მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ობსერვატორია 013 | Ferropolis - 01001001

გვანცა უთურას შეფასებების სერია ქართულ უახლეს ალბომებზე.

ნოემბერი 07, 2022

დღეს ობსერვატორიაში ვაკვირდებით ამიერიდან ჩემს 1-1 ფავორიტ მუსიკოსს Ferropolis და მის პირველ ალბომს - 01001001.

გულახდილად რომ ვთქვა, არ მეგონა Synthwave ალბომი თუ მჭირდებოდა ცხოვრებაში, მაგრამ თურმე კი. Synthwave-მა ფეხი 2000-იანში აიდგა, თუმცა მისი საფუძველი 80-იანების ფილმებისა თუ თამაშების მუსიკაში უნდა ვეძიოთ, ზემოხსენებული ელექტრონული მუსიკის მიკროჟანრია, რომლის მახასიათებლებიც ელექტრონული დრამი, ე.წ დახურული რივერბი და 80-იანებისთვის დამახასიათებელი სინთეზირებულია ბასია. ბევრისთვის Synthwwave უკვე “youtube-ის ჟანრად” იქცა, გაუთავებელი live stream-ები და ანიმაცია მანქანის, რომელიც ამოუწურავ სივრცეში მიქრის ვარდისფერ და იისფერი ფერებით. ეს ჟანრი, ერთი შეხედვით, მომავლის ესთეტიკითაა სავსე, მაგრამ მიუხედავად ამისა - ნოსტალგიურია.

Რას ველოდოთ 01001001-ში?

Ferropolis არის Synthwave პროექტი, რომლის უკანაც ერთი ადამიანი დგას. ალბომში შეხვდებით მელოდიურ, ნოყიერი ბგერებით სავსე კომპოზიციებს და ამ ბგერებში იდეალურად შერწყმულ ვოკალს, რომელიც ამ ალბომს პატარაზე გოთიკურ ესთეტიკას მატებს.


ალბომის პირველი კომპოზიცია - Vitamin Sky, ჩემი აზრით, 1-1 ყველაზე აკვიატებადი კომპოზიციაა, რაც კი ბოლო პერიოდში მომისმენია, უხეში ბგერები და მიმზიდველი, გლამურული ვოკალის დამსახურებით, ეს კომპოზიცია თქვენს გონებაში მარტივად დამკვიდრდება. შემდეგი კომპოზიციები “Alles Skitzo” და “01001001”-იც ფავორიტების სიაშია. “God of Spiders” დიდი ალბათობით Stranger things-ის საუნდტრეკს გაგახსენებთ. ასევე, ფავორიტების სიაში ვიყოლიებდი “I want to live forever”-ს.

Ferropolis-ის თქმით, ალბომი მის შესახებაა, რაც ალბომის დასახელებასაც ხსნის - “01001001” Binary ენაზე “მე”-ს ნიშნავს.

გვანცა უთურას სუბიექტური აზრები:

საერთო ჯამში, ალბომის დასაწყისი ბევრად შთამბეჭდავია, ვიდრე სრულიად ალბომი. “Vitamin Sky” იმდენად ნოყიერი და საინტერესო კომპოზიციაა, რომ საკმაოდ დიდ მოლოდინს ქმნის, რაც ჩემთვის მთლად ბოლომდე არ გამართლდა. რამოდენიმე კომპოზიცია ზედიზედ საკმაოდ დახუნძლულია და თითქოს ყურისთვის დამღლელია,რის გამოც ალბომის ბოლომდე მოსმენა პირველ ჯერზე ვერ შევძელი. რა თქმა უნდა, გვანცა უთურა არ ვიქნებოდი, იმაზე არ “ჩამოვიწუწუნო”, რომ ამ ალბომის რამდენიმე კომპოზიცია მაინც რომ ყოფილიყო ქართულ ენაზე, საკმაოდ საინტერესო მოსასმენი იქნებოდა, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ალბომი აუცილებლად მოსასმენია და “Vitamin Sky” აუცილებლად დასაგული.

საყვარელი კომპოზიცია - Vitamin Sky

გვანცა უთურას სუბიექტური შეფასება - 7/10