ერთად... ამ სტატიაში პოეზიის რიგითი მკითხველის თვალით მიმოვიხილავთ პოეზიის იმ ტენდენციებს, რომლებიც პრემია ,,საბას“ ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში გამოიკვეთა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ცხადია ეს ყველაფერი XXI საუკუნის ქართული პოეზიის ისტორიის მხოლოდ ერთი ასპექტია და არამხოლოდ პრემიის ლაურეატებში, ე.წ. ,,მოკლე სიებში“ და ცხადია, მათ მიღმაც მოიძიება პოეტური კრებულები, რომლებმაც თავიანთი მნიშვნელოვანი სიტყვა თქვეს.

პრემია ,,საბა“ 2002 წელს დაარსდა და 2003 წელს პირველად ჩატარდა. წიგნი, რომელიც ,,წლის საუკეთესო პოეტური კრებულის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა, დღევანდელი გადასახედიდან ერთგვარად ირეკლავდა ახალდაარსებული პრემიის ნაივურობას. ,,გამგზავრება და მოლოდინი“ გაგა ნახუცრიშვილის მესამე წიგნია, თუმცა რემინისცენციების სიმრავლით სადებიუტო ნაშრომს ჰგავს. ეს სიმპათიური და ნოსტალგიური კრებული თავისი ეპოქის, 2000-იანი წლების დასაწყისის, ჭეშმარიტი შვილია და ჩვენ, იმ დროს ახალგაზრდებს, კარგად გვახსოვს მისი ჰიტები: ,,რას ეუბნება კედელი კედელს“, ,,დამიჯერეთ, Miss…” ან ,,...შეხედე/ჩემს ფეხებს/და ისე დამშორდი.“

,,ვიფიქრე რა ამაზე დიდხანს

(ასეთ დროს კი მთავარი არის

ძალები სწორად შეაფასო)

აღმოვაჩინე,

რომ დღევანდელ დღეს წარმოუდგენელია

უფრო მეტი ავანტიურა

ვიდრე გულწრფელობაა,“

- წერს ბესიკ ხარანაული ,,ამბა ბესარიონის“ წიგნში, რომელმაც 2004 წელს პირველად მოუტანა ავტორს ,,საბა“. ამ წიგნის ეკლექტურ სტრუქტურას ,,ყველაზე დიდი თანამედროვე ქართველი პოეტი“ თავად ტექსტშივე ხსნის, როდესაც გვიყვება ამბავს კაცისა, ათწლეულების განმავლობაში რომ პოულობდა არტეფაქტების ნამტვრევებს, რომელთაგანაც ვერავინ შეაკოწიწებდა მთლიან ნივთს. ტექსტის ლირიკული გმირი თავისი ბავშვობისდროინდელი სოფლის გიჟისა თუ სოფლის ბრძენ ამბა ბესარიონის მსგავსად ,,მიდის და მილაპარაკობს“ პროზის, მინიმების, ჩანახატების, კონვენციური თუ თეთრი ლექსების ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ ლიტერატურულ ფრაგმენტებს, რაც, საბოლოო ჯამში, საოცრად დინამიკურ, დიდი ემოციური და ინტელექტუალური ზეგავლენის მქონე ნარატივს ქმნის. ,,ფრაგმენტები მოუხელთებელია შეფასებისთვის“, - ამბობს ,,ამბა ბესარიონის“ წიგნის ავტორი, თუმცა ,,საბას“ ჟიურის მისი სათანადოდ შეფასება ისევე არ გასჭირვებია, როგორც ლიტერატურის მოყვარულ საზოგადოებას. ,,წიგნი ამბა ბესარიონისა“ დღეს ქართული პოეზიის კლასიკაა და რამდენიმე ენაზეცაა თარგმნილი. 2016 წელს ბესიკ ხარანაულმა წლის საუკეთესო კრებულის ავტორის წოდება კიდევ ერთხელ მოიპოვა კრებულისათვის ,,ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“, ხოლო 2020 წელს პრემიის პოეზიის ნომინაციის ისტორიაში ერთადერთხელ გაიყო ,,საბა“ ქართული პოეზიის ორ პატრიარქს შორის: ბესიკ ხარანაულს იგი ერგო კრებულისათვის ,,დიდი სმა“, ხოლო ტარიელ ჭანტურიას კი ,,ლექსპერიმენტებისათვის“ - ,,სიყვარულის შავი ყუთი 3“.

ბესიკ ხარანაული/საბა 2020

2005 წელს „წლის საუკეთესო პოეტური კრებულის“ ლაურეატი ანდრო ბუაჩიძის ,,ელნათურები“ გახდა. თბილისის გარეუბნების მოსაწყენი ურბანული პეიზაჟები, უამინდობა, ეული ელნათურების ბჟუტვა, მელანქოლია, ამაოება და მკვდრების გლოვა - ეს წიგნი თითქოს ჰადესში ჩასული ორფეოსის განცდებს აღწერს. ავტორი ოსტატურად ფლობს მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ლექსის ტექნიკას და რითმას: თუმცა კრებულის ამ ერთგვარ ერთფეროვნებას შიგადაშიგ უჩვეულოდ მძაფრი, ვერლიბრის ფორმის ლექსები არღვევენ: ,,ეს არის ყაზარმა“ და ,,შემთხვევა“ (ციკლიდან ,,გარეუბნები“).

,,საღამო მადგას ჭრელი ჩითივით

და წაფერდებულ სურათს შევტირი

საით გაფრინდნენ მწუხრის ჩიტები

ამაოებით ფრთაშეჭედილნი“

თუმცა კრებულის ამ ერთგვარ ერთფეროვნებას შიგადაშიგ უჩვეულოდ მძაფრი, ვერლიბრის ფორმის ლექსები არღვევენ: ,,ეს არის ყაზარმა“ და ,,შემთხვევა“ (ციკლიდან ,,გარეუბნები“).


რატი ამაღლობელის პოეზია, კერძოდ, კრებული ,,წრე“ 2006 წელს გახდა ,,საბას“ პრემიის რჩეული. წიგნის წინასიტყვაობაში ავტორი მკითხველს ეპატიჟება იმ წრეში, რომელიც მან სხვადასხვა პოეტური ელემენტისაგან შეკრა. ვისარგებლებ ამ შემოთავაზებით და ვიტყვი, რომ მე, როგორც მკითხველს, კრებულის გაცნობისას თავში მიტრიალებდა ფრაზა: ,,მაღალი წრის სალონური პოეზია“ - ეს ქათინაურიცაა და მეტის სურვილიც. როგორც ანდრო ბუაჩიძე აღნიშნავს, ,,ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლექსი ლიტერატურული კულტურის წიაღში იქმნება“, იგულისხმება არამხოლოდ ქართული, ზოგადად, ევროპული პოეზიის ყველაზე რაფინირებული და არისტოკრატული მიმდინარეობები მთელი თავისი ლირიზმით, რელიგიურობით, მსუბუქი მუსიკით, დახვეწილი რიტმულ-მეტრული სტრუქტურით, ანჟამბემანებით, ალიტერაციებითა და ენობრივი თამაშებით.


2007 წლის გამარჯვებული შოთა იათაშვილია - ძალიან საინტერესო პოეტი, ამერიკული (და სხვა მრავალი წარმომავლობის) პოეზიის მთარგმნელი და პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში ლიტერატურული აზროვნების ერთ-ერთი რეფორმატორი. მისი კრებულის ,,სანამ დროა“ პირველი 60 გვერდი მთლიანად ეთმობა მოკლესტრიქონიან, ტრადიციულ ლექსს პროზაული ყოველდღიურობის შესახებ. ამ ლექსებს თავად ავტორისავე სიტყვებით აღვწერდი:

,,ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში,

გადავიარე მთები, ველები, ვღალატობ მრავალ ადრეულ პრინციპს,

გადავივიწყე ლამის ვერლიბრიც.

რადიკალიზმიც თითქოს მომბეზრდა,

სიმშვიდე უნდა სულს და გონებას,

გაიშვიათდა სულის სიღრმიდან,

ზვირთების მძლავრი ამოგორება“.

60 გვერდის შემდეგ კი დაბრუნდა ტრადიციული შოთა იათაშვილი (რომელიც არატრადიციული პოეტია) ვერლიბრითა და მეტაფორებით აგებული პოეტიკით. აქვე უნდა აღვნიშნო კრებულის ფავორიტი ლექსი ,,ფეხბურთი“, რომელმაც, საეჭვოც არაა, შოთა იათაშვილისავე რომან ,,დამწყებში“ გააგრძელა ცხოვრება.


2008 წელს ,,წლის საუკეთესო პოეტური კრებულის“ ტიტული პირველად გადაეცა ქალი ავტორის მიერ შექმნილ წიგნს, მაია სარიშვილის ,,მიკროსკოპს“, რომელიც აუცილებლად გახდებოდა ახალი ფემინისტური მოძრაობის დასაწყისი, რომ არა მასში დაშიფრული დახვეწილი პოეტური კოდებისა და შესანიშნავი მეტაფორების არა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ბუნება. ტერმინი ,,ქალი ავტორი“, რომელიც მდედრობითი სქესის ზოგი პოეტის შემოქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება არაფრისმთქმელი და გამაღიზიანებელიც კი იყოს, ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია, რადგან მაია სარიშვილი სწორედ ქალის, ცოლისა და დედის პოზიციიდან წერს და თავდაყირა აყენებს ქართულ ლიტერატურაში სიყვარულის, ოჯახური სიმყუდროვისა და დედობის ბედნიერების შესახებ დამკვიდრებულ პატერნებს.


დავით გაბუნია თავის წერილში ,,სასტიკი პასუხი“ ასე ახასიათებს ,,მიკროპსკოპს“:


,,...სრულებით უნიკალური, აქამდე არნახული მასშტაბისა და სიძლიერის მხატვრული ამოძახილი, რომელშიც ქალმა ავტორმა მოახერხა მთავარი: აუჯანყდა დედის სტერეოტიპს და ,,სასტიკი პასუხი“ მიაგო მას“.


ამ კრებულის ალბათ ყველა შემფასებელი იზიარებს წიგნის რედაქტორისა და პოეტის ლექსების ნიდერლანდურ ენაზე მთარგმნელის, ინგრიდ დეხრავეს მოსაზრებას, რომ მაია სარიშვილის ლექსები მოგვაგონებს სილვია პლათის პოეზიას, თუმცა პლათის თავდაჯერებული წერის მანერისა და პიროვნული მიზანდასახულობისაგან განსხვავებით, ,,მიკროსკოპში“ ვხედავთ უაღრეს დაბნეულობას ქალისა, რომლისთვისაც არავის უსწავლებია, როგორ უნდა მოეტყუებინა თავი, როდესაც ცხოვრებისეულ სინამდვილეს პირისპირ შეეჩეხებოდა და არაჩვეულებრივი გამჭრიახობისა და მგრძნობიარობის წყალობით, თითქოს მიკროსკოპით დაინახავდა თითოეულ დეტალს:

,,თქვენმა დღეებმა კი მოიფიქრეს

რაღაც ახალი გასართობი -

თანხმობის ნიშნად თავმოქანქარე ქალების გარდა,

ფირიდან ყველა სხვა კადრი რომ ამოჭრეს.

რა ევალება თანამედროვე სევდიანს?

რის მიხედვით შეარჩიეთ ქალები, რომელთაც ყველაფერი ასწავლეთ?..“

მაია სარიშვილი/საბა 2008

2008 წელს ,,საბას“ ჟიურის მიერ მაია სარიშვილის ,,მიკროსკოპის“ აღიარება იყო ახალი პოეტური სათქმელისა და ახალი პოეტური ენის ერთგვარი დამატებითი ,,ლეგიტიმაცია“, რომელსაც, როგორც წლების გადასახედიდან შეგვიძლია შევაფასოთ, გარდა შესანიშნავი პოეზიის დაფასებისა, სოციალური ღირებულებაც ჰქონდა.

2009 წელს ,,საბას“ ,,წლის საუკეთესო კრებულის“ ნომინაცია კვლავ ტრადიციულ პოეზიას დაუბრუნდა, სავარაუდოდ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბათუ დანელიას ,,MIRABALIS VITA“ საუკეთესოა. იგი თან იზიარებს ტრადიციული პოეზიის ყველა მახასიათებელს და თანაც ავტორის ინდივიდუალიზმის ნიშნით არის აღბეჭდილი. პოეტური კულტურის გარდა, აღსანიშნავია საგამომცემლო კულტურაც - კონცეპტუალურად განლაგებული ლექსები - რაც თითქოს ერთგვარ სიუჟეტსაც კი ქმნის. ბათუ დანელიას ოსტატობა 2020 წელს კიდევ ერთხელ დაფასდა ,,საბას“ პრემიით ,,ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“; ,,საბას“ გამოცდილებით, ამ პრემიის მერე პოეტები ხშირად უბრუნდებიან პოეზიის ნომინაციას, რაც ძალიან სასიხარულოა.

ბათუ დანელია/საბა 2009

2010 წელს ,,საუკეთესო პოეტური კრებულის“ ნომინაცია ზვიად რატიანის ,,ნეგატივმა“ მიიღო. ეპოქაში, რომელშიც პოეზიით გატაცება არავის არანაირ სოციალურ პრივილეგიას არ ანიჭებს და ამიტომაც, საბედნიეროდ, ლექსს მხოლოდ ის კითხულობს, ვისაც პოეზია მართლა აინტერესებს, ანუ - მცირერიცხოვანი წრე, ,,ნეგატივს“ საზოგადო აღფრთოვანება ხვდა წილად. ,,გუდრიდსზე“ და სხვა სოციალურ პლატფორმებზე, რომლებზეც პოეზიის კრებულებზე მეტწილად დუმან, 2010 წლის ,,საბას“ ლაურეატზე ასეთი გამოხმაურებები გვხვდება:


,,ამ ლექსებში ყველაფერს ვპოულობ: ჩემს თავს, ჩემს ამბებს, არასოდეს რომ გადამხდენია, შთაგონებას, ადამიანებს, რომლებსაც უნდა შევხვდე ოდესმე, მათაც, ვისაც აღარასოდეს შევხვდები; მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვხედავ აქ, რისი დანახვაც სხვა არავის შეუძლია და სულ მაქვს შეგრძნება, რომ სიტყვებსა და საგნებს შორის დაკარგული კავშირი აღდგა და ნებისმიერი განცდის გამოხატვაა შესაძლებელი, თუკი ზვიად რატიანი წერს... და ისეთი რივიუებიც არსებობენ, თავისით რომ მთავრდებიან, შენ ოღონდ დაიწყე “

,,შემოდგომამშვიდობისა, მას შეუძლია ერქვას ზვიად რატიანი და ყველაზე მაგარი პოეტი იყოს“...

,,ნეგატივის“ ციტატებითა თუ პერიფრაზირებით მოვლენების შეფასება უკვე ,,გახალხურებული“ ჩვევაა. ვიდრე პოსტსაბჭოთა თაობა ცხოვრებითაა გართული, ზვიად რატიანი თითქოს ყველას მაგივრად ფიქრობს, საზოგადო თუ პიროვნული (ასევე - ზოგადადამიანური) რეფლექსიით იტანჯავს თავს და ყველაფერს აკრავს ზუსტ იარლიყებს, რომელთა წაკითხვაღა დაგვრჩენია; ეს ყველაფერი კი ხდება დასავლური პოეზიის ტრანსფერირებით, რომელიც ასე სანატრელია პოსტსაბჭოთა ეპოქისათვის. ლექსთწყობის ნებისმიერ ტექნიკას პოეტი, რომელიც ამავდროულად შესანიშნავი მთარგმნელიცაა, ერთნაირად შეუდარებლად ფლობს. სწორედ ამიტომ ,,ნეგატივი“ თაობ(ებ)ის საყვარელი კრებულია.


გივი ალხაზიშვილის კრებული ,,ჩაბრუნებული მზერა“ 2011 წლის ,,საუკეთესო პოეტურ კრებულად“ დასახელდა - ცხოვრების ძვირფასი მეგზურის დაკარგვით გამოწვეული სევდა, სიცოცხლის მიმწუხრისას განვლილი გზისთვის თვალის გადავლება, მეხსიერების სკივრის ,,დალაგება“, მოგონებებისათვის ადგილის მიჩენა, პოეტი ამას სრულიად განსხვავებული პოეტიკით, ესთეტიკითა და განწყობით ახერხებს. გივი ალხაზიშვილის წიგნში არამხოლოდ მოვლენები და ისტორიები, არამედ ყოველდღიური ნივთებიც კი რაღაცას ჰყვებიან, თანამედროვე ფოტოგრაფიის ნიმუშებივით, ერთი კადრით იძლევიან მინიშნებებს სილამაზისა და სიცოცხლის საზრისის შესახებ. კრებულს ორი მშვენიერი კრიტიკული წერილი ერთვის - გაგა ლომიძისა და ნანა ტრაპაიძისა, რომელიც გივი ალხაზიშვილის პოეზიის შესახებ წერს: ,,შიშველი აღმაფრენა კარგად იყიდება, მაგრამ დროს ის უძლებს, რაც გრდემლის ქვეშ იჭედება და სკულპტურული სიცხადით დგება ჩვენს წინაშე. შრომა ისტორიაა და ცოდნა.“

,,მე მჯერა, რომ ღმერთი ვიხილე

ფოსტის შენობის წინ,

არყის ბოთლით და ჩემი წიგნით ხელში,“

- წერს პაატა შამუგია და გვახსენდება ალენ გინსბერგი, რომელმაც სუპერმარკეტში უოლტ უიტმენი იხილა; ხოლო ,,კიბერნეტიკული ფსალმუნები“ ლორენს ფერლინგეტს მიაგავს ანაფორით (ლიტმცოდნეობითი ანაფორით, იმ ანაფორას შამუგიასა და ფერლინგეტთან არაფერი ესაქმება - ,,მადლობა უფალს“).


,,ეს რანაირი პოეზიაა?!“ - იკითხა ვიღაც აღშფოთებულმა სოციალურ ქსელში და ვიღაც ღრმააზროვანმა მიუგო: ,,ეს თანამედროვე პოეზიაა“. მართლაც, ეს თანამედროვე პოეზიაა, პაატა შამუგიას love’s eyes are nothing like the Sun, მის შეყვარებულს ,,...სტადიონივით დიდი თვალები აქვს/და მე ვიცი: როცა ის თვალებს ახამხამებს,/ დედამიწის რომელიღაც კუთხეში გოლი გადის“.


პაატა შამუგიას ,,დაუჯდომელი“ კომპიუტერული თამაშია, პირველ ეტაპს გადალახავ, სადაც პოეტი გართობს და გადადიხარ მეორე ეტაპზე, სადაც ენობრივ ტრიუკებს ასრულებს, გადალახავ ამ ეტაპს და სოციალურ სატირას აწყდები, გადალახავ და ავტორი ფილოსოფიას გთავაზობს, გადალახავ და კუთხეში ზის, თავის სიმარტოვეზე მოთქვამს და ღმერთის არარსებობაზე. ჰოდა, პაატა შამუგია, რომელსაც ,,სიგამხდრის მიუხედავად, ბალზაკის ფრაზასავით მოუქნელი მოძრაობები აქვს უჩვეულო დინამიკას სთავაზობს მკითხველს თავის ლექსებში, ამიტომაც 2012 წელს ,,დაუჯდომელით“ იღებს ,,საბას“ წლის საუკეთესო კრებულისათვის, ხოლო 2015 წელს (როცა მისი შეყვარებული თვალებს კვლავ ახამხამებს) ,,შიზოგადოებით“ ასრულებს დუბლს.

პაატა შამუგია/საბა 2012

თუკი XX საუკუნის ოდისევსი საკუთარ ქვეცნობიერში დაეხეტება შემეცნებისათვის, ეგებ XXI საუკუნის ოდისევსისათვის სამყაროს ამოხსნა საკუთარ სხეულში მოგზაურობითაც შესაძლებელია, მით უმეტეს, თუ ეს ქალის სხეულია, რომელშიც ანევრიზმები ,,მწითური მანდარინის ბიჭებია“, რომელშიც შვილიშვილის მოსვლის მოლოდინში სისხლის წითელი ბურთულა წუხს, რომელშიც ,,თირკმელებს ქვები რომ გაუგიჟდება...ხედავს/ტკივილი თვალებს იკეთებს“; მით უმეტეს, თუ ეს დედობაგამოვლილი ქალის სხეულია, რომელსაც თავისი მისტიკური გამოცდილება მუდმივ ასოციაციებად ექცა: ,,მოცოცავენ ლოკოკინები თეთრად, ჭიები ვარდისფრად, ატმის მომყოლით...“, ,,თავიდან მათი პლანტაცია ამომაქვს, ნეიროქირურგის ბებიაქალობით...“ და თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,როგორ ჩნდებიან პოეტები?/ერთმანეთს თხზავენ/საუკუნის აქეთ-იქიდან“, ეს ქალი დედაა, მათ შორის, რამდენიმე იმ პოეტისაც, რომლებზეც უკვე ვილაპარაკე ან შემდეგ ვილაპარაკებ.

ლია სტურუა/საბა2013

ლია სტურუა, რომელიც ოდესღაც ქართული პოეზიის მოულოდნელობა იყო, დღეს ქართული პოეზიის კლასიკოსია, 2013 წელს მისმა წიგნმა ,,დავიწყების დღე“ ,,წლის საუკეთესო კრებულის ნომინაცია მოიპოვა“; 2017 წელს პოეტი ,,ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ დააჯილდოეს; მისი ლექსები, რომელთა მთავარი ღერძიც მეტაფორაა, ხშირად და წარმატებით ითარგმნება სხვადასხვა ენაზე.

მაია სარიშვილის ,,მიკროსკოპის“ წარმატებამ თითქოს გზა გაუკვალა 2014 წელს ,,წლის საუკეთესო პოეტური კრებულის“ ნომინაციაში ეკა ქევანიშვილის ,,სახლის გაყიდვის“ გამარჯვებას. ფემინისტური ხაზი და სასტიკი სიმართლისათვის თვალის გასწორების გაბედულება ამ ორი კრებულის საერთო მახასიათებელია, თუმცა მსგავსებები აქ მთავრდება. ეკა ქევანიშვილის პოეზია უმთავრესად სოციალური თემატიკისაა, მოქალაქის პოზიციაა, ჟურნალისტისა, რომელიც ყოველდღიური ახალი ამბების ნარჩენებისაგან საღამოობით ლექსის სახელდახელო კერძს აკეთებს; შემფასებლისა, რომელიც სიყვარულსა და ვნებასაც კი კბილით სინჯავს, რომ სიყალბის მისხალი არ გამოერიოს. ეს საშიში კრებულია, შლი და არასოდეს იცი, რომელი სტრიქონი გადმოგკრავს მათრახს. უოლტ უიტმენის თავისუფალი ლექსი ქართულ ენაზე არცთუ ტრადიციულ, ერთგვარად საქმიან სტილს მშვენივრად ირგებს და მკითხველი იძულებულია დაეთანხმოს, რომ პოეზია არც მხოლოდ რიტმი და რითმაა, არც მხოლოდ მუსიკა და ტროპებია, პოეზიისთვის მთავარია იმპლიციტურობა, ანუ ფარგლებში მოქცეული სათქმელის უსასრულოდ განვრცობისა და ინტერპრეტირების პოტენციალია, ანუ ის, რომ ,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“. 

2017 წლის ,,წლის საუკეთესო პოეტური კრებულის“ გამარჯვებულ წიგნს გია არგანაშვილი თავის წერილში ,,პიეტა ყელსაბამისთვის“ ასე წარადგენს:


,,ამ ზაფხულს თბილისში ვახტანგ ჯავახაძის ,,ყელსაბამი“ დაიწერა. მართალია, არც დეპეშა სადმე გვიფრენია (მესიჯები კი ალბათ დაიწერა), წერილის გაგზავნაზეც არ გვიფიქრია, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ ინტერნეტმა მსოფლიოს ყველა კუთხეში ყველა დაინტერესებულ ადამიანს ამცნო ეს სასიხარულო ამბავი.


თბილისში ,,ელეგია: ყელსაბამი“ დაიწერა!“

ეს ნაწყვეტი მართლაც რომ მოხდენილად აღწერს იმ ჩოჩქოლს, რომელიც ლიტერატურის მეტაფორულ კულისებში დაიწყო და რეალური ქუჩების გრაფიტებზე გადაინაცვლა: ცნობილმა პოეტმა, გალაკტიონის შესახებ დაწერილი შესანიშნავი ბიოგრაფიული რომანის ,,უცნობის“ ავტორმა, რომელმაც 2011 წელს ,,საბა“ ,,ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ მიიღო, ოთხმოც წელს გადაცილებულმა დაწერა თავისი მთავარი პოეტური შედევრი და თანაც - სიყვარულზე; ჭაბუკური კი არამხოლოდ ლექსის ენერგია იყო, არამედ - ვერსიფიკაციაც, თავისი სიტყვების თამაშით, შუშპარა ალიტერაციებით, ერთმანეთის გვერდიგვერდ არხეინად ხმაშეწყობილი არქაიზმებითა და ნეოლოგიზმებით, შიგადაშიგ ჟარგონებითაც კი; სევდისა და სილაღის უნიკალური თანაფარდობით. ამ ლექსში კარნავალის მონაწილეებივით გაკრთებიან პოეტისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის ხანგრძლივი თანაცხოვრების მნიშვნელოვანი პერსონაჟები და ვიდეოკოლაჟივით ენაცვლება ერთმანეთს მსოფლიო თუ პირადული მნიშვნელობის მოვლენები, ეს ყველა და ყველაფერი კი ერთი - ყველაზე მთავარი - ადამიანის გარშემო ტრიალებს.


თუმცა კრებული ,,ელეგია და სხვა“ მხოლოდ ერთი ლექსის გამო არ არის ფასეული. ბრწყინვალე ლინგვისტური ინტელექტი ვახტანგ ჯავახაძის ჯადოსნური იარაღია, რომლის მეშვეობითაც პოეტი ასოციაციურად აკავშირებს ერთი შეხედვით თითქოს დაუკავშირებელ სიტყვებს, აწარმოებს თითქოს უწარმოებელ ფორმებს და ვერსიფიკაციის ასეთი დიქტატით მიდის იმ ფილოსოფიამდე, რომლისკენაც სხვა პოეტები სხვა გზებით მიისწრაფვიან.

ვახტანგ ჯავახაძე/საბა 2017

ვახტანგ ჯავახაძის ,,ელეგია: ყელსაბამი“ ორ უმნიშვნელოვანეს იმედს იძლევა: ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ დიდი სიყვარულის შენარჩუნებისა და მხცოვანებაში დიდი პოეტური ნაწარმოების შექმნისა, ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ ზვიად რატიანის ,,ნეგატივის“ შემდეგ ,,ელეგია და სხვის“ გამარჯვება მეორე მასშტაბური საზოგადოებრივი დაკვეთა იყო პოეზიის ნომინაციის ისტორიაში, რომელიც ,,საბას“ ჟიურიმ (სავარაუდოდ) დიდი სიამოვნებით შეასრულა. 

2018 წელს ფრანკფურტში გამართულ ,,საბას“ ყველაზე პომპეზურ დაჯილდოებაზე პრემია ყველაზე პომპეზურმა ქართველმა პოეტმა, ზურაბ რთველიაშვილმა, იმავე დადა მეფემ, მიიღო კრებულისათვის ,,პოეზიის დიქტატურა“. მცირე ლირიკული გადახვევა - მე მას ერთადერთხელ შევხვედრივარ პირადად, 2003 წლის 23 ნოემბერს, პარლამენტის შენობის ახლოს, როდესაც მახარა, რომ რევოლუცია მოხდა და გადამეხვია - და ეს არის გამონაკლისი, როდესაც მომიწევს ვილაპარაკო თავად ავტორზეც და არა მხოლოდ კრებულზე, რადგან ზურაბ რთველიაშვილი, მეამბოხე, რევოლუციების მახარობელი და ეპოქის საუკეთესო პერფორმერი ნამდვილად იყო საკუთარი პოეზიის განუყოფელი ნაწილი. თავისი კრებულის შესახებ ის ამბობს:


,,მინდა მჯეროდეს, რომ ვერბალური კონსტრუქციებისაგან აგებული გვირაბის მიღმა იწყება ახალი, ძველი ესთეტიკისაგან დაცლილი პოეტიკა“;


,,პოეზიის დიქტატურის“ შესავალში კი ლექსებს ადარებს ფურცლებს შორის გაჩენილ ყავისფერ ხოჭოებს, რომლებიც წიგნის მასალით იკვებებიან. სამყაროსავით ძველ მუქარას ძველის ნგრევისა და ახლის შენების შესახებ ავტორი წიგნში უამრავი კონცეპტუალური, სტრუქტურული თუ ენობრივი პროვოკაციით ცდილობს, რომელთა გადატანის შემდეგაც ,,უცნაური კითხვა რატომ არ დააკავეს მისტერ რთველიაშვილი?“ მკითხველისათვის კიდევ მეტ ორაზროვნებას იძენს.

ზურაბ ზაზანაშვილი/საბა 2018

2019 წელს ,,საბა საუკეთესო პოეტური კრებულისათვის“ ზაზა ბიბილაშვილის ,,ფაზლს“ ერგო. კრებული, ჩემი მოკრძალებული აზრით, პოსტმოდერნისტულია და წარმატებით განაახლებს (თუ გნებავთ, ,,ააფდეითებს“) XX საუკუნის 70-80-იანი წლებში ქართული პოეზიაში ვ. ჯავახაძის, ტ. ჭანტურიასა თუ მ. ლებანიძის მიერ დანერგილ საუკეთესო ნოვაციებს, შიგადაშიგ კი არც უფრო შორეული წინაპრების პოეტური სტილის პოსტმოდერნისტულ გადათამაშებაზე ამბობს უარს:

,,ნახეს უცხო მოყმეც ბევრი, მაგრამ ვერვინ - მორუსთველო, მომაკითხეს - ისურვაო - ლექსის სთველი მოუსთველო...

აწ, მირჩიე, თავო ჩემო - საღო და არმოუსვლელო -

ხომ არ მოგიავადმყოფო, თუნდაც - მოგიმოუცლელო?“

კრებული სალექსო ფორმების თვალსაზრისით მრავალფეროვანია, თუმცა კონვენციური ლექსი აშკარად დომინირებს. ,,ფაზლიც“ და ზოგადად თანამედროვე ქართული პოეზიაც ამტკიცებენ, რომ კონვენციური ლექსის ,,მოძველებაზე“ საუბარი მოძველებულია და შესაფერისი ოსტატის ხელში მისი შესაძლებლობები ამოუწურავია.


,,საბას“ ჯერჯერობით ბოლო, 2021 წლის გამარჯვებული ნუგზარ ზაზანაშვილია კრებულით ,,წავა წავა წავა წავა“ - ჩემთვის ეს კრებული პოეზიით მედიტაციას ჰგავს; სეი სიონაგონის მერე არავინ მახსოვს, ასე სადად და მძაფრად რომ ტკბებოდეს ყველა პატარა, მშვენიერი დეტალით, სიცოცხლის ყოველწამიერი გაელვებებით:


,,McDonald’s-ში/გავედი მოსაწევად/და McDonald’s-ის ვეებერთელა ფანჯრის/გარე მხრიდან შევცქერი ჩემს შვილიშვილს -/ 6 წლის ანასტასიას,/ტასოს/ტასიკოს,/მეტისმეტად რომ მოშიებია/პატარა კბილებით რომ ჩაფრენია ჩისბურგერს,/მეორე ხელი კი/შემწვარი კარტოფილით სავსე,/ქაღალდის პატარა, წითელ კოლოფში/ ჩაუყვია...“


ხოლო ყველა ის ლექსი, რომლებშიც ავადმყოფობა, სიბერე და მოახლოებული სიკვდილის წინათგრძნობაა, სავსეა ირონიითა და კულტურული, ღირსეული დამოკიდებულებით ამ გარდაუვალ კანონზომიერებათა მიმართ. ნუგზარ ზაზანაშვილის ლექსები ურბანულია, ოღონდ მკითხველს ქალაქის ნერვიული ორომტრიალი არ აწუხებს, ეს არის პოეზია საყვარელ ქუჩებსა და პარკებში აუჩქარებლად სიარულის შესახებ, როცა ზაფხულია, საღამოს სიო უბერავს და ყოველ მოსახვევში ღიმილით გხვდება მშვიდი, კეთილი კაცი, რომელთან საუბარსაც შეუძლია შენი საუკეთესო ადამიანური მხარეები გაპოვნინოს.


,,საბას“ ,,წლის საუკეთესო პოეტური კრებულის“ ოცწლიანი ისტორია ადასტურებს, რომ ქართული პოეზია მრავალფეროვანია და მიმღებლობით გამოირჩევა - ყოველი მიმართულება, რომელიც კი ჩვენს პოეზიაში მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე შემოსულა, რჩება და თავის განვითარების გზას, თავის შთამომავლობას იძენს - პოეტები ,,საუკუნეების აქეთ-იქიდან თხზავენ ერთმანეთს“. პოეზიის მკითხველი, ანუ ,,კაცი ვარგი“ ზუსტად იმდენია, რამდენ ადამიანსაც კონდენსირებული, ორმაგად კოდირებული ,,სიბრძნის“ აღქმაც და შეგრძნებაც შესწევს, ანუ პოეზიის ნამდვილი მკითხველი ცოტაა, როგორც ყველა ეპოქაში - თუმცა, მადლობა ღმერთს, ისინი მაინც ყველა ეპოქაში იბადებიან. პოეზიის გამომცემელიც ცოტაა, ეგებ პოეზიამ მალე მთლიანად გადაინაცვლოს სოციალურ ქსელებში, სადაც უფრო იოლადაც აღწევს მკითხველამდე. თუმცა კარგია, რომ ჯერ ისევ შეგვიძლია გავეცნოთ სტრუქტურულად გამართულ, კონცეპტუალურად მოწესრიგებული თანმიმდევრობით განლაგებულ ლექსებს და იმედია, ,,წლის საუკეთესო კრებულის ნომინაცია“ მომავალ წლებშიც დიდი და ღირსეული კონკურენციის ფონზე ჩატარდება.

საქართველოში პოეზია იქმნება ყველა გემოვნების მკითხველისათვის - ,,საბას“ ისტორია ამის თვალსაჩინო დასტურია (გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ კრებულთა მიღმა, სულ მცირე, ხუთი ამდენი არანაკლებ კარგი კრებული მაინც დგას); ის კი არა, პრემიის მიერ განვლილი ოცწლიანი გზა პოეზიის ყველა მკითხველს აძლევს საშუალებას ერთგვარად შეაფასოს ისტორია და ,,ლაურეატთა შორის ლაურეატები“ გამოავლინოს - ეს შეფასება შესაძლოა არაფერს ემყარებოდეს, გარდა პოეზიით მოგვრილი ემოციისა, როგორც ამ შემთხვევაში. ვინ არიან თქვენი რჩეულები, თქვენი გადასაწყვეტია; ჩემსას - მიხვდებოდით.




ავტორი: ანი კოპალიანი/არილი